„მინდა ხაზი გავუსვა, რომ უცხოელ ექსპერტების თანხმობის გარეშე მოსამართლე არ დაინიშნება"
ნაზი ბერიძე
(23.02.2024)

მორიგ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციას განიხილავდნენ, ვეტინგის სისტემის სასამართლო სისტემაში შემოტანაზე ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ შეთანხმდა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, „ოცნებისთვის" ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღება მიუღებელია.

„ერთადერთი საკითხი, რასაც ისინი აყენებენ და არ გახლავთ არანაირი მოთხოვნა ვენეციის კომისიის, არის ვეტინგის სისტემა, რომლის მიხედვითაც, მათ შორის უცხოელი საელჩოების მიერ დანიშნული ხალხი ჩაერთვება ქართველი მოსამართლეების გადამოწმებაში. ჩვენ ამასთან დაკავშირებით დავსვით კითხვა, რა არის იმის საფუძველი, რატომ უნდა გავაკეთოთ, ამის არგუმენტი ვერ მივიღეთ. იყო არგუმენტი, თითქოს ნდობა არ არსებობს ან ვკითხეთ, რაიმე უსამართლო გადაწყვეტილებები გამოდის, მაგალითი დაგვისახელოთ - არცერთი მაგალითი არ დასახელდა სასამართლო გადაწყვეტილების, რომელზეც იქნებოდა ეჭვი, რომ სისტემური პრობლემა არის," - ამბობს პაპუაშვილი „ტვ პირველთან".

სასამართლო რეფორმაზე პარლამენტში მიმდინარე შეხვედრა ოპოზიციონერი დეპუტატების დიდმა ნაწილმა დატოვა. შეხვედრიდან გამოსული ხელისუფლების ოპონენტებმა თქვეს, რომ კამათი და დაპირისპირება ე.წ. ვეტინგის სისტემის სასამართლო სისტემაში შემოტანაზე მსჯელობას მოჰყვა.

როგორც „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, უმრავლესობა ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ სჭირდება და ვენეციის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო არ არის.

„იუსტიციის საბჭოს რეფორმა ითვალისწინებს „ვეტინგის სისტემას". ეს გულისხმობს იმას, რომ საკონკურსო კომისია, პარლამენტის დადგენილებით, მსჯელობს და ადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას. შემდგომში, პარლამენტი ამ შემადგენლობას ამტკიცებს. ჩვენ შეგვიძლია, რომ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილება შემოვიტანოთ. მე უმრავლესობას შევთავაზე, რომ მსჯელობა ალბანურ მოდელზე დაგვეწყო, მათ შორის, ვეტინგის მიმართულებით, მაგრამ რომ გითხრათ, რაიმე შედეგს მივაღწიეთ, ასე არ იყო. უმრავლესობა ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ სჭირდება და ვენეციის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო არ არის.

„დღეს ვერაფერზე შევთანხმდით. კამათი სხვა განზომილებაში გადაიზარდა და საგნობრივი კამათი, სამწუხაროდ, ვერ შედგა. „ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას კი არ უნდა დაუთმოს, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც ქართველ ხალხს გამოადგება და ევროკავშირთან კიდევ უფრო დააკავშირებს. სასამართლო რეფორმა, ამ შემთხვევაში, ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს „კლანი" უნდა ჩამოსცილდეს და თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, მსჯელობის საგანი უნდა იყოს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ვეტინგის სისტემის შეფასებისას სისტემის უარყოფით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას და ფიქრობს, რომ რეფორმის განხორციელების შემთხვევაში პრობლემატური გახდება მოსამართლეების დანიშვნის თუ თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი, ამასთან მოსამართლეები ვერ იქნებიან თავისუფალნი უცხოური გავლენებისგან. უპირველესად კი ვეტინგის სისტემა საფრთხეს უქმნის სახელმწიფო სუვერენიტეტს, რადგან უცხოელი ექსპერტების სიტყვა გადაწყვეტილების მიღებისას არის გადამწყვეტი.

„რატომ ამბობს „ოცნება" უარს რეფორმაზე, აქ ორი შესაძლო მიზეზი შეიძლება არსებობდეს: პირველი ის, რაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააჟღერა, რომ მოსამართლეების შერჩევა და დაიშვნა უცხოელი ექსპერტების მიერ გარკვეულწილად წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან და ქვეყნის სუვერენიტეტთან და მეორე ის, რომ უცხოელი ექსპერტების მიერ შერჩეული მოსამართლეები გარკვეულწილად ანგარიშვალდებული იქნებიან გარე ძალების მიმართ.

„მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ თუ გავითვალისწინებთ იმას თუ რა გამოცდილება არსებობს ვეტინგთან დაკავშირებით უკრაინასა და მოლდოვაში, სადაც ეს კანონი მიიღეს და მან არაერთი პრობლემა წარმოშვა. მაგალითად, უკრაინაში დღემდე ვერ აკომპლექტებენ მოსამართლეთა კორპუსს. მოსამართლეთა დეფიციტია, რაც ზეგავლენას ახდენს მართლმსაჯულების წარმოებაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე თუ კონკრეტულად რა კატეგორიის ადამიანების შერჩევა შეიძლება მოხდეს მოსამართლეებად ამ საერთაშორისო ექსპერტების მიერ. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ უცხოელ ექსპერტებს ეკუთვნით გადამწყვეტი სიტყვა ანუ მათი თანხმობის გარეშე მოსამართლე არ დაინიშნება.

„ისე კი არ არის საქმე, რომ უცხოელმა ექსპერტებმა საკუთარი აზრი გამოთქვან ამა თუ იმ მოსამართლეზე და მერე ისევ ქართულმა მხარემ გადაწყვიტოს, არამედ მათი სიტყვა არის სწორედ გადამწყვეტი, ესა თუ ის პიროვნება კანდიდატი მოსამართლედ დარჩება თუ არა. ან ახალი პიროვნება მოსამართლედ დაინიშნება თუ არა.

„შესაბამისად, ეჭვები იმის თაობაზე, რომ ასეთი ტიპის მოსამართლეები ვერ იქნებიან ბოლომდე დამოუკიდებელნი და შეიძლება გარკვეულწილად მართული გახდნენ შიდა თუ გარე ძალების მიერ, არის გარკვეული საფრთხე, რასაც ჩემი შეფასებით ხედავს „ქართული ოცნება" და ამიტომ ეწინააღმდეგება ამ ცვლილების მიღებას.

„რაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, მე როგორც გავიგე ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებებიდან, ევროკავშირის სტრუქტურებთან არის მიღწეული წინასწარი შეთანხმება, ამ რეკომენდაციებთან რა შეიძლება იყოს გათვალისწინებული და რა არა. იმიტომ რომ, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი და საქართველოს შეუძლია მიიღოს ან არ მიიღოს. აქედან გამომდინარე ეს არ არის იმპერატიული დოკუმენტი, რომ გინდა თუ არა უნდა მიიღონ.

„აქედან გამომდინარე, მე მესმის რომ ევროკავშირში შეიძლება არ დარჩნენ კმაყოფილი, რომ ხელისუფლებამ ეს არ გაიზიარა, ვგულისხმობ ვეტინგის სისტემის შემოღებას, მაგრამ ეს უკვე მოლაპარაკებების საგანია, რამდენად შეთანხმდებიან ხელისუფლება და ევროსტრუქტურები ამ საკითხზე, შეიძლება შეთანხმდნენ, შეიძლება ვერ შეთანხმდნენ," - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე