ია აბულაშვილი
(05.05.2023)

„დიდი ხანია, მომწიფდა დრო ახალი პოლიტიკური მისწრაფებების გუნდის ჩამოსაყალიბებლად, რაც აუცილებელი იქნება 2024 წლის არჩევნებისთვის, სხვაგვარად ქვეყანა ვერ განვითარდება" - ასეთია პოლიტოლოგ იგორ კვესელავას მოსაზრება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. როგორ ხედავს ახალი პოლიტიკური ლანდშაფტის კონტურებს და რატომ არის მნიშვნელოვანი ოპოზიციის ერთობა, ამ საკითხებზე „რეზონანსი" იგორ კვესელავას ესაუბრა.

„რეზონანსი": ოპოზიცია 2024 წლის საპრალამენტო არჩევნებისთვის გადაჯგუფებას გეგმავს. საუბარია ალიანსზე ენმ-ს, „დროას," „გირჩი - მეტი თავისუფლებასა" და „სტრატეგია აღმაშენებელს" შორის. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პარტიების გამსხვილება „ოცნების" დამარცხებაა. თქვენც ასე ფიქრობთ?

იგორ კვესელავა: დიდი ხანია, ვამბობ, რომ საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მომწიფდა სიტუაცია ახალი იდეოლოგიის, ახალი პოლიტიკური მისწრაფებების გუნდის ჩამოსაყალიბებლად, რაც აუცილებელი იქნება 2024 წლის არჩევნებისთვის, სხვაგვარად ქვეყანა ვერ განვითარდება. საზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვს, შეიქმნას ახალი პოლიტიკური ძალა. ბევრი პარტია ვნახეთ ხელისუფლებაში, მაგრამ პოლიტიკური გამოცდა ვერ ჩააბარეს. შედეგი თითქოს არის, მაგრამ ხალხისთვის სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ. ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს არა ინდივიდები, არამედ ხალხი უნდა ქმნიდეს, სწორედ მათ უნდა აირჩიონ თავისი წიაღიდან საუკეთესო.

„რ": ხელისუფლებაში მოსასვლელად ისევ ძველი პოლიტიკური ძალები აქტიურდებიან. დადის ხმები, თითქოს მელია და მისი გუნდი ახალი პარტიის ფორმირებას გეგმავენ, ასევე - ხატია დეკანოიძეც. „ლელო" დამოუკიდებლად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. ასეთია ამჟამად პოლიტიკური მოცემულობა.

ი.კ: რა თქმა უნდა, გაერთიანება უკვე იწყება ხელისუფლაში მოსასვლელად. ეს იქნება მძიმე ბრძოლა, შეჯიბრი და გაიმარჯვებს ის, ვინც ბურთს გაიტანს. პირადად მე მომწონს, რომ 5%-იანი ბარიერია. არ ვეთანხმები ოპოზიციას, რომ საარჩევნო სისტემაში შევიდეს ცვლილება და ბარიერმა დაიწიოს.

რაც შეეხება კონკრეტული პოლიტიკური ძალების შანსს, „ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება, გაყოფა კი, რომელიც თითქოსდა აშკარაა, შეიძლება გაერთიანებასაც ნიშნავდეს. იმდენი ჭუკა კი აქვთ „ნაცმოძრაობაში," რომ ცალ-ცალკე თუ დაიწყეს ჩამოყალიბება, დამარცხდებიან, ერთობის გარეშე პარლამენტში ვერ მოხვდებიან. თქვენ ფიქრობთ, რომ მიშას გარეშე კეთდება რამე, რაც ხედება პარტიაში? მასთან მიდის ყველა ინფორმაცია, ის მშვენიერ აზრზეა და რჩება „ნაცმოძრაობის" წინამძღვრად.

„ოცნებასთან" არც ერთი პარტია არ გაერთიანდება და არც არავის შეიერთებენ, გარდა „ხალხის ძალისა," ისიც პარტიად თუ ჩამოყალიბდა, მაგრამ წინასაარჩევნოდ „ოცნებაში" იქნება მძიმე შიდა ბრძოლა, რადგან პარლამენტში მოხვედრა ყველას უნდა. ბლოკები აღარ არის და ეთრიანი სია უნდა შედგეს, იგივე პრობლემა ექნება „ნაცმოძრაობასაც," სხვა პარტიებს თუ დაიმატებს.

„რ": საკმაოდ დაძაბულია ვითარება პარლამენტში საგამოძიებო კომისიების შექმნასთან დაკავშირებით. „ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციას კომისიების შექმნა შოუს მოსაწყობად სჭირდება. ქოლცენტრებთან დაკავშირეით კი არის ასეთი მოსაზრება, რომ კეზერაშვილის ინტერესშია კომისიის შექმნა, რათა წინასწარ გაიგოს, რა მტკიცებულებები არსებობს, ამისთვის კი იყენებს გახარიას პარტიას, რომელმაც ეს საკითხი დააყენა პარლამენტში.

ი.კ: გახარია თანდათანობით კიდევ უფრო ბევრ საიდუმლოს გამოიტანს სამსჯავროზე. იგი არავის შეეკვრება და იქნება დამოუკიდებელი. მის პარტიას სულაც არ ადარდებს კეზერაშვილი, უნდათ, რომ იგი „ოცნების" დასამარცხებლად გამოიყენონ, რაც მომგებიანია გახარიასთვის, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რა ხდებოდა "ოცნების" სიღრმეებში.

„რ": ბოლო დღეები აქციები ტარდება პრეზიდენტის რეზიდენციასთან მოთხოვნით, შეიწყალოს ნიკა გვარამია. ევროპარლამენტის 19-მა წევრმაც სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თხოვნით მიმართა. რატომ არ იწყალებს პრეზიდენტი?

ი.კ: „ქართული ოცნება" სწორად იქცევა, რომ არ უშვებს სააკაშვილსა და გვარამიას, რადგან ამ პოლიტიკური ძალისთვის ისინი გარეთ სახიფათოა, საშიშია და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. რაც შეეხება პრეზიდენტს და მის პოზიციას, გვარამიას შეწყალება ნამდვილად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ შეჩერდა, როგორ და რა ბერკეტებით, ეს მერე გამოჩნდება. დარწმუნებული ვარ, გვარამიას აუცილებლად შეიწყალებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე