თამთა ჩაჩანიძე
(28.02.2024)

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის გამოსვლა დახურულ რეჟიმში წარიმართა, თუმცა, ელჩის მთავარი გზავნილები საზოგადოებისთვის ცნობილია - გამოსვლისას ელჩმა მთავარი აქცენტები ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერაზე, ასევე რუსეთიდან საფრთხეებსა და არჩევნების მნიშვნელობაზე გააკეთა, ანალიტიკოსებს კი ელჩის განცხადებებზე რჩებათ შთაბეჭდილება, რომ აშშ-სთვის, როგორც ქვეყნის მნიშვნელოვანი პარტნიორისთის, მთავარი და გარდამტეხი მაინც საქართველოში ჩატარებული 2024 წლის არჩევნები იქნება.

ანალიტიკოსების თქმით, ელჩის გამოსვლისას ხაზგასმა იყო იმაზე, რომ ამ არჩევნებს ჩვენი პარტნიორები ძალიან სერიოზულად უყურებენ, მითუმეტეს გარე ძალების ჩარევის საფრთხის ფონზე.

ამასთან, როგორც ელჩმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, აშშ-ის სურვილია, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი - ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში. დანიგანმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მჭიდროდ ითანამშრომლებს სამოქალაქო საზოგადოებასთან, რადგან მისივე თქმით, საბოლოოდ საქართველოს საზოგადოების შიგნით კონსენსუსი და ერთობა იქნება საჭირო ევროკავშირის წევრობისთვის.

2024 წლის არჩევნები და გარე ძალების ჩარევის საფრთხე

ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად არის დათვლილი, საარჩევნო პროცესი კი თავისუფალი და სამართლიანია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე რამდენიმე თქვენგანს არჩევნების შესახებ პირადად ვესაუბრე და ვიცი, რომ თქვენ იზიარებთ ჩვენს შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

„აშშ ყველა მხარესთან მუშაობას გააგრძელებს, თქვენთან პარლამენტში, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციურ პარტიებთან და განსაკუთრებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა ქართველებმა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად არის დათვლილი, მათ მიერ მიცემული ხმები ფარულია, პროცესი კი თავისუფალი და სამართლიანია", - განაცხადა რობინ დანიგანმა.

ევროპაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაწყების წინ კი აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ არსებობს რეალური რისკები, რომ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაცია დემოკრატიული სისტემის მიმართ ნდობას საფრთხეს შეუქმნის.

„არ მჯერა იმის, რომ რუსეთი ამ ქვეყანაში ან სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში პოზიტიური ცვლილებების ან პოზიტიური გავლენის ძალას წარმოადგენს. ვფიქრობ, არსებობს რეალური საფრთხე, რომ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაცია დემოკრატიული სისტემის მიმართ ნდობასა და საარჩევნო სისტემას საფრთხეს შეუქმნის.

„აშშ აბსოლუტურად მზად არის, რომ საქართველოს მთავრობასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან და ოპოზიციურ პარტიებთან ითანამშრომლოს, რათა უზრუნველყოს ის, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს, არ მოხდეს გარე ძალების ჩარევა და ქართველებმა იცოდნენ, რომ როდესაც ისინი საარჩევნო ყუთთან მიდიან, ისინი ხმას ფარულად აძლევენ და მათი ხმა სამართლიანად იქნება დათვლილი. ჩვენ საკუთარ რესურსებს ვხარჯავთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასეა და ჩვენ ამის გაკეთებას გავაგრძელებთ", - განაცხადა რობინ დანიგანმა.

აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ კიდევ ერთი განსახილველი პრიორიტეტიარის ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მათ შორის, საქართველოს დახმარებით დაიცვას საკუთარი თავი და შეაკავოს აგრესია. როგორც ელჩმა აღნიშნა, ჩვენი სამხედრო პარტნიორობა ნამდვილად არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველი.

„ჩვენი სამხედროები ერთად გადიან წვრთნებს, ერთად იბრძვიან და შედეგად მათ გამოიმუშავეს ღრმა და განგრძობითი კავშირი. ერთად მათ ქართველი სამხედროები ნატოს-თან თავსებადი გახადეს. ერთად მათ მიიღეს საუკეთესო პრაქტიკა. როგორც ვიზიტით მყოფმა გენერლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, ამ პარტნიორობამ არა მხოლოდ საქართველოს სამხედროები გააძლიერა, არამედ ჩვენი საკუთარიც და ჩვენ ღრმად მადლობლები ვართ საქართველოს თავდაცვის ძალების იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში გამოიჩინეთ",- განაცხადა ელჩმა.

ელჩისვე თქმით, რამდენიმე დღის წინ, ტრაგიკული ანექსიის დღეს, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს ისე მყარად მხარს, როგორც შეერთებული შტატები.

„პრეზიდენტი ბაიდენი ერთ-ერთ გამოსვლაში ამბობს: „ჩვენ ვიმუშავებთ ძალიან მჭიდროდ ჩვენს პარტნიორებთან, მოკავშირეებთან და ყველასთან ერთად, ვინც იზიარებს ჩვენს ინტერესებს. ჩვენ არ დავტოვებთ ჩვენს მომავალს დაუცველად იმათგან, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენს ხედვას და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ვიყოთ სტაბილურები და იყოს კეთილდღეობა" - ამ ციტატით, პრეზიდენტი ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ალიანსები, ჩვენი პარტნიორობა უნდა იყოს გაფართოებული და მან, სწორედ ეს მთხოვა, როცა აქ, საქართველოში ჩამოვედი, გაგვეღრმავებინა უკვე არსებული ჩვენი კარგი და ფართო თანამშრომლობა.

„ჩვენ განსაკუთრებულად, ნამდვილად, კარგი ურთიერთობები გვაქვს, ჩვენ გვაქვს თავისუფლების საერთო სიყვარული, ჩვენი რწმენა, რომ გვაქვს ამის ნება, ამის თავისუფლება, გვაქვს მზაობა და ამიტომ შეგვიძლია ჩვენი შვილებისთვის სამყარო უკეთეს ადგილად ვაქციოთ. ჩემი, როგორც ელჩის მოვალეობაა, გავაღრმაო ეს ურთიერთობები და პარტნიორობა.

„რამდენიმე დღის წინ, ტრაგიკული ანექსიის დღეს, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს ისე მყარად მხარს, როგორც შეერთებული შტატები. ამ 32 წლის განმავლობაში, საქართველოსთვის დახმარების სახით, 6 მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს გაწეული. ეს არ არის მხოლოდ ციფრებით ასახული.

„ეს პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელია. ის ქართველები, ვისაც შევხვედრივარ, ვისი ცხოვრებაც ამ პარტნიორობით შეიცვალა და ძალიან ბევრი შემხვედრია ასეთი, ოფიცერი, მესაზღვრე, სამხედრო, რომელიც მომზადებული იყო შეერთებული შტატების მიერ, ბევრი პროფესორი, სტუდენტი შემხვედრია, რომლებმაც მითხრეს, რომ პარტნიორობამ მათი ცხოვრება შეცვალა. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელი შეუწყო თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. 1600 ქართველი არის ბენეფიციარი, მათ აშშ-ში სამხედრო განათლებით ისარგებლეს. საქართველო აღვჭურვეთ ნატო-სთან თავსებადი აღჭურვილობებით. ამ 32 წელს მთლიანად რომ გადავხედოთ, შეერთებული შტატები არის საქართველოს თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი მყარი მხარდამჭერი",- განაცხადა დანიგანმა.

ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა და „შუა დერეფანი"

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მჭიდროდ ითანამშრომლებს სამოქალაქო საზოგადოებასთან, რადგან მისივე თქმით, საბოლოოდ საქართველოს საზოგადოების შიგნით კონსენსუსი და ერთობა იქნება საჭირო ევროკავშირის წევრობისთვის.

„საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება გასული წლის დეკემბერში არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. კიდევ ერთხელ გილოცავთ! ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ვიცი, რომ ბევრმა თქვენგანმა ძალიან ბევრი იმუშავა ამის მისაღწევად და ვიცი, რომ კიდევ ბევრს იმუშავებთ მომავალ თვეებსა და წლებში საკანონმდებლო და სხვა აუცილებელი მიმართულებებით, რათა 9 პრიორიტეტი შესრულებულ იქნას. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ თქვენ მჭიდროდ ითანამშრომლებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საზოგადოების ყველა სეგმენტთან ამ პროცესის წინ წასაყვანად. საბოლოოდ, ქართული საზოგადოების შიგნით კონსენსუსი და ერთიანობა იქნება საჭირო ევროკავშირის წევრობის მისაღწევად.

„ერთ-ერთი პირველი, რაც მე გავაკეთე მას შემდეგ, რაც ჩამოვედი საქართველოში, იყო ბრიუსელში გამგზავრება, რათა მესაუბრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან საქართველოს კანდიდატის სტატუსზე და იმაზე, თუ რა წვლილი შეეძლო ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ შეეტანა [ამ პროცესში].

„ჩვენ ახლა ყოველდღიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან, საქართველოსთან და სხვებთან, რათა ვნახოთ ჩვენი დახმარება როგორ შეიძლება იყოს მაქსიმალურად სასარგებლო იმ სამუშაოს გაწევაში, რომელსაც თქვენ ასრულებთ 9 მოთხოვნის დაკმაყოფილების პროცესში. ძალიან მოხარული ვიყავი იმის ხილვით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი გამგზავრება სწორედ ბრიუსელში იყო, რათა შეხვედროდა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს და განეხილა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

„ასევე, მოხარული ვარ იმის ხილვით, რომ საქართველოს პრემიერი შეხვდა ნატო-ს წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოსა-დმი მისწრაფება, რასაც ასევე ძალიან ძლიერად ვუჭერთ მხარს. რომ შევაჯამოთ, ძალიან დატვირთული წელი გელით წინ, მუშაობთ რა აუცილებელი ნაბიჯების შესრულებაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისათვის და ემზადებით რა არჩევნებისთვის", - განაცხადა დანიგანმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის ძალიან პროდუქტიული იყო.

„გასულ პარასკევს მე მქონდა შესაძლებლობა განმეხილა კავშირი, რომელსაც ეყრდნობა ჩვენი ურთიერთობა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას. ეს იყო ძალიან პოზიტიური და პროდუქტიული შეხვედრა. მე კიდევ ერთხელ გავიმეორე პრემიერთან საუბარში მზაობა, რომ გავაღრმაოთ სტრატეგიული ურთიერთობა და ხაზი გავუსვი ჩემს, როგორც ელჩის, პრიორიტეტებს, რომელთა შორისაც არის საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის მხარდაჭერა, ჩვენი ორმხრივი სავაჭრო ინვესტიციების, მათ შორის, შუა დერეფნის მხარდაჭერა, ჩვენი სამხედრო პარტნიორობის გაძლიერება, რომელიც არის ჩვენი ურთიერთობის ქვაკუთხედი და ჩვენი კულტურული ურთიერთობის მხარდაჭერა",- განაცხადა ელჩმა.

რობინ დანიგანის თქმით, „შუა დერეფანში" საქართველოს როლს მხარს დაუჭერს.

„კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაზრდაა. ზოგიერთმა თქვენგანმა იცის, რომ მე ეკონომიკური ოფიცერი ვარ და ჩემი კარიერის უმეტესი ნაწილი ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას მივუძღვენი. გასულ წელს ჩვენს შორის ორმხრივმა ვაჭრობამ ისტორიულ ნიშნულს, 2 მილიარდ დოლარს მიაღწია, მაგრამ ჩემთვის ეს საკმარისი არ არის. მეტის გაკეთება მსურს. ჩვენ აშშ-ის სამთავრობო პროგრამების ფართო არჩევანი გვაქვს, რათა საქართველოს ახალ ბაზრებზე ექსპორტში დავეხმაროთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საჯარო, კერძო პარტნიორობას, რათა აქ მუშები იმ უნარებისთვის მოემზადონ, რომლებიც მათ სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობისთვის სჭირდებათ.

„ივნისში მე აშშ-ში ქართული კომპანიების დელეგაციას ვუხელმძღვანელებ, რათა მონაწილეობა მივიღოთ „SelectUSA"-ში, რომელიც ჩვენი მთავარი საინვესტიციო და ეკონომიკური კონფერენციაა. საქართველოდან წასვლისას, მე მინდა იმის თქმა შევძლო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის იმაზე მეტი ორმხრივი სავაჭრო ინვესტიციაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ასევე, ეკონომიკური კავშირების განმტკიცების ნაწილში მე „შუა დერეფანში" საქართველოს როლს მხარს დავუჭერ. აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაციამ ფოთის პორტში ტერმინალის ასაშენებლად 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც საქართველოს, როგორც ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რგოლის, შესაძლებლობას ზრდის. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ, რათა შუა დერეფანში საქართველო ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს", - აღნიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.

მისივე თქმით, ასევე სურს აღნიშნოს "ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოს უნიკალური და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დახმარებაში".

ელჩის ორი მნიშვნელოვანი გზავნილი

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ელჩის გამოსვლაში ორი მნიშვნელოვანი მთავარი გზავნილი იყო - აჩევნების მნიშვნელობა და რუსული საფრთხეები, რაც ნიშნავს, რომ 2024 წელი გარდამტეხი იქნება, როგორც ქვეყნის მოსახლეობისთვის, ისე პარტნიორების თვალსაზრისით.

„ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი პარტნიორებისთვის, ამიტომ, როცა საუბარი დაიწყო არჩევნების დამკვირვებლებზე, ძალიან ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ თქვა, რომ მხოლოდ არჩევნების დღეს კი არა, ჩვენ გრძელვადიანი დაკვირვება გვექნება საარჩევნო პროცესზეო.

„ეს იმის ხაზგასმა იყო, რომ ამ არჩევნებს ჩვენი პარტნიორები ძალიან სერიოზულად უყურებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული საზოგადოებაც ამ არჩევნებს ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რადგან ვხედავთ რა საფრთხეები გვაქვს და არჩევნები კი უნდა გახდეს მომავალი პერიოდისთვის სტაბილურობის მომტანი და არა დაპირისპირების, რაც სიმართლე რომ გითხრათ, გამორიცხული არაა.

„ჩემთვის ის თემები, რაც აშშ-ის ელჩმა ილაპარაკა, მოულოდნელი არ იყო. არჩევნებისთვის რომ იქნებოდა ყურადღება მიპყრობილი და ამას განაცხადებდნენ უკვე დღეს და არა არჩევნების მოახლოვების დროს. ამით ჩვენი პარტნიორების ერთგულება კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და დემოკრატიული გარდაქმნების კუთხით.

„ჩემი აზრით, ელჩის გამოსვლა ძირითადად ორ მნიშვნელოვან თემას ეხებოდა, უპირველესი იყო არჩევნები - მოწოდება იმის, რომ არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს, შტატების წარმომადგენლებს ყველა მხარესთან ექნება შეხვედრა, ხელისუფლებასთანაც, ოპოზიციასთანაც, არასამთავრობო სექტირთანაც.

„90-იანი წლებიდან რუსეთი რა თქმა უნდა საქართველოში მომდინარე პროცესში ყოველთვის ერეოდა, გამორიცხული არც დღეს არ არის და ამიტომ ელჩმა ამ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამას თუ პრეზიდენტის განცხადებებს დავუმატებთ დიდ ბრიტანეთში, რომელიც სწორედ რუსულ საფრთხეებს შეეხებოდა.

„ჩვენც ყველა დარწმუნებული ვართ იმაში, რომ რუსული საფრთხეები არსებობდა და არსებობს, ამიტომ ძალიან სასიამოვნოა, როცა აშშ ამ პრობლემას იცნობს, გრძნობს და გვპირდებიან დახმარებას იმ საშუალებებით, რაც მათ შეუძლიათ მოგვცენ. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს და მიიღებს კიდეც",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე