ნაზი ბერიძე
(05.05.2023)

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს აღმაშენებლის 75 ნომერში ქოლ- ცენტრების შესახებ საქმეს. საგამოძიებო აქტივობები ამჟამადაც გრძელდება, მათ შორის იმ ადამიანების გამოკითხვა, ვინც ამ საქმესთან უშუალოდ კავშირშია. გარდა ამისა, გამოძიება იკვლევს ინფორმაციას, რაც შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ კომპიუტერებში იყო. ვრცელდება ცნობები, თითქოს ამ საქმეში დავით არახამიასა და გიორგი ვაშაძის სახელები ფიგურირებს.

ვაშაძე ამ სიტუაციამ ძალიან გააღიზიანა და გაბრაზებულმა ბრალდებებს კონტრ-ბრალდებებით უპასუხა, ამბობს, რომ რეალურად ქოლ-ცენტრებს საქართველოში ხელისუფლება მფარველობს, კერძოდ კი ძალოვნები, მათ შორის შსს და სუს-ი.

ამის საპასუხოდ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, ჩვენ თუ ვმფარველობთ, მაშინ რატომ ვკეტავთო?!

„ჩვენ თუ ვმფარველობთ და ჩვენი თუა, რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ, თუ რა ვიცი. ჩვენ ვააშკარავებთ, გუშინ ჩვენ გამოვააშკარავეთ. ასე, რომ რომ ეს რა თქმა უნდა, ტყუილია," - ამბობს გომელაური.„ - კავშირები ვისთან აქვთ, ამაზე დეტალებში არ ჩავალ, დაველოდოთ გამოძიებას და ალბათ ფინანსური პოლიცია გააკეთებს ამაზე განცხადებას."

მისი თქმით, აქტიურად მუშაობს როგორც ფინანსური პოლიცია, ასევე შსს და სხვა უწყებები, რომ ქოლ-ცენტრები მაქსიმალურად დაიხუროს და აღარ იფუნქციონიროს საქართველოში.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრალდებებს უპასუხა და მან უარყო ქოლ-ცენტრების საქმესთან ყველანაირი კავშირი.

„მორიგი დეზინფორმაციული სპეცოპერაცია რუსული რეჟიმის მხრიდან. უნდათ, რომ გამსვარონ მე, ჩემი ძმა, რომ თითქოს ქოლ-ცენტრებთან კავშირი გვაქვს, ეს არის 100 პროცენტიანი ტყუილი და ქოლ-ცენტრების უკან თუ ვინმე დგას საქართველოში, ეს არის რუსული ოცნება, რომელიც ფინანსდება თავიდან ბოლომდე ამ ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემით, რომელსაც მფარველობენ სუს-ის, შსს-ის, პროკურატურის პირველი პირები. სწორედ ამიტომ ამბობენ უარს საგამოძიებო კომისიაზე და ამით აღიარებით ჩვენებას აკეთებენ, რომ თვითონ დგანან ქოლ-ცენტრების უკან, ახლა უნდათ ისრები გადმოიტანონ აქეთ.

„პირდაპირ ეთერში ვეუბნები, ყველა დამნაშავე, ვინც ხელს ითბობთ ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე, ვინც შებღალა საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაცია, ყველას მოგიწევთ პასუხისგება. მე აუცილებლად დავუკავშირდები და გავიდე კონტაქტზე გერმანელ სამართალდამცავებთან, რომლებსაც მაქსიმალურად მივაწვდით ყველა ინფორმაციას, რასაც მოვაგროვებთ, ყველა ჩემს კონტაქტს ევროკავშირში გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს თაღლითი მავნებლები, ეს კრიმინალები მიეცნენ პასუხისგებაში მათ შორის, ევროპელი სამართალდამცავების მხრიდან. „ქოლ-ცენტრების" უკან დგახართ თქვენ, თქვენ ხართ თაღლითები, დამნაშავეები, ლილუაშვილს ვეუბნები, შს მინისტრს, მთავარ პროკურორს, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში! მე ვერ გამაჩერებთ! გინდათ გავჩერდე, ჩვენ უკან დავიხიოთ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში, ვერ მოგართვით! ეს არ მოხდება. ცამდე მართალი ვარ მე, ცამდე მართალია ჩემი ძმა და ყველა ცამდე მართლები ვართ თქვენი მავნებლური, თაღლითური, კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ. სამართლიანობა იზეიმებს ამ ქვეყანაში და თქვენ იქნებით პასუხისგებაში მიცემული. არ გეგონოთ, რომ რაღაც ბრალდება წამომიყენეთ და ასე გავატარო ერთი პრესკონფერენციით, აგერ მე და აგერ თქვენ! თქვენ მოგიწევთ ამაზე პასუხისგება, ციხეში წასვლა და იმ ნაძარცვი ქონებების უკან დაბრუნება, რომელზეც ხელს ითბობთ. სამი რამით ფინანსდება ახლა „ქართული ოცნება": ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემით, კონტრაბანდით რომელსაც რუსეთთან აწარმოებენ და კორუფციით, რომელმაც აღვირახსნილ მასშტაბებს მიაღწია", - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ მათი კუთვნილი კომპიუტერებია ამოღებული და აღნიშნავს, რომ დალუქულ ოფისებთან არანაირი კავშირი არ აქვთ. მისივე თქმით, ევროპელ სამართალდამცავებს მიაწოდებს ინფორმაციას, რომ ლილუაშვილი დგას საქართველოში ქოლ-ცენტრების სათავეში და საზოგადოება ნახავს, რომ ამ საქმეზე მაღალი თანამდებობის პირები წავლენ ციხეში.

რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს, მან თქვა, რომ შენობის მესამე სართულზე, საიდანაც ამოიღეს ტექნიკა, იყო საწყობი, რომელიც ეკუთვნოდა პარტიას და იქ განთავსებული იყო პარტიის ტექნიკა. შესაბამისად, ერთადერთი რაც შეიძლება იქედან ამოიღონ, ეს იქნება მათი მხარდამჭერების სიები.

თუმცა უნდა აღინიშნოს ჩვენ გიორგი ვაშაძის ძმისგან გავიგეთ, რომ ეს კონკრეტული ფართი სადაც სამართალდამცველები მუშაობდნენ და რომელზეც სავარაუდოდ, პააატა მანჯგალაძე საუბრობს, არის გაქირავებული და გიორგი ვაშაძის ძმის მტკიცებით, მას არ აქვს ინფორმაცია რომელმა კომპანიამ დაიქირავა ეს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია. რომ აქ იყო განთავსებული ქოლ-ცენტრი.

რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, მმართველ გუნდში არ უკვირთ მიმდინარე პროცესები, ვინაიდან ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით, რიმელსაც დღეს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, როგორც ფინანსური პოლიცია, ასევე შსს და სხვადასხვა უწყება, რომ მაქსიმალურად დაიხუროს და არ იფუნქციონიროს საქართველოში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს ე.წ. ქოლცენტრებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ჩვენი თუა და ჩვენ თუ ვმფარველობთ, რატომ ვკეტავთ მაშინ? ჩვენ ვააშკარავებთ. გუშინაც ფინანსურმა პოლიციამ და ჩვენ გამოვააშკარავეთ", - განაცხადა გომელაურმა.

„ყოველდღე, ხედავთ, რაღაც ინფორმაციები ვრცელდება და როგორ ხდება დამთხვევები ისე, რომ ყველაფერი „ნაცმოძრაობის" სხვადასხვა კლასტერთან - ჟურნალისტთან თუ პოლიტიკოსთან არის დაკავშირებული. ახლა უნდა წამოვიღოთ მასალები და ამ პოლიტიკოსმა, რომლის ძმასაც, მის ვერსიას რომ გავყვეთ, გაქირავებული აქვს ფართი, სადაც აღმოჩნდა ქოლცენტრი - მან უნდა გამოიძიოს თურმე, ეს საქმე და არა ქართველმა და ევროპელმა სამართალდამცველებმა. არა იმ ქართველმა სამართალდამცველებმა, რომლებმაც ევროპელი კოლეგების გარეშეც კი, ძალიან ბევრი ეპიზოდი დიდი წარმატებით გახსნეს საქართველოში", - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი ვაშაძისა და დავით არახამიას კუთვნილი ე.წ. ქოლცენტრი აღმოაჩინეს.

პარტია „მოქალაქის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამ ამბებით ისეა გაოცებული, ამბობს, „რასაც ვუყურებ, მგონი მე და მამაჩემს არ გვაქვს ქოლ-ცენტრი, თორემ დანარჩენი ყველა პენსიონერებს ატყავებდა.

„მე პირადად იმიტომ მინდოდა საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ გაგვეგო, მართლა რა ხდება. როგორც ჩანს „ნაცი", „ქოცი", დიდი, პატარა, ყველა ერთად შეიკრა, რომ ევროპელი პენსიონერები გავატყავოთ. ჩემთვის თანაბრად საძაგელია ყველა, ვინც დაკავებულია პენსიონერების ძარცვით, არ აქვს მნიშვნელობა კეზერაშვილი იქნება თუ სხვა, ჩემი ნათესავი რომ იყოს სისხლით, იმასაც შევიძულებდი მთელი ცხოვრება. ბევრი კითხვაა, მე არ მჯერა, რომ ქალაქის ცენტრში, დღისით, მზისით, მთელ საქართველოში, ყველა ქალაქში „ქოლ ცენტრები" ისეა მოწყობილი, რომ სუს-მა არაფერი იცის, „ქართულმა ოცნებამ" არაფერი იცოდა", - განაცხადა ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე