თამთა ჩაჩანიძე
(07.03.2024)

კვლევების მიუხედავად, „გამარჯვების პლატფორმაში" აცხადებენ, რომ ეს ცენტრი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 40% აიღებს, არგუმენტად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოჰყავთ, ნიკა მელიას პლატფორმას კი 10%-ს უწინასწარმეტყველებენ. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ენმ-„სტრატეგია აღმაშენებელი" 15%-ს აიღებდა, ესეც იმ პირობებში, როცა დიდია ალბათობა, მელიამ „ნაცმოძრაობის" ელექტორატის ნაწილი გაიყოლოს. მას 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება, მაგრამ ახლა იმაზე ძნელია საუბარი, აიღებს თუ არა მელიას პლატფორმა 10%-ს.

„სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, არჩევნებში ისინი 40%-მდე აიღებენ. რაც შეეხება კითხვას, რომ მსგავსი შედეგი არცერთმა საერთაშორისო კვლევამ არ აჩვენა, პაატა მანჯგალაძემ უპასუხა, რომ 2018-ში 17%-ს უწერდნენ და 40% მიიღეს, ახლა კი უფრო მეტს უწერენ.

„ჩვენ ავიღებთ 40%-მდე, თუ 10%-ს ეგენიც [ნიკა მელია და ნიკა გვარამია] აიღებენ, მოვსულვართ ხელისუფლებაში, მადლობა მათ. 40%-მდე რომ ავიღებთ იქიდან ვიცი, რომ 2018 წელს გიორგი ვაშაძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად აიღო 40% და ახლაც მინიმუმ ასე ავიღებთ",- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„აირაის" გასული წლის ნოემბრის კვლევის თანახმად, პარტიების რეიტინგი ასეთია: „ქართული ოცნება" - 25%, ენმ- 13% რაც შეეხება სხვა პარტიებს, პასუხები ასე გადანაწილდა: „საქართველოსთვის - გიორგი გახარია" - 4%; „სტრატეგია აღმაშენებელი-გიორგი ვაშაძე"- 3%; „ხალხის ძალა" - 1%; „ლელო" - 2%; „გირჩი" - 3%; „გირჩი" და „დროა" - ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია" - 2%; „ლეიბორისტული პარტია" - შალვა ნათელაშვილი" - 2%; „მოქალაქეები" - ალეკო ელისაშვილი - 2%; „ხალხისთვის" - ანა დოლიძე - 2%; „პატრიოტთა ალიანსი" - 1%; „კონსერვატიული მოძრაობა" - ალტ ინფო - 1%; „ევროპული საქართველო" - გიგა ბოკერია - 1%-ზე ნაკლები; სხვა - 1%.

დეკემბერში „ედისონ რისერჩმა" საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კვლევაში კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 36.6%-მა „ქართული ოცნება" დაასახელა, ენმ/"სტრატეგია აღმაშენებელი" - 21.5%-მა, „საქართველოსთვის" - 8.8%-მა. „ლელო" - 6.7% „გირჩი - მეტი თავისუფლება"/ „დროა" - 5%; „ლეიბორისტული პარტია" - 4.7%; „ხალხისთვის" (ანა დოლიძე) - 3.7%; კონსერვატიული მოძრაობა „ალტ-ინფო" - 3%; „გირჩი" (იაგო ხვიჩია) - 2.9%; „ხალხის ძალა" - 2.5%; „მოქალაქეები" - 1.7%; „პატრიოტთა ალიანსი" - 1.7%; „ევროპული საქართველო" - 0.7%; სხვა 0.5%.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარება არასწორია, რადგან მაშინ არჩევანი არა მხოლოდ პარტიებზე იყო, არამედ პიროვნებებზეც.

„2018 წლის არჩევნებთან შედარება ძალიან ცუდი პარალელია, განსაკუთრებით ალბათ მეორე ტურზეა ლაპარაკი და მაშინ არჩევანი ორ კაცს შორის იყო და აქ მხოლოდ პოლიტიკური პარტიები არ იყო. ფაქტიურად „ქართული ოცნების" კანდიდატი ზურაბიშვილი მთელი ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს უპირისპირდებოდა, მიუხედავად ამისა, ვაშაძემ არჩევნები ნამდვილად წააგო. გაყალბება ისეთი კატასტროფული არ ყოფილა, მაშინაც ამას ვამბობდი, რომ ზურაბიშვილი მოიგებდა „ოცნების" მხარდაჭრით, ვიდრე ვაშაძე.

„თუ მაინცდამაინც პარალელის გავლება უნდათ, 2018 წლის ნაცვლად, მაგალითად 2020 წლის არჩევნები უნდა მოიყვანოს და პოროპორციულ ვარიანტში ნახოს, რა ვითარებაა. „ნაციონალური მოძრაობა" და „სტრატეგია აღმაშენებელი" დღეს საბოლოოდ ჩამოყალიბებული არაა, რადგან ენმ-დან მიდის მელია, რომლიც საკუთარ პარტიას აყალიბებს. ფაქტია, რომ მელიას ამომრჩეველი ძირითადად „ნაცმოძრაობის" ყოფილი ელექტორატი იქნება, ამას ემატება ზურა ჯაფარიძის, ხოშტარიას ამომრჩეველი, გვარამია რას იზამს, არ ვიცით, შესაძლოა დიდი რაოდენობის ამომრჩეველი არ ჰყავს, მაგრამ რაღაც ელეტორატი მაინც ჰყავს, ეს ყველაფერი კი ენმ-ს აკლდება და არა „ქართულ ოცნებას".

„ამ მიმართულებით, ამ პიროვნებებთან შუაშისტი ამომრჩევლის წასვლა ძალიან მიზერულია. შუაშისტური ამომრჩეველი სხვაგან, იმ პარტიებზე გადანაწილდება, რომლებიც ამ ფლანგზე დარჩებიან.

„ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი 40% არ ექნება, დღეს მისი რეიტინგი სადღაც 15% იქნება, ესეც იმ ვარიანტს ვამბობ, როცა მელიას პარტია ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არაა და ზოგადად არც ვიცით, რა და როგორ გაიყოფა და დალაგდება. იმის თქმა არ მინდა, რომ „ნაცმოძრაობა" ბორტს მიღმა დარჩება, მაგრამ დღეს 15 % ეს მაქსიმუმია, რაც შეიძლება ამ პარტიას ჰქონდეს.

„მელიას რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნება, ცხადია, მაგრამ საბოლოოო ჯამში რომ შევაფასო, უნდა ვიცოდეთ საბოლოოდ მის გუნდში ვინ იქნება და პარტია რა სახეს მიიღებს. ამიტომ ახლა ვერ ვიტყვი, რომ მისი რეიტინგი 10% იქნება. მანჯგალაძეს კარგად აქვს ნაანგარიშები - 40% მათ, 10% მელიას, ანუ ჯამში კოალიციას აკეთებენ და მთავრობას აყალიბებენ, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ იქნება",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

რაც შეეხება მელიას დაანონსებულ პარტიას, ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ პარტიის საარჩევნო ნომერი უკვე დაასახელა და ის 4-იანით იქნება წარმოდგენილი. ჯერჯერობით კვლავ ჭიანურდება მელიას პარტიის პრეზენტაცია, რადგან საუბარია იმაზე, რომ ნიკა გვარამიასა და სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან კონსულტაციები კვლავ მიდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე