თამთა ჩაჩანიძე
(15.03.2023)

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებისას, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ევროინტეგრაციის პროცესზე მთავარი გზავნილები გაჟღერდა - დამაიმედებელ და პოზიტიურ ნიშნად შეფასდა ე.წ. „უცხოური აგენტების" შესახებ კანონის გაწვევა და აღინიშნა, რომ „ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ გამოხატა შემართება, შეუერთდეს ევროკავშირს, მთავრობამაც ანალოგიური გზავნილები გააკეთა", ახლა კი მოქმედების დროა, რაშიც საკვანძო 12 პრიორიტეტის შესრულებაა.

12 პრიორიტეტის შესრულება ერთადერთი გზაა ქვეყნისთვის, რომ მის მიერ არჩეულ ევროპულ გზაზე წინ წაიწიოს და ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის შესასრულებელია. ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დასკვნით სიტყვისას განაცხადა, მისი თმით, „აგენტების კანონის" გაწვევა დამაიმედებელი და პოზიტიური ნიშანია, „ახლა კი ადგილზე ქმედების დროა".

როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, დებატებისას იყო განსხვავებული მოსაზრებებიც, თუმცა მოისმინა ის იმედისმომცემი განცხადებები, სადაც აღინიშნა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მაქსიმალურად დაეხმარებიან. ევროპული ინტეგრაცია კი ქართველი ხალხის ერთსულოვნებაზე და ხელისუფლების თანმიმდევრულ ნაბიჯებზეა დამოკიდებული, „ორივეს კი ნათლად ვხედავთ".

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის თქმით კი, ევროპარლამენტში დებატებმა აჩვენა, რომ ყველას სურს საქართველომ მის რეფორმებში და ევროპულ გზაზე წარმატებას მიაღწიოს.

„ყველა უნდა დავეხმაროთ, რომ ამან ქართველი ხალხამდე მიაღწიოს, რადგან ეს ქართველი ხალხის მიზანია. ეს ასევე საკვანძოა ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერ პროცესში.

„12 პრიორიტეტი საკვანძოა, ვინაიდან, ისინი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანებს აყალიბებენ. და ახლა საქართველომ [ეს] უნდა დააკმაყოფილოს, ამ რეფორმებზე უნდა იმუშაოს და ეს ერთადერთი გზაა ქვეყნისთვის, რომ მის მიერ არჩეულ ევროპულ გზაზე წინ წაიწიოს.

„როგორ ვეხმარებით ამ სამუშაოს და როგორ ვეხმარებით შესრულებაში? - რა თქმა უნდა, გვერდში ვუდგავართ ფინანსურად, გვერდში ვუდგავართ ექსპერტებით, მაგრამ არ შეგეშალოთ: ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის მიერ შეიძლება იქნას შესრულებული, ვინაიდან, ვიმეორებ, ეს ყველაფერი ქართველი ხალხისთვისაა", - თქვა ვარჰეიმ.

მან დამაიმედებელი და პოზიტიური ნიშანი უწოდა ე.წ. აგენტების შესახებ კანონის გაწვევას და დასძინა, რომ "ქართველებს აქვთ მომავალი ევროკავშირში" და უნდა დააკმაყოფილოს სტანდარტები, დაიცვას ღირებულებები.

„გასულ დღეებში ათასობით ქართველმა ისარგებლა მშვიდობიანი შეკრების და პროტესტის უფლებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პირველი მოსმენით დამტკიცების წინააღმდეგ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალები და კაცები გავიდნენ ქუჩებში. მათ ხელში ეჭირათ ევროპული დროშები, რათა კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ თავიანთი ერთგულება დემოკრატიისადმი, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისადმი. ამ დემონსტრაციების შემდეგ მმართველმა პარტიამ გამოაცხადა გადაწყვეტილების შესახებ, გაიწვიოს კანონი და მომდევნო დღეს პარლამენტმა კენჭისყრაზე ეს კანონი ჩააგდო. ორივე კანონპროექტის გაწვევა არის პოზიტიური და გამამხნევებელი ნიშანი.

ქართველებს აქვთ მომავალი ევროკავშირში. ევროპულმა პერსპექტივამ, რომელიც საქართველოს შარშან, ივნისში მიენიჭა, ურთიერთობები უფრო ახლო კურსზე გადაიყვანა, ევროკავშირის გაფართოების ჩარჩოში, რაც დაფუძნებულია ხანგრძლივ თანამშრომლობაზე, რომელიც განმტკიცებულია ასოცირების შეთანხმებით. ევროპული გზა მაღალ თამასას აწესებს, რაც ეხება სტანდარტებს საქართველოში. საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს სტანდარტები და დაიცვას ღირებულებები. ამას თან მოსდევს გაზრდილი ყურადღება და მონიტორინგი, რეფორმების გატარების საჭიროება, ის ასევე უზრუნველყოფს უფრო ფართო ინსტრუმენტებს, რომლებიც საქართველოს ექნება ამ პროცესში", - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ოლივერ ვარჰეის განმარტებით, რეფორმებსა და ევროკომისიის მიერ დასახულ პრიორიტეტებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

სიტყვით გამოსვლისას ოლივერ ოლივერ ვარჰეიმ მიხეილ სააკაშვილის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების სამართლებრივი პასუხისმგებლობაა, სააკაშვილის უფლებები სრულად იყოს დაცული.

როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსს" ეუბნება, 12 რეკომენდაციის შესრულება ქვეყნის პერსპექტივისთვის აუცილებელია, თუმცა დეპოლარიზაციის საკითხის შესრულების პერსპექტივა არ ჩანს, ამიტომ მოსალოდნელია, რომ მეთორმეტე პუნქტის შესრულება დაქმებით იყოს.

„12 რეკომენდაციის შესრულება აუციულებელია და ამას საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, თუმცაღა რიგ თემებზე მას ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება. ვნახეთ, რომ გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად, სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურის დამტკიცება, ოპოზიციის ნაწილის თანხმობით მოხერხდა და არა ენმ-ს გაჯიუტებით.

„სამშაბათს ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე გამოჩნდა, რომ საქრთველოზე ორი სხვადასხვა მოსაზრებაა - ის ცნობილი ევროპარლამენტარები, რომლებიც სააკაშვილის ლობისტებად მოიაზრებიან, მათ საქართველოზე ჩვეული ანტისახელისუფლებო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები ჰქონდათ, ეს გასაკვირი არაა. თუმცაღა ასევე მოვისმინე ევროპარლამენტარების, მათ შორის ევროკომისრის ის იმედისმომცემი განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს მაქსიმალურად დაეხმარებიან, რომ მან არსად არ ადაუხვიოს, ამჟამინდელი ხელიუფლება არც აპირებს, რომ ევროინტეგრაციის გზას გადაუხვიოს.

„აქ უბრალოდ სააკაშვილის საკითხია პრობლემური, რომელიც მის ე.წ. მომაკვდაობას ეხება. ზოგიერთ ევროპარლამენტარს მიაჩნია, რომ იმ 12 პუნქტს მეცამეტეც უნდა დაემატოს, რასაც სააკაშვილის გათავისუფლება ჰქვია. ეს კი სუვერენული სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად მიუღებელია, როცა მის კანონის უზენაესოაბში უხეშად ერევიან, არ აქვს მნიშვნელობა ეს ევროპიდან იქნება, სხვა რეგიონებიდან თუ ქვეყნებიდან.

„იქ ასევე კონსტრუციული მოსაზრებებიც გაისმა, რომ სააკაშვილმა შესაძლოა ევროპელი მედიკოსების ერთგვარი რჩევა მიიღოს, რაც მისასალმებელია, რადგან რამდენიმე თვის წინ სააკაშვილის ოჯახს თავად საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შესთავაზა, რომ ნებისმიერი ქვეყნიდან ნებისმიერი მედიკოსი ჩამოიყვანონ და სააკაშვილი შეამოწმონ, ამაზე პრობლემა არ იქნება. აქ პოზიციათა დაახლოვება აბსოლუტურად შესაძლებელია და ევროპიდან ეს სიგნალი უკვე გაისმა. სააკაშვილის თემით სპეკულირება ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს, რომ თითქის კანონდარღვევით მისი საზრვარგარეთ გაშვება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება, ეს ასე არაა. ევროული ინტეგრაცია არცერთ პატიმარსა და არცერთ ყოფილ თუ მოქმედ პოლიტიკოსზე დამოკიდებული არაა.

„ევროპული ინტეგრაცია ხალხის ერთსულოვნებაზე და ხელისუფლების თანმიმდევრულ ნაბიჯებზეა დამოკიდებული, ორივეს კი ნათლად ვხედავთ. 12 პუნქტიან ჩამონათვალში, პირველი საკითხის დეპოლარიზაციის შესრულება ჩემთვის და ბევრისთვის ძალიან სათუოა, სანამ კეზერაშვილის დაფინანსებული მერაბიშვილი და მისი დესტრუქციული ანტურაჟი ქუჩაში ე.წ. რევოლუციების მოწყობას ცდილობს და ამასთან, „ნაცმედიიდან" დეზინფორმაცია და ტყუილი ნიაღვარივით მოედინება, დეპოლარიაზაციაზე ლაპარაკი შეუძლებელია.

„შესაძლოა ეს საკითხი ობიექტურად მოაზროვნე ევროპელ აქტორებმა გაითვალისწინონ და როცა შეხედავენ, რომ მოცემულ რეალობაში 11 პუნქტი შესრულება მიღწევადია, შესაძლოა პირველი პუნქტის შესრულბა უფრო დათქმებით იყოს და ა.შ. ევროპელების განცხადებებს დაველოდოთ, უახლოეს პერიოდში კანდიდატის სტატუსზე შუალედური დასკვნაა მოსალოდნელი. დაველოდოთ, მაგრამ იმ დეზინფორმაციის ფონზე, რაც აქედან და სააკაშვილის მოკავშირეებიდან ისმის, რომ თითქოს ხელისუფლებამ ევროპულ ინტეგრაციას გადაუხვია, ძალიან დიდი ტყუილი და საქართველოს საზოგადოებისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა, რომელსაც ნამდვილად ევროპულ ოჯახში დამკვიდრება სურთ",-განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ქართველი პოლიტიკოსების მიმართ ჩემი გზავნილი მკაფიოა: უკრაინაში ომმა შესაძლებლობის ფანჯარა გაგიხსნათ, ნუ გამოტოვებთ მას, გამოიყენეთ , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ევროპას არ აქვს სურვილი, საქართველო ომში ჩაითრიოს.

„მე, როგორც სამხრეთკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარეს ორი „მესიჯი" მაქვს: საქართველოს მოსახლეობა ძალიან მკაფიო იყო თავისი ევროპული მისწრაფებების გამოხატვაში და ამას მხარს დავუჭერთ.

„არ გვაქვს სურვილი, ომში ჩაგითრიოთ. ჩვენ კარგად გვახსოვს 2008 წლის ომი და ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მის ტერიტორიულ მთლიანობას.

„ქართველი პოლიტიკოსების მიმართ ჩემი გზავნილი მკაფიოა: უკრაინაში ომმა შესაძლებლობის ფანჯარა გაგიხსნათ, ნუ გამოტოვებთ მას, გამოიყენეთ. ეს ფანჯარა მუდმივად არ იქნება, გააკეთეთ ის, რასაც თქვენი მოსახლეობა თქვენგან მოელის",- განაცხადა მარინა კალიურანდმა, რომლის განცხადების თარგმანიც „მთავარ არხს" ეკუთვნის.

საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ამას მისი მთავრობა არ იმსახურებს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხი განსხვავდება საქართველოს მთავრობისგან.

„საქართველოს კონსტიტუციის მუხლი მოითხოვს, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.

„ისინი, ვინც პარლამენტში არიან, მათ უღალატეს თავიანთ მოსახლეობას, მათ საქართველოს მოსახლეობა აიძულეს ქუჩაში გასულიყვნენ. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ამას მისი მთავრობა არ იმსახურებს",- განაცხადა კრამონმა.

ევროპარლამენტარის, სვენ მიქსერის განცხადებით კი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი გაწვეულია, ხელისუფლების რიტორიკა და ნარატივი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არ არის. როგორც მიქსერმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე განაცხადა, ხელისუფლების მიერ აღნიშნული კანონპროექტის მიღების მცდელობა მაგალითია იმისა, თუ რა პრობლემებია საქართველოში.

„ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის მხარდაჭერა ძალიან მაღალია და ჩვენ საქართველოს ევროპულ მომავალს ყოველთვის ვუჭერდით მხარს. ჩვენ აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი ამ მისწრაფებებს. ვნახეთ ძალიან ბევრი პრობლემა - სასამართლო რეფორმის და კანონის უზენაესობის მხრივ და საქართველოს მთავრობის მცდელობა, რომ აგენტების კანონი მიეღო, ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რა პრობლემებია სახელმწიფოში. ეს ძალიან შემაშფოთებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი გაწვეულია, სახელმწიფოს რიტორიკა და ნარატივი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არაა",- განაცხადა სვენ მიქსერმა.

დებატებზე პრორუსული ძალების მიერ საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვასაც გამოეხმაურნენ, ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტევიჩუსმა ამ ფაქტს ძალიან სამწუხარო ამბავი უწოდა და აღნიშნა, რომ სჯერა, „საქართველოს მოსახლეობა შეებრძოლება ტოტალიტარიზმს და ავტორიტარიზმს".

„მინდა დავიწყო იმით, რომ მივულოცო საქართველოს მოსახლეობას ის, რომ დაიჭირეს ძალიან მყარი პოზიცია რუსული კანონის წინააღმდეგ და მინდ გამოვთქვა სამოქალაქო საზოგადოებითა და საქართველოს მოსახლეობით ჩემი აღფრთოვანება და კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია და ასევე უნდა შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, რომელიც იყო მოწამლული და დაპატიმრებულია საქართველოში", - განაცხადა პეტრას აუსტევიჩუსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე