ნაზი ბერიძე
(05.05.2023)

„ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ფეისბუქზე წერს, რომ ერთიანობის დროა და პარტიიდან წასვლას არ აპირებს. ამით მისი წასვლისა და ახალი პარტიის შექმნაზე გავრცელებულ ხმებს გასცა პასუხი. მიუხედავად ამისა, ბევრი მაინც დარწმუნებულია, რომ დღეს თუ არა ხვალ, მას პარტიის დატოვება მოუწევს. შექმნის თუ არა ახალ პარტიას ნიკა მელია და რა ბედი ელის ენმ-ს, ამაზე „რეზონანსი" პოლიტიკის ექსპერტებს ესაუბრა.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ნაციონალური მოძრაობის" დაშლას არ პროგნოზირებს, მაგრამ ფიქრობს, რომ ელექტორატის ნაწილს დაკარგავს. რაც შეეხება მელიას, ექსპერტი ფიქრობს, რომ ის თავის განცხადებაში გულწრფელი არაა და შესაფერის მომენტს ელოდება.

„მე არ ვიცი, ნიკა მელიას რა განზრახვები აქვს. მას შეუძლია დარჩეს პარტიაში და იყოს მეორეხარისხოვანი ფიგურა, იმიტომ რომ სხვაგვარად ახლა ის პარტიაში ვერ იქნება. მისი გადასაწყვეტია, შექმნის პარტიას თუ არ შექმნის. დაპირისპირება და დაძაბულობა იმდენად დიდი იყო, ვფიქრობ წარმოუდგენელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ერთიან გუნდად დარჩეს. თუ თავად უარს ამბობს ამ ნაბიჯის გადადგმაზე, რა კომენტარი გავაკეთო ამაზე? უბრალოდ მგონია რომ მელია რაღაც მომენტს ელოდება და ამ შემთხვევაში სრულიად გულწრფელი არ არის.

„თუ მელია და მისი გუნდი უარს ამბობს პარტიის შექმნაზე, ან იმაზე მუშაობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ერთიანი იყოს, ან სხვა ვინმე ლიდერი თუ არ გამოჩნდება, მაშინ როგორ დაიშლება პარტია? ამომრჩეველს დაკარგავს, ეს კი. მაგრამ არც იმდენად დაკარგავს ამომრჩეველს, რომ მას 5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდეს.

„ელექტორატს დაკარგავს არა მხოლოდ დაპირისპირების ნიადაგზე, არამედ იმის ფონზეც, რომ ახალი ლიდერი, ხაბეიშვილი იმას ვერ გააკეთებს, რა დაპირებაც ჰქონდა, ეს ერთი, და მეორე - ახლა მერაბიშვილ-კეზერაშვილის ტანდემი ჩნდება პარტიაში, ამიტომ გარკვეული ნაწილი ამომრჩევლისა დაიკარგება. თუ შეიქმნებოდა პარტია მელიას ან სხვისი თამადობით, მაშინ უფრო მეტ ამომრჩეველს დაკარგავდა „ნაციონალური მოძრაობა", დაახლოებით 20-30%-ს," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არ დაიშლება და არც ნიკა მელია შექმნის პარტიას.

„ჩემი აზრით ის არ შექმნის პარტიას, იმიტომ რომ ის კვლევები, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, იძლევა იმის საფუძველს გარკვეულწილად და ასეთ მოტივაციას „ნაციონალურ მოძრაობაში" და სხვა ოპოზიციურ სპექტრში, რომ ისინი გაერთიანდნენ, და იბრძოლონ „ქართული ოცნების" წინააღმდეგ. მე ასე მგონია, რომ ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილის გუნდის წევრების მიმდევრები აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ დღეს არის გაერთიანების დრო. შესაძლებელია რაღაცა უთანხმოება არსებობდეს, მაგრამ არ უნდა გადაიზარდოს დაპირისპირებაში და ვთქვათ „ნაციონალური მოძრაობის" დაშლაში, რაც „ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს," - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე