თამთა ჩაჩანიძე
(23.02.2024)

სხვადასხვა გათვლები აქვთ, მაგრამ, ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი არ გადადგება, რადგან ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვთ. საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების შედეგების დამტკიცებაზე უარს იტყვის და ოპოზიცია ამ ბერკეტს არ დაკარგავს - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„არჩევნებზე ოპოზიციის შანსი მინუსებშია გადასული, ერთადერთი დარჩენია თქვას, რომ არჩევნები გაყალბდა. ცესკო ისეა დაკომპლექტებული, როგორიც თანამედროვე მსოფლიოშია მიღებული, ამავე დროს, ელექტრონული არჩევნები ტარდება, სადაც გაყალბების უმცირესი პროცენტებიც არ არის. გამოთქმაა „შეშინებული ძაღლი მთვარეს უყეფდაო". სამწუხაროდ საქართველოში ძლიერი ოპოზიცია არ არის, ესენი არიან ე.წ. მეხუთე კოლონა.

„ოპოზიცია ქართველი ხალხის იტერესებს არ ითვალისწინებს და მათ ხმას ვინ მისცემს? ისევ თავიანთი ოჯახის წევრები და ის ხალხი, ვინც უცხოეთიდან ფინანსდებიან - ადგილობრივი აგენტურა. ისინი როგორ დირექტივასაც მიიღებენ უცხოეთიდან, ისე მოიქცევიან.

„სალომე ზურაბიშვილი, რომელიც უპირველეს ყოვლისა კონსტიტუციის დამრღვევია, ის არის უცხოეთის აგენტი საქართველოში. თეთრი შურით მშურს ყირგიზეთის, რომლის პრეზიდენტიც გამოვიდა და პირდაპირ ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ კანონი აგენტების შესახებო, რათა სახელმწიფო აგენტებისგან დაცული იყოს. ჩვენი პრეზიდენტი კი პირიქით, წავიდა ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში თავისუფლების ქანდაკებასთან დადგა და იქიდან ტელევიზიით ყვიროდა, პოლიციელები ცოცხლად დაწვითო.

„საქართველოში უმძიმეს დღეში ვართ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მერე, ჩემთვის ზურაბიშვილი ე.წ. პრეზიდენტია და ის მეხუთე კოლონას სათავეში ჩაუყენეს, რომელიც ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის იღვწვის, რომლის მიზანია ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეიცვალოს და საქართველოს სათავეში ის ძალა მოვიდეს, რომელიც საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩააბამს და ქვეყანაში სისხლისღვრას გამოიწვევს.

„რა თქმა უნდა, მათ სხვადასხვა გათვლები აქვთ, მაგრამ, ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი არ გადადგება, რადგან ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვთ. საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების შედეგების დამტკიცებაზე უარს იტყვის და ოპოზიცია ამ ბერკეტს არ დაკარგავს. ზურაბიშვილი წიკვინს დაიწყებს იმაზე, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე