თამთა ჩაჩანიძე
(06.03.2024)

უკრაინა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს შავი ზღვის აუზში თანდათან ხელ-ფეხს უკრავს, ანალიტიკოსთა ცნობით, უკვე მწყობრიდანაა გამოსული ორ ათეულზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხომალდი, რაც ფლოტის დაახლოებით ერთი მესამედია, ეს კი თავად რუსეთის სამხედრო წესდებებითაც უკვე ნიშნავს, რომ ფლოტი უკვე არაბრძოლისუნარიანია. ბოლოს უკრაინული კამიკაძე-დრონების სამიზნე რუსეთის საპატრულო ხომალდი "სერგეი კოტოვი" გახდა, რომელიც ფლოტს 2022 წელს გადაეცა.

როგორც სამხედრო მიმომხილველები ამბობენ, უკრაინულ კამიკაძე-დრონებს რუსული ხომალდები განსაკუთრებით გასული წლის ზაფხილიდან ჰყავთ მიზანში ამიღებული და დიდი ალბათობით ტენდენცია გაგრძელდება.

თუმცაღა, შეიცვლება თუ არა რუსული შავი ზღვის ფლოტის დასუსტებით სტრატეგიული ბალანსი შავ ზღვაზე ანალიტიკოსებს ამის თქმა უჭირთ, რადგან ამბობენ, რომ უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალები რუსეთმა ომის დაწყების პერიოდში ისედაც გაუნადგურა, შავი ზღვის აუზის ქვეყნები და ნატოს საზღვაო ძალები აქ არ აქტიურობენ.

ანალიტიკოსთა შეფასებით, რაც უფრო საფრთხეშია უკრაინისგან რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, მითუფრო უჩნდება რუსეთს ხომალდების გადამალვის აუცილებლობა, ეს კი ოკუპირებული ოჩამჩირის ბაზის რუსულ გეგმას აჩქარებს, თუმცა, დიდი ალბათობით უკრაინა შეძლებს მოდერნიზებული დრონებით ამ ბაზასაც მისწვდეს.

ბოლო ინციდენტი

5 მარტს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქერჩის სრუტესთან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემ „სერგეი კოტოვზე" მიიტანეს იერიში, რომელიც განადგურებულია. გავრცელდა ამის ამსახველი ვიდეოც. უკრაინული მხარის ცნობით, თავდასხმა საზღვაო დრონებით განხორციელდა.გემის ჩაძრვას რუსული მხარეც ადასტურებს. მათივე ცნობით, სამშაბათს უკრაინელთა მხრიდან ყირიმის ნახევარკუნძულზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა, რომლის დროსაც რუსული ჰაერსაწინააღმგდეგო თავდაცვის ძალებმა 40 დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო აცხადებს, რომ უკრაინის Magura V5 ტიპის საზღვაო დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემი „სერგეი კოტოვი" განადგურდა.

„2024 წლის 4-5 მარტის ღამეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემ „სერგეი კოტოვზე" თავდასხმა განახორციელა. მისია შედგა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებთან თანამშრომლობით და უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს მხარდაჭერით", - აცხადებენ სადაზვერვო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, "კოტოვზე" დარტყმა განხორციელდა უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, ქერჩის სრუტესთან ახლოს.

ჩაძირული გემის ღირებულება, დაახლოებით, 65 მილიონი აშშ დოლარია.

მომხდარის გამო რამდენიმე საათით ჩაიკეტა ყირიმის ხიდი. შეჩერებული იყო როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო მიმოსვლა.

რა ტენდენციაზე მიუითითებს უკრაინული კამიკაძე-კატარღების გაატქიურება

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ არსენალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინულმა კამიკაძე კატარღებმა ბოლო პერიოდში რუსული შავი ზღვის ფლოტი საგრძნობლად დაასუსტა, ორ ათეულზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხომალდია განადგურებული, ან მწყობრიდან გამოსული.

„რუსეთის შავი ზღვის ფლოტი საბჭოთა პერიოდში საკმაოდ ძლიერი, თუმცა, ის მაინც ჩაკეტილი იყო ბოსფორის სრუტით იმ გაგებით, რომ ნატოს წევრ თურქეთს ყოველთვის შეეძლო ჩაეკეტა მათი გასვლა ხმელთაშუა ზღვაში. ამიტომ ერთგვარი ჩაკეტილი ფლოტივით იყო.

„პოსტსაბჭოთა პერიოდში ფლოტის დეგრადაცია მოხდა, თუმცა, 2010 წლიდან მისი სერიოზული გადაიარაღება დაიწყო, ახალი ფრეგატები, კორვეტები და დიზელის ძრავიანი წყალქვეშა ნავები შეემატა. ამას დაემატა ის, რომ 2022 წლის თებერვლამდე, ანუ უკრაინაზე თავდასხმის წინ, რუსეთმა ბალტიისა და ჩრდილოეთის სამხედრო ფლოტებიდან შავ ზღვაში დამატებით დიდი სადესანტო ხომალდები გადმოიყვანა, საზღვაო სწავლებების მოტივით, რომ უკრაინის სანაპიროზე დესანტი გადაესხათ, განსაკუთრებით ოდესის მიმართულებაზე.

„მას შემდეგ, თურქეთმა 1936 წლის მონტრეს კონვენცია გამოიყენა და ბოსფორის სრუტეში გასასვლელი ჩაკეტა, ამით ერთის მხრივ შესაძლოა რუსეთი მოგებული დარჩა იმ გაგებით, რომ არაშავიზღვისპირა ქვეყნებს საშუალება აღარ აქვთ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდები შემოიყვანონ, მათ შორის ნატოს წევრებს. თუმცა, მეორეს მხრივ არც რუსეთს შეუძლია შემოიყვანოს ის სამხედრო ხომალდები, რომლებიც სხვა ფლოტებზეა მიწერილი - წყნარი ოკეანის, ჩრდილოეთის, ან ბალტიის. თუმცაღა ის ხომალდები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში არიან გასულები და შავი ზღვის ფლოტზე არიან მიწერილი, მათი გადმოყვანა შეიძლება.

„რუსეთ-უკრაინის ომის პირველსავე დღეებში რუსეთმა უკრაინას ფაქტობრივად მთლიანად გაუნადგურა ის რამდენიმე ხომალდი, რაც უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალებს ეკუთვნოდა და რუსებს შავი ზღვის აკვატორიაში უპირატესობა ჰქონდათ, რადგან უკრაინას აღარ დარჩა ისეთი მცურავი საშუალება, რომელიც საბრძოლოდ გამოდგებოდა. თუმცაღა, ყველაფერი დისტანციურად მართვადმა კამიკაძე-კატარღების ფართოდ გამოყენებამ შეცვალა.

„უკრაინამ ეს უფრო აქტიურად გასული წლის ზაფხულიდან დაიწყო, მას შემდეგ მოახერხა, რომ ორ ათეულზე მეტი რუსული სამხედრო სხვადასხვა კლასის და რანგის ხომალდები ზოგი დააზიანა, ზოგი ჩაძირა. ბოლო პერიოდში ამან ერთგვარი ტენდენციის სახე მიიღო - ჯერ კამიკაძე-დრონებით მცირე სარაკეტო ხომალდი, მერე დიდი სადესანტო და ბოლოს ეს საპატრულო ხომალდიც ჩაძირეს",- განაცხადა ალადაშვილმა.

ალადაშვილისვე შეფასებით, ამ ტაქტიკას უკრაინა პირველად იყენებს და წარმატებულადაც.

„უკრაინა საზღვაო ბრძოლების მსოფლიო ისტორიაში საზღვაო კამიკაძე დრონების ტაქტიკას პირველად იყენებს და საკმაოდ წარმატებულადაც. ამით უკრაინამ მიაღწია იმას, რომ გახსნა ის საზღვაო დერეფანი, რომელიც ჩაკეტილი ჰქონდათ მარცვლეულის გატანის მხრივ. ოდესიდან და ოჩაკოვიდან თავისუფლად გააქვს ხორბალი, ეს უკვე დიდი პლიუსია.

„ამასთან ანექსირებული ყირიმის ოკუპირებული სევასტოპოლის ბუხტიდან ამოსასვლელი ფაქტობრივად ჩაკეტა დარუსეთის შავი ზღვის ფლოტი იძულებული გახდა თავისი ძვირადღირებული ხომალდები ცოტა მოშორებით გადაეყვანა - ფეოდოსიაში თუ კრასნოდარის მხარეს.

„თუმცაღა, როგორც ვხედავთ რუსებს არც ამან არ უშველა და თავდასხმები გრძელდება. დიდი ალბათობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებს მოუწევთ საერთოდ სამხედრო საზღვაო პორტებში შესვლა და ამ პორტების ჩაკეტვა, რომ უკრაინელმა კამიკაძე კატარღებმა იქ ვერ შეაღწიონ, მაგრამ, საპატრულო ხომალდის აფეთქება იმ დროს მოხდა, როცა ყირიმის ხიდს იცავდა. თუ რუსები გადაწყვეტენ, რომ პორტებში შეიყვანონ, მაშინ ყირიმის ხიდი საერთოდ დაუცველი იქნება.

„საქართველოს რუსეთთან საბრძოლო მოქმედებები საბედნიეროდ არ აქვს. თუმცა მიუხედავად ამისა, რუსეთი ჩვენს ოკუპაციას აგრძელებს. რუსეთი ცდილობს ოკუპირებული ოჩამჩირის სამხედრო საზღვაო ბაზა შექმნას და ხომალდები გადამალოს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინელები თავიანთი კამიკაძე კატარღების მოდერნიზებას ახდენენ და მათი მოქმედების რადიუსი იზრდება, შესაძლებელია მსგავსი თავდასხმები ოკუპირებულ ოჩამჩირეშიც განხორციელდეს, თუკი რუსები ხომალდებს განათავსებენ",- განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანასთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთის ფლოტის დასუსტება საქართველოსთვის დადებითი მომენტია, თუცა, ეს შავ ზღვაში სტრატეგიულ ბალანსს არ ცვლის.

„რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ მესამედზე მეტი მწყობრიდნაა გამოყვანილი და რუსეთის სამხედრო წესდებებითაც ნიშნავს, რომ ის უკვე არაბრძოლისუნარიანია. რუსები ალბათ ოჩამჩირის სამხედრო ბაზის ექსპლუატაციას დააჩქარებენ. არაა გამორიცხული, რომ სხვა სტრატეგიული ფლოტიდან სამხედრო საზღვაო შეიარაღების ელემენტები გადმოისროლონ.

„რუსეთის შავი ზღვის ფლოტი რაც უფრო ნაკლებადბრძოლისუნარიანია, ჩენთვის მით უკეთესია. უკრაინელები ჩვენს საქმესაც აკეთებენ, თუმცა, ამით შავ ზღვაში სტრატეგიული ბალანსი დიდად მაინცდამაინც არ იცვლება, რადგან უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალები ისედაც განადგიურებულია, ნატოს საზღვაო ძალები აქ არ შემოდიან, რუმინელებისა და ბულგარელების აქტიურობა არ შეიმჩნევა. აქედან გამომდინარე, საზღვაო ძალების ძალთა ბალანსი ჩვენთან არ იცვლება.

„უბრალოდ შიცვალა ოპერატიული მომენტი, რომ უკრაინელებმა შეძლეს საკუთარი ტერიტორია ზღვიდან დაიცვას", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე