ელზა პაპოშვილი
(29.02.2024)

სალომე ზურაბიშვილის  ერთ-ერთ მთავარ მისიას არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება შეადგენს, ზურაბიშვილი მუდმივად იმეორებს, რომ არჩევნებში შესაძლოა რუსეთი ჩაერიოს, ეს კი მათ ლეგიტიმურობაზე კითხვებს  აჩენს, აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ პრეზიდენტის განცხადებების კომენტირებისას. 

„ჩვენ გვახსოვს, რომ შარშან საახალწლო სოფელიც კი რუსულ სოფლად გამოაცხადა. ზურაბიშვილი ცდილობს ყველაფერს რუსული მიაწეროს და ამით ვითომ და თავის პროდასავლურობას ხაზი გაუსვას. იმასაც კი ვერ ხვდება ან ხვდება და მიზანმიმართულად აკეთებს, რომ ამით ქვეყანას აზიანებს. არ მგონია, რომ მის გარშემო არ იყვნენ საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც არ ეუბნებოდნენ, რომ მისი განცხადებები არასწორია. თუმცა ის იმდენად ხისტი ადამიანია, მათაც არ მოუსმენს. ეს არის დესტრუქციული  განცხადებები და ქვეყანასთან ერთად, საკუთარ თავსაც იზიანებს. რა თქმა უნდა, ის ასევე ამით ცდილობს ნაცოპოზიციის დახმარებას. ამ რადიკალების უცხოელი ლობისტების საყურადღებოდ ამას იმეორებს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთი არ არის სრულად ნაცმოძრაობის მხარდამჭერები. იქაც არის მოაზროვნე ხალხი, რომელბიც კარგად ხვდებიან ზურაბიშვილის განცხადების დედააზრს“, - ამბობს აბაშიძე.  

მისივე თქმით, ამას, ისევე როგორც განცხადებებს, რომლითაც ის თავს ესხმის ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, ხანგრძლივი მოქმედების ვადა არა აქვს. აბაშიძე მიიჩნევს, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში პარტიის მოსვლის გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი იღებს. ამიტომ არანაირი გარე აქტორს, რომელიც რევოლუციური ვნებით შეპყრობილ რადიკალურ ოპოზიციას ლობირებს, 2024 წლის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია. 

„ხელისუფლება ამ არჩევნებს ჩაატარებს იმდენად გამჭვირვალედ და ისე, რომ არცერთი კითხვა და ეჭვი არავის არ დარჩება. მიუხედავად ამ ბოროტი მცდელობებისა, იქნება ეს პრეზიდენტი თუ მისი მოკავშირე ნაცოპოზიცია, ეს არჩევნები ჩატარდება იმგვარად, როგორც ეს დემოკრატიულ სახელმწიფოს შეეფერება. ყველა კანონის და საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული წესებით. ამიტომ ვინც რა უნდა ის ილაპარაკოს, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ქართველი ხალხი მიიღებს“, - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“. 

სალომე ზურაბიშვილს  უკვე რამდენიმე კვირაა, მთავარი პოლიტიკური გზავნილი აქვს და მთელი მსოფლიოს გასაგონად ლაპარაკობს,  რომ რუსეთი საქართველოს გადამწყვეტ არჩევნებში ჩარევას აპირებს - „ეს საფრთხეა და ყურადღება  უნდა მიაქციონ“, ამბობს პრეზიდენტი.  

როგორ ემზადება რუსეთი  საქართველოს არჩევნებში ჩასარევად, ამაზე მან „სქაი ნიუსის“ ეთერში ისაუბრა.  ფიქრობს, რომ მოსკოვი შეეცდება, საქართველოზე ეკონომიკური ზეწოლით პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინოს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ღელავს თუ არა, რომ რუსეთს საქართველოზე გავლენა ისევ აქვს, პრზიდენტი დადებითად პასუხობს. მისი თქმით, რუსეთი საქართველოზე კიბერშეტევებს, ჰიბრიდულ ომს და ეკონომიკურ ზეწოლას ისევ ახორციელებს.

„ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია;  ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდებდა და ვიცით, ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნის გამოცდილება - როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და რუსეთს ჰიბრიდული ომის გაჩაღება. ამას ჩვენ პირადად განვიცდით - კიბერშეტევები, ეკონომიკური ზეწოლის შესაძლო გამოყენება, პროპაგანდა, მარგინალური ჯგუფების დაფინანსება. საქართველოში პრორუსული ჯგუფები ნამდვილად მარგინალურები არიან, რადგან ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და გვახსოვს,“ - თქვა პრეზიდენტმა.  

პრეზიდენტის ამ განცხადებას კი მმართველ გუნდში ეხმაურებიან. „სალომე ზურაბიშვილის კერძო მოგზაურობები ჩემი კერძო ინტერესის საგანი არ არის, მას პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან ლეგიტიმაცია აღარ აქვს,“ –  თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„რაც შეეხება არჩევნებში ჩარევის საკითხს, რა თქმა უნდა, ეს რისკები არის. ჩვენ ვართ ძალიან რთულ რეგიონში რთულ დროს და სხვადასხვა მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესებია. სხვათა შორის, ამაზე სუს-ის ხელმძღვანელმა საპარლამენტო გამოსვლისას, დახურულ ფორმატში ისაუბრა და ოპოზიცია წარმოდგენილი არ იყო, თუმცა ვინც წარმოდგენილი იყო, კიდეც მოისმინეს – რა საფრთხეები, რა მცდელობები, რა ფაქტები აღიკვეთა. ქართულ პოლიტიკაში ეს ჩარევები არის. რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს, თუმცა არა მხოლოდ რუსეთი. პრობლემაა მაშინ, როცა ასეთი განცხადებებით ვითარების ისე წარმოჩენას ცდილობენ, რომ ჩარევის ერთადერთი წყარო რუსეთია და ამით ადუნებენ ჩვენს ყურადღებას სხვა მიმართულებით.

ჩემთვის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები დიდ ინტერესს არ წარმოადგენს, მაგრამ ვატყობთ, რომ რუსეთის ჩარევის პრობლემაზე ხაზგასმაა და ამას ვის ეუბნებიან, საქართველოს მოსახლეობას, რომელიც 30 წელია, ბრძოლაშია? რაიმე ახალს ამბობენ, რომ რუსეთი ქართულ პოლიტიკაში ჩარევას ცდილობს? მგონი, ამ მხრივ რაიმე ახალის აღმოჩენა არ არის. ნებისმიერი ჩარევა არჩევნებში არის საქართველოს მოსახლეობის ინტერესის წინააღმდეგ, მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მოდის ეს ჩარევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.      

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე