ნაზი ბერიძე
(08.02.2024)

კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ირწმუნება, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღება მნიშვნელოვნად ცვლის სიტუაციას რეგიონში. სომხეთს სურს, რომ საქართველო იყოს მისი ლოკომოტივი ევროკავშირში შესასვლელად და პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებისათვის. ასე რომ, ამ კონტექსტში სიტუაცია საინტერესო კონფიგურაციას იღებს", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

ფაშინიანმა ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სომხეთის ურთიერთობა ბევრ ქვეყანასთან შეიცვალა, მათ შორის შეიცვალა სამხრეთ კავკასიის რეგიონიც.

„მნიშვნელოვანი რეალობა შეიცვალა, და ერთ-ერთი მათგანია საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, რაც ობიექტურად აისახება რეგიონზე. ახლა ირკვევა, რომ სომხეთის მეზობელი ქვეყნებიდან ორს აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი (თურქეთი - რედ.) და თუ ადრე შეიძლებოდა გვეთქვა „სად არის ევროკავშირი და სად არის ჩვენი რეგიონი?" ახლა, ფაქტობრივად, ევროკავშირი - ეს უკვე ჩვენი რეგიონია," - თქვა სომხეთის პრემიერმა და აღნიშნა, რომ საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" ამბობს, „ეტყობა, სომხეთიც აპირებს ჩადგეს ჩვენს შემდეგ რიგში კანდიდატის სტატუსზე."

„ღმერთმა ქნას, მაგრამ მე არ მგონია, რომ ასე სწრაფად მივიღოთ ევროკავშირის წევრობა, ვინაიდან ეს დამოკიდებულია უპირველეს ყოვლისა გეოპოლიტიკაზე. ეს არ მოხდება მანამ, სანამ არ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი და ამ ომთან დაკავშირებით რომ კიდევ მძიმე მდგომარეობაა, ამას ბევრი რამ ადასტურებს. ამიტომ, არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. ეს მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების პროცესია და რა თქმა უნდა, ბატონი ფაშინიანი ცდილობს, არ ჩამორჩეს იმ წინსვლას, რაც საქართველომ განახორციელა კანდიდატის სტატუსის მიღებით", - განაცხადა „რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" კომენტირებისას აღნიშნავს, რომ სომხეთი დასავლეთისკენ იღებს გეზს და საქართველოსთან ურთიერთობაც მისთვის სწორედ ევროკავშირის კონტექსტშია მნიშვნელოვანი.

„რა თქმა უნდა ეს აისახება რეგიონზე, და უკვე ევროკავშირის ინტერესები გამოიკვეთა სამხრეთ კავკასიის მიმართულებით. მეორეც ერთი, ევროკავშირში საგარეო პოლიტიკა დღეს აქვს საკუთარ თავზე აღებული საფრანგეთს, რომელიც ფაქტობრივად ძალიან გააქტიურდა ჩვენს რეგიონში და სწორედ ის სომხეთს პირდაპირ უჭერს მხარს, რუსეთი რომ ჩაანაცვლოს. ესეც საინტერესო კომბინაციაა, საფრანგეთი არის აქტიური ამ მიმართულებით. ეს შემთხვევითი მომენტი არ არის, ფაქტობრივად აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკვე ცივი ომია დაწყებული. ესეც შემთხვევითი ფაქტორი არ უნდა იყოს.

„და კიდევ ერთი, სიტუაცია ალბათ იქითკენ იხრება, რომ სომხეთმა დაიწყოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილება ჩრდილოეთიდან დასავლეთის მიმართულებით. იმიტომ რომ მთიანი ყარაბაღის სამხედრო უსაფრთხოების დილემის მოხსნის შემდეგ, სომხეთს უკვე ხელები ეხსნება, რომ უკვე დაიწყოს პროდასავლური საგარეო პოლიტიკა.

„მე გეტყვით რომ მაშინ როცა სომხეთში იყო პრორუსული მმართველობა ყარაბაღის კლანით და სარქისიანი-ქოჩარიანის დაჯგუფებით, მაშინაც კი ჩნდებოდა სენტიმენტები, სომხეთს ევროკავშირისაკენ გაეკეთებინა ნაბიჯები. როცა ჩვენ ვაწერდით ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, სომხეთმაც მოინდომა ამის გაკეთება და რუსეთმა აუკრძალა. მაშინ საშუალო, გარდამავალი დოკუმენტი მიიღეს, რომელიც არ მწვადს წვავდა და არც შამფურს, მაგრამ ახლა ეს მიმართულება ფაშინიანმა აშკარად უკვე გამოკვეთა. საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ კუთხით განიხილება, სომხეთს სურს, რომ საქართველო იყოს მისი ლოკომოტივი ევროკავშირში შესასვლელად და პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებისათვის. ასე რომ, ამ კონტექსტში სიტუაცია საინტერესო კონფიგურაციას იღებს", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე