თამთა ჩაჩანიძე
(27.02.2024)

28 თებერვალს დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ შესაძლოა რუსეთს მიმართოს მის შემადგენლობაში მიღების თხოვნით. რა დატვირთვა აქვს ამ გადაწყვეტილებას უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და ხომ არ უნდა ველოდოთ ახლო მომავალში მოსკოვისადმი მსგავს მიმართვას ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგანაც? როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რუსეთს ახლა დნესტრისპირეთის „აფეთქება" აწყობს, რადგან ეს ტერიტორია მისთვის უკრაინის წინააღმდეგ ხელსაყრელი პლაცდარმია.

აღსანიშნავია, რომ მოლდოვის კუთვნილი ეს უკონტროლო ტერიტორია უკრაინას ესაზღვრება და რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული, რომელსაც ოფიციალურად „სამშვიდობო ძალების" სტატუსი აქვს. უკრაინაში მოქმედმა რუსულმა ძალებმა კი დნესტრისპირეთამდე სახმელეთო კორიდორი რომ გაჭრან, ამისათვის ჯერ ხერსონი, ნიკოლაევი და ოდესა უნდა დაიკავონ, რაც, მაისაიას შეფასებით, ახლო მომავალში ნაკლებად სავარაუდოა. მისი აზრით, ამ ეტაპზე რუსებმა, შესაძლოა, საჰაერო გზით დაიწყონ დნესტრისპირეთის დედაქალაქ ტირასპოლთან მდებარე თავის ბაზაზე ახალი ძალებისა და შეიარაღების გადასროლა.

ამასთან, როგორც მაისაია ამბობს, რუსეთი ხედავს, რომ დასავლეთი უკრაინას ჯერჯერობით ვერ ეხმარება, „ამას კარგად იყენებს და ყველა მხრიდან კიევის შევიწროვებას ცდილობს". რაც შეეხება საქართველოს და იმას, თუ რამდენად რეალურია იგივე იგეგმებოდეს ე.წ. სამხრეთ ისეთში, მაისაია ამ სცენარს ასევე ნაკლებად მოსალოდნელად მიიჩნევს.

ცნობა 28 თებერვალს ტირასპოლში ე.წ. დეპუტატთა ყრილობის მოწვევის შესახებ „ტელეგრამით გავრცელდა. ამასთან, ადგილობრივი ოპოზიციონერი აქტივისტის, გენადი ჩორბას იმფორმაციით, ყრილობაზე იგეგმება მიმართვა რუსეთის ხელისუფლებისადმი „რესპუბლიკის" მის შემადგენლობაში მიღებასთან დაკავშირებით.

ამასთან დაკავშირებით ნატო-შიც გაკეთდა განცხადება. როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ რუმინულ ტელეარხ „პროტვ"-სთან ინტერვიუში განაცხადა, „ნატო მხარს დაუჭერს მოლდოვას, თუ რუსეთი დნესტრისპირეთის ანექციას შეეცდება".

„რა თქმა უნდა, ნატო რუსეთის ქმედებებს გადმობს და გააგრძელებს მოლდოვას მხარდაჭრას. ეს ქვეყანა მნიშვნელოვან როლს თანამშობს", - განაცხადა მირჩა ჯოანამ.

მისივე თქმით, დნესტრისპირეთის რუსეთთან მიერთების საკითხი წარსულში რეფერენდუმზე უკვე დაისვა, მაგრამ ამან „არანაირი შედეგი არ მოიტანა".

აღსანიშნავია, რომ 29 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფედერაციის საბჭოს წინაშე სიტყვით გამოვა. მოლდოვური მედია წერს, რომ დნესტრისპირეთის ლიდერმა, ვადიმ კრასნოსელსკიმ მოიწვია ყველა დონის ადგილობრივი დეპუტატების ყრილობა, რათა განეხილათ „მოლდოვის მხრიდან ზემოქმედება, რომელიც არღვევს უფლებებს და აუარესებს დნესტრისპირელების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას".

დნესტრისპირეთში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა,ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ არაღიარებული დნესტრისპირეთი რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებას, სავარაუდოდ, არ მოითხოვს. ზელენსკის თქმით, უკრაინას არ მიუღია არანაირი მოთხოვნა მოლდოვისგან პოტენციურ სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ რუსებს დნესტრისპირეთის პლაცდარმად გამოყენება სურს უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა მოლდოვის საზღვრამდე უკრაინის ტერიტორიები აშორებს და არაა გამორიცხული, რომ დნესტრისპირეთში რუსული ბაზის გაძლიერება აერომობილური ჯგუფების გადასროლით დაიწყონ.

„დნესტრისპირეთის გადაწყვეტილება რასთანაა დაკავშირებული, არ ვიცი, მაგრამ, როგორც ჩანს, ალბათ რუსების ინიცირებითაა, რადგან რუსებს დნესტრისპირეთის სამხედრო პლაცდარმად გამოყენება სურთ. ეს უფრო გეოსტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარეა, ვიდრე პოლიტიკური და გეოპოლიტიკური. ეს არის საკმაოდ კარგი პლაცდარმი უკრაინაზე შეტევისთვის დასავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით და ბუნებრივია, ეს რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„თუმცაღა, ჯერ რუსეთმა მოკლე პერიოდში ნიკოლაევი და ოდესა უნდა დაიკავონ და გაიჭრან ხერსონის მიმართულებით. მაგრამ ჯერ ალბათ რუსები აერომობილური ძალების გადასროლას აპირებენ, რომ დნესტრისპირეთის თავიანთი სამხედრო ბაზა გაამაგრონ. ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტსაც გაზრდიან, როგორც საქართველოში მოხდა აგვისტოს ომის წინა პერიოდში და მერე ამ „სამშვიდობო კონტინგენტმა" ბრძოლაში სერიოზულად დაგვაზარალა. როგორც ჩანს, რუსეთი იგივე ტაქტიკას გამოიყენებს მოლდოვასთან, თუმცა ამას აერომობილური ჯგუფების გარეშე ვერ მოახერხებს.

„ასევე აქ მოლდოვაზე გარკვეული ზეწოლის ვარიანტი ჩანს, რომ ევროკავშირისკენ მისი სვლა შეაჩეროს და შეუქმნას პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის საფრთხე.

„რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ვარიანტს, აქ უკვე სხვა მომენტია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეადგინა მოსკოვისთვის საფრთხის შემცველი ქვეყნების სია. იქ საქართველოს 12 ქულა აქვს, მოლდოვას - 16, უკრაინას - 20, აქედან გამომდინარე, კრემლი საქართველოდან რაიმე საშიშრიებას არ მოელის. პირიქით, მოსკოვმა ცხინვალის რეგიონი გააფრთხილა, რომ არავითარ პროვოკაციაზე არ წავიდეს, რადგან ის პირობები, რაც (საქართველოს) დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალის კუთხითაა, მათთვის სავსებით დამაკმაყოფილებელია და ასეთი რამ ჩვენთან გამორიცხულია.

„რაც შეეხება ნატოს მხარდაჭერას, არაა გამორიცხული, რომ რუსეთის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, მოლდოვაში რუმინული ძალები ვიხილოთ. შესაძლოა უკრაინამაც რაღაცნაირად გაუწიოს დახმარება, რადგან ეს მათ ინტერესებშიც შედის, თუმცა ახლა, დასავეთის დახმარების შეფერხების ფონზე, ეს ნაკლებ სავარაუდოა. რუსეთი ხედავს, რომ დასავლეთი უკრაინას ჯერჯერობით ვერ ეხმარება, ამას კარგად იყენებს და ყველა მხრიდან მის შევიწროვებას ცდილობს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე