თამთა ჩაჩანიძე
(28.02.2024)

საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობა თანდათან მარტივდება, ბოლო ინფორმაციით, ჩინეთმა უვიზო მიმოსვლა დაგვიწესა, ასევე, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლიდან შვიდი წლის თავზე მიდის მუშაობა, რომ მალე ერთიანი როუმინგის სივრცის ნაწილი გავხდეთ, რასაც ანალიტიკოსების თქმით, საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე უცხოეთში გადაადგილებისას საკუთარ თავზე და ჯიბეზე იგრძნობს. საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ ამ საკითხზე პროგრესი მიმდინარე წელსვე იქნება.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა, ანალიტიკოსებისთვის ჯერჯერობით უცნობია მსგავსი ნაბიჯის, ან სავიზო პროცედურების გამარტივებას აპირებს თუ არა აშშ, ან თუნდაც დიდი ბრიტანეთი. ექსპერტების თქმით, ამისთვის ისეთივე ორმხრივი მუშაობაა საჭირო, როგორიც იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწესების დროს.

რას ნიშნავს იყო ევროკავშირის როუმინგის სივრცის ნაწილი

ქვეყნებთან (მოლდოვა, უკრაინა, საქართველო) ინდივიდუალურად მიდის მუშაობა, რომ მალე გავხდეთ ერთიანი როუმინგის სივრცის ნაწილი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიმდინარე წელსვე გვექნება პროგრესი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს დიდი სამუშაო აქვს გაწეული, თუმცა, საგაზაფხულო სესიაზეც იგეგმება ამ მიმართულებით გარკვეული საკანონმდებლო აქტების მიღებაც.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროპის ერთიანი როუმინგის სივრცეს შევუერთდეთ და შესაბამისად, როუმინგ მომსახურების ადგილობრივი ტარიფებით ისარგებლოს მოსახლეობამ ევროპაში მოგზაურებისას. თუმცა, კონკრეტული თარიღის დასახელება გაგვიჭირდება, ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული. გადაწყვეტილება არის ევროკომისიაზე დამოკიდებული. კონკრეტული სამოქმედო გეგმა არსებობს, რა არის ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი.

„ამაზე ინტენსიურად მიდის მუშაობა. ეს არის ძირითადად გარკვეული მარეგულირებელი აქტების მიღება, რომელიც თანხვედრაში იქნება ევროპულ კანონმდებლობასთან. ამ კუთხით დიდი სამუშაო უკვე გაწეულია, თქვენ ნახეთ და მოისმინოთ ევროკომისიაში განცხადებები, საქართველომ დიდი სამუშაო უკვე გაწია, ის იყო მოწინავე ასოცირების ტრიოს წევრ ქვეყნებს შორის, რომელმაც რეფორმები განახორციელა. თუმცა გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ ყოფილიყო ერთიანი განცხადება, როცა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა ჩაერთვებოდა ერთიან როუმინგულ სივრცეში.

„ამ შემთხვევაში ქვეყნებთან ინდივიდუალურად მიდის მუშაობა, რომ მალე გავხდეთ ერთიანი როუმინგის სივრცის ნაწილი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიმდინარე წელსვე გვექნება პროგრესი. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივები, რომლის მიღებასაც ვაპირებთ და საბოლოოდ ჩვენ ევროკომისიის მოთხოვნებს ალბათ ვუპასუხებთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ჯიპას ასოცირებული პროფესორი და ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირი როუმინგის თემაზე საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან მართლაც მუშაობს. მისი თქმით, ეს საქართველოს მოქალაქის ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნას კომფორტულს გახდის.

„დღეს კომუნიკაცია ერთ-ერთი მთავარი თემაა, ნებისმიერი მოგზაურისთვის, რომელიც ტურისტად თუ ბიზნესისთვის არის უცხო ქვეყანაში. დღეს როუმინგზე როცა ვართ, საკმაოდ ძვირს ვიხდით, იქნება ეს მობილური ტელეფონით თუ მობილური ინტერნეტით სარგებლობისას. ჩვენ თუ ევროპულ სისტემაში ჩავერთვებით, მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული ტარიფებით ვისარგებლებთ.

„ქსელში ჩართვა იქნება ის, რომ საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე უცხოეთში გადაადგილებისას საკუთარ თავზე და ჯიბეზე იგრძნობს. საზღვარგარეთ მის ყოფნას უფრო კომფორტულს გახდის და გაცილებით უფრო ადვილად შეეძლება დაკავშირება სამშობლოსთან.

„სამივე ქვეყანასთან რომ მიმდინარეობს მუშაობა, ეს მართალია,(უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან). აქ სუფთა ტექნიკური თემებია და არ არის ისეთი რთული და გრძელვადიანი რეფორმა. აქ ტექნიკური თავსებადობის თემებია და რაც მთავარია, ევროკავშირის პოლიტიკური ნება, რომ იმ ქვეყნებს, რომელბსაც ის განიხილავს როგორც მომავალ წევრებს, მათ მიმართ რომ შემოღებულ იქნას მომსახურეობის ის ტარიფები, მათ შორის მობილურ ტელეფონებზე, რომლითაც სარგებლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები",-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

ევროკავშირის როუმინგის სივრცეში ჩართვის მნიშვნელობაზე საუბრობს„რეზონანსთან" თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომლითაც თითოეული მოქალაქე ისარგებლებს, ახლა ჩვენ ძალიან ძვირ ტარიფებს ვიყენებთ, როცა ევროპაში ვართ. ძალიან სერიოზული პრობლემები ექმნება როგორც ბიზნესს, ასევე ტურისტებს. როუმინგის გათანაბრების შემთხვევაში, უკვე მნიშვნელობა არ ექნება საქართველოში იქნები თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სატელეფონო ხარჯები საგრძნობლად შემცირდება.

„ამ კუთხით მოლდოველები ძალიან დიდი ხანია მუშაობენ, მათ თავიანთი გამოცდილებით რუმინელებიც ეხმარებიან, როგორც ვიცი, ისინი ამ საქმეში ცოტათი წინ არიან და ძალიან კარგი იქნება თუ საქართველო ამ კონტექტში ფეხს აუწყობს. გეოგრაფიულად ევროპისგან შორს ვართ, მაგრამ, პირიქით, ამ მომენტიდან გამომდინარე, უფრო მინიშვნელოვანი ხდება, მითუმეტეს, კანდიდატის სტატუსი გვაქვს. ახლა მნიშვნელოვანია ორმხრივი მუშაობა. ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური ნება არსებობს",-განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ჩინეთმა უვიზო მიმოსვლა გავიწესა - რას აპირებს აშშ და დიდი ბრიტანეთი

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის 26 თებერვლის სხდომაზე განაცხადა, რომ ჩინეთმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა დაუწესა და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ჩინეთში უვიზოდ 30 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ დაყონ 30 დღე ზედიზედ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების მეტად განვითარების თვალსაზრისით.

„ეს გადაწყვეტილება არის საქართველოსა და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული შედეგი. ვულოცავ თანამოქალაქეებს და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩინელ მეგობრებს, ჩინეთის ხელისუფლებას ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.

ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამაზე ისეთივე ორმხრივი გრძელვადიანი მუშაობაა საჭირო, როგორც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწესების წინ იყო.

„ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, მოსალოდნელი არაფერი არაა, თუ არ ვიმუშავეთ, თავისით არაფერი არ მოდის, როცა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მივიღეთ, ამას წინ უძღვოდა ძალიან დიდი ხნის მუშაობა, ორმხრივი მოლაპარაკებები და ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, რაც ჩვენ შევასრულეთ, იქნებოდა ეს ტექნიკური თუ უსაფრთხოების მოთხოვნები და ა.შ. პარტნიორებთან მუშაობაა საჭირო, აშშ-სთანაც და დიდ ბრიტანეთთანაც.

„როცა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გამოცხადდა, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მხარეებს შორის არათანაბარი პირობები იყო - ჩინელებს საქართველოში უვიზო კარგა ხანია აქვთ, შესაბამისად, ქართველი ტურისტისთვის უვიზოს გახსნა მემგონი ჩინეთის მთავრობისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა.

„ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ, კარგია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ წასვლა შეეძლებათ, თუმცა, ამაში რაღაც განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, მთავარი სხვა საკითხებია",-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში უვიზო მიმოსვლის დაწესება ახლო პერსპექტივა არაა და ჯერერობით ეს საკითხი მომწიფებული არაა რიგი პრობლემების გამო.

„სამწუხაროდ აშშ-ში და ბრიტანეთში ეს საკითხი ისე მომწიფებული არაა. ბრიტანეთთან უვიზოს საკითხი კიდევ უფრო გაჭირდება, რადგან არსებულ საიმიგრაციო კანონს პირიქით ამკაცრებენ - ამ ეტაპზე ეს არარეალისტური ჩანს.

„უვიზო მიმოსვლის საკითხი სხვადასხვა მიზეზების გამო აშშ-სთანაც ადვილი არ იქნება, ეს მაინც ძირითადად არალეგალურ მიგრაციასთან, ტერორიზმთან და კიდევ სხვა პრობლემებთანაა დაკავშირებული, რომელიც ამ ქვეყნებს აწუხებთ",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე