ნაზი ბერიძე
(10.02.2024)

ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ საქართველო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განვითრების ახალ საფეხურს მიაღწევს და დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას" მინიმუმ 50%-იანი რეიტინგი აქვს.

მთავრობის ახალმა მეთაურმა ჟურნალ „გლამურითვის" მიცემულ ინტევრიუში ასევე შეაფასა პარტიის და საკუთარი მოღვაწეობა, რომელიც „უშეცდომო არ ყოფილა". „ჩვენ ვსტუმრობთ რეგიონებს, სადაც უკვე შევხვდით პარტიის 15000-ზე მეტ წევრს. დღეს ჩვენს გუნდს აქვს ძალიან მყარი პოლიტიკური პოზიცია. ჩვენი რეიტინგი 50%-ზე მეტია, რაც არჩევნებისთვის ძალიან კარგ სასტარტო პოზიციაზე გვაყენებს. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ საზოგადოების მხარდაჭერის ამ მაღალი დონის შენარჩუნება, არამედ მისი შემდგომი გაუმჯობესება," -აღნიშნა კობახიძემ.

რას ემყარება ახლადარჩეული პრემიერის ასეთი ოპტიმისტური პროგნოზები, ამ კითხვით „რეზონანსმა" ექსპერტებს მიმართა. როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, ეს ოპტიმიზმი ემყარება შიდაპარტიულ კვლევებს, ასევე ახალი ინვესტიციებისა და ფინანსურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების მოლოდინს.

„ვფიქრობ, ესრეიტინგი ემყარება „ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ კვლევებს, რასაც შიდა მოხმარებისთვის იყენებენ და არ აქვეყნებენ. ასეთ კვლევებს ატარებს პრაქტიკულად ყველა მსხვილი პარტია, ვისაც ამის ფინანსური და ორგანიზაციული საშუალება აქვს, მაგრამ არ აქვეყნებენ. მიზეზი ის არის, რომ სურთ იცოდნენ მოსახლეობის განწყობა. აქედან გამომდინარე აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს. გამოკითხვების შედეგები არის „ქართული ოცნების" თვითდაჯერებულობის საფუძველი.

„და მეორე, „ქართული ოცნება", და საზოგადოებაც, ხედავს, დღეს რა მდგომარეობაშია ოპოზიცია. ვგულისხმობ კრებით ოპოზიციას, მათ შორის მთავარ ოპოზიციურ ძალას -„ნაციონალურ მოძრაობას," რომელმაც საკმაოდ სერიოზული დანაკარგები განიცადა ამ ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში.

„თუ ქვეყანაში სიტუაცია დაწყნარდა, ალბათ იმედი აქვთ იმ პერიოდში დამთავრდება ომი უკრაინაში, გეოპოლიტიკური დაძაბულობა დაიწევს, შესაბამისად ომის განახლების რისკებიც შემცირდება, ჩვენკენ წამოვა ახალი უცხოური ინვესტიციები, დასტაბილურდება გარემო, შესაბამისად უფრო მეტი საშუალება მიეცემა ბიზნესს, რომ ამუშავდეს.

„აქ ასევე იგულისხმება ახალი მსხვილი პროექტების განხორციელება. მოგეხსენებათ, 2024 წელს უნდა დაიწყოს ანაკლიის პორტის მშენებლობა და სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, შუა დერეფანი, ამუშავდება, გაჩნდება უფრო მეტი სამუშაო ადგილი, უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა და ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა ოდნავ მაინც გაჯანსაღდება",-განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

პოლიტიკის ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი, პირიქით, ამ ხელისუფლების პირობებში მკვეთრ ცვლილებებს არ ელოდება. ფიქრობს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნება, თუმცა არ სჯერა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მომდევნო, უფრო მაღალ საფეხურზე გადავალთ.

„თუ ეს ხელისუფლება დარჩა, არც არაფერი შეიცვლება. მე მგონია, რომ ყველაფერს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გადაწყვეტს. თუ ეს ხელისუფლება დარჩა, გაგრძელდება ის, რაც ახლა ხდება. ალბათ, ევროკავშირში მოლაპარაკებას გაგვიხსნის, მთავარია არჩევნები ჩატარდეს ისე, რომ ლეგიტიმურად აღიაროს დასავლეთმა. ოღონდ ეს მოლაპარაკებები ახალ საფეხურზე არ გადავა, სანამ ეს ხელისუფლებაა არ დასრულდება, ევროკავშირის წევრები ჩვენ ვერ გავხდებით ასე მარტივად და არ ველი, რომ რამე არსებითი ცვლილება იქნება ამ ხელისუფლების პოლიტიკაში.

„ამ ხელისუფლებას რამდენპროცენტიანი რეიტინგი აქვს, ვერ გეტყვით, მაგრამ მისი ძალა ორ რაღაცაშია - ერთი, ეს არის ე.წ. ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ყოველთვის იყო ყველა ხელისუფლების იარაღი. ეს არის ძირითადად ფინანსურად ხელისუფლებაზე მიბმული წრეები, საჯარო მოხელეები, პარტიული აქტივი მათი გავლენის სფეროები და ა.შ.

„მეორე ფაქტორია „ნაცმოძრაობა" და საზოგადოების ნაწილის შიში „ნაცმოძრაობის" რევანშის წინაშე. ამ რევანშის ერთადერთ შემაკავებლად ბიძინა ივანიშვილი აღიქმება და „ქართული ოცნება". აი, ეს ორი ფაქტორი ჯამში იძლევა „ოცნების" თითქმის გარანტირებულ მოგების შედეგს," - განაცხადა „რეზონანსთან" დავით ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე