ელზა პაპოშვილი
(22.02.2024)

ოპოზიცია მოკავშირეების ძიებაშია და მათი გადაჯგუფების კონტურები გამოკვეთილია. საპრლამენტო არჩევნების წინ ნიკა მელიას მომავალი პარტია, „ლელო“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“, „დროა“ და ნიკა გვარამია შესაძლოა ერთ ალიანსში აღმოჩნდნენ. ხაზარაძის პარტიის გარდა ყველა მათგანს საერთო პოლიტიკური წარსული, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ აერთიანებს. მათი ერთობის პერსპექტივა მედიიდან პოლიტიკაში დაბრუნებული გვარამიას განცხადებამ კიდევ უფრო გაზარდა. სწორედ მათ მოიაზრებს მომავალ პოლიტიკურ პარტნიორებად გვარამია, რომელიც საარჩევნო პროგნოზსაც აკეთებს და ამ ერთობას მინიმუმ 25%-იან მხადაჭერას უწინასწარმეტყველებს. 

ამ განცხადებით თანამშრომლობა არც ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდთან გამოირიცხება, რომელიც თავის მხრივ არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობას. ახალი ოპოზიციური ერთობის საარჩევნო პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ამ ალიანსში არ მოიაზრება. სავარაუდო ალიანსი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების მოპოვების მცდელობაა მმართველი გუნდისთვის, რომელიც ამ ერთობაში მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც  ხედავს.    

ჩვენი მოქალაქეები შეაფასებენ ძალიან მალე ამ ყველაფერს და ყველა მიხვდება, რომ რეალურად საკუთარი შესაძლებლობები სწორად უნდა გაზომოს, – თქვა გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ნიკა გვარამიას განცხადებაზე საუბრისას.

მისი თქმით, არ შეიძლება აბსტრაქტულ ციფრებსა და აბსტრაქტულ შედეგებზე საუბარი.

„ეს საუბარი უბრალოდ არასწორი იქნება. რაიმე ტიპის თანამშრომლობას რაც შეეხება, არაერთხელ ვთქვით და იგივე პოზიცია გვაქვს, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ ყველანაირი, ნებისმიერი სახის კოალიციას გამოვრიცხავთ „ნაცმოძრაობასთან“, – განაცხადა დაუშვილმა გვარამიას საპასუხოდ. 

პარტია, რომელსაც 25 პროცენტის პრეტენზია აქვს, სხვასთან კოალიციაზე არ ოცნებობს, ამიტომ არ მგონია, ეს სერიოზული საუბარი იყოს ან ნიკა გვარამია ძალიან აცდენილია რეალობას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, თქვა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ნიკა გვარამიას განცხადებაზე. მისი თქმით, პოლიტიკურ სპექტრში არითმეტიკის პრობლემაა და შემდეგ ეს გადადის ხოლმე გადამეტებულ ამბიციებში.

„რთულია კომენტირება სიტუაციის, როდესაც ადამიანი ამბობს, 25 პროცენტს მივიღებო, სინამდვილეში, მას არ უნდა სჭირდებოდეს კოალიციები. 25 პროცენტი რომ მივიღოთ არჩევნებზე, აქეთ მოვლენ პარტიები, ვინ გინდათ, პრემიერმინისტრობის კანდიდატი რომ იყოსო. ამიტომ როდესაც ადამიანი ამბობს, 25 პროცენტს ავიღებ და თან კოალიციას შევქმნიო, ეს უცნაურად გამოიყურება. სხვა პარტიებმა უნდა იზრუნონ ასეთ ადამიანთან კოალიციის შექმნაზე. ამიტომ არ მგონია, ეს სერიოზული საუბარი იყოს ან ნიკა გვარამია ძალიან აცდენილია რეალობას. პარტია, რომელსაც 25 პროცენტის პრეტენზია აქვს, სხვასთან კოალიციაზე არ ოცნებობს. სხვები ოცნებობენ მასთან კოალიციაზე. ამიტომ იტყუება ან 25 პროცენტის, ან სხვა პარტიებთან გაერთიანების ნაწილში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.  

მიუხედავად დიდი ხნის მზადებისა, რაც უკვე ერთი წელია მიმდინარეობს, ნიკა გვარამია მაინც მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე, აღნიშნა უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ. მისი თქმით, საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელიც კია გვარამიას განცხადებები.

„გვარამიას მესიჯები საკმაოდ პრიმიტიული შინაარსისაა. არ არსებობს წარსული, არ არსებობს სისხლი, არ არსებობს დანაშაულები, არ არსებობს გახარიას და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა, ახლა უნდა ჩვენ ვიზრუნოთ იმ ხალხის მოზიდვაზე, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ვის დაუჭერს მხარს არჩევნებში. ამ დროს უკვე ყველა ხედავს, მოწინააღმდეგეც და მომხრეც, რომ ეს არის რევოლუციური კომიტეტი სხვადასხვა განშტოებით, სხვადასხვა პათოსით და სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე. უნდათ, კარგი პოლიციელის და ცუდი პოლიციელის ცნობილი ფორმულა გამოიყენონ. ეს იმდენად პრიმიტიულია, რომ ვფიქრობ, არა თუ ჩვენი საზოგადოებისათვის, არამედ ზოგადად საზოგადოებისთვის, რომელიც საქართველოს ვითარებას კარგად არ იცნობს, შეურაცხმყოფელიც არის ასეთი დონის სიყალბე და თვალთმაქცობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.  

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოპოზიციის გეგმა უკვე გაშიფრულია,  ცდილობენ ენმ დედა პარტიად წარმოადგინონ, თითქოსს ის გახდა კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც აღარ უხეშობს და ხისტი რიტორიკით აღარ საუბრობს. ხოლო გახარიას, „ლელოსი“ და  გავარმიას ახალი პარტია როგორც რადიკალურები ისე წარმოჩინდნენ. 

„ამავე დროს ძალიან უგვანოდ ცდილობენ ნაციონალური მოძრაობისგან დისტანცირებას. თანაც ისე, რომ ეს ადვილად დასანახია, არა მხოლოდ პოლიტიკაში ჩართული აქტორებისთვის და მედიისთვის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის. ცხადია ის უწინდელი გეგმა, რაც მათ გამოაცხადეს, რომ ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტში თანამდებობები გადაინაწილეს. ესეც მეტყველებს არა იმაზე, რომ ეს გულბრყვილო ბავშვური თამაშია, არამედ იმაზე, რომ ყველაფრისგან არიან დაცლილები. ცდილობენ, რომ როგორმე საკუთარი მიმდევრები მაინც მოატყუონ. 

„ამიტომ დროებითი კონსტრუქციული იმიჯი, რომელიც ნაცმოძრაობის სააკაშვილის პარტიისგან მოდის, წინასაარჩევნოდ აუცილებლად გაქრება. დაუბრუნდებიან საკუთარ ნამდვილ რადიკალურ სახეს. ყველა ეს ნაცკონგლომერატი, კოლექტიური ნაცები, ემზადებიან არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების დღეს, 20:00 საათის შემდეგ, არეულობებისკენ, დესტრუქციისკენ და ელექტრონულად ჩატარებული არჩევნების  გაყალბებულად გამოცხადებისკენ“, - ამბობს აბაშიძე. 

მისივე თქმით, ეს სხვადასხვა იაფფასიანი ტაქტიკური სვლები, ძალიან ტრაგიკომიკური უწინარესად მათთვისაა.   

„რაც უფორ დიდ ველზე და სივრცეზე გაიშლებიან ნაციონალური მოძრაობიდან გამოსული პატარა პარტიუკები, მით უფრო უკეთესია. მიზეზი კი ისაა, რომ ესენი ძირითადად ხმებს ნაციონალურ მოძრაბას“ წაართმევენ. დაიწყებენ ერთმანეთის ჩაძირვას. ამიტომ თუკი მელია და გვარამია, ასევე სხვა ნაცები ცალ-ცალკე იქნებიან, 5%-საც ვერ გადალახავენ, 25%-ზე ხომ საუბარიც კი ზედმეტია. მათ არ ჰყავთ სხვა ამომრჩეველი,  გარდა ენმ-ს მხარდამჭერებისა. აქაც დილემის წინაშე დგანან, რადგან ნაცების მხარდამჭერი მაინც გადაიხრება იქით, საითაც მიხეილ სააკაშვილია. ენმ-ს ჰყავს სააკაშვილი ბრენდის სახით,ამიტომ მეტი უპრატესობა ისევ მათ აქვთ. შესაბამისად,  რისი იმედი უნდა ჰქონდეს ამ ხალხს და რომელ ამომრჩეველზე უნდა იმუშავონ, რთული წარმოსადგენია“, - ამბობს აბაშიძე.           

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე