თამთა ჩაჩანიძე
(26.02.2024)

ოპოზიციურ ფლანგზე საარჩევნო კამპანიაში ახალი პარტია ერთვება - ენმ-ის ყოფილი თავჯდომარე ნიკა მელია მიმდინარე კვირას საკუთარ პარტიას წარადგენს, „ნაცმოძრაობიდან" წამოსული მელიას მხარდამჭერების თქმით, პლატფორმის „მთავარი ამოცანაა, ოპოზიციამ 50+1%-ის შეგროვება შეძლოს". ანალიტიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ მელიას პარტია „ნაცმოძრაობას" ხმებს აუცილებლად წაართმევს, თუმცა ბევრს არა. თანხმდებიან იმაზეც, რომ იდეოლოგიაც დიდი ალბათობით ის იქნება, რომ პარტია „ევროპისკენ მიდის".

ექსპერტების აზრით, მელიას პარტიაში შესაძლოა ის სახეები ვიხილოთ, ვისთვისაც „ნაცმოძრაობა" მიმზიდველი აღარაა. შუაშისტ ამომრჩეველს რაც შეეხება, ანალიტიკოსთა აზრი ორად იყოფა, ნაწილი ამბობს, რომ ელექტორატის ეს ნაწილი ფრთხილია და „ყოფილი „ნაცების" არ სჯერა. ნაწილს კი მიაჩია, რომ რაღაც პროცენტი მელიას პარტიას დაუჭერს მხარს. 5%-იანი ბარიერის გადალახვა კი დიდწილად წინასაარჩევნო კამპანიაზე იქნება დამოკიდებული.

რა ფორმით წარსდგება მელია არჩევნებზე

რა ფორმით წარდგება ნიკა მელიას პარტია არჩევნებზე, მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი. ამის შესახებ მელიას თანაგუნდელმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება იქნება დაფუძნებული საერთო ინტერესსა და საერთო საქმეზე.

„ამ კვირაში ჩვენი მხრიდან იქნება გაცხადებული, თუ როგორ წარვდგებით ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. ეს გადაწყვეტილება არ იქნება დაფუძნებული ჯგუფის ეგოისტურ განწყობაზე, რომლის ამოცანაა მხოლოდ და მხოლოდ გარანტირებული წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენი გადაწყვეტილება იქნება დაფუძნებული საერთო ინტერესსა და საერთო საქმეზე, რა უკეთესია საერთო საქმისთვის. მთავარი ამოცანაა, ოპოზიციამ 50+1-ის შეგროვება შეძლოს",-განაცხადა დოლიძემ.

მისი განმარტებით, საერთო ინტერესისთვის რა იქნება უკეთესი, ეს კომპლექსური საკითხია და ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამასთან, ბაჩო დოლიძის თქმით, მათი პარტიის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ყველა ამომრჩეველს ესაუბრებიან.

„ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ ყველანაირ ამომრჩეველს ვესაუბრებით, ვესაუბრებით „ქართული ოცნების", „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველს, რომელსაც ცვლილება უნდა. არ არის ეს ხალხი ასეთი „დასეგმენტირებული", როგორც ვიღაცას წარმოუდგენია, რომ ერთხელ თუ ვიღაცას მისცა ხმა, ცხოვრების ბოლომდე იმას მისცემს. ყველას უნდა ნორმალური ცხოვრება. ხომ შეიძლება ჩვენმა შვილებმა და ჩვენ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ ისე, რომ ერთი და იმავე წრეზე არ ვტრიალებდეთ და ყოველი ხელისუფლების ცვლილება ნიშნავდეს ავტომატურად წინა ხელისუფლების ჯვარზე „გაცმას", გასამართლებას და პოლიტიკურ რეპრესიებს, ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს!", - განაცხადა დოლიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ნურავის ექნება იმის იმედი, რომ „ქართული ოცნების" მხრიდან ისეთი ნაბიჯები გადაიდგმება, რომელიც გააუმჯობესებს და უფრო ჯანსაღს გახდის ვითარებას. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ცესკოსთან დაკავშირებით შექმნა ჯგუფი, რომელმაც ნოტარიუსს ფუნქცია უნდა შეასრულოს.

„ამის შესაძლებლობა ჩვენ არ უნდა მოვცეთ. პირველ რიგში, შედეგებით. ისეთ შედეგები უნდა დაიდოს, რომელიც კითხვის ნიშანსაც კი არ უნდა აჩენდეს. ის, რომ ტექნოლოგიური ან სხვა თვალსაზრისით მამაძაღლობას ეცდებიან, ეს ცხადზე ცხადია. არ გვაქვს ჯანსაღი საარჩევნო ამინდი. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, თქვენ ნახავთ პოლარიზებას", - განაცხადა დოლიძემ „პალიტრანიუსთან".

საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა მელიას პარტიაში ის ცნობილი სახეები ვიხილოთ, რომლებმაც „ნაცმოძრაობა" არცთუ დიდი ხნის წინ დატოვეს. „ევროპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე ჯერ კიდევ იანვარში ამბობდა, რომ კონსულტაციები ჰქონდა მელიასთან და დარწმუნებულია, რომ ეს იქნება „ყველა იმ ადამიანის სინერგიული ერთობა, რომელიც საკუთარ როლს ხედავს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში". მელიასთან ბრძოლას არ გამორიცხავს რომან გოცირიძეც.

ასევე საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია და ნიკა მელია ერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვიხილოთ.

რა იდეოლოგია ექნება მელიას პარტიას და ვის წაართმევს ხმებს

ანაალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მელიას პარტიაში შესაძლოა ის სახეები ვიხილოთ, ვისთვისაც „ნაცმოძრაობა" მიმზიდველი აღარაა. მისი თქმით, პარტიის გაცხადებული იდეოლოგია დიდი ალბათობით ის იქნება, რომ „ევროპისკენ მიდის". საყვარელიძე ფიქრობს, რომ მელიას პარტია ენმ-ს ხმებს გაუყოფს, თუმცა ელექტორატის დიდი ნაწილი მას არ გაჰყვება. შუაშისტ ამომრჩეველს რაც შეეხება, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს ნაწილი ფრთხილია და „ყოფილი „ნაცების" არ სჯერა.

„ნიკა მელიამ იმდენად ხშირად თქვა, ჩემი ცხოვრების მიზანი „ქართული ოცნების" დამარცხებააო, ოპოზიციურ ფლანგს არ მიატოვებს. ამ ფლანგიდან მასთან ურთიერთობას ვინ მოისურვებს, ამის თქმა მიჭირს და მათ ურთიერთობებში ისე არ ვარ გარკვეული, თუმცა, ვვარაუდობ, რომ ალბათ უფრო ის ადამიანები იქნებიან, ვისთვისაც ენმ-სთან ურთიერთობა უკვე მიმზიდველი აღარაა, რადგან ალბათ მელია ამ ურთიერთობისგან დისტანცირებას მოახდენს. ეს პარტია დაიძახებს იმას, რომ ევროპისკენ მიდის, ამ მხრივ იდეოლოგია მემგონი გარკვეული იქნება.

„მელიას პარტიას რა თქმა უნდა „ნაცმოძრაობის" ხმები უნდა ერგოს, ალბათ ბევრი არ იქნება, მაგხელა რეიტინგი არ აქვს, მაგრამ რაც იქნება, უფრო „ნაციონალების" იქნება, ვიდრე დავუშვათ „ქართული ოცნების". არაა გამორიცხული, რომ ხმები სხვა პატარა პარტიებსაც წაართვას, მაგალითად „ლელოს", რადგან ამ პარტიის ამომრჩეველს შეიძლება მიაჩნია, რომ ის (მელია) ენმ-ს გვერდით არაა. შუაშისტი ამომრჩევლის ხმები მელიასკენ არ წავა, რადგან ისინი ფრთხილი ხალხია და ეჭვი აქვთ, რომ ყოფილი „ნაცები" ყოფილები არ არიან და ისინი დღემდე ენმ-ის ერთგულ ადამიანებად რჩებიან, ამიტომ მათ მიმართ ნდობა ნაკლები იქნება",-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მელიას პარტიას გარკვეული რეიტინგი ექნება და ხმების ნაწილს ენმ-ს წაართმევს. მისი თქმით, შესაძლოა ოპოზიციური პარტიებისელექტორატის ნაწილი მიიზიდოს, მათ შორის შუაშისტი ამომრჩეველიც, თუმცა ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიაზე იქნება დამოკიდებული.

„შეიძლება ითქვას, რომ პარტიას გარკვეული რეიტინგი ექნება, რადგან დიდი ალბათობით, მასთან ენმ-ის ყოფილი წევრები იქნებიან, მელიამ თავის დროზე ვინც „ნაცმოძრაობაში" წარადგინა, ალბათ მათი ნაწილი აღნიშნულ პარტიაში გაწევრიანდება. ალბათ კონკრეტული სახეები გაწევრიანებაზე განცხადებას თავად გააკეთებენ.

„მელიას პარტია ხმებს ძირითადად „ნაცმოძრაობას" წაართმევს, რადგან ჯერ თავმჯდომარეობის დროს თავად მელიას ჰყავდა ბევრი მხარდამჭერი და ამასთან, მელიას პარტიიდან წამოსვლისას ბევრმა წევრმა თქვა უარი „ნაცმოძრაობაში" დარჩენაზე და მათაც ჰყავთ საკუთარი მხარდამჭერები.

„შესაძლოა მელიამ შუაშისტი ამომრჩეველიც წაიყვანოს, მაგრამ დიდ პროცენტზე არ იქნება საუბარი, რადგან ამომრჩეველი, რომელიც აცხადებს, რომ არც „ნაცმოძრაობა" მინდა და არც „ქართული ოცნებაო", მათთვის შეიძლება მელია ენმ-სთან იყოს ასოცირებული. შესაძლოა ხმები „ლელოსაც" წართვას, თუმცა ყველაფერი მაინც წინასაარჩევნო კამპანიაზე იქნება დამოკიდებული.

„ჩემი აზრით, მელიას პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსები ექნება, რადგან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ნაცმოძრაობა" მთავარი ოპოზიციური პარტიაა და მათი მომხრეების ნაწილი მელიას პარტიას მისცემს ხმას, შანსი აქვს რომ ბარიერი გადალახოს. ოპოზიციური პარტიის მთავარი კონკურენტი „ქართული ოცნება" უნდა იყოს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე