ელზა პაპოშვილი
(27.02.2024)

როგორი იქნება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის სტრატეგია და რა თემები იქნება წინ წამოწეული, რომელსაც მმართველი გუნდი პიარისთვის გამოიყენებს? ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ომის და მშვიდობის თემას აქტიურად გამოიყენებს და შესაძლოა კორუფციის თემასაც შეეხონ, მაგრამ ფიქრობენ, რომ ამას სერიზოული სახე არ მიეცემა, რადგან „ოცნებას“ წინასაარჩევნოდ ამ მიმართულებით ხმაურიც არ აწყობს. ასევე ერთ-ერთი მთავარი ხაზი კანდიდატის სტატუსის მიღება და ევროკავშირში გაწევრიანება იქნება.

მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილმა, გასული წლის ბოლოს პოლიტიკაში თავისი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კორუფციასთან დაკავშირებული რისკები დაასახელა. ამის შემდეგ კი ახალმა პრემიერმა ირკალი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით ცუდი მონაცემები არ აქვს, თუმცა „ოცნებისთვის“ ეს თემა კვლავ გამოწვევად რჩება და შესაბამისად, მონაცემების გაუმჯობესების პრეტენზია აქვთ. 

ამის პარალელურად კი ანტიკორუფციულმა სამსახურმა მინისტრების, მათი მოადგილეების და სხვა ჩინოვნიკების ქონების შესწავლა დაიწყო. შესაბამისად, გაჩნდა აზრი, რომ მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო თემა შესაძლოა კორუფციასთან ბრძოლა იყოს.

კორუფციასთან ბრძოლა

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ „ოცნება“ წინასაარჩვენოდ რამდენიმე თემას წამოწევს, რომელზეც თავის სტრატეგიას ააგებს. როგორც ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან“ განაცხადა, შესაძლოა ეს არ იყოს კორუფციის თემა, რადგან გამოვა, რომ „ოცნება“ მისი ხელისუფლების პირობებში კორუფციის არსებობას აღიარებს. 

„ალბათ რამდენიმე მიმართულებაზე გაკეთდება აქცენტი და ეს არ იქნება კორუფცია. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უკან პოლიტიკაში დაბრუნებისას ეს ახსენა, მე მაინც მიმაჩნია, რომ ამას ვერ გარისკავენ. კორუფციასთან რეალური ბრძოლა რომ დაიწყონ, მაშინ ბევრი მაღალჩინოსანი უნდა დააპატიმრონ. ეს კი ნიშნავს, რომ ბევრი რაღაც გამოაშკარავდება და დამტკიცდება, რომ კორუფციას სისტემური სახე აქვს, და მაში ბევრი ადამაინია ჩათრეული. ამიტომ ამდენად არ გარისკავენ.

„კორუფციასთან ბრძოლის სააგენტო, რაც ახლა შექმნეს, ეს უფრო  თავდაცვის მექანიზმია, იმიტომ, რომ ოპოზიციას აშკარად რაღაც ფაქტები ექნება „ოცნების“ წინააღმდეგ. გვახსოვს ყოფილმა პრემიერმა გახარიამაც გააკეთა ამაზე განცხადება და თქვა, რომ იცის ოჯახები, რომლებიც ასეთ კორუფციულ სქემებში არიან ჩართული და მათ დაასახელებს. ამიტომ მგონია, რომ „ოცნებაა“ კორუფციის თემას კი არ შეუტევს, უბრალოდ თავდაცვაში გადავა. ამაზე ხმამაღლა რომ ისაუბრონ და რაღაც დაჭერები დაიწყონ, იციან, რომ ამას ოპოზიცი მათსავე წინააღმდეგ გამოიყენებს. ამიტომ ამ მხრივ ფრთხილობენ. მაშინ საკუთარი გუნდიდან ხალხი უნდა გაწირონ, რაც გუნდშივე ცუდად გამოჩნდება - შიში გაჩნდება და ნდობა დაიკარგება“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“. 

იგი ასახელებს ორ მთავარ მიმართულებას, რომელიც „ოცნებისთვის“ წინასაარჩვენოდ მთავარი პიართემები იქნება.

„ხელისუფლება აპელირებას კვლავ მშვიდობის თემაზე დაიწყებს. მეტი ყურადღება იქნება ომის თავიდან აცილებაზე გადატანილი. ეს არის ხელისუფლების სერიოზული კოზრი, რომლის გამოყენების საშუალებასაც ოპოზიცია შესანიშნავად აძლევს. „ოცნება“ ისევ გააგრძელებს იმაზე საუბარს - რომ ყველაფერი გააკეთეს, რათა ქვეყნისთვის ომი აეცილებინათ. 

„ეს თემა მათთვის მომგებიანია, რადგან ოპოზიციამ მშვიდობის და ომის თემა ხელისუფლებას გადაულოცა. როცა უნდა ეჩივლათ და ეთქვათ, რომ - აბა, ვინ არის „გლობალური ომის“ პარტიის წევრი და ა.შ. - პრაქტიკულად ოპოზიციამ ხელისუფლებას ყველაფერი შეარჩინა. 

„ოცნება“ ასევე ძალიან კარგად გამოიყენებს წინასაარჩევნოდ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ვიზალიბერალიზაციას. ესეც ოპოზიციამ ხელისუფლებას დაუთმო“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“. 

ოპოზიციის დისკრედიტაცია და პოლიტიკური ველის პოლარიზაცია 

ანლიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მშვიდობის შენარჩუნებასა და კანდიდატის სტატუსზე საუბრის გარდა, წინასაარჩევნოდ ოპოზიციის გაშავებას დაიწყებს. როგორ მან „რეზონანსს“ განუცხადა, ამ კამპანიის საკვანძო დეტალი კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებაშ მათი დაბრუნებით ხალხის დაშინება იქნება. 

„რა თქმა უნდა, ხელისუფლებას აქვს კონკრეტული თემები, რისი გამოყენებითაც საზოგადოებაზე ზემოქმედებას შეეცდება. პირველ რიგში ეს არის ხალხის ომით შეშინება. ის კვლავ ისაუბრებს იმაზე, რომ ქვეყანა ომს გადაარჩინეს და მათი პოლიტიკის შედეგია დღეს რომ სიმშვიდეა. 

„სამწუხაროდ, 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენს მოსახლეობაში ომის შიში არსებობს. გარდა ამისა, „ოცნების“ ყულაბაშია და საკუთარ წარმატებად იწერს კანდიდატის სტატუსს, მიუხედავად მარტის აქციებისა და იმ დაპირისპირებისა, რაც მაშინ მოხდა. ამით პროევროპულ ამომრჩეველზე მუშაობს. 

„მეორეს მხრივ კი კვლავ ეცდება პოლიტიკური ველის პოლარიზაციას, რათა ნაციონალურ მოძრაობასთან“ მარტო დარჩეს. ამით კი მოსახლეობის შეშინებას შეძლებს. ეცდება, რომ მათი უკან ხელისუფლებაში დაბრუნების შიში მოსახლეობაში კვლავ გააღვივოს. მოახდენს დანარჩენი ოპოზიციის დისკრედიტაციას და ყველას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებას შეეცდება. ეს იქნება ის მთავარი სტრატეგიული სვლები, რომელსაც არჩევნების წინ გააკეთებს“, - ამბობს ჩიტაძე. 

რაც შეეხება ივანიშვილის ფაქტორს და მის ჩართულობას მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი პერიოდულად საჯაროდაც გამოჩნდება, თუმცა ძირითადად შეფარულად იმოქმედებს და ახალი პრემიერისათვის კონკრეტული მითითებების მიცემით, რომელიც წინასაარჩევნოდ „ოცნებისთვის“ მომგებიანი იქნება. ანალიტიკოსი პრემიერის მხრიდან ასეთ გადადგმულ ნაბიჯებს უკვე ხედავს და ამის მაგალითად ექიმების პროტესტის ფონზე რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეჩერებას ასახელებს. მისი აზრით, ასეთი სვლები წინასაარჩევნოდ ბევრი იქნება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე