რეზონანსი
(27.02.2024)

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ოფიციალურ მოსკოვს ჟენევის დისკუსიების სხვა ლოკაციაზე გადატანა სურს და პოსტსაბჭოთა სივრცის ორ ქალაქს ასახელებენ. ამის მიზეზად კი ამბობენ, რომ ჟენევა ვერ უზრუნველყოფს მოლაპარაკებების მონაწილეებისთვის თანაბარ პირობებს. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ეს აბსურდია და პირველ რიგში თვითონ აფხაზებსა და ოსებს არ უნდა აწყობდეთ.

„დღეს რუსული მხარე აყენებს ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ჟენევის დისკუსიების ჟენევიდან სხვა ადგილას გადატანასთან დაკავშირებით. ეს განპირობებულია იმით, რომ ჟენევას სულ უფრო და უფრო ნაკლებად შეუძლია უზრუნველყოს ყველა მონაწილისთვის თანაბარი პირობები მოლაპარაკებების პროცესში.

„ბოლო დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ბევრი ინფორმაცია მოვიდა ჩვენთან იმის თაობაზე, რომ ჟენევა ვერ უზრუნველყოფს მოლაპარაკებების მონაწილეთათვის თანაბარ პირობებს, ვერ უზრუნველყოფს მოლაპარაკებების ორგანიზაციულ-ტექნიკურ პირობებს სათანადოდ, ადეკვატურად, ამიტომ ეს საკითხი ძალიან აქტუალურია და მჯერა, რომ მომავალშიც ძალიან აქტუალური იქნება", - განაცხადა სამშაბათს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა.

დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით კი, ეს იდეა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისგან მოდის.

„რაც შეეხება ჟენევის დისკუსიას, ფაქტობრივად, ბატონ ლავროვთან ბოლო შეხვედრისას მან თქვა, რომ ამ პლატფორმამ მეტწილად, ასე ვთქვათ, თავი ამოწურა, ამიტომ მან იკითხა, წინააღმდეგი ხომ არაა აფხაზური მხარე, რომ გაგრძელდეს მუშაობა უფრო შესაფერისი ლოკაციის მოძიებაზე. საუბარი იყო ბელორუსის დედაქალაქზე, ქალაქ მინსკზე ან სხვა სახელმწიფოების დედაქალაქებზე, ყოფილი საბჭოთა კავშირის უფრო ნეიტრალურ სახელმწიფოებზე. პრინციპში, ამის განხილვა შესაძლებელია. თუ ეს გადაწყვეტილება მიიღება, მიმაჩნია, რომ ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, შესაძლოა, რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს", - განაცხადა ბჟანიამ.

პაატა ზაქარეიშვილს წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ ჟენევის დისკუსიები სხვა ლოკაციაზე გადავა.

„2008 წლის 12 აგვისტოს 6 პუნქტიან სამშვიდობო გეგმას ხელი მოაწერა რუსეთმა და საქართველომ. აქ არაფერ შუაშია არც აფხაზეთი და არც „ოსეთი". თუ რუსეთს ამასთან დაკავშირებით რამე სურს, თვითონ უნდა შესთვაზოს თბილისს, მოსკოვი და თბილისი უნდა შეთანხმდნენ.

„ეს არის წმინდა წყლის ტემპერატურის აწევა, რათა გადაიტანონ ყურადღება. ეს უფრო მეტად არ აწყობთ აფხაზებს და ოსებს, რადგან მათ მოესპობათ საერთაშორისო ტრიბუნა და ეს მათ ძალიან კარგად იციან, საქმე საქმეზე, რომ მიდგეს ისინი პირველები იქნებიან, ვინც უარს იტყვიან", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

რატომ იქნა შეთვაზებული მოლაპარაკების ერთ-ერთ ადგილად აზერბაიჯანის დედაქალაქი, რომელიც საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორია და ხომ არ აქვს ამას რაიმე პოლიტიკური კონტექსტი? პაატა ზაქარეიშვილი გამორიცხავს, რომ ეს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობებზე მიანიშნებდეს.

„აზერბაიჯანისა და რუსეთის დაახლოება გამორიცხულია. აზერბაიჯანს ერთადერთი მოკავშირე თურქეთი ჰყავს და ძალიან ეფექტურად იყენებს ამას აზერბაიჯანი, თურქეთის საშუალებით მანიპულირებს რუსეთზე. 2025 წლის ბოლოსკენ ჩვენ ვნახავთ როგორ დაიძაბება ურთიერთობა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის (ყარაბაღიდან) ჯარების გაყვანის საკითხზე. დღეს კი აზერბაიჯანი მართავს რუსეთს და არა რუსეთი აზერბაიჯანს.

„დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანში არც კი იციან, რომ ბაქოში გადატანაზე თქვეს რამე. რუსეთს უნდა მსოფლიოს აჩვენოს, რომ ყველაფერი შეუძლია, მათ შორის ესეც, მაგრამ შეუძლებელია ეს მოხდეს.

„ადგილმდებარეობა შეიცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თბილისი დათანხმდება, რაც გამორიცხულია. „ქართული ოცნება" არ თანხმდება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, დსთ-ში გაწევრიანებას და არ დათანხმდება არც ამას. იმიტომ კი არა, რომ არ უნდა, ძალიანაც უნდათ მაგრამ იციან, რომ პრობლემები შეექმნებათ საქართველოში.

„ის უფრო მარტივი წარმოსადგენია, რომ სამშვიდობო შეთანხმება გაუქმდეს, ვიდრე ჟენევიდან სადმე სხვაგან გადავიდეს. რომც მოხდეს, რაც მე აბსურდულად მიმაჩნია, მაინც არაფერი შეიცვლება. რაიმე განსაკუთრებული არც ჟენევაში ხდება და არც სხვაგან არ მოხდება", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ავტორი: ნატალია ჯვარიძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე