ია აბულაშვილი
(19.05.2023)

„ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობდნენ, რომ რადგან სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ევროკავშირში და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მიერ, ამით საქმე დამთავრდებოდა. ვერ გათვალეს, რომ „ქართულ ოცნებაშიც" არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ პოზიციებს დაიცავენ," - აღნიშნა პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასა და ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.

„რეზონანსი": ოპოზიციაში ახალი დაპირისპირებაა. მმართველი გუნდის მიერ დასახელებული იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, უმრავლესობასთან ერთად, 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც მისცა ხმა, შედეგი კი ისაა, რომ 4-მა მათგანმა „ნაცმოძრაობის" ფრაქცია უკვე დატოვა.

იგორ კვესელავა: ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" გემი ტორტმანებს და იძირება და ამიტომ გასაკვირი არ არის, გემიდან თუ ხტებიან. არჩევნების წინ უფრო მეტი სენსაციური ამბავი გველოდება. მთავარი ოპოზიციური ძალის გემი დღეს არის კაპიტნისა და კომპასის გარეშე. ამ გუნდში ყველაფერს წყვეტდა სააკაშვილი და მორჩა, დღეს კი კრიზისია და პარალელურად მიდის პარტიის რიგების წმენდა. ხაბეიშვილი არ მართავს პარტიას, ის არის პაიკი, ხოლო ვინც მას რეკომენდაციებს აძლევს, ისინი არიან ლაზიერები. დღეს პარტია გახლეჩილია და ორხელისუფლებიანობაა.

მელია ელოდება თავის დროს, მაგრამ შექმნილ სიტუაციას ვერც მელია გამოასწორებს და ვერც ხაბეიშვილი. ახალი ლიდერია საჭირო, ასეთად კი, სავარაუდოდ, კობა ნაყოფია მოიაზრება. იგი ჭკვიანი კაცია, აქვს ფული, დიპლომატიური უნარები. მე ვუსმინე მას, თამამი გამოსვლა ჰქონდა, მის განცხადებაში იკითხებოდა - „მე აქ ვარ". არჩევნების წინ შიდაპარტიული ბრძოლა ალბათ დასრულდება და შერიგდებიან, სხვა გზა „ნაციონალურ მოძრაობას" არა აქვს.

„რ": სტრასბურგის გადაწყვეტილების თაობაზე ხელისუფლება ამბობს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული მთელი პიარკამპანია კრახით დასრულდა.

ი.კ: არაფერიც არ დასრულებულა, პროცესი გრძელდება. ჩვენ არ ვიცით დეტალები, რა მოხდა სინამდვილეში, შეიძლება საკმარისი დოკუმენტაცია არ გაიგზავნა, ხელისუფლებამ კი სათავისო დოკუმენტაცია გააგზავნა. „ნაციონალურ მოძრაობაში" ეგონათ, რომ რადგან ზელენსკიმ და ევროკავშირმა სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს, ამით საქმე დამთავრდებოდა, მაგრამ ვერ გათვალეს, რომ „ქართულ ოცნებაშიც" არიან ისეთები, ვინც თავის პოზიციას დაიცავს.

„რ": ევროპარლამენტში გამოსვლის წინ სალომე ზურაბიშვილს ოპოზიცია მოუწოდებს, რომ შეიწყალოს ნიკა გვარამია და 27 მაისს პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია იმართება.

ი.კ: პრეზიდენტი ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია და ძალიან კარგად იცის, როდის და სად რა განცხადება უნდა გააკეთოს. მჯერა, რომ ზურაბიშვილი ამ სვლას აუცილებლად გააკეთებს, მაგრამ არ ვიცი როდის - 26 მაისს, 20 ივნისს, თუ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან იტყვის.

„რ": მოსკოვიდან პირველი რეისის შესრულებას შეიძლება დიდი ხმაური მოჰყვეს. „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია აეროპორტში დიდ საპროტესტო აქციას აანონსებს.

ი.კ: შეიძლება რაღაც აქცია გაიმართოს, მაგრამ არა მასშტაბური. ხოშტარიას სჭირდება, რომ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ახალგაზრდობა აამხედროს, მაგრამ ის არ არის იმ მასშტაბის ლიდერი, რომ მის დაკრულზე ვინმემ იცეკვოს. საზოგადოება მხარს არ უჭერს მას, დღეს ქართულმა საზოგადოებამ წინ წამოაყენა სოციალურ-ეკონომიკური საკითხები და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამ ფარგლებში მოქმედებს, მას სხვა გზა არა აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე