თამთა ჩაჩანიძე
(26.02.2024)

ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს მშვიდობა, რომელიც ქმნის საფუძველს შემდგომი წინსვლისთვის და განვითარებისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 26 თებერვალს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამასთან, მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გააცნო, ისაუბრა საბჭოთა ოკუპაციის დღესა და უკრაინა-რუსეთის ომის 2 წლისთავზე და დასძინა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება გადაწყვეტილებებს, როგორც კობახიძე ამბობს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ჩინეთში უვიზოდ დაყონ 30 დღე ზედიზედ.

გასულ წელს პარლამენტმა მიიღო კანონი ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობის მინიჭების შესახებ. პრემიერის თქმით, ეს კანონი საჭიროებს ეფექტიან აღსრულებას და მისი აღსრულება საპილოტე რეჟიმში დაიწყება უკვე წელსვე. კობახიძის თქმით, წელს უნდა იქნას უზრუნველყოფილი უნივერსიტეტების ორი-სამი ათასი კურსდამთავრებულის მიერ ოთხთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში.

ირაკლი კობახიძე განსაკუთრებულ მადლობას უხდის „ლიბერთი ბანკს" , რომელმაც მისი თქმით, "გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მიიღო გადაწყვეტილება პენსიონერთა სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე". კობახიძემ მთავრობის შესაბამის წევრებს სთხოვა, განაგრძონ მოლაპარაკებები განახლებული პირობების დასაზუსტებლად.

კობახიძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტა ამ საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა იყო. აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის ალტერნატიული პროექტის მომზადების შესახებ.

ამასთან, პრემიერის გადაწყვეტილებით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი 2004 წლის შემდეგ პირველად განახლდება - უახლოეს დღეებში სამინისტრო დოკუმენტის საჯარო განხილვას დაიწყებს.

საბჭოთა ოკუპაცის დღე და უკრაინა-რუსეთის ომი

„გავიხსენეთ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლი და დაღუპული იუნკრები, ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები, რომლებმაც დაგვიტოვეს პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარულისა და სამშობლოს თავგანწირვის განსაკუთრებული მაგალითი. პატივს მივაგებ მათ ხსოვნას.

„24 თებერვალს 2 წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. კიდევ ერთხელ ვუცხადებ სოლიდარობას ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიისა და უდიდესი უსამართლობის მსხვერპლად იქცა, დაიღუპა ძალიან ბევრი უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის ასობით ბავშვი, დევნილად და ლტოლვილად იქცა 10 მილიონზე მეტი უკრაინელი, რომელთა უდიდესი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. განადგურდა უკრაინის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, დღეს ოკუპაციის ქვეშაა 2.5-ჯერ მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთს ომის დაწყებამდე ჰქონდა ოკუპირებული.

„ეს ყველაფერი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია მშვიდობის ფასი. ამ 2 წლის მანძილზე ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი, ეს ომი იყო რადიკალური ოპოზიციის და მისი მეგობრების წინააღმდეგ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. მადლობა ღმერთს, ამ ურთულეს ომში გაიმარჯვა სახელმწიფომ, გაიმარჯვა მშვიდობამ და ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს მშვიდობა, რომელიც ქმნის საფუძველს ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის და განვითარებისთვის. ჩვენს მეგობარ უკრაინას კიდევ ერთხელ ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას",-განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საბჭოთა ოკუპაციის დღე კიდევ ე ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია ქვეყნის დამოუკიდებლობის ფასი.

„25 თებერვალს აღინიშნა საბჭოთა ოკუპაციის დღე. ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია ქვეყნის დამოუკიდებლობის ფასი და რამდენად დიდი ბედნიერება ის, რომ საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, რომელიც დღეს მყარად იცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს.

"საუკუნის წინ რუსულ არმიას საქართველოში შემოუძღვნენ ეთნიკურად ქართველი, მაგრამ უსამშობლო ადამიანები, ბოლშევიკები, რომელთათვისაც უცხო იყო სამშობლოს ცნება. ეს ყველაფერი შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად დიდი სიფრთხილე გვმართებს ასეთი ადამიანების მიმართ, რომელთათვისაც ეროვნული თუ სხვაგვარი იდენტობის გარეშე ცხოვრება ცხოვრების უმთავრეს პრინციპად არის ქცეული. საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა",-განაცხადა კობახიძემ.

რა თქვა პრემიერმა რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

პრემიერ - მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტა ამ საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა იყო. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გუშინწინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის ალტერნატიული პროექტის მომზადების შესახებ. საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტა, რომელიც ერთის მხრივ მოგვცემს საავადმყოფოს ინფრასტრუქტურის სრულად განახლების შესაძლებლობას და მეორეს მხრივ უზრუნველყოფს საავადმყოფოს პერსონალის, კოლექტივის ლეგიტიმური ინტერესების სრულად დაცვას. მინდა ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, წარმოადგინოს ახალი კონცეფცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს წელსვე დავიწყოთ ახალი შენობის მშენებლობა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უვიზო მიმოსვლა ჩინეთში

პრემიერის თქმით, ჩინეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე, მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ჩინეთში 30 დღე დაყონ.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ჩინეთში უვიზოდ დაყონ 30 დღე ზედიზედ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტი განვითარების თვალსაზრისით.

„ეს გადაწყვეტილება არის საქართველოსა და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული შედეგი. მინდა მივულოცო ჩვენს თანამემამულეებს და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩინელ მეგობრებს, ჩინეთის ხელისუფლებას ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის",- განაცხადა კობახიძემ.

გადაწყვეტილება პენსიონერთა სესხებზე

განსაკუთრებული მადლობა „ლიბერთი ბანკს", რომელმაც გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მიიღო გადაწყვეტილება პენსიონერთა სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავარობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კობახიძემ მთავრობის შესაბამის წევრებს სთხოვა, განაგრძონ მოლაპარაკებები განახლებული პირობების დასაზუსტებლად.

„მოგეხსენებათ, გასული კვირის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს „ეროვნული ბანკისა" და „ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელებთან პენსიონერებისთვის საპენსიო განაკვეთის შემცირების თაობაზე. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „ლიბერთი ბანკს", რომელმაც გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა.

„გვესმის, რომ ბანკს, პირველ რიგში, აქვს კომერციული ინტერესები, თუმცა ამასთან ერთად, ბანკმა გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არსებულ საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს რამდენიმე პროცენტით, რამდენიმე პუნქტით. მინდა, მთავრობის შესაბამის წევრებს ვთხოვო, განაგრძონ მოლაპარაკებები, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს განახლებული პირობები ჩვენი პენსიონერებისთვის და ახალი საპროცენტო განაკვეთის შესახებ საზოგადოებას დაზუსტებული ინფორმაცია მიეწოდოს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანაზღაურებადი სტაჟირება ახალგაზრდებისთვის

პრემიერის თქმით, პარლამენტმა შარშან მიიღო კანონი ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობის მინიჭების შესახებ. კობახიძის თქმით, „ეს კანონი საჭიროებს ეფექტიან აღსრულებას" , კობახიძემ საზოგადოებას გადაწყვეტილება გააცნო, იმის შესახებ, რომ „კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში დაიწყება უკვე წელსვე"

პრემიერის თქმით, წელს უნდა იქნას უზრუნველყოფილი უნივერსიტეტების ორი-სამი ათასი კურსდამთავრებულის მიერ ოთხთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში.

„გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობისა საფუძველზე ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება, მუნიციპალურ და კერძო სტრუქტურებშიც გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება. მინდა, ვთხოვო განათლების მინისტრს, ფინანსთა მინისტრთან კოორდინაციით, მთავრობის შემდეგი სხდომისთვის უკვე წარმოვადგინოთ დეტალური გეგმა, რომლის საფუძველზეც ახალგაზრდები, კურსდამთავრებულები გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე მუნიციპალიტეტებში და ასევე, თანამშრომლობის საფუძველზე კერძო სექტორში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2004 წლის შემდეგ, ზოგადი განათლების დოკუმენტი პირველად განახლდება

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი 2004 წლის შემდეგ პირველად განახლდება, უახლოეს დღეებში სამინისტრო დოკუმენტის საჯარო განხილვას დაიწყებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ზოგადი განათლების სისტემის უმთავრესი ამოცანა იქნება, უზრუნველყოს ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, რომელიც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემაზე, უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული.

„დოკუმენტში არის დეტალურად გაწერილი ეს ყველაფერი. ზოგადი განათლების სისტემამ ქვეყანას უნდა გაუზარდოს ღირსეული მოქალაქე, რომელიც იზრუნებს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზე, რომელსაც გაცნობიერებული ექნება საკუთარი უფლება-მოვალეობები ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს წინაშე. რომელიც დაეუფლება სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის სრულფასოვან ცოდნას, განმსჭვალული იქნება სახელმწიფოებრივი აზროვნებით, პატრიოტიზმით, პატივს სცემს ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას, რომელსაც ექნება მაღალი სამოქალაქო ცნობიერება და სათანადოდ ექნება გააზრებული შემწყნარებლობისა და სამართლიანობის პრინციპები და რომელიც შეძლებს დამოუკიდებლად ცხოვრებას, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებას თანამედროვე სამყაროში. ასეა გაწერილი ეს მიზნები იმ პროექტში, რომელიც არის მომზადებული განათლების სამინისტროს მიერ.

„უახლოეს დღეებში სამინისტრო დაიწყებს უკვე დოკუმენტის საჯარო განხილვას და წარმოადგენს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საბოლოო ვერსიას, რომელიც შემდეგ დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების სისტემის განვითარება სწორ ღირებულებებს დაეფუძნოს, რისთვისაც ეროვნული მიზნების დოკუმენტის სათანადო გაწერას ბუნებრივია, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. მადლობა განათლების სამინისტროს უკვე გაწეული სამუშაოსთვის და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მოვახერხებთ ისეთი დოკუმენტის მიღებას, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება ჩვენს ინტერესებს ზოგადი განათლების სფეროში",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე