თამთა ჩაჩანიძე
(11.02.2024)

ოპოზიციის ნაწილი კვლავ საპროტესტო გამოსვლებზე ალაპარაკდა, თუმცა ბევრი იმის შესაძლებლობას ვერ ხედავს, რომ პროცესი ქუჩაში გადავიდეს და არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, არცთუ შორეულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ოპოზიციას ქუჩაში კრიტიკული მასის გამოყვანის რესურსი არა აქვს, საზოგადოების განწყობილებაში კი ჯერ ისეთი პიკი ჯერ არ დამდგარა, როგორიც 2003 ან 2012 წელს იყო.

ამასთან ანალიტიკოსები პოლიტიკურ ველზე დეპოლარიზაციის ნიშნებსაც ხედავენ და აცხადებენ, რომ ახლადდანიშნული პრემიერის 8 თებერვლის პარლამენტში გამოსვლა ამის ნათელი მაგალითია.

ბოლოს, საპროტესტო გამოსვლებზე განცხადება პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 9 თებერვალს გააკეთა, მისი თქმით „რუსთაველის გავსება შესაძლებელია", რასაც ენმ-სთან კოალიციაში მყოფი „სტრატეგია აღმაშენებელი" გამოეხმაურა, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება და ამიტომ შეიძლება „იქიდან სიტუაცია სხვანაირად ჩანს", თუმცა პოლიტიკოსი დღეის მონაცემით, ამ წუთას, იმის შესაძლებლობას ვერ ხედავს, რომ პროცესი ქუჩაში გადავიდეს.

„2020 წელს მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დასახელებული იყო პრემიერობის კანდიდატად და არსებული კანონმდებლობის პირობებში ამაზე არანაირ პრობლემა არ ყოფილა. ეს სრულიად შეესაბამებოდა საქართველოში არსებულ კანონმდებლობას. 2020 წლის შემდეგ ამ მიმართულებით არსებითი ცვლილება კანონმდებლობაში არ შესულა. შესაბამისად, არ მგონია, რომ ამის იურიდიული საფუძველი არსებობდეს. თუმცა „ქართულ ოცნების" მხრიდან გამორიცხული არაფერია. .

„მასთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, რამდენიმე თვით ადრე გამოაცხადა ამ პოლიტიკური აქტივობის შტაბის აუცილებლობის შესახებ და ეს პროცესი ნელ-ნელა წინ მიდის. მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში და ამიტომ შეიძლება იქიდან სიტუაცია სხვანაირად ჩანს, მე ამ მხრივ მის კრიტიკას არ ვაპირებ, მაგრამ დღეის მონაცემით, ამ წუთას იმის შესაძლებლობას, რომ ქუჩაში გადავიდეს პროცესი, ვერ ვხედავ. ჩვენ ველოდებით არჩევნებს, ეს არის ის მოცემულობა, რაზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ", - განაცხადა მანჯგალაძემ. მისივე შეფასებით, კარგი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი და "შუა პარტიები" შეძლებენ ისეთი ცენტრის ფორმირებას, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ხელისუფლებაში მოვა.

"პარალელურად ნეგატიური პიარის ორგანიზება კიდევ რთულია, ბარემ ფრონტი "ნაციონალურ მოძრაობასთან" გახსნილი აქვთ და ყველას "ნაცს" ეძახიან და უნდათ ერთ ხარჯზე გამოვიდნენ. არსებობს სხვა ხალხი ბუნებაში, რომელთაც არც "ნაციონალური მოძრაობა" მოსწონთ - ასეთი ხალხი არის, მაგრამ ესენი უმრავლესობაში არ არიან. კარგი იქნება სალომე ზურაბიშვილი და შუა პარტიები შეძლებენ ისეთი ცენტრის ფორმირებას, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ხელისუფლებაში მოვა", - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციის რესურსიც და საპროტესტო ტალღაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უკმაყოფილოა ხალხი არსებული სიტუაციით. მისი თქმით დღეს ეს კრიტიკული მასა არ ჩანს.

„ოპოზიციის რესურსი და მასის წამოყვანა მის უკმაყოფილებაზეა დამოკიდებული. აქ საკითხავია არის თუ არა მასა საიმისოდ უკმაყოფილო, რომ ოპოზიციას გაჰყვეს?! ძალიან ხშირად გვინახავს და ადრეც არაერთი ყოფილა, როცა ასეთი აქციების მომწყობებს ხალხი მიჰყვება, ოღონდ შეცვალოს სიტუაცია და მერე ამითი პოლიტიკურად გამარჯვებული ვინ იქნება, ისიც აღარ აინტერესებს. ეს კი გამწარების ნიშანია და დღევანდელი რეალობით ასეთი გამწარებული ხალხი, მე მგონი, არ არის.

„უკმაყოფილოები რა თქმა უნდა არიან და უამრავი საყვედური ეთქმით, მაგრამ გამწარების ფონი საიმისო, რომ ვინც არ უნდა დაიძახოს, აჰყვებიან, ასეთი არაა. განწყობილებაში ისეთი პიკი ჯერ არ დამდგარა, როგორიც 2003, ან 2012 წელს იყო. 2012 წლამდე მიხეილ სააკაშვილის პერიოდში ბევრი მიტინგი და უკმაყოფილების ბევრი ტალღა იყო, მერე უბრალოდ 2012 წელმა მოუყარა თავი ამ ბევრ უკმაყოფილებას.

„ახლა რასაც ვუყურებთ, ვხედავთ, რომ ოპოზიცია მიტინგებს ვერ აწყობს, უკმაყოფილო ხალხი არ მოჰყვება. არის ხოლმე სიტუაცია, როცა ხალხს არც აინტერესებს ვინაა ლიდერი, სააკაშვილის დროს 7 ნოემბრის ამბები რომ იყო, იქ ლიდერი თითქმის არ ჩანდა, არავინ არ იყო, ანუ ის აქცია პოლიტიკურ შედეგებს არავის მოუტანდა. ის აქცია მხოლოდ გამწარების იყო, ხალხს ძალადობაზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა და მიიღეს კიდევ უფრო მეტი ძალადობა. ესეთი გამოუვალი სიტუაცია დღეს არ ჩანს, რომ ძალადობა იყოს, აპროტესტებდეს და უფრო მეტს იღებდეს.

„სხვათა შორის, პარლამენტში დებატებსაც ეტყობოდა, რომ ოპოზიციაც კი ცოტა უფრო მშვიდობიანად იყო განწყობილი და ისეთი ემოციური არ იყო, როგორც ადრე. ამის ფონზე კი, ხალხში გადმოტანა იმ ემოციისა, რომ ეს ხელისუფლება მიუღებელია, მე მგონი ძნელი იქნება. თან დღეს ისეთი ლიდერიც არ ჩანს, რომ თუ ხელისუფლება წავიდა, ის შეცვლის. რომ გაიხედავენ ამ აცქიებით პოლიტიკური შედეგების მიღებას ვინ აპირებს, მერე სურვილი უქნებათ, ვნახეთ, რომ ოპოზიციის ლიდერებს საკმარისი რეიტინგი არ აქვთ.

„მიტინგის უშედეგო ინიციატივა უკვე წამგებიანია, თუ განაცხადეს, რომ მოვაწყოთ მიტინგი და ხალხი არ მოვიდა, მეორე და მესამე განცხადებაზე კიდევ უფრო არ მოვა. ხალხის მასამ ამიტომ დაიკლო, რომ ვეღარ მოჰყავდათ. საქმე ისე არაა, რომ თუ დღეს არ გამოვიდა, ხვალ გამოვა - ხვალ და ზეგ კიდევ უფრო არ გამოვა. ხალხის პროტესტის ბოქლომს გასაღები კარგად არაა მორგებული, ეს ბოქლომი თუ გაიხსნა, მერე პროტესტის ტალღა მოდის-ხოლმე. დღეს ეს ბოქლომი ვერ და არ იხსნება, არც შიგნითაა დაგროვილი ეს განწყობები და როგორც ჩანს, ვერც ესენი ვერ ხსნიან",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე