ნაზი ბერიძე
(26.02.2024)

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ჩინეთში 30 დღე დაჰყონ. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ჩინეთის ნაბიჯს სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელების კონტექსტში განიხილავენ, რაც საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ ურთიერთობას მკვეთრად გაზრდის.

გადაწყვეტილება ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მალე შევა ძალაში, ახლა მიდის ტექნიკური სამუშაოები. რაც შეეხება უვიზო რეჟიმის ხანგრძლივობას, ეს არის 30 დღე უწყვეტად ერთი შესვლის განმავლობაში, - თქვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე- პრემიერმა ლევან დავითაშვილმა. მისი შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას.

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, ეს არის გაგრძელება იმ თანამშრომლობის, რომელიც გაფორმდა გასულ წელს ჩინეთთან. შარშანვე იყო ამაზე საუბარი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2024 წლიდან ყოფილიყო უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ჩინეთში, ასეც მოხდა. ეს გადაწყვეტილება მალე შევა ძალაში, ახლა მიდის ტექნიკური სამუშაოები,

„შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, ყოველგვარი ბარიერის გარეშე, იმოგზაურონ ჩინეთში და ბუნებრივია, ეს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირებს ნამდვილად შეუწყობს ხელს. პირველ რიგში, ეს იქნება სავაჭრო- ეკონომიკური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ იცით, რომ ჩინეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსი, ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ეკონომიკური ურთიერთობებისთვის ჩინეთში მიემგზავრებოდა, მაგრამ ეს არ იყო ასეთი მარტივი. ვფიქრობ, რომ უვიზო მიმოსვლა ამ პროცეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და გაამარტივებს და საქართველოდანაც მეტი ვიზიტორი იქნება ჩინეთში.

„ეს, ასევე, კავშირშია, მათ შორის, ავიამიმოსვლის კიდევ უფრო წახალისებასთან. ჩვენ სულ ვსაუბრობდით ჩინეთის სხვადასხვა ავიაკომპანიასთან იმაზე, რომ მეტი პირდაპირი ფრენა იყოს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქს შორის. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია რეალური მნიშვნელოვანი რაოდენობის გენერირება ტურიზმის სექტორში და მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ ამან შეიძლება შეიტანოს. აქედან გამომდინარე, ეს ამ კუთხითაც წამახალისებელი იქნება.

„საერთოდ, ვფიქრობ, რომ ეს დინამიკა, რომელიც ჩინეთთან გვაქვს, მიმდინარე წელს კიდევ უფრო გააქტიურდება და შემდეგ წლებში პრაქტიკულ ეკონომიკურ შედეგებსაც მოგვიტანს გარდა იმისა, რომ კულტურული და ხალხთაშორის ურთიერთობის თვალსაზრისითაც, მიმოსვლა ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება უვიზო რეჟიმის ხანგრძლივობას, ეს არის 30 დღე უწყვეტად ერთი შესვლის განმავლობაში და ეს არის იგივე რეჟიმი, როგორიც ჩვენ გვაქვს ჩინეთის მოქალაქეებისთვის დაწესებული", - განაცხადა დავითაშვილმა.

ქართული პასპორტი კიდევ უფრო გაძლიერდა, - თქვა უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, რითაც ჩინეთის მიერ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწყების გადაწყვეტილება შეაფასა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება სავაჭრო -ეკონომიკურ ურთიერთობებზე დადებითად აისახება.

„ეს ნიშნავს ქართული პასპორტის კიდევ უფრო გაძლიერებას. ყველა ქვეყნის პასპორტს მსოფლიოში თავისი ფასი და ძალა აქვს. ქართულ პასპორტს დაედო კიდევ უფრო მეტი ფასი, ქართული პასპორტი კიდევ უფრო გაძლიერდა. საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთ და ამ შემთხვევაში ძალიან დიდ და ძლიერ ქვეყანაში შეძლებენ უვიზო მიმოსვლას და არის ძალიან კარგი.

„ეს გადაადგილება ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებზეც ძალიან კარგად აისახება. ამიტომ ქართული პასპორტის გაძლიერება ნიშნავს ქართველი მოქალაქის გაძლიერებას მსოფლიო ასპარეზზე, ქართული ეკონომიკის გაძლიერებას, სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას ჩინეთთან და მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური შეიძლება იყოს. ეს არის ისტორიული მოვლენა, რომელსაც თავისი გვერდითი კიდევ მეტი პოზიტიური და დადებითი ეფექტებიც აქვს," - განაცხადა მდინარაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ჩინეთის ნაბიჯს ერთგვარ ჟესტად აფასებს, რაც ეკონომიკურ მდგომარეობას გაუუმჯობესებს საქართველოს.

„უვიზო რეჟიმის შემოღება ეს არის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელების მაჩვენებელი - ჩინეთი ამით ეუბნება საქართველოს, რომ ის დოკუმენტი, რაც გაფორმდა, არ იქნება მხოლოდ ფარატინა ქაღალდი. უვიზო რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ ჩინეთიდან უფრო მეტი ტურისტი შემოვა და ქვეყნის ეკონომიკაზე უკეთესად აისახება. ანუ, შესაძლო წუხილები რომ ამან შეიძლება რაღაც დემოგრაფიული პრობლემები შექმნას, ამით ერთგვარად ბათილდება.

„შესაბამისად საქართველოს მხრიდანაც ჩინეთში უვიზო შესვლა არის შეღავათი, იმიტომ, რომ ისიც ხელს შეუწყობს მიმოსვლას და საქმიანი კონტაქტების განვითარებას. ჩვენ ძირითადი ინტერესი ხომ მაინც იმაში გვაქვს, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები მოვიზიდოთ და როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით სამწუხაროდ დასავლეთიდან ასეთი ინვესტიციები არ შემოდის და თუ ეს ხელს შეუწყობს ჩინეთიდან პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვას, ალბათ ეს პოზიტიურ ჭრილში უნდა დავინახოთ,"-განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

ექსპერტი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ საქართველო ჩინეთისთვის საინტერესო ქვეყანაა. საქართველოსთვის კი უვიზო რეჟიმის შემოღება ჩინეთში ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.

„ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით ალბათ საინტერესოა ჩინეთის მიერ უვიზო რეჟიმის შემოღება, მაგრამ გარკვეული სიფრთხილე გვმართებს იმიტომ, რომ საპასუხოდ 600%-ით გაიზარდა ჩინელების ვიზიტი საქართველოში ამ შემთხვევაში ტურისტებისა და უბრალო ადამიანების ჩამოსვლას არ ვგულისხმობ. ვგულისხმობ მათი ბიზნესის გააქტიურებას საქართველოში, წვრილ ბიზნესს ვგულისხმობ, პირველ რიგში.

„საქართველო პატარა ქვეყანაა და ძალიან აწონილი პოლიტიკა გვმართებს იმისთვის, რომ შევქმნათ მყარი საფუძველი ბიზნეს განვითარებისა და პირველ რიგში ამ განვითარების აქტორები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.

„ახლა დედაქალაქის ზოგიერთი უბანი დაკავებული აქვთ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ეს ერთი მხრივ ცუდი არ არის, მითუმეტეს, რომ თბილისი ასეთ ქალაქად იყო ცნობილი საუკუნეების განმავლობაში, ის იყო სავაჭრო მაგისტრალების გადაკვეთაზე, მაგრამ, მაინც ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ისე არ გაიზარდოს შემოსული ბიზნესი, რომ ამოაგდოს ადგილობრივი მეწარმე.

„დადებითია ის, რომ საქართველო საინტერესო ქვეყანა ხდება ჩინეთისთვის. დღეს ჩინეთი ფიქრობს, რაც შეიძლება მეტი საინვესტიციო პროგრამები შექმნას მთელი აბრეშუმის გზის მარშრუტზე იმისათვის, რომ თავისი პროდუქცია ახლოს მიიტანოს მთავარ ევროპულ ბაზართან.

„დაახლოებით 600 მილიარდი დოლარის ბრუნვა აქვთ ევროპას და ჩინეთს. თუ ევროპელები ადრე ჩინეთში ქმნიდნენ სამრეწველო ობიექტებს და ბრენდები გადაჰქონდათ ჩინეთში, დღეს რევერსული პროცესია ჩინეთიდან გადიან ეს ბრენდები და ახლა ჩინეთს უნდა რაც შეიძლება მეტი თავისი ბრენდული სისტემის მიწევა ევროპისკენ. ეს უკვე ხდება ცენტრალურ აზიაში და გაგრძელდება საქართველოში, აზერბაიჯანში და სომხეთში საქართველო კი ამ მხრივ ძალიან საინტერესო ქვეყანაა,"-განაცხადა „რეზონანსთან" მამუკა არეშიძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე