ელზა პაპოშვილი
(18.02.2024)

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით „ცუდი მოლოდინი“ აქვთ. ენმ კი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს და უკვე გაკეთდა თავად სააკაშვილის მხრიდან აქცენტი იმაზე, რომ რუსეთის ციხეში დაღუპული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მსგავსად, ისიც პუტინის დავალებით მოწამლეს. 

ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნავალნის დაღუპვას ამ კუთხით პიარისთვის გამოიყენებს და შეეცდება პრეზიდენტსა და ხელისუფლებაზე ზეწოლას, რათა სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას მიაღწიოს. თუმცა, საეჭვოა ამან შედეგი გამოიღოს. მათივე შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისაგან მიხეილ სააკაშვილის შეწყალება პრაქტიკულად გამორიცხულია.

ნავალნის გარდაცვალებაზე ინფორმაციის გავრცელებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

„პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა უნდა, ერთიანად ვეზიზღებოდით. შარშან პუტინის დავალებით ოლიგარქის პრორუსულმა რეჟიმმა მომწამლა ციხეში და მაშინ ღმერთმა გადამარჩინა“, - წერია ფეისბუკპოსტში. 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი აცხადებს, რომ არ შეიძლება რუსეთის ციხეში დაღუპული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნისა და საქართველოში პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შედარება. ამის შესახებ მან „ბლემბერგთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია... შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ხელისუფლების ფარული შიში 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე კითხვაზე, თუ როგორ მოიქცევა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით, სარჯველაძე პასუხობს, რომ „ცუდი მოლოდინები აქვს“.

„სამწუხაროდ, მე ცუდი მოლოდინები მაქვს ამასთან დაკავშირებით, რადგან, როგორც ჩანს, მიუხედავად ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება - „არა და არასდროს“ - მას, სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულება აქვს, რომ რაღაც ეტაპზე ამ გადაწყვეტილების შეცვლა მოუწევს. როგორც ჩანს, ასეთია მისი მდგომარეობა. 

„ახლა გამორიცხული არ არის, რომ ეს პროცესი იყოს, სახის შენარჩუნებისთვის ამ გადაწყვეტილების შესაცვლელად მიზეზებს ეძებდეს. ღმერთმა ქნას მეშლებოდეს, მაგრამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მას შემდეგ რაც „არა და არასდროს“ თქვა, უცხოური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა - ასეთი რამ არ მითქვამსო. თუმცა, საქართველოში გაუგეს, რომ უცხოეთში ასეთი რამ თქვა და რა საკვირველია, საზოგადოებას დიდი აღშფოთება ჰქონდა. აქ იმაზეც არ დგას საკითხი, მისი პოზიცია სწორია, თუ არა, უბრალოდ დიდი ტყუილია, როცა ამბობ, ასეთი რამ არ მითქვამსო“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ვის უფრო აწყობს სააკაშვილის შეწყალება

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ თუკი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, მასთან დაკავშირებით კიდევ არსებობს სისხლის სამართის დაუსრულებელი საქმეები, როემლზეც მოსამართლეს მისი უკან ციხეში დაბრუნება შეუძლია. ძაბირაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ არის გამორიცხული ისევ სურდეს წინასაარჩევნოდ აქცენტი მიხეილ სააკაშვილზე გააკეთოს და ამით საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება მოახდინოს.   

„ოცნება“ უკვე 12 წელია ძალიან მარტივ თამაშს თამაშობს - ქართველ ამომრჩეველს აშინებს იმით, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით ხელისფლებაში, „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი ისევ უკან დაბრუნდებიან. შესაბამისად, არჩევნებს ყოველთვის იგებს. ახლა კი ამ კარტის გათამაშება, რამდენიც არ უნდა ისაუბროს იმაზე, რომ ოპოზიცია ერთიანია და ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ არის, არ გამოუვა. 

„როგორც არ უნდა იძახონ, რომ გიორგი გახარია, „ლელო“ და სხვები არიან „ნაციონალების“ ბანაკში, ამას დამაჯერებლობა მაინც არა აქვს. გაჩნდა მინიმუმ ორი ჯგუფი ოპოზიციაში გახარიას და „ლელოს“ სახით, რომელთაც საზოგადება „ნაციონალების“ გაგრძელებად არ აღიქვამს. შესაბამისად, ხელისუფლებას აქვს შიში, რომ ოპოზიციის ისევ ერთ ქვაბში მოხარშვა ვერ მოხდება. ამიტომ სააკაშვილის ერთიან ოპოზიციურ ლიდერად გამოცხადება მათი პიარის ნაწილია. ნავალნი გარდაიცვალა და „ნაციონალები“ რომ ცდილობენ მასსა და სააკაშვილს შორის ტოლობის ნიშანი დასვან, ასე არ გამოვა. არც ის მგონია, რომ ზურაბიშვილმა ეს ნაბიჯი გადადგას“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

მისივე შეფასებით, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ხელისუფლებას აწყობს. როგორც ძაბირაძე აცხადებს, ამით „ოცნებას“ სააკაშვილი ხელის გულზე ეყოლება და ერთდროულად რამდენიმე კურდღელს დაიჭერს. პირველი, ზურაბიშვილი საბოლოოდ გაფორმდება, როგორც „მოღალატე“. მეორეს მხრივ კი, ამით „ოცნების“ ამომრჩევლის იმ ნაწილის მობილიზებასაც კი მოახდენს, რომელიც მმართველ პარტიას შემომწყრალი ჰყავს.

არსებობს თუ არა რაიმე საფუძველი შეწყალებისათვის

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები შეეცდებიან ნავალნის გარდაცვალება თავისი მიზნებისათვის გამოიყენონ. მისივე აზრით, ახლა ენმ-ს საბაბი მიეცა, რომ საზღვარგარეთ თავისი ლობისტები აამუშაოს და მათაც დაიწყონ ინტენსიური საუბრები, რომ პუტინმა მოკლა ნავალნი და შემდეგი  შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი იყოს.

„ეს იქნება მოკლე პერიოდზე გათვლილი ეფექტი, რადგან ყველას შეუძლია ნახოს რა პირობებში იმყოფებოდა ნავალნი, რაც ფოტოების სახით უკვე გამოქვეყნებულია და ასევე ნახონ რა პირობებშია სააკაშვილი. თუმცა, თუ კამპანია აგორდა, ამას მაინც დიდად ყურადღებას  არ მიაქცევენ. შეეცდებიან, სადამდეც გაუავათ, იქამდე ამაზე ილაპარაკონ და წერონ. 

„რაც შეეხება მეორე მხარეს - სალომე ზურაბიშვილს - ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ის ბოლომდე ამ ნაბიჯზე არ წავა. ზურაბიშვილი მგონია აცნობიერებს იმ რისკებს, რაც შესაძლოა სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში მის პოლიტიკურ რეიტინგს დაემუქროს. ჯერ ისედაც რა აქვს, მაგრამ რაღაცის დაგროვება ბოლო დროს თითქოს შეძლო და ამასაც დაკარგავს იმ წამიდან, როგორც კი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

„მეორეს მხრივ, ამ შეწყალებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ექნება. რაღაცით ხომ უნდა გაამართლოს, თუნდაც ჰუმანიტარული მიზნით. ხელჩასაჭიდი კი არ ჩანს, რადგან სააკაშვილსი სიმულიანტობა ჯამრთელობასთან დაკავშირებით უკვე გამოაშკარავდა. სააკაშვილზე საქმეებიც ისევ მიდის და მისი ხელმეორედ ციხეში შებრუნებაც ხელისუფლებას თავისუფლად  შეუძლია“, - ამბობს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე