ნაზი ბერიძე
(02.05.2023)

საქართველო, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს არ მონაწილეობს მრავალეროვან სამხედრო წვრთნებში „მცველი 23". ამის გამო ოპოზიცია ხელისუფლებას პოლიტიკური კურსის შეცვლასა და ნატოსგან დისტანცირებაში ადანაშაულებს. უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან"ადასტურებს, რომ საქართველომ ამ ჟესტით ნატოში ინტეგრაციაზე პრაქტიკულად უარი განაცხადა.

„მცველი 23" არის ნატოს ეგიდით ორგანიზებული სამხედრო სწავლება/წვრთნები, რომელიც ყოველ წელს ტარდება. წვრთნები ორი თვე გრძელდება - 22 აპრილიდან 23 ივნისამდე.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თანახმად, წვრთნები ფოკუსირებულია „ამერიკაში განთავსებული ძალების სტრატეგიულ გადასროლაზე, არმიის წინასწარ გამზადებული მარაგების მიწოდებასა და ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან თავსებადობის გაზრდაზე".

როგორც 5 აპრილს პენტაგონის ვიცე-პრესსპიკერმა, საბრინა სინგჰმა განაცხადა, წელს წვრთნებში დაახლოებით 9 000 ამერიკელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების 17 000 ჯარისკაცთან ერთად. წვრთნების ჩატარების არეალი კი 10 სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ტერიტორიაა.

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, რომელიც მან 30 აპრილს გააკეთა, „ამაში პრობლემას ვერავინ უნდა ხედავდეს, რადგან საქართველო წელს 20 სხვა საერთაშორისო სწავლებაში იღებს მონაწილეობას", ხოლო „კონკრეტული სწავლება შეიძლება იყოს ხარჯებთან დაკავშირებული".

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ამ განცხადებას სკეპტიკურად უყურებს და ხელისუფლებას ნატოსგან დისტანცირების გამო აკრიტიკებს.

„ნატოს სწავლებაში, სადაც საქართველო წლებია მონაწილეობს და რომლის მთავარი იდეა არის რუსეთის აგრესიის შეკავებაზე ფოკუსირება და შეერთებულ შტატებთან, ნატო-სთან და მოკავშირე წევრ ქვეყნებთან ერთად სამხედრო სწავლებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ამ სწავლებაში თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არ მონაწილეობს და ეს ახსნა სხვადასხვა ლოჯისტიკური ხარჯით და სხვადასხვა სირთულით, რაც არის ტყუილი და რაც არის დამაზიანებელი ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარებისთვის", - აღნიშნა აქუბარდიამ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, პენტაგონის ოფიციალურ განცხადებაში, 5 აპრილის მოცემულობით, საქართველო მონაწილეობდა ამ სწავლებაში, რომელიც ესპანეთში დაიწყო.

„აქვე მნიშვნელოვანია, რომ მოლდოვაც, რომელიც არც ნატო-ში არ მიილტვის და არც ისეთი დონის თანამშრომლობა აქვს შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან, როგორც საქართველოს, იღებს მონაწილეობას ამ სწავლებაში. ამ მოცემულობაში, როდესაც რუსეთი შეშფოთებით ადევნებდა თვალს ამ სამხედრო სწავლებას ბოლო წლების მანძილზე და გამოხატავდა კიდეც თავის უკმაყოფილებას, საქართველოს არმონაწილეობა ამ სამხედრო სწავლებაში პირდაპირ ძღვენია კრემლისთვის და დამაზიანებელია ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის. მით უფრო როდესაც ვლაპარაკობ, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფისთვის.

„მინისტრმა იცრუა, როდესაც ეს ახსნა ლოჯისტიკური ხარჯებით, რამდენადაც წლების მანძილზე საქართველო მონაწილეობს ნატოს ამ სწავლებაში. მეტიც, გეტყვით, რომ ორი წლის წინ საქართველომ უმასპინძლა კიდეც ამ სწავლებას და როგორც წესი, სამხედრო სწავლებებში ჩვენი პარტნიორების მხრიდან იყო უზრუნველყოფილი როგორც ლოჯისტიკური, ასევე სხვა ხარჯები. ეს არის მკაფიო სიგნალი ნატო-სგან, დასავლეთისგან დისტანცირების და იმის, რომ საქართველოსთვის აღარ არის დეკლარირებული ეროვნული ინტერესი ნატოში გაწევრიანება, ისევე როგორც ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფა", - განაცხადა აქუბარდიამ.

„ქართულ ოცნებაში" ამ ბრალდებას უარყოფენ.

„აქ გაკეთდა განცხადება საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს სწავლებებში არმონაწილეობის შესახებ, თითქოს ამ სწავლებებში მონაწილეობა არ არის თავდაცვის ძალებისთვის პრიორიტეტული და თითქოს ჩვენი სახელმწიფოსთვის არ არის პრიორიტეტული ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს არის სრული დეზინფორმაცია, ანტისახელმწიფოებრივი და სამარცხვინო განცხადება", = ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატო-სთან დღითი დღე ღრმავდება და ძლიერდება.

უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია, „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნებისმიერ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობა, რომელიც ნატო-ს ეგიდით ხორციელდება, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ხელისუფლების გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს და ფიქრობს, რომ ეს ფაქტიურად არის დემარში და ნატოსთვის ხელის კვრა.

„საერთოდ, ნებისმიერ წვრთნებში მონაწილეობა, რომელიც ხორციელდება ნატოს ეგიდით, ყველა მნიშვნელოვანია და აბსოლუტურად არცერთი არ არის ჩამოსაწერი, რომ მონაწილეობა არ მიგვეღო. ეს ყველაფერი არის მანიპულაცია თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. ჩვენ რა ვიცით, სხვა წვრთნებში ვღებულობთ თუ არ ვღებულობთ მონაწილეობას?

„ბოლო წვრთნები რაც იყო, იმართებოდა ნატო-ს ეგიდით და ეს წვრთნები იყო საკმაოდ ფართომასშტაბიანი. მასში მონაწილეობდნენ სხვა პარტნიორი ქვეყნებიც - უკრაინა... სომხეთიც კი მონაწილეობდა. ამ დროს ჩვენი მხარე არ მონაწილეობს. თქვენ გამოიტანეთ დასკვნა... ეს არის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა და ნატოს მიმართ ერთგვარი ხელის კვრა - ეს შემიძლია გითხრათ.

„აქედან გამომდინარე, დე ფაქტოდ ნატოს მიმართ პოლიტიკა შევცვალეთ. ფორმალურად რა ხდება ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ კონსტიტუციაში სხვა რამ გვიწერია. მაშინ კონსტიტუციაც უნდა შეიცვალოს,

„როგორც ვიცი, საქართველომ თავის დროზე განაცხადა თანხმობა მონაწილეობაზე და მერე რატომ შეიცვალა პოზიცია, ეს გაურკვეველია.

„ეს არ არის შემთხვევითი, რიგითი ტიპის წვრთნები. ეს საკმაოდ მსხვილმასშტაბიანია და მასში უნდა მომხდარიყო ჩვენი და ნატო-ს ალიანსის ძალების ერთგვარი თავსებადობის მიღწევა.

„ჩვენ ისედაც არ ვართ წვრთნებით განებივრებული, გინდ ეროვნული წვრთნა ავიღოთ, გინდ ნატოს ეგიდით. ჩვენთვის ნებისმიერი წვრთნა უნდა იყოს მნიშვნელოვანი, რადგან ის ჩვენს თავდაცვისუნარიანობას აუმჯობესებს. შესაბამისად, ოპოზიციის ბრალდებებიც ხელისუფლების მიმართ საფუძვლიანია.

„ასეთი საქციელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის დემარში. რაც 1999 წლიდან დავიწყეთ ნატო-ში ინტეგრაციისთვის სვლა, ჩვენ არასდროს არ ჩაგვიგდია ნატოს ეგიდით განხორციელებული წვრთნები.

„ჩემთვის გასაგებია - ჩვენ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას ვცვლით. სხვებმა გამოიტანონ დასკვნა. შეიძლება ასე გამოვიდეს, რომ, პირობითად, ევროკავშირში ინტეგრაცია გვინდა და ნატოში აღარ გვინდა", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე