ნაზი ბერიძე
(03.05.2023)

„ევროპელი სოციალისტების" ლიდერი ფრიდონ ინჯია პარლამენტში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს. იგი აცხადებს, ეს საკითხი „ქართულ ოცნებასთან" არ აქვს შეთანხმებული, თუმცა „ალტ-ინფო" ამაზე განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. ანალიტიკოსები ასეთი კანონის მიღებას გაუმართლებლად მიიჩნევენ თუნდაც იმიტომ, რომ იგი 9 წლის წინ მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონს ეწინააღმდეგება და ასევე, დიდი ალბათობით, სერიოზული წინაღობა იქნება ევროინტეგრაციის გზაზე.

ფრიდონ ინჯიას თქმით, იგი გეგმავს საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებას, რომელთა შესახებაც 30 აპრილს თბილისში გამართულ აქციაზე იყო საუბარი. ეს შეეხება ლგბტ პროპაგანდი აკრძალვას, „ნაციონალური მოძრაობის" სამართლებრივ შეფასებას და ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შემცირებას.

ინჯია ირწმუნება, რომ ამ საკანონდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკება არ ჰქონია. „ალტ-ინფოს" ლიდერი კოკა მორგოშია კი აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, „ქართული ოცნება" პარტნიორი პარტიების მეშვეობით ყველა იმ კანონს მიღებას გეგმავს, რომლებსაც „ალტ-ინფო" წლებია ითხოვს.

„მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება" პარტნიორი პარტიების მეშვეობით მიიღებს ყველა იმ კანონს, რომლის მიღებასაც ჩვენ წლებია ვითხოვთ და ვიბრძვით!!! მათ შორის კანონს გეი-პროპაგანდის წინააღმდეგ!!! ეს ამბავი ძალიან მახარებს, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!!!

ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, 5 ივლისი იყო ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება და ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისი საქართველოში!!! " - წერს მორგოშია საკუთარ „ფეისბუქ" გვერდზე.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ხელისუფლება არ გეგმავს საკანონმდებლო დონეზე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას. მისი თქმით, ასეთი კანონის მიღება პირველ რიგში სამართლებრივი მოსაზრების გამო არ განიხილება და მეორე, „შეიძლება ამან უფრო მეტად დაასხას რადიკალების წისქვილზე წყალი".

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, „რეზონანსთან" ამბობს, რომ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონპროექტის მიღება, გამოიწვევს მწვავე რეაქციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და შესაბამისად, ამას უარყოფით შედეგები მოყვება.

„არერთხელ ითქვა, არიან პოლიტიკური სუბიექტები საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც, რომლებსაც სურთ დაიბლოკოს საქართველოს ინიციატივა ევროპულ სისტემაში შესვლის თაობაზე. როცა ჩასაფრებული გყავს ადამიანები, იქ მეტი სიფრთხილეა ალბათ საჭირო. ასეთი კანონი წესით არ უნდა მიიღონ იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, სიტუაცია არ მოითხოვს - არაფერი მომხდარა ისეთი, რომ გინდა თუ არა საჩქაროდ უნდა იყოს მიღებული", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამ თემაზე „რეზონანსთან" საუბრისას ინჯიას ინიციატივის კანონად ქცევას გამორიცხავს, რადგან ეს წინააღმდეგობაში მოდის 2014 წელს მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონთან.

„ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონპროექტი თუ შემოვიდა, ის წინააღმდეგობაში მოვა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან, რომელიც 2014 წელს „ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში მიიღო პარლამენტმა. გასაგებია, რომ ამ კანონპროექტს ევროკავშირშიც და აშშ-შიც უარყოფითად შეხვდებიან და მე წარმომიდგენია ის რეაქციები, რაც აგორდება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

„არ მგონია ინჯიას და მის ფრაქციას პარლამენტში მხარდაჭერა ჰქონდეთ. მართალია, შეუძლიათ გამოვიდნენ პარლამენტში ინიციატივებით, მაგრამ რამდენად ექნება მას „ქართული ოცნების" მხარდაჭერა, ეს კიდევ საკითხავია. შეიძლება კანონპროექტი გავიდეს საკომიტეტო მოსმენაზე და იქ ჩავარდეს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე