რეზონანსი
(29.02.2024)

„გირჩის" ინიციატივას, რაც ამნისტიით 5 ათასამდე პატიმრის გამოშვებას გულისხმობს, ოპოზიციაში არაერთგვაროვნად ხვდებიან, „ოცნება" კი ჭოჭმანობს. პროექტს მხარს უჭერენ ენმ, „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპელი სოციალისტები", ალეკო ელისაშვილი და ხატია დეკანოიძე, თუმცა „ლელო" და გახარიას პარტია წინააღმდეგ გამოდიან.

„გირჩის" შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, სასჯელი თითქმის ყველა პატიმარს შეუმცირდება, ამნისტია არ შეხებათ არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მსჯავრდებულებს. „გირჩი" ყველა პატიმრისთვის, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, პატიმრობის მაქსიმალურ ვადად 30 წლის განსაზღვრას ითხოვს.

კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 273¹ და 265 მუხლებით მსჯავრდადებულთა გათავისუფლებას - კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღებას და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება.

სამოხელეო და ნარკოტიკული დანაშაულს რაც შეეხება- სასჯელი 1⁄4-ით შეუმცირდებათ სასჯელი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს.

ამ კანონპროექტით, ციხე უნდა დატოვოს დაახლოებით 5000 პატიმარმა.

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, „გირჩი" ამომრჩევლების მიზიდვას ცდილობს და თუ ეს პროექტი დამტკიცდება, სავარაუდოდ შეწყალებული პატიმრები ხმას ამ პარტიას მისცემენ.

„პარტია „გირჩი" აღნიშნულ კანონპროპროექტს დიდი ხანია აყენებდა, იაგო ხვიჩია თითქმის თავის ყოველ გამოსვლაზე საუბრობდა, რომ უნდა შეეწყალებინათ ნარკოდანაშაულზე აყვანილი პატიმრები, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ხშირად მიმართავდა და მათ შეწყალებას ითხოვდა. იმდენად გაუმართავი კანონმდებლობა გვაქვს ნარკოტიკების მოხმარების შესახებ, რომ არავინ იცის ზუსტად რა მიზნით იხდიან პატიმრები სასჯელს. იმის მაგივრად, რომ ისინი მკურნალობას დაექვემდებარონ, ხშირ შემთხვევაში ციხეში ხვდებიან.

„ამ კანონპროექტის მიზანი ცალსახაა, პარტია „გირჩი" ამომრჩევლების მიზიდვას ცდილობს. თუ ეს პროექტი დამტკიცდება, სავარაუდოდ შეწყალებული პატიმრები ხმას „გირჩს" მისცემენ. რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო წამოწყებული ინიციატივაა, რომელიც შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ" დაამტკიცოს კიდეც. არ გამოვრიცხავ, რომ მმართველმა პარტიამ სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაუჭიროს მხარი. „ქართულ ოცნებას" აქვს შორსმავალი გათვლები მომავალ პოლიტიკურ კონფიგურაციასთან დაკავშირებით. მათთვის მნიშვნელოვანია პარლამენტის არჩევისას როგორი კონფიგურაცია ჩამოყალიბდება, ვფიქრობ, გადაწყვეტილების მიღებისას, დაუჭირონ თუ არა მხარი აღნიშნულ კანონპროექტს, ეს ფაქტორიც იმოქმედებს.

„მგონია, რომ „ლელოს" და გახარიას პარტიას არ აწყობთ კონკურენტ პარტიას ამომრჩევლები შეემატოს, თორემ არა მგონია, სხვა მიზეზი ჰქონდეთ. პროექტის მხარდაჭერი ოპოზიციური პარტიები კი თვლიან, რომ შეწყალებული პატიმრები მადლიერები იქნებიან პარტიების, რომლებიც მხარს უჭრდნენ კანონპროექტს და გადაწყვეტილების მიღებისას მათაც გაითვალისწინებენ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ბევრი ხმა „ოცნებისკენაც" წავა.

„ჩემი აზრით, პრემიერი კობახიძე მართალია და ჩვენ მაქსიმუმ 5 500 პატიმარი უნდა გვყავდეს. ჩემი აზრით (ხმები) გადანაწილდება, თუმცა ვინც ყველაზე მეტ წვლილს შეიტანს ამ საქმეში და ამ კანონს ყველაზე მეტი ოდენობით დაუჭერს მხარს, ყველაზე მეტ ხმას ის იმსახურებს და თუ "ქართული ოცნება" ამას გააკეთებს დაე, მიიღოს ამ ხმების უმრავლესობა," - აცხადებს ხვიჩია.

"ლელოში" აცხადებენ, რომ კანონპროექტი უდიდესი საფრთხის შემცველია და საზოგადოებრივ სიკეთეს არ წარმოადგენს.

„ჩვენ მხარს არ ვუჭერთ აღნიშნულ ამნისტიას და საზოგადოებისთვის საფრთხედ მიგვაჩნია. ამ ამნისტიის განხორციელების შემთხვევაში უამრავი ძალიან მძიმე დამნაშავის გამოშვება საპყრობილიდან", - ამბობს სალომე სამადაშვილი.

გიორგი გახარიას პარტიის, წევრი ალექსანდრე მოწერელია აღნიშნავს, რომ ზოგადად ამნისტიას პარტიაში ეთანხმებიან, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ამნისტიით გათავისუფლებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან:

„არ მივცემთ არავის საშუალებას, რომ ამ ამნისტიის შედეგად, ეს შეეხოს სააკაშვილს, ადეიშვილს და სხვებს და ასევე ნარკორეალიზატორებს. ეს არის ჩვენი დღევანდელი პოზიცია. ჩვენ ამნისტიას ზოგადად ვუჭერთ მხარს, რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ ერთხელ - წარმოდგენილი სახით მხარს არ ვუჭერთ და არ დავუჭერთ", - ამბობს ალექსანდრე მოწერელია.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას თქმით, ამნისტია ჰუმანური აქტია და ყოველთვის კარგია, თუმცა კანონპროექტის გაცნობისა და ავტორებთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება „ქართული ოცნების" პოზიციას, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მათი მიზანიც არის, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს უწევდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდა.

ნატალია ჯვარიძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე