ელზა პაპოშვილი
(10.02.2024)

მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა გაჟღერებიდან პირველივე დღეს მოიწონა, ახლა ამბობს, რომ უკეთესი იქნება, თუკი მოქმედი პრეზიდენტი შეხვედრებს ქუჩაში გადაიტანს. ასეთი ადგილი სააკაშვილისთვის რუსთაველის გამზირია, რომელიც, მისი აზრით, ხალხით შეივსება. სააკაშვილმა სასამართლო სხდომიდან არჩევნებში ჩართვაც დააანონსა. „ოცნებაში“ კი დარწმუნებულნი არიან, რომ დიდი პროტესტის გორების რესურსი ოპოზიციას არ გააჩნია „ჩვენ მოვახერხეთ მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრად უფრო რთულ პერიოდში შეგვენარჩუნებინა ამ ქვეყანაში სტაბილურობა,“ - ამბობს პრემიერი კობახიძე.

ყოფილი პრეზიდენტის ორივე წინადადებას იზიარებს მისი პარტია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ პლატფორმა, რომელიც მათ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ აერთიანებს, არჩევნებში სააკაშვილის ჩართულობით, ოპოზიციურ პარტიებს შორის წამყვანი ძალა იქნება.

ოპოზიციის გამარჯვების გზა კოლეგებთან სტრატეგიული საკითხების შეთანხმებაზე გადის ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარისთვის, თუმცა ამ თანამშრომლობაში მისთვის წითელი ხაზი მისივე ყოფილი პარტიაა. ნიკა მელიამ შაბათს, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ საუბრობს ყველასთან, თუმცა წინასწარ პოლიტიკური ერთობის დაანონსებას არ აპირებს.  

მელიას თავის თანამოაზრედ განიხილავს ნიკა გვარამია, რომელიც პარალელურად კონსულტაციებს მართავს ელენე ხოშტარიასთან და ზურაბ ჯაფარიძესთან. მთავარი არხის ყოფილი დირექტორის ინტერესის საგანია პარტია „ლელოც“, თუმცა წინასწარ ნიკა გვარამიას თანამშრომლობის საბოლოო კონტურებზე საუბარი უჭირს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ არჩევნებამდე ოპოზიციური სპექტრის ნაწილის გაერთიანება გამარჯვების მთავარი წინაპირობაა. 

„ლელო“ საარჩევნო გაერთიანებაზე ჯერ არავისთან საუბრობს - არც მელიასთან და არც გვარამიასთან. ამ ეტაპისთვის პარტიას დამოუკიდებელი გეგმები აქვს. ოპოზიციის სხვა ნაწილიც მათთან თანამშრომლობას გამორიცხავს, მათ შორის, „ევროპული საქართველოს“ იდერი.   

ასევე დამოუკიდებლად აპირებს არჩევნებზე გასვლას გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, რომელსაც, სხვადასხვა გამოკითხვების თანახმად, ბარიერის გადალახვის საკმაოდ მაღალი შანსი აქვს.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციის გაერთიანების არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათ გამარჯვების პერსპექტივა არჩევნებზე არ აქვთ. მმართველი პარტია იმ შეხვედრებსაც აფასებს, რომელიც სამი დღეა სალომე ზურაბიშვილთან მიმდინარეობს - ამბობენ, რომ ეს ფაქტი „რადიკალურ ოპოზიციასთან“ პრეზიდენტის თანამშრომლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.   

„არსებობს რაღაც გარე ინსტრუქცია, რის შესაბამისადაც მოქმედებენ ეს ადამიანები, ამით არის გამოწვეული „ნაცმოძრაობის“ ორდღიანი ფსევდო-კათარზისი. მათ უბრძანეს, რომ დაეტიონ ერთ ადგილას და გადაინაცვლონ მეორე პლანზე, რადგან შეიქმნას რაღაც ფსევდო-შუაშისტური მოძრაობა. რომ არა კონსულტანტების რჩევა-დარიგება-ბრძანებები, ეს ხალხი ასე არც მოიქცევა.

„ისინი დისტანცირებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ესეც არის დიდი სტრატეგიის ერთ-ერთი ტაქტიკური სვლა. ამ ეტაპზე ასეთი დაზიანებული და დაბეჩავებული ხაბეიშვილის ირგვლივ ასოცირება, ბუნებრივია მათთვის დამაზიანებელია,“ - აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია. 

„სალომე ზურაბიშვილმა, პრაქტიკულად, დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და დააანონსა ალიანსი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან,“ - ასე გამოეხმაურა პრემიერი მიხეილ სააკაშვილის ზურაბიშვილისადმი გაკეთებულ მოწოდებას, რომ სახალხო პლატფორმა ქუჩაში გადაიტანოს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ პოლიტიკურ ძალას წარმატების შანსები არ აქვს.

„ეს არის ღია ალიანსი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის. ზურაბიშვილმა, პრაქტიკულად, დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და ალიანსი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი. არც ასე არც ისე ამ პოლიტიკურ ძალას წარმატების შანსები არ აქვს,“ - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, ელის თუ არა მთავრობის მეთაური პროცესების ქუჩაში გადანაცვლებას, კობახიძე პასუხობს, რომ „ამის რესურსი არ არსებობს. ჩვენ მთავარია უზრუნველვყოთ ქვეყნის სტაბილურობა. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, ჩვენ მოვახერხეთ მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრად უფრო რთულ პერიოდში შეგვენარჩუნებინა ამ ქვეყანაში სტაბილურობა და ვპირდებით საზოგადოებას, რომ არავის არ მივცემთ სხვა სცენარით ქვეყანაში პროცესების განვითარების შესაძლებლობას.“

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ  სააკაშვილის ნათქვამი   დესტრუქციისკენ  ღია მოწოდებაა, და არ არის გამორიცხული ზურაბიშვილმა და სააკაშვილმა წინასაარჩევნოდ სიტუაციის რადიკალიზება სცადონ. 

„რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი ციდლობს სალომე ზურაბიშვილი გამოიყენოს და ქვეყანაში ახალი დაპირისპირების ან პროვოკაციების კერა შექმნან. ფაქტია, რომ ზურაბიშვილს სურს ოპოზიციის ლიდერის იყოს და თავის მხრივ,  სააკაშვილიც ცდილობს მხარი მისცეს. რაც უფორ იაქტიურებს სააკაშვილი ზურაბიშვილის მისამართით, მას მით უფრო დააზიანებს. გვახსოვს ალბათ, როცა „ლელო“ პოლიტიკაში პირველად შემოვიდა, მის მიმართ საზოგადოების ნაწილში ნდობის მომენტი ნამდვილად იყო. თუმცა, როგორც კი ისინი „ნაციონალების“ ქოლგის ქვეშ მოხვდნენ, პოლიტიკურად განულდნენ. ამიტომ ზურაბიშვილს ურჩევნია სააკაშვილისგან  დისტანცირებული იყოს, სხვაგვარად ჯერ ისედაც რა რეიტინგი აქვს და უარესი იქნება. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს დაკვეთა  შესაძლოა გლობალური ომის პარტიიდან მოდიოდეს. ძალიან გაურკვევლად არიან, არ იციან ქართულ პოლიტიკაში ფსონი ვისზე დადონ. ამიტომ ხან „ლელოს“, ხან გახარიას, ხანაც ზურაბიშვილს ტესტავენ. ასევე მცდელობა ჰქონდათ ნინო ლომჯარიაზე. ამიტომ არაფერია გამორიცხული, თუკი ზურაბიშვილს მიუთითებენ, ის  დაკვეთას შეასრულებს და სააკაშვილთან ტანდემშიც ითამაშებს. მას ამის პრობლემა არა აქვს“, -ამბობს გია აბაშიძე.      მისივე თქმით, არ არის გმორიცხული წინასაარჩვენოდ დაძაბულობის შექმნის მიზნით, ზურაბიშვილმა სააკაშვილი რამდენიმე საათით ან დღით შეიწყალოს. „შესაძლოა ამას ჰქონდეს ინსცენირებული სახე და რუსთაველზე მართლაც აქციაზე სააკაშვილი მიიყვანონ. ამით კი ქვეყანაში მღელვარების პატარა კერის შემქნას შეეცდებიან. თუმცა არაფერი გამოუვათ, რადგან სააკაშვილი უკან სხვა საქმეების გამო ციხეში შებრუნდება“, - ამბობს აბაშიძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე