ნაზი ბერიძე
(05.05.2023)

თბილისის ცენტრში, აღმაშენებლის გამზირზე, დილიდან მუშაობდნენ სამართალდამცავები. სპეცოპერაცია წუხელ გვიან ღამით ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით დაიწყო და საგამოძიებო მოქმდებები დღეს დილით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, აღმაშენებლის 75 ნომერში დალუქულია მორიგი ქოლ-ცენტრი, საიდანაც პოლიციამ კომპიუტერული ტექნიკა და სხვა ნივთმტკიცებულებები ამოიღო.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ დაფიქსირდა ანონიმური ზარი ე.წ. ქოლ-ცენტრების არსებობასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება.

მედიაში გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაწესებულება დაკავშირებულია გიორგი ვაშაძესა და დავით არახამიასთან. საჯარო რეესტრის ამონაწერით, შენობა, სადაც დალუქული ოფისი მდებარეობს, კომპანია „მისანის" საკუთრებაა, რომლის ერთ-ერთი მფლობელი, გიორგი ვაშაძის ძმა - დავით ვაშაძეა. ასევე ერთერთი მფლობელია ლომგულ ჭკუასელი.

პარალელურად, ოფისში სადაც პოლიცია შევიდა, გავრცელებული ინფორმაციით, ფუნქციონირებს „შპს ლაიონს შვიდი გრუპი", რომლის 100%-იანი წილის მფლობელი, დავით არახამიას ძმა მიხეილ არახამიაა.

უკვე გააკეთა საპასუხო განმარტება გიორგი ვაშაძის ძმამ. ამტკიცებს, რომ მას მხოლოდ შენობის მეორე სართულზე არსებული სასტუმრო ეკუთვნის და ქოლ-ცენტრის არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„შენობის 25% მეკუთვნის მე, მეორე სართულზე რომ სასტუმროა, ეგ არის ჩემი. შპს-ში დირექტორი იღებს ყველანაირ გადაწყვეტილებას, ვალდებულიც არ არის არავინ ამაზე გააფრთხილოს. დირექტორი სხვა არის, ის აკონტროლებს ამ მმართველ პაკეტს და საერთოდ, რა კომპანიაა, ისიც არ ვიცი, ვის აქვს ნაქირავები.

ქოლცენტრზე არასდროს არაფერი არ მსმენია. წინა მხრიდან საერთოდ არავინ არ მოძრაობდა. გუშინ დამირეკეს სასტუმროდან, რომ ვიღაც მართლწესრიგის ოფიცერი კითხულობდა, რა არის ზემოთო. მე საერთოდ ინფორმაცია არ მქონია, რადგან ზემოთ დაკეტილი იყო. ადრე იქ იყო ფრანგული ინსტიტუტი," - განაცხადა დავით ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობის ის ნაწილი, სადაც სავარაუდოდ, „ქოლ-ცენტრებთან" დაკავშირებით სპეცოპერაცია ჩატარდა, გიორგი ვაშაძეს არ უკავშირდება. გიორგი ვაშაძეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურად არ გაჟღერებულა. საქმეს იძიებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, სავარაუდოდ დაიწყება გამოკითხვები საქმესთან დაკავშირებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე