ნაზი ბერიძე
(07.02.2024)

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში 7 თებერვალს ღამით ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ამ დროის მონაცემებით იპოვეს ოთხი ადამიანის ცხედარი, კიდევ ეძებენ ხუთ ადამიანს, ხოლო ერთის გადარჩენა მოხერხდა და ის კლინიკაშია გადაყვანილი. 6 თებერვალს ასევე ზვავი ჩამოწვა ხულოს მუნიციპალიტეტში და შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ნერგეეთის ტერიტორიაზე, 2024 წლის 7 თებერვალს, მდ. ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურებას.

მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-650), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25-მ-ია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ შ.

დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 000 მ3-ს. რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან.

კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.

სააგენტოს ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ 6 თებერვალს, დიდთოვლობის შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტში ჩამოწვა ზვავი, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტში განვითარდა მეწყრული პროცესები. ერთი მხრივ ზვავის, მეორე მხრივ კი მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი.

ასევე, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში ჩამოწვა მეწყერი. გარემოს ეროვნული სააგენტო მომხდარ მოვლენებს კლიმატური ცვლილებების ფონს უკავშირებს.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ გახშირებულია სტიქიური მოვლენები, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. კლიმატური ცვლილებები იწვევს განსაკუთრებით უხვ ნალექებს, რაც მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება თანმდევი სტიქიების, როგორიც არის წყალდიდობები, წყალმოვარდნები, მეწყრები და ღვარცოფები.

უხვი ნალექის მოსვლამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში გააქტიურა მეწყრული პროცესები, განსაკუთრებით მაღალმთიან ზონებში-ნათქვამია ინფორმაციაში.

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე სწავლობენ ვითარებას. როგორც ირკვევა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.

დატრიალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს „ქართული ოცნების" თავჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აჭარისა და იმერეთის რეგიონებში დატრიალებული ტრაგედიის გამო. სამწუხაროდ, სტიქიამ ჩვენი არაერთი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

სამძიმარი გამოთქვეს უმრავლესობის სხვა წევრებმაც. „უბედურება დატრიალდა კვლავ და მართლა ძნელია გამოხატო ამ მდგომარეობის მძიმე დრამატიზმი. უმძიმესი მდგომარეობაა, - თქვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, რომელიც სტიქიის ზონაში ჩავიდა.

„ჩამოსვლის მთავარი ამოცანა არის, გაირკვეს, [არის თუ არა ადგილზე] ყველაფერი, რაც აუცილებელია სამძებრო სამუშაოების მხრივ, როგორია ადამიანების საჭიროება, მომავალი რისკის განსაზღვრა და, შესაბამისად ადამიანების დაცვა. ყველაფერი კეთდება", - განაცხადა სარჯველაძემ.

„შემაძრწუნებელია ის ტრაგედიები, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიებს მოჰყვა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამ დანაკარგს თითოეული ჩვენგანი განიცდის. ჩვენი გმირი მაშველები თავს არ ზოგავენ ძებნა-შველის ოპერაციაში. ვლოცულობთ დაკარგულთა გადარჩენისთვის", - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე