თამთა ჩაჩანიძე
(05.05.2023)

ოპოზიციამ პრემიერის მიერ უნგრეთში კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციიაზე გამოსვლა მწვავედ გააკრიტიკა, მიიჩნევენ, რომ ღარიბაშვილის გზავნილები „ფსევდო- რელიგიური და ყალბი იყო". მმართველი პარტია კი ამბობს, რომ „ ბუდაპეშტში ვნახეთ ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრემიერ-მინისტრის გამოსვლა".

ანალიტიკოსთა აზრიც ორად იყოფა, ნაწილი „ოცნებას" ეთანხმება, ნაწილი კი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის ბუდაპეშტის კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები „რუსულ ღირებულებებს ეფუძნება."

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეოზნანსთან" აცხადებს, რომ თავად ოპოზიცია ფსევდოლიბერალია და „საზოგადოებისთვის ტრადიციულს და ფასეულს, პრორუსულს, პროპუტინისტურს, ჰომოფობიურს არქმევენ."

„ნაცოპოზიცია" მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაა აცდენილი. მათ უნდათ იმით პოზიციონირება, რომ ვითომ ლიბერალები და მემარცხენეები არიან, მაგრამ, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური წონადობის თვალსაზრისით, არაფერს წარმოადგენენ. მათი ერთადერთი პოლიტიკური აქტივობა დაზეპირებული გზვანილების ტირაჟირებაა.

„საზოგადოებისთვის რაც ტრადიციული, კონსერვატიული და ფასეულია, ყველაფერს პრორუსულს, პროპუტინისტურს, ჰომოფობიურს არქმევენ. ამ სეგმენტის პოლიტიკურ აქტორებთან სერიოზულ დისკუსიაში შესვლა აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რადგან მათ არა სიღრმისეული ერუდიცია, არამედ ვიწრო თვალსაწიერი აქვთ, განსაკუთრებით გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე და ამიტომაც ღარიბაშვილს, და „ოცნების" სხვადასხვა პოლიტიკოსებს სხვადასხვა ყალბ იარლიყს აწებებენ.

„რაც ქართულ ტრადიციასთან, ეკლესიასთან და ოჯახთანაა დაკავშირებული, ეს თურმე პრორუსული, ჰომოფობიური და ქსენოფობიური ყოფილა. თუ ისინი არ იცნობენ რა პროცესებია მაგალითად აშშ-ში, ევროპაში, ავსტრალიაში, ძალიან გამიჭირდება, რომ მათნაირ ადამიანებზე კომენტარი გავაკეთო. ამავე დროს პრეტენზიები აქვთ, რომ პოლიტიკოსები არიან", - განაცხადა აბაშიძემ.

როგორც ის ამბობს, განცხადებები, რომ ღარიბაშვილის კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლა ევროკავშირის კანოიდდატის სტატუსის მინიჭებას ხელს შეუშლის, მორიგი დეზინფორმაციაა.

„ესეც დეზინფორმაციის მორიგი უსუსური მცდელობაა, ისევე როგორც თითქოს 12-პუნქტიან რეკომენდაციებს მეცამეტე უნდა დაუმატონ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანასა და ნიკა გვარამიას ციხიდან გამოიშვებაზე. ამ უსუსურ ფსევდოლიბერალებს დამხმარეებად ის ცნობილი ევროპარლამენტარები ჰყავთ, რომლებიც საქართველოზე დეზინფორმაციულ და მავნებლურ განცხადებებს ავრცელებენ და ზოგადად ფართო საზოგადოებაში მათ განცადებებს ჩალის ფასიც აღარ აქვს.

„მათი პროპაგანდისტული კამპანია უკვე ძალიან გაცვდა, ახალს და კრეატიულს ვერაფერს იგონებენ. ენმ უკვე ჩამოშლილია, ვერ გაერკვნენ ვინ რომელ მხარესაა და ამ მავნებლურ კამპანიას მაინც აგრძელებენ, რასაც ხალხის უმრავლსობა არ აჰყვება. თუ ჰგონიათ, რომ ამ მესიჯების ხმამაღლა და ხშირად გამეორებით ელექტორატში ახალ სეგმენტს მოიპოვებენ, ძალიან ცდებიან. პირიქით, ისინი უფრო და უფრო ვიწრო ნაჭუჭში და ვიწრო ბაბლში ექცევიან", - განაცხადა აბაშიძემ „რეზონანსთან".

„სამ ხმაში მღერის საქართველო, რუსეთი და ორბანი", - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანის მიერ ბუდაპეშტში გაკეთებული განცხადება, რომ შეგვიძლია ვისწავლოთ ირაკლი ღარიბაშვილისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები. როგორც პოლიტოლოგმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, ღარიბაშვილის განცხადებები რუსულ ღირებულებებს ეფუძნება.

„ორბანი იმავე ღირებულებებისაა, რაც რუსეთი და ირაკლი ღარიბაშვილმა რაც გააჟღერა, ესეც რუსულ ღირებულებებს ეფუძნება - ტრადიციულ, კონსერვატიულ ღირებულებებს. რას უმკლავდება საქართველო, გაუგებარია, პირიქით კი არ უმკლავდება ერთ გუნდში მღერიან. ამ შემთხვევაში სამ ხმაში მღერიან საქართველო, რუსეთი და ორბანი. ორბანის შეფასებიდან გამომდინარე, საქართველოს რამის გამკლავება არ სჭირდება. ირაკლი ღარიბაშვილი ისე ლაპარაკობს, როგორც პუტინი, რომ მშობელი ერთი, მშობელი ორი და ა.შ. მიკვირს ორბანმა ისე რატომ შეაფასა, თითქოს რაღაცა განსხვავებულია დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების" სტრატეგიაა არ მიიღოს სტატუსი, „ამიტომ მას არაფერი ეშლება".

ამასთან, ზაქარეიშვილის შეფასებით, ღარიბაშვილის უნგრეთში ჩასვლა კარგად გათვლილი ნაბიჯი იყო, ეს იყო შეტყობინება, რომ „თუ სტატუსს მოგვცემთ, მეორე უნგრეთს მიიღებთ". გარდა ამისა, მისივე შეფასებით, საქართველოში ომის არანაირი საფრთხე არ არსებობს, ეს არის „ბლეფი" და ამ „ბლეფს" ხელისუფლება საზოგადოებაში „კარგად ყიდის".

„ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი ჩემთვის. ფსევდო-რელიგიური და პატრიოტულია სახარების ციტატით გამოსული ღარიბაშვილი, ახლა გაახსენდა და აქამდე არავის უხსენებია, რომ „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი". 9 ნეტარებიდან არის ეს და იქვეა „ნეტარ არიან სიმართლისთვის მებრძოლნი". რატომ არ ილაპარაკა სიმართლისთვის მებრძოლებზე? ესაა ფარისევლობაა, ფრიდონ ინჯიას დასაცავი 2000-წლოვანი კულტურის ქვეყანას არაფერი აქვს და არანაირი გენდერის პრობლემა არ დგას საქართველოში, არანაირი სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემები არ არის, ეს არის შემოტანილი რიტორიკა იმისთვის, რომ თითქოს ესენი არიან ტრადიციების დამცველები და სხვა ვინც ამბობს, რომ ადამიანის უფლებები უნდა დაიცვა და არ უნდა ჩაქოლო ქუჩაში, არის პროპაგანდის მომხრე", - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებელის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

„ქართული ოცნების" დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა კი განაცხადა, რომ ბუდაპეშტში ვნახეთ ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრემიერ-მინისტრის გამოსვლა.

„ბატონი პრემიერის გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო - მართლაც, ეს ძალიან ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო, რომელიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე ფიქრობს. დიახ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია, ვართ ამაყი, ვაჟკაცი და ღირსეული ხალხი, რომელიც საკუთარი წარსულით ამაყობს და ბუნებრივია, ფიქრობს, აწმყოზე. ის, რაც საქართველოს ბოლო ათწლეულების განმავლობაში აკლდა, დღეს დავინახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხთან და ქვეყანასთან დგას.

„პრემიერ მინისტრის განცხადებაში დავინახეთ, რომ დიახ, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენ წარსულს. საქართველო ტოლერანტობის სამინუშო მაგალითია. ჩვენი კულტურა და წარსული არის საამაყო. ჩვენ, ჩვენი ისტორიითა და იდენტობით ვამაყობთ. საქართველო იმ ღირებულებების ერთგულია, რომელსაც ევროპული ღირებულებები ჰქვია - დიახ, დღეს თუ საქართველო რაიმეს იმსახურებს, ეს არის ევროკავშირის ღირსეული წევრობა",- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე