ნაზი ბერიძე
(09.02.2024)

რამდენიმე საათიანი დისკუსიისა და დებატების შემდეგ, პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესში დაგეგმილ ცვლილებებს კენჭი უყარა. „საარჩევნო კოდექსსა" და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი 81-ხმით, 7-ის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღეს.

მმართველი უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის.

კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პროექტით, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება.

კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ.

იმ შემთხვევაში კი თუ ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. კერძოდ, ცვლილებებით, პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთ კვირაში კონკურსში მონაწილე პირთა სია და საკონკურსო დოკუმენტაცია გაეგზავნება. პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში, სიაში შემავალ პირთაგან, 5 წლის ვადით კანდიდატები დანიშნოს.

ამასთან, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს მისი თავმჯდომარე წარუდგენს.

გარდა ამისა, დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც პირი ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება და რომელიც საკუთრივ ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

პირველი შეფასებები

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის პოსტის გაუქმება, რომელიც მთელი ოპოზიციის კვოტაა და არა „ლელოსი", მიუღებელია, როგორც ქართული ოპოზიციური პარტიებისთვის, ასევე ევროპელი პარტნიორებისთვის," - თქვა ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ გიორგი სიორიძემ „ინტერპრესნიუსთან".

ამასთან, როგორც სიორიძემ აღნიშნა, გუშინ „ქართული ოცნების" ლიდერები ავრცელებდნენ არასწორ ინფორმაციას, თითქოს პარლამენტში ევროკავშირის 9 დათქმის შესრულების შესახებ გამართულ შეხვედრაზე, ყველა ოპოზიციური პარტია დათანხმდა ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობის გაუქმების გადაწყვეტილებას.

„სამწუხაროდ, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება" არ მორიდებია ფაქტების დამახინჯებას და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. გუშინ „ქართული ოცნების" ლიდერები ავრცელებდნენ არასწორ ინფორმაციას, თითქოს პარლამენტში ევროკავშირის 9 დათქმის შესრულების შესახებ გამართულ შეხვედრაზე, ყველა ოპოზიციური პარტია დათანხმებია ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობის გაუქმების გადაწყვეტილებას - ეს არ შეესაბამება სიმართლეს!

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის პოსტის გაუქმება, რომელიც მთელი ოპოზიციის კვოტაა და არა „ლელოსი", მიუღებელია როგორც ქართული ოპოზიციური პარტიებისთვის, ასევე, ევროპელი პარტნიორებისთვის.

ამ საერთო წინააღმდეგობის ფონზე, დღეს „ქართულ ოცნებას" განსახილველად გამოაქვს დაწუნებული საარჩევნო რეფორმა და მხარს დაუჭერენ ნაბიჯის უკან გადადგმას, რომელიც 9 დათქმის შესასრულებლად წინ უნდა გადაედგათ.

ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არ უნდა იქნეს მიღებული. „ქართული ოცნება", ნაცვლად ამ ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციათა გათვალისწინებისა, ვენეციის კომისიის კრიტიკითაა დაკავებული. ეს შეუძლებელს ხდის ევროკავშირის 9 დათქმის შესრულებას და დიდ დარტყმას აყენებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს", - განაცხადა სიორიძემ.

„როგორ სამართლებრივ ლოგიკაში შეიძლება ჩაჯდეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მართვა ჩაბარდეს ისეთ პირს, რომელიც ამ სახით პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით?! - კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მხრიდან ხდება თავისი თავის მსხვერპლად წარმოჩენა," - აცხადებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.

მისი განცხადებით, საარჩევნო ცვლილებათა პაკეტის მიღების შემთხვევაში, ოპოზიციის კვოტით კომისიის წევრი იმავე გავლენებით ისარგებლებს, რაც აქამდე ჰქონდათ.

„რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე იყოს პარტიული ნიშნით არჩეული წევრი?" - კითხულობს „ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი კახიანი. მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა სამართლებრივი შეფასებებისგან სრულიად დაცლილია.

„გთავაზობთ, მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რაც სწორია და ვიმსჯელოთ კონკრეტულ საკითხებზე. ახლა ვმსჯელობთ თემაზე თავმჯდომარის მოვალეობა შეიძლება თუ არა შეასრულოს პარტიული ნიშნით არჩეულმა წევრმა, ამას ეთანხმებით თქვენ, რომ თეორიულად ცესკო-ს თავმჯდომარე შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის წარმომადგენელი? რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე იყოს პარტიული ნიშნით არჩეული წევრი? რაც სწორია იმაზე შევთანხმდეთ და ვენეციის კომისია მოგვიწონებს, მერწმუნეთ!" - განაცხადა კახიანმა.

„გამოდის, რომ ვერასდროს ვერ ავირჩევთ ცესკოს თავმჯდომარეს, თუკი არ შევთანხმდებით ოპოზიციასთან და ოპოზიციასთან შეთანხმება, თქვენ იცით, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ „ან ჩვენი იქნება, ან არ იქნება არავინ საერთოდ", - ამბობს ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე