თამთა ჩაჩანიძე
(07.02.2024)

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის" შეხვედრაზე ოპოზიციის გარდა „ქართულ ოცნებასაც" იწვევს, თუმცა, მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ის ოპოზიციის პრეზიდენტია, ამ რიტორიკიდან გამომდინარე კი ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ „ოცნება" ამ პლატფორმას არცერთ შემთხვევაში არ შეუერთდება. ზურაბიშვილის ამ იდეას ოპოზიციის ნაწილიც არ უერთდება.

6 თებერვალს პარლამენტში ბოლო მოხსენებაში პრეზიდენტმა ახალი პლატფორმის შექმნა დაანონსა, ანალიტიკოსების ნაწილს კი დარჩა შთაბეჭდილება, რომ ის მხოლოდ ოპოზიციურ ფლანგზე საუბრობდა, თუმცა, ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან უპასუხა შეკითხვას შეხვედრაზე „ქართული ოცნებაც" არის, თუ არა მოწვეული.

„გუშინდელი სიტყვა ხომ მოისმინეთ? ყველას ეხება, ვისაც ინტერესი აქვს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გარდა ამ კითხვისა, პრეზიდენტს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ გაიგო მიხეილ სააკაშვილის გზავნილი პარლამენტში მის გამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ შეკითხვას არ უპასუხა.ამ დროისთვის ოპოზიციიდან პრეზიდენტს „ლელოს" ლიდერები შეხვდნენ.

„ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი - გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის", - განაცხადა ზურაბიშვილმა 6 თებერვალს პარლამენტში მოხსენებისას.

ვინ უერთდება და ვინ არა პრეზიდენტის პლატფორმას

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს უკვე იწყებს. პრეზიდენტი „ლელოს"ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს შეხვდა.

„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის" მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ცალსახად აცხადებს იმას, რომ ქვეყნის პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრირება. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ადმინისტრაციასთან განუცხადა.

„დღევანდელი შეხვედრა ეხება პრეზიდენტის მიერ გუშინ გაჟღერებულ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს პროევროპული, ე.ი. პროქართული პოლიტიკური ძალების გაერთიანებას ერთიანი მიზნის ირგვლივ, იგულისხმება ქარტია, რომელიც ცალსახად აცხადებს, რომ ქვეყნის პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრირება. ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ამოცანა.

„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც სწორედ გაერთიანებისკენ მოუწოდებს განსხვავებით მმართველი ძალისგან, რომელიც პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს, რომ საზოგადოება გახლიჩოს. ამიტომ მმართველი ძალის, პრორუსული ძალის ქმედებას, გახლიჩოს საზოგადოება, პირიქით, ჩვენ დავუპირისპირებთ ძალისხმევას, რომ საზოგადოება ამ ისტორიულ მომენტში გავაერთიანოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს წინ სწრაფად იაროს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

სანამ კონკრეტულად გაირკვეოდა იწვევდა თუ არა „ოცნებას" პრეზიდენტი, ენმ-მ პრეზიდენტთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა. პარლამენტში მყოფმა ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ „ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით" დაადასტურა მზაობა, მონაწილეობა მიღონ პრეზიდენტის ინიციატივაში.

"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივას ხედავენ არა როგორც პარტიების გაერთიანებას, არამედ როგორც ევროპული რეკომენდაციებისთვის ერთად მუშაობის პროცესს.

"პრეზიდენტის ინიციატივა საინტერესოა. ყველა ერთ პარტიაში გაერთიანდეს - ასე არ ვხედავთ ამ პროცესს, მითუმეტეს კანონმდებლობითაც ბლოკები გამორიცხულია. ამას ვხედავთ ისე, რომ ეს გამოვიყენოთ ევროპული რეკომენდაციებისთვის ერთად სამუშაოდ და ამ პროცესში ვხედავ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ყინულის დაძვრისკენ საკითხებს, რომ ოპოზიციამ ორ მთავარ საკითხზე - ხელისუფლების ცვლილება და ევროპაში ინტეგრაცია, შეთანხმებას მივაღწიოთ.

„ამის სივრცეს ეს იძლევა, მაგრამ ეს არ გამოვა თუ პრეზიდენტი არ გაუწევს ანგარიშს რეალობას, რომელიც შექმნილია. პრეზიდენტი აღიარებს, რომ ქვეყანაში არ არის სამართლიანი სასამართლო, ფარცხალაძე არის რუსეთთან დაკავშირებული ადამიანი - მაშინ, მიხეილ სააკაშვილი რატომ ზის ციხეში? ეს არის მთავარი კითხვას, რასაც გუშინ პრეზიდენტმა არ უპასუხა",- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„ხალხი, ვისაც იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი რაღაცას გააკეთებს, ცრუ იმედების ქვეშაა - ქალბატონი სალომე უკვე ჩამოყალიბდა კარგ მსახიობად „ქართული ოცნების" ხელში, რომელიც „ქართული ოცნების" დავალებებს და მითითებებს ასრულებს", - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ "ერთობის პლატფორმის" შექმნის თაობაზე პრეზიდენტის მოწოდების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის იმედი დიდი ხანია დაკარგა.

"დიდი ხანია დავკარგე სალომე ზურაბიშვილის იმედი, რომ რამე ხეირიანს გააკეთებს თავის საპრეზიდენტო ვადაში. შესაბამისად, მგონია, რომ ხალხი, ვისაც იმედი, აქვს რომ პრეზიდენტი რაღაცას გააკეთებს, ცრუ იმედების ქვეშაა. მგონია, რომ ქალბატონი სალომე უკვე ჩამოყალიბდა კარგ მსახიობად "ქართული ოცნების" ხელში, რომელიც "ქართული ოცნების" დავალებებს და მითითებებს ასრულებს. ეს თითქოს ისე გამოიყურება, რომ ოპოზიციური საქმეა და ჩემი კოლეგების ნაწილი გულუბრყვილოდ ხდება აღფრთოვანებული, რომ ახალი მოკავშირე იპოვა პოლიტიკურ ბრძოლაში. ეს ყოველთვის გულგატეხილობით და იმედგაცრუებით სრულდება.

„ამ პლატფორმის შინაარსიც დაახლოებით ისე გავიგე, როგორც სხვა პლატფორმების, რომელიც პრეზიდენტმა შექმნა. დანარჩენ ორ შემთხვევაში დავდიოდი, პრეზიდენტს ვაძლევდი რჩევას და ვეუბნებოდი, რა მიმაჩნდა იმის გაგრძელებად, რაც თვითონ წარმოედგინა, რათა ეს იდეა არ მომკვდარიყო. მაგრამ, ჩემი აზრით, პრეზიდენტი შეგნებულად კლავდა თავისივე ინიციატივებს, რომ შემდეგ "ქართულ ოცნებას" დაეცინა ოპოზიციისთვის, რომელიც პრეზიდენტს აჰყვა და რაღაცის იმედი ჰქონდა",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ შეხვედრებზე, ხვიჩია ამბობს, რომ მისი პარტიიდან კონსულტაციებზე ალექსანდრე რაქვიაშვილი იქნება.

"მე იმდენად კრიტიკული ვარ და იმდენად არ მჯერა პრეზიდენტის, რომ ჩემი მონაწილეობა, შეიძლება უხერხული იყოს. მაგრამ ჩვენგან სანდრო რაქვიაშვილი იქნება, თუ დაგვპატიჟეს",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარტია „საქართველოსთვის" „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის" შექმნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას არ შეუერთდება.პარტიის დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ ამ პლატფორმაში მონაწილეობენ ადამიანები, რომელთათვისაც ევროინტეგრაციაც და არჩევნებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთანაა დაკავშირებული.

ამის მიუხედავად, როგორც დაუშვილმა აღნიშნა, მისი პარტია პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს სცემს და მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, „პრეზიდენტი არჩეული იყოს პირდაპირი წესით, მოქალაქეების მიერ და არა იმ მოდელით, რაც დღესაა".

„ჩვენ ამ პლატფორმაში მონაწილეობას არ მივიღებთ მარტივი მიზეზის გამო. ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ იქ არის ადამიანების ყრილობა, რომელთათვისაც ქვეყნის ევროინტეგრაცია და 2024 წლის არჩევნები დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან. ჩვენ ამ ადამიანებთან საერთო არ გვაქვს", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

რა პერსპექტივა აქვს პრეზიდენტის პლატფორმას

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ მისასალმებელია პრეზიდენტის პოზიცია პარტიებთან დაკავშირებით, თუმცა, ასეთ პლატფორმას საარჩევნო პერსპექტივა ვერ ექნება.

„მისასალმებელია, რადგან სამწუხარო იქნება თუკი პრეზიდენტი ოფიციალურად იტყვის მე მარტო ოპოზიციის პრეზიდენტი ვარო. „ოცნების" ჩათვლით რომ მთელ პოლიტიკურ სპექტრს ერთ მაგიდასთან სვამს, ეს უკვე ნიშნავს,რომ იგი რომელიმე მხარეს არ იხრება, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად „ოცნება" ჩაერთვება.

„ეს უკვე „ოცნებაზეცაა" დამოკიდებული, ანუ იმ პარტიაზე, რომელიც ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებს, მაგრამ, თავისთავად ეს ნაბიჯი სასიხარულოა იმ მხრივ, რომ პრეზიდენტის განზრახვა პრეზიდენტულია და არა ოპოზიციური.

„პარტიებიდან ძალიან ბევრი ალბათ იმის გამო უერთდებოდა, ეგონათ, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთის მხარდამხარ იქნებოდნენ, ახლა უკვე სხვა სურათი იკვეთება. ისეთი, როგორც ადრე ამა თუ იმ არჩევნების წინ, ინტერპარტიული კოორდინაცია რომ ხდებოდა, როცა პარტიები თანხმდებოდნენ ზოგად ეთიკურ თუ ორგანიზაციულ საკითხებზე. ამგვარ პლატფორმას ასეთი ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს",-განაცხადა ანალიტიკოსმა.

საყვარელიძე ამბობს, რომ თუ მაგალითად ენმ-ს თავიდანვე ეცოდინებოდა, რომ ამ პლატფორმაზე ზურაბიშვილი „ოცნებასაც" ეპატიჟებოდა, ალბათ არ წავიდოდა.

„ალბათ არ წავიდოდა და არც მიშა სააკაშვილის კომპლიმენტები იქნებოდა, მან დადებითად შეაფასა პრეზიდენტის სიტყვა და ალბათ არც ეს შეფასებები იქნებოდა ცალსახად დადებითი.

„ამ პლატფორმას ექნება პერსპექტივა თვითონ ზურაბიშვილისთვის, ინფორმაცია გავრცელდება, რომ მან არჩევნების წინ ასეთი საპრეზიდენტო მოწოდება გააკეთა",- განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე რა პერსპოექტივა ექნება არჩევნებში ამ პლატფორმას, ანალიტიკოსმა გვითხრა:

„თუკი „ოცნებაც" ამ პლატფორმაზეა მიპატიჟებული, გამოვა, რომ მთელს საქართველოს ერთი პარტია ეყოლება, თავის „ოცნებიან"-ოპოზიციანად? ასეთ ვარიანტში ეს პლატფორმა ვერ გადაიქცევა პოლიტიკურ საარჩევნო სუბიექტად. მხოლოდ ერთი ტიპის პარტიები რომ ყოფილიყო, იქ შეიძლებოდა დამდგარიყო საკითხი მათი ერთ პარტიად გაერთიანებისა, ახლა რადგან სხვადასხვა ტიპის ხალხი და ურთიერთდაპირისპირებული იდეებით შედიან ამ პლატფორმაში, ალბათ ასეთი საკითხი გამორიცხულია",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს. რომ პრეზიდენტმა ამ იდეის წამოყენებით ახალი ნიშა დაიკავა. ამბობს, რომ „ოცნება" არ მივა, თუმცა შესაძლოა ზურაბიშვილის გათვლაც ამაზე იყოს.

„პრეზიდენტმა რაღაც ახალი ნიშა დაიკავა, რომ იყოს მაქსიმალურად პროდასავლური და მისი მიზანი და ამბიციაა, რომ ამ პლატფორმის ლიდერი იყოს. ასევე მისი მიზანია მოიგოს იმ ამომრჩევლის გული, ვინც არ უჭერს მხარს არც ოპოიზიციას და პირველ რიგში ენმ-ს და არც „ოცნებას", მაგრამ არის პროდასავლურად განწყობილი. ამომრჩევლის სადღაც 40% არცერთ პოლიტიკურ ძალას მხარს არ უჭერს.

„დღეს აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს, მაგრამ შეიძლება გათვლა ჰქონდეს, რომ შემდგმში თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ის იყოს კვლავ პრეზიდენტობის კანდიდატი. მანამდე ოპოზიციასთან დაახლოებას ცდილობს.

„ამ პლატფორმის მიზანია პრეზიდენტმა აჩვენოს, რომ ის ყველას პრეზიდენტია.რა თქმა უნდა, „ოცნება" არ მივა, თუმცა, შესაძლოა, ზურაბიშვილის გათვლაც ამაზე იყოს, რომ ის იყო კონსტრუქციული და ყველას კარი გაუღო. თავად ზურაბიშვილს რაც შეეხება, რა თქმა უნდა თავის თამაშს თამაშობს, მგონია, რომ დღეს მას პროდასავლურიბა სჭირდება და ამიტომაც დღეს რუსეთს აკრიტიკებს, მაგრამ თავის დროზე მას სხვა განცხადებებიც აქვს გაკეთებული",-განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე