თამთა ჩაჩანიძე
(12.02.2024)

მთავრობის განახლებულმა შემადგენლობამ პირველი სხდომა ორშაბათს გამართა, რასაც პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძემ პირველად უხელმძღვანელა. პრემიერის გადაწყვეტილებით, პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს. კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას შეითავსებს. აგრეთვე, ახალ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ჩიქოვანს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება.

ასევე, ცვლილებაა მთავრობის ადმინისტრაციაში. მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდება ჟურნალისტი მიხეილ ფეიქრიშვილი.

როგორც ახალმა პრემიერმა პირველ სხდომაზე აღნიშნა, მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით და თითოეული გადაწყვეტილება მოქალაქეებისთვის უნდა იყოს მაქსიმალურად ღია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება.

ქედისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ჩამოწოლილი მეწყერი სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, კობახიძემ სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ შესაბამის უწყებებს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.უბედურმა შემთხვევამ 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოთქვა სამძიმარი დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერმა დამეწყრილი ზონები შაბათს ადგილზე მოინახულა.

კობახიძემ ერთ-ერთი აქტუალურ საკითხად რესპუბლიკური საავადმყოფოს თემა გამოყო. როგორც მან განაცხადა, ამ შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან და საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, სათანადო გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.

„ქვეყანას ეკონომიკის სწრაფი განვითარება სჭირდება"

პრემიერი ამბობს, რომ ქვეყანას ეკონომიკის სწრაფი განვითარება და დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების ბოლომდე მიყვანა სჭირდება.

„ზოგადად ჩვენი ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე, გვჭირდება ეკონომიკის სწრაფი განვითარება, დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ბოლომდე მიყვანა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, გვჭირდება განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის სისტემების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, ასევე, ზრუნვა კულტურაზე, სპორტზე, ახალგაზრდობის მიმართულებით, ასევე ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, ბუნებრივია, არის საჭირო.

„იმისათვის, რომ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ ჩვენი საქმიანობა, მთავრობის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ძალიან მყარ პრინციპებს. პირველ რიგში, მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის და იგივეს მოვითხოვთ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან.

„ასევე ჩვენ, მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოების მუდმივად გაუმჯობესებაზე, ხარვეზების მინიმუმამდე დასაყვანად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის კონტროლის და ზედამხედველობის ყველა შესაბამისი მექანიზმი. იგივე ეხება საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხს, აქაც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი მოქალაქეების პრეტენზიები სერვისების ხარისხთან დაკავშირებით და ზოგადად, გადაწყვეტილებები ყველა თემასთან დაკავშირებით უნდა იყოს მიღებული საზოგადოებასთან, სპეციალისტებთან, დარგის წარმომადგენლებთან ძალიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე.

„ყოველთვის, როცა ვიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას საზოგადოებას მაქსიმალურად ფართოდ უნდა განვუმარტოთ ამ გადაწყვეტილების შინაარსი, მიზეზები, ეს უნდა აიყოს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი. ერთ-ერთი აქტუალური საკითხი არის რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი და ამ შემთხვევაშიც, გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან, საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ", - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ქვეყანას აქვს ძალიან კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს.

„თუმცა, აქაც ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს და ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა, მთავარია, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე. ზოგადად, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. ყველაფერი არის ჩვენი მიზანდასახულობის, პრინციპულობის, თანმიმდევრული საქმიანობის, შრომისმოყვარეობის საქმე, რაც არცერთ თქვენგანს არ აკლია. კიდევ ერთხელ, მინდა გისურვოთ წარმატებები"-განაცხადა კობახიძემ.

სტიქია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უსაფრთხო ადგილზე სტიქიის ზონაში მცხოვრები 296 ოჯახია გადაყვანილი და მზადდება დოკუმენტაცია, რათა დაზარალებულ ოჯახებზე შესაბამისი კომპენსაცია გაიცეს.როგორც კობახიძემ მისი ხელმძღვანელობით მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში დაზარალებულთა დახმარებისთვის თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა.

„გასული კვირა ძალიან მტკივნეული იყო ჩვენთვის. სტიქიამ, უბედურმა შემთხვევამ 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. ადგილზე გავეცანი სალიკვიდაციო სამუშაოებს და მინდა აღვნიშნო, რომ როგორც სახელმწიფო უწყებებმა, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ძალიან ბევრი რამ გააკეთეს.

„იმოქმედეს ძალიან სწრაფად, ძალიან მალე აღდგა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება. ასევე, ძალიან სწრაფად გაიწმინდა საავტომობილო გზები, აღდგა საავტომობილო მოძრაობა შესაბამის მონაკვეთებზე. დაახლოებით 400 საცხოვრებელი სახლი იყო დატბორილი, საიდანაც 300-ზე მეტ შემთხვევაში უკვე დასრულდა ამოტუმბვის სამუშაოები. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი. ასევე შეფასდა ზარალი. მზადდება სათანადო დოკუმენტაცია, რათა გაიცეს კომპენსაციები შესაბამის ოჯახებზე.

„საჭიროების შემთხვევაში ამისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი თანხები. მინდა, მადლობა გადავუხადო შესაბამის სამინისტროებს, ვინც ყველაზე აქტიურად იყო ჩართული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში - ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო. ასევე, მადლობა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონულ დეპარტამენტს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაშველებს; ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სამუშაოებში იყო ჩართული",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ერთ-ერთი აქტუალური საკითხია რესპუბლიკური საავადმყოფო"

ერთ-ერთი აქტუალური საკითხია რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი და ამ შემთხვევაში გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან და საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ზოგადად, როდესაც მიიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ეს უნდა მოხდეს სპეციალისტებთან და დარგის ექსპერტებთან ფართო კონსულტაციებისა და საზოგადოებისთვის განმარტების ფონზე.

„ჩვენ მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესებაზე. ხარვეზების მინიმუმამდე დასაყვანად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის კონტროლისა და ზედამხედველობის ყველა შესაბამისი მექანიზმი. იგივე ეხება საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხს, აქაც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი მოქალაქეების პრეტენზიები სერვისების ხარისხთან დაკავშირებით და ზოგადად, გადაწყვეტილებები ყველა თემასთან დაკავშირებით უნდა იყოს მიღებული საზოგადოებასთან, სპეციალისტებთან, დარგის წარმომადგენლებთან ძალიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე.

„ყოველთვის, როდესაც ვიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას, საზოგადოებას მაქსიმალურად ფართოდ უნდა განვუმარტოთ ამ გადაწყვეტილების შინაარსი, გადაწყვეტილებების მიზეზები, ეს უნდა იყოს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი.

„ერთ-ერთი აქტუალური საკითხია რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი და ამ შემთხვევაში გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან და საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ",- განაცხადა კობახიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე