თამთა ჩაჩანიძე
(29.02.2024)

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კვლავ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე გადაწყვეტილებას თავად მიიღებს და „შეუძლებელია ამაზე გავლენის მოახდენა საგარეო ან შიდა ზეწოლით". „ნაცმოძრაობა" კი ექსპრეზიდენტის გათავისუფელბისთვის რეგიონებში ხელმოწერებს აგროვებს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა ანგარიში მიიღო, რომელიც „პირდაპირ მოუწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, შეიწყალოს სააკაშვილი". ამაზე „ოცნება" ამბობს, რომ გარკვეული „ევროპარლამენტარების მხრიდან ასეთი ინიციატივები, პოლიტიკურად მიკერძოებული და პროვოკაციულია".

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ რეზოლუციაში მისი მოთხოვნით ორი შესწორება შევიდა. წერს, რომ „ერთი ცვლილება ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ხოლო მეორე - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს".

ექსპრეზიდენტის გათავისუფლებაზე ოპოზიციის მხრიდან არაერთგვაროვანი განცხადებები კეთდება, ნაწილი ღიად ამბობს, რომ ზურაბიშვილმა მესამე პრეზიდენტი უნდა შეიწყალოს, ნაწილი კი საერთოდაც აცხადებს, რომ გარკვეულ ოპოზიციურ ლიდერებს საკაშვილის გარეთ ყოფნა საერთოდაც არ აწყობთ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გათავისუფლებული სააკაშვილი ოპოზიციაში აშკარად ლიდერის პოზიციის დაკავებას მოინდომებს და ეს ოპოზიციურ პარტიებს სულაც არ აწყობთ ორი მიზეზის გამო.

„ღიმილისმომგვრელია იმის დაჩივლება, რომ სააკაშვილის გათავისუფლება ოპოზიციურ ლიდერებს არ აწყობთ. რა თქმა უნდა შეიძლება არ აწყობდეთ, რადგან გათავისუფლების შემთხვევაში, სააკაშვილი აშკარად ლიდერის პოზიციას დაიკავებს და ეს სჭირდებათ?! ლიდერები თავად არიან. ამიტომაც მონია, რომ ყველაფრის მიმართ რომანტიული დამოკიდებულება გვაქვს.

„ოპოზიციის წარმოამდგენლებს ლიდერობა უნდათ და რატომაა გასაკვირი, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მათ არ აწყობდეს?! მეორე ასპექტიცაა, რომელიც მსჯელობის საგანი რამდენჯერმე იყო, რომ შესაძლოა სააკაშვილის ფიგურა პარტიებისთის წამგებიანიც აღმოჩნდეს, თუნდაც ამ მხრივაც შეიძლება არ აწყობდეთ მისი გათავისუფლება. შეიძლება არ აწყობდეთ, როგორც კონკურენტი და შეიძლება არ აწყობდეთ, როგორც წამგებიანი ფიგურა.

„პრეზიდენტის ბოლო განცხადება, რაც ადრე უთქვამს, იმისგან დიდად განსხვავებული არაა - ადრეც იძახდა, რომ არავითარ შემთხვევაშიო, ახლა იძახის, რომ მორალური ბარიერიაო, ეს ერთიდაიგივე შინაარსია, ოღონდ სხვადასხვა სიტყვებით", - განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებამ რამდენად შიძლება იმოქმედოს ზურაბიშვილის პოზიციაზე, საყვარელიძემ გვითხრა:

„ევროპარლამენტს ადრეც ჰქონდა ისეთი რამე ნათქვამი, რაც საქართველოსთვის კომფორტული არ იყო და არ შეასრულა, რადგან ევროპარლამენტი იმ ინსტანციად არ მიაჩნდათ, რომლისთვისაც დაჯერება იყო საჭირო, თან ევროპარლამენტში ძალიან ბევრი ადამიანი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ისინი ოპოზიციის ინტერესებით მოქმედებენ. თუკი პრეზიდენტი ამ ნიუანსებს გაუწევს ანგარიშს, მაშინ ალბათ ევროპარლამენტისთვის ანგარიშის გაწევას არ იჩქარებს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით როგორი გეგმები აქვს სამომავლოდ თავად პრეზიდენტს და ძნელია იმის თქმა, რას იზამს",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

„კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ „ხაზარაძეს და გახარიას სააკაშვილის გამოსვლის ეშინიათ", მისი თქმით,საყოველთაო ამნისტია აუცილებლად უნდა შეეხოს მიხეილ სააკაშვილს.

„დღე და ღამ გაჰკივიან ხაზარაძეც და გახარიაც და ყველა, რომ ქვეყანაში რუსული სამართლებრივი სისტემაა. თუ რუსული სამართლებრივი სისტემაა, ეს სისტემა არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, ვინც გასამართლებული ჰყავთ? სააკაშვილის გამოსვლის ისე ეშინიათ ხაზარაძეს და გახარიას, რომ იმ ადამიანებს სწირავენ, ვინც რუსულ სამართლებრივ სისტემას ახლა, ამ წუთში გასამართლებული ჰყავთ? მგონია, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ საყოველთაო ამნისტიაზე და სააკაშვილსაც აუცილებლად უნდა შეეხოს, თორემ ყველას ეგონება, რომ ჩრდილოეთ კორეა ვართ, რომ ასე მოუნდათ, რომ პუტინის პატიმარს არ შეეხოს",- აცხადებს ჩარკვიანი, რომლის კომენტარსაც „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება პირდაპირი საჩუქარი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის", - აცხადებს პარტია „საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ბრიუსელში და ბერლინში გამართულ შეხვედრებზე მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის მიმართ ინტერესი, არ ყოფილა.

„დავიწყებ იმით, რომ ზუსტად გუშინ დავბრუნდი ევროპიდან, ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა ჩვენ, ჩემი პირადი მონაწილეობით ბრიუსელში და ბერლინში. არცერთ ასეთ შეხვედრაზე ევროპული სახელმწიფოების ოფიციალურ წარმომადგენლებთან მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ დასმულა, უბრალოდ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის მიმართ ინტერესი, არც ბრიუსელში და არც ბერლინში შეხვედრებზე არ ყოფილა. ეს არის ფაქტი და მოცემულობა.

„რაც შეეხება კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილს, მხოლოდ ერთს ვიტყვი, თუკი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას სააკაშვილის შეწყალებაზე, ვთვლით, რომ მანდ ეს არ უნდა გააკეთებს, მაგრამ თუ ის ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება პირდაპირი საჩუქარი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ზურაბიშვილმა ლონდონში, „ჩატამ ჰაუზში" საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სააკაშვილთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხის დროს განაცხადა, რომ „შეწყალების შესაძლებლობა მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ, შეუძლებელია ამაზე გავლენის მოხდენა საგარეო ან შიდა ზეწოლით."

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „სააკაშვილი ალექსეი ნავალნი არ არის". მან ისაუბრა სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე და განაცხადა, რომ ის პატიმრობაში „რეალური მიზეზი" არის, თუმცა, პრეზიდენტის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული პერსპექტივა არ უნდა იყოს დაცული და ძალიან ახლოდან აკვირდება ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებულ ვითარებას.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ კი განაცხადა, რომ ევროპარლამენტმა ანგარიში მიიღო სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. მისი თქმით, ანგარიში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ არის მომზადებული და მხარს უჭერს სამასამდე ევროპარლამენტარი.

„პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი კვლავ ევროპული პოლიტიკის ფოკუსშია. გუშინ, ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში, რომელიც ხაზს უსვამს პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების მნიშვნელობას და პირდაპირ მოუწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების საკონსტიტუციო ბერკეტი და შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი. ევროპარლამენტის მოწოდებაში პრეზიდენტი ზურაბიშვილის მიმართ აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლება მნიშვნელოვანია პოლიტიკური დეპოლარიზაციისთვის, რაც თავისთავად აუცილებელი წინაპირობაა ევროინტეგრაციის გზაზე და ცხრა დათქმის ინტეგრალური ნაწილია. ანგარიშს, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მომზადებულია, მხარს უჭერს სამასამდე ევროპარლამენტარი ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან, იქნება ეს ევროპის სახალხო პარტია თუ ევროპული სოციალისტები", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით ორი შესწორება შევიდა - ერთი ცვლილება ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ხოლო მეორე - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

„ევროპარლამენტარების მხრიდან ასეთი ინიციატივები, პოლიტიკურად მიკერძოებული, საქართველოში კონკრეტული პარტიის მიმართ, პირდაპირ უნდა ვთქვა, პროვოკაციულია. არ ვიცი, თუ ვინმე აცნობიერებს იმ რეპუტაციას, რომელიც აქვს სააკაშვილს საქართველოში და რა შეიძლება მოჰყვეს, ქვეყანაში ევროპის მიმართ განწყობების თვალსაზრისით ასეთი ტიპის ინიციატივებსა და გადაწყვეტილებებს. ალბათ, ცოტა მეტი პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდეს ასეთ ინიციატივებს, რადგან ამას შეუძლია დააზიანოს პროევროპული განწყობები საქართველოში", - აღნიშნა სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე