თამთა ჩაჩანიძე
(04.05.2023)

მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს, საქართველოს ადგილი ევროპაშია, იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, დღეს ევროპისგან ველით შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ეს ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანი ძალისხმევის დამსახურებული აღიარება იქნება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე ბუდაპეშტში განაცხადა.

მისი შეფასებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ სათავე დაუდო ხანგრძლივ ომს, რომლის დასასრულიც არ ჩანს და რომელიც ყველას გვეხება, გაუმართლებელი ადამიანური მსხვერპლის, სასტიკი ნგრევის შეჩერება კი უდიდეს საერთო ძალისხმევას მოითხოვს.

„უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ვგულშემატკივრობთ რა უკრაინას, უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ სამშვიდობო მოლაპარაკებების, ხანგრძლივი და სტაბილური მშვიდობის პირობების შესაქმნელად. თქვენ იცით, რომ ჩვენ გადავიტანეთ მძიმე ომი რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში; ჩვენმა ქვეყანამ ამ ომში დიდი ადამიანური მსხვერპლი გაიღო; ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ; ქართველებმა კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. ქართველები მცირე, მაგრამ ძლიერი, თავისუფლებისმოყვარე ერია. როდესაც საჭიროა, ჩვენ თავდადებით ვიბრძვით თავისუფლების, საკუთარი ოჯახებისა და სამშობლოს დასაცავად.

„მთელ ჩვენს ისტორიაზე რომ არ ვილაპარაკოთ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც ჩვენ გადავიტანეთ არაერთი ომი ჩვენს ქვეყანაში; ბოლო წლებში ჩვენი მამაცი ჯარისკაცები ნატო-ს ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად იცავდნენ გლობალურ უსაფრთხოებას. ავღანეთის სამშიდობო მისიაში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ჩვენ ყველაზე მეტი ჯარისკაცით ვიყავით წარმოდგენილი; 32 ქართველი გმირი ჯარისკაცი დაიღუპა ამ ბრძოლაში, ასეულობით კი დაშავდა. ასე რომ, ვიცით რა მოაქვს ომს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის. იესო ქრისტე ამბობს სახარებაში: ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. ამ ურთულეს დროში, მიუხედავად არაერთი პროვოკაციისა და დესტაბილიზაციის მცდელობისა, ჩვენ შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ისტორიაში, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისას პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა საქართველოში", - განაცხადა ღარობაშვილმა.

პრემიერმა კონფერენციაზე მიწვევისთვის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უკვე ნახევარი საუკუნეა, ამერიკული კონსერვატიული კავშირის მიერ ინიცირებული მოძრაობა მსოფლიოში ტრადიციული, უზენაესი ფასეულობების განმტკიცებისათვის იბრძვის.

ღარიბაშვილმა მასპინძელს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომ „ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს", იგი „ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგას და სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანია".

„რა გვაძლევს ძალას ამ ერთიანობისთვის? უპირველეს ყოვლისა, ეს არის ის ტრადიციული, უზენაესი, მარადიული, უნივერსალური ფასეულობები, რომლებიც განსაზღვრავს მთელ ჩვენს ისტორიასა და კულტურას, ჩვენს ყოველდღიურობას. ეს ფასეულობები მარტივად გამოითქმის - ეს არის რწმენა, თავისუფლება, მშვიდობა, ღირსება, სიმართლე, თანასწორობა, ოჯახის სიწმინდე, მშობლების, წინაპრების, ტრადიციების პატივისცემა, სამშობლოსა და ადამიანების სიყვარული, უკეთესი მომავლის იმედი. ყველაფერი, რაც შეიძლება, შევაჯამოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის, ბრძენი და ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის მიერ შემოთავაზებულ პოსტულატებში - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. საქართველოს მთელი ისტორია სწორედ ამ ფასეულობებს ეფუძნება. არსებითად, ეს ფასეულობები ერთ წიგნში - სახარებაშია თავმოყრილი.

„ალბათ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა. დაახლოებით იმავე დროს, მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარში ქართულად ითარგმნა სახარება; თუმცა ქრისტიანობის ქადაგება ჩვენთან გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ ქრისტეს პირველმა მოციქულებმა დაიწყეს. ორი ათასი წელია, მთელ ჩვენს ისტორიასა და კულტურას სწორედ სახარების ფასეულობები განსაზღვრავს. ეს ფასეულობები ყოველთვის საფუძვლად ედო ქართულ იდენტობას, აერთიანებდა ჩვენს ხალხს. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ უძველესი, მაგრამ პატარა, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, იმპერიებისა და ცივილიზაციების შეჯახების ეპიცენტრში მდებარე ქვეყანა გადაურჩა ისტორიის იმ ქარტეხილებს, რომლებმაც არაერთი დიდი და ძლევამოსილი იმპერია გაანადგურა", - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა თქვა, თითქმის რვა ათწლეული გავიდა ისტორიაში ყველაზე დიდი ბოროტების, ფაშიზმის დამარცხებიდან. მას შემდეგ განვლილ დროში მთლიანად კაცობრიობამ, ჩვენმა ქვეყნებმა და ხალხებმა არაერთი რთული პერიოდი გამოიარეს. ქართველებმა, ისევე როგორც სხვა ერებმა, გამოვიარეთ თავისუფლებისათვის ბრძოლის, სამოქალაქო ომების, ოკუპაციის, ეკონომიკური კოლაფსის, ავტოკრატიული რეჟიმის რთული პერიოდები და ჩვენთვის უცხო არ არის გამოწვევები.

ღარიბაშვილის თქმით, 1921 წლის კონსტიტუციამ, იმ დროისათვის ერთ-ერთმა ყველაზე პროგრესულმა სამართლებრივმა დოკუმენტმა, მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა ხმის უფლება მიანიჭა ქალებს, უზრუნველყო ეროვნული უმცირესობების უფლებები. „თანასწორობა, სხვისი ღირსების პატივისცემა ჩვენი ტრადიციებია".

„იმ პერიოდში, როდესაც ყველაფერი ეროვნული იდევნებოდა, ილია ჭავჭავაძემ, დიდმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთმა უმთავრესმა შემოქმედმა, რომელსაც ქართველები ერის მამას ვუწოდებთ, გამოკვეთა თითოეული „ქართველისათვის უმთავრესი ფასეულობები: მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენი დღევანდელი კონსტიტუცია სწორედ ამ მემკვიდრეობას, ამ მონაპოვარს ეფუძნება; იგი იცავს და უზრუნველყოფს თითოეული ინდივიდის უფლებებს და, ამავე დროს, აღიარებს რა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში, მის განვითარებაში, განამტკიცებს უზენაეს და მარადიულ ფასეულობებს", - აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო დღეს ევროპისგან ელის შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

„საქართველოს სწორედ თავისუფლების იდეალი ამოძრავებს საუკუნეთა განმავლობაში ევროპის ერთა ოჯახის სრულფასოვან წევრად გახდომისკენ სწრაფვისას, იმ ევროპის, რომელიც სწორედ ქრისტიანულ ფასეულობებს ეფუძნება. ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმების შედეგად დღეს ისე ახლოს ვართ ამ მიზანთან, როგორც არასდროს. ჩვენ უდიდესი ძალისხმევა გავწიეთ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის, ეკონომიკური წინსვლისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად; სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერება სამართლიანად იმსახურებს მიუკერძოებელი და ობიექტური შემფასებლების აღიარებას მთელ მსოფლიოში. ამაზე მეტყველებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები. მაგალითად, World Justice Project-ის კანონის უზენაესობის ინდექსის 2022 წლის კვლევით, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდექსით, ვუსწრებთ ნატო-სა და ევროკავშირის არაერთ ქვეყანას. საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსით, ლიდერი ვართ რეგიონში. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, ევროკავშირის 11 ქვეყანას ვუსწრებთ. ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის 2021 წლის ღია ბიუჯეტის კვლევის მსოფლიო რეიტინგში საქართველო, სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, 120 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა.

„ჩვენი ხელისუფლების შრომის მონაპოვარია ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, დღეს უკვე - ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა პრემიერ ორბანს ამ ძალისხმევის დაფასებისა და მუდმივი თანადგომისათვის.

„დღეს ჩვენ ევროპისგან ველით შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანი ძალისხმევის დამსახურებული აღიარება იქნება, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, საქართველოს ადგილი ევროპაშია, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს!" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველო უნიკალური ქვეყანა იმითაც, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი, შიიტი და სუნიტი მუსლიმები დღესაც ერთსა და იმავე მეჩეთში ლოცულობენ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტოლერანტობა ქართველი ხალხის უნიკალური ტრადიციაა.

„საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, მაგრამ ჩვენი კათოლიკეები, მუსლიმები, ებრაელები ჩვენს წინაპრებთან ერთად ქმნიდნენ ჩვენს დიდ ისტორიას და ქმნიან მის დღევანდელობას. ჩვენთვის ძალზე ძვირფასია მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თანმშრომლობის ეს ისტორია. ჯერ კიდევ XI საუკუნეში ჩვენი უდიდესი მეფე დავით აღმაშენებელი რელიგიურ დღესასწაულებზე მეჩეთში სტუმრობდა მუსლიმებს პატივისცემის გამოსახატად," - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება შეჯამდეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ შემოთავაზებულ პოსტულატებშია მოცემული - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთელი ისტორია სწორედ ამ ფასეულობებს ეფუძნება.

მისიე შეფასებით, ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე, თუმცა „ბოროტება ხშირად განახლების სახელით მოდის".

„რასაკვირველია, ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის. ასე იყო ფაშიზმის შემთხვევაშიც, და არაერთხელ მთელს ისტორიაში. ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა, რომ თავისუფლებას - ცრუ თავისუფლების სახელით ებრძვიან. დიახ, ეს ნამდვილად ასეა. არავინ ებრძვის თავისუფლებას - მონობის სახელით, არამედ - ცრუ თავისუფლების; არავინ უპირისპირდება სიმართლეს - სიცრუის სახელით, არამედ - ყალბი სიმართლის სახელით;

„როგორ ცდილობენ ძალები, რომლებიც თავისუფლებას, სიმართლეს უპირისპირდებიან, საკუთარ მიზნებს მიაღწიონ? სწორედ ტრადიციული, ოჯახური ფასეულობების ნგრევით და ყალბი თავისუფლების თავსმოხვევით - ლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის - მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით, ასეთი ეგრეთწოდებული „სიახლეების" იძულებით, რომელიც ადამიანს საკუთარ ფესვებს, ოჯახს, საკუთარ ტრადიციას, კულტურას, ისტორიას მოწყვეტს. ასეთი ადამიანის მართვა - ვინც დაივიწყა საკუთარი ისტორია, რწმენა - უფესვებო ადამიანის მართვა ადვილია.

„ამიტომაც, ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური, კონსერვატიული ფასეულობებია. დღესაც, დრამატულ განახლებათა - ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების განვითარების, ინდუსტრიული ზრდის, ურბანიზაციის, სოციალურ ცვლილებათა და გლობალიზაციის ეპოქაში, ჩვენ კვლავ, შესაძლოა, უფრო მეტადაც კი, გვჭირდება მორალური ორიენტირები, რომელთაც სწორედ ჩვენი ტრადიციები და ფასეულობები გვთავაზობს. სწორედ განახლების, განვითარების, არსებითი წინსვლის სურვილი მოითხოვს, რომ ყველა ახალ დაპირებას მკაფიო, დროში გამოცდილი კრიტერიუმების, ისტორიული ფასეულობების შუქზე შევხედოთ.

„რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს ვინმესადმი დაპირისპირებას. ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს - არავის ინტერესები არ უნდა შეიზღუდოს - სხვათა ინტერესების გამო. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი თითოეული მოქალაქის უფლებებს და ამას საქმით ვამტკიცებთ.

„2014 წელს, ერთი მხრივ, ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, მაგრამ ასევე, საკუთარი მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობით, ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც განუხრელად იცავს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს"-განაცხადა ღარიბაშვილმა

ღარიბაშვილმა დამსწრე საზოგადოებასთან კონფერენციაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და ქვეყნებს მშიდობისკენ მოუწოდა.

„ჩვენს რთულ დროში ყველა უნდა გავერთიანდეთ. მოდით, ვაქციოთ ჩვენი ქვეყნები - მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის ადგილად.

„ბატონმა ორბანმა თავის დალასის გამოსვლაში იხუმრა, რომ უნგრეთი ნამდვილად არ არის სუპერძალა. საქართველოს, კიდევ უფრო პატარა ქვეყანას, მით უმეტეს, არასდროს ჰქონია ასეთი ამბიცია. მაგრამ მაინც, ჩვენ ვფლობთ სუპერძალას - ეს ძალა არის რწმენა, ჩვენი ოჯახები, ტრადიციები, მარადიული და უნივერსალური ფასეულობები.

„სწორედ ერთიანობით ჩვენ შევძლებთ დავუპირისპირდეთ ყალბი თავისუფლების და ყალბი სიმართლის სახელით მოსულ ბოროტებას და ნამდვილი, ტრადიციული, უზენაესი, ოჯახური ღირებულებებით დავიცვათ და შევინარჩუნოთ სამყარო ჩვენი შვილებისათვის და მომავალი თაობებისათვის",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე