თამთა ჩაჩანიძე
(06.03.2024)

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის დაპირისპირება წინასაარჩევნო პერიოდში უფრო გამწვავდა, სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი. რასაც „ოცნება" საპარლამენტო არჩევნებზე თავდასხმად აფასებს და აცხადებს, რომ ესაა ნიადაგის მომზადება, რომ ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა არჩევნები არ აღიაროს.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილსა და „ოცნებას" შორის დაპირისპირება უფრო მეტად აღარ გამწვავდება, რადგან ეს უკვე პიკია.

საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს გამოყენებას იმ არგუმენტებით ხსნის, რომ მიღებული ცვლილებები ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებებს აცდენილია.მოტივირებული შენიშვნები, რომელიც 11-გვერდიანია, პარლამენტს უკვე წარედგინა. თუმცაღა, როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, „ზურაბიშვილი ჩართულია ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაში, ეს არის მისი ერთ-ერთი დავალება". ვეტო კი, მისი თქმით, დაძლეული იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი. ამას „ოცნება" საპარლამენტო არჩევნებზრე თავდასხმად აფასებს და აცხადებს, რომ ესაა ნიადაგის მომზადება, რომ ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა არჩევნები არ აღიაროს.

რას ფიქრობს „ოცნება"

ეს არის იმ თავდასხმის ნაწილი, რომელიც ხორციელდება არა უბრალოდ ცესკოს თავმჯდომარეზე ან ცესკოზე, ეს არის თავდასხმა საპარლამენტო არჩევნებზე. ეს არის ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ ტრადიციულად „ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა კლონებმა არ აღიარონ არჩევნები, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოზე დასმულ კითხვას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ნიადაგი მზადდება იმისთვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა კლონებმა არ აღიარონ არჩევნების შედეგები. მისივე თქმით, ეს არის პირდაპირი თავდასხმა და ჩარევა საარჩევნო პროცესში.

„შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" არ უღიარებია არცერთი საპარლამენტო არჩევნები. 2012 წელს არ აღიარეს დამარცხება და შემდეგ ამერიკელმა სენატორებმა დაარწმუნეს მიხეილ სააკაშვილი, რომ ეღიარებინა დამარცხება. 2016 წელს არ აღიარეს დამარცხება და კვირები დასჭირდათ იმისთვის, რომ მანდატი აეღოთ. 2020 წელს არ აღიარეს დამარცხება და თითქმის ერთი წელი დასჭირდათ, რომ მანდატები მიეღოთ.

„ზუსტად იმავეს აპირებს „ნაციონალური მოძრაობა" და მისი კლონები 2024 წელს და ეს არის ნიადაგის მზადება. ვხედავთ, რომ ამაში ჩართულია ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილი, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და მათ შორის, ზოგიერთი უცხოელი აქტორი. ეს არის პირდაპირი თავდასხმა და ჩარევა საარჩევნო პროცესში"-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სადამდე შეიძლება მივიდეს „ოცნებისა" და ზურაბიშვილის დაპირისპირება

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" შალვა პაპუაშვილის მოსაზრებას ეთანხმება.

„პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებას ვეთანხმები - ოპოზიციაში ბრიყვები კი არიან, მაგრამ, ამდენი ბრიყვები არა, რომ არ იცოდნენ, რომ არჩევნებში გამარჯვების 1%-იც რომ არ აქვთ. ამიტომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების მეორე დღისთვის ემზადებიან, თავიანთი პატრონების დაკვეთა შეასრულონ.

„თუ თოფი კურდღელს მოარტყეს კარგია და თუ არადა, „თოფი გასროლილი" იქნება, რადგან ისინი ამაში ფულს აიღებენ. მხედველობაში მაქვს, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე იქნებიან მოწადინებულები - ისევ დაიწყონ იმის ძახილი, რომ არჩევნები გაყალბდა და ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.

„ან თუ „გაუმართლათ" და ქუჩაში ხალხი გამოვიდა, დაიწყებენ რევოლუციის მოხდენას, ეს სურთ მათ და მეტი არაფერი, ამიტომაც პარლამენტის თავმჯდომარე სწორად საუბრობს",-განაცხადა გვენეტაძ ემ.

კითხვაზე, სადამდე შეიძლება მივიდეს პრეზიდენტისა და „ოცნების" დაპირისპირება გვენეტაძემ გვითხრა: „არასად არაფერი არ მივა... ზურაბიშვილს პრეზიდენტის თანამდებობა იმიტომ სჭირდება თქვას, რომ არჩევნები გაყალბდა",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

ყოფილი სახელწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნების" განცხადებები წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და ცდილობენ საზოგადოებაში მიუღებლობა შექმნან, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე „ნაციონალური მოძრაობის".

„როცა ევროკავშირი შეაჯამებს თუ რა შეასრულა საქართველომ, მგონია, რომ საარჩევნო პუნქტი შესრულებულად არ ჩაითვლება და შეფასებაც უარყოფითი იქნება, რაც აშკარად 9 პუნქტიდან ერთ-ერთის ჩაგდება გამოდის, თუმცაღა, ეს „ოცნებას" არ ადარდებს. მათი განცხადებები იმისთვისაა, რომ მუდმივად შექმნან საფრთხობელა და მიუღებლობა, როგორც პრეზიდენტის, ისე „ნაციონალური მოძრაობის", ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

„100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულ ოცნებაში" ყოველმა ადამიანმა იცის, რომ ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის" ადამიანი არაა - შესაძლოა „ოცნებას" აკრიტიკებდე, მაგრამ ასევე „ნაციონალურ მოძრაობას" ვერ იტანდე. ვაკრიტიკებ „ოცნებას", მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ენმ-ს მომხრე ვარ, ეს პარტია ჩემთვის მიუღებელია. თუ „ოცნებაში" რამე არ მომწონს ისაა, რომ „ნაცმოძრაობას" დაემსგავსნენ.

„ზურაბიშვილი თვლის, რომ პუნქტები უნდა შესრულდეს და საჭიროა, რომ საქართველოში წელში გამართული საარჩევნო პროცედურები იყოს. ის ამისთვის იბრძვის და ეს რომ არ გამოჩნდეს და „ოცნებას" ლაპარაკი არ მოუწიოს, რომ საარჩევნო პროცედურებს რატომ ამახინჯებენ, ამიტომ შეტევაზე გადადიან - „გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო", ამ პრინციპითაა ახლა მომართული „ოცნება"",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების" დაპირისპირება უკვე პიკზეა მისული, ამის იქით არ წავა და „ეს იწილო-ბიწილო არჩევნებამდე გაგრძელდება".

„მეტი რაღა უნდა ქნან, თმებით ხომ არ ითრევენ, როცა ზურაბიშვილი პარლამენტში გამოვიდა, ფეხზე არ წამოუდგნენ. დაპირისპირება უკვე იქამდე მივიდა, სადაც უნდა მისულიყო, მივიდნენ იმ სადგურში, სადაც ერთად „მოძოვა" აღარ შეუძლიათ და ეს იწილო-ბიწილო არჩევნებამდე გაგრძელდება. პრეზიდენტისა და „ოცნების" დაპირისპირება ამის იქით აღარ წავა, ეს პიკია და ამაზე შორს აღარ წავა",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე