ელზა პაპოშვილი
(25.11.2022)

უშუქობა და უწყლობაა - უკრაინის ბევრ ქალაქს და მათ შორის დედაქალაქს ამ დრომდე ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება. რუსები სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს ამ დრომდე აგრძელებენ და ნახევარი უკრაინა სრულიად ჩაბნელებულია. ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ხალხს ცივი ზამთრისთვის მომზადებას ურჩევს და ამბობს, რომ რუსები მათ გატეხვას ამ ხერხით მაინც ვერ შეძლებენ. მათ ფრონტის ხაზზე წარმატებები აქვთ და რუსების გაღიზიანების მიზეზი მარცხია.  

ომის 275-ე დღეს კი უკრაინაში მძიმე ბრძოლები კვლავ გრძელდება - 7 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა განთავისუფლებულ ხერსონზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უწყვეტი ავიაიერიშების შედეგად. აფეთქებებმა დააზიანა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

7-მდე გაიზარდა კიევის ოლქის ქალაქ ვიშგოროდზე რუსული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი. რუსულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქზეც, დაზიანდა ადგილობრივი საავადმყოფო.

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, ოკუპანტები რეგულარულად ბომბავენ ატომური ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურას. 

„ოკუპანტები არ აძლევენ შესაძლებლობას ამოქმედდეს მე-5 ან მე-6 ბლოკი, როგორც „ენერგოატომს“ სურს. ამ მიზნით რეგულარულად ბომბავენ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, გუშინწინ ხაზი დაზიანდა, ატომური სადგურის გენერატორები ჩართული იყო, რამაც უზრუნველყო რეაქტორების აქტიური ზონის გასაგრილებლად საჭირო 130 მეგავატი“, - ამბობს სტარუხი.

მისივე ინფორმაციით, რუსებმა დღეს ღამით და დილით ზაპოროჟიეს გარეუბნები დაბომბეს. რაკეტების ნაწილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, სადაც 270-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 60 ექიმი, თუმცა არავინ დაშავებულა.  

„აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, ელექტროენერგია, წყალი, გათბობა და კომუნიკაციები მოქალაქეებს ეტაპობრივად მიეწოდებათ", - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინული ძალები რამდენიმე მიმართულებით წინსვლისთვის ემზადებიან.

„ურთულესი ვითარებაა ქვეყნის 15 ოლქში. აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, მოსახლეობას ელექტროენერგია, წყალი, გათბობა და კომუნიკაციები ეტაპობრივად მიეწოდება. რუსეთს უკრაინელების არამარტო სინათლისა და სითბოს გარეშე დატოვება სურს, არამედ ტერორისტებს ჩვენი ერთმანეთისგან იზოლირება უნდათ. არ აქვს მნიშვნელობა რას გეგმავენ ტერორისტები, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კომუნიკაცია.

„ფრონტზე არსებული ვითარებას ყურადღებით ვსწავლობთ, ჩვენ ვაკვირდებით ოკუპანტების ძალთა გადანაწილების სტრატეგიას და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მათი მოქმედებები შევზღუდოთ.

„სირთულეების მიუხედავად, ჩვენი ბიჭები მამაცურად იცავენ ჩვენს საკვანძო სასაზღვრო ტერიტორიებს ყველა მიმართულებით. არის მიმართულებები, სადაც წინსვლისთვის ვემზადებით," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.   

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს დილით რუმინეთში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. 

მისი თქმით, გაიზრდება "არალეტალური" დახმარების რაოდენობაც.

„ნატო გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას რამდენი ხანიც საჭირო იქნება. ჩვენ უკან არ დავიხევთ. ბევრი ომი მოლაპარაკებებით მთავრდება, მაგრამ რა მოხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება ბრძოლის ველზე", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მან დასძინა, რომ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში "არ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა".    

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი ხუთშაბათს კიევში ჩავიდა უკრაინის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად და აღუთქვა მხარდაჭერა, რაც რუსეთის დამარცხებას დასჭირდება.

კლევერლიმ თქვა, რომ ბრიტანეთი "უკრაინის გვერდიგვერდ დგას" და რომ რუსეთის ომი "მარცხდება".

"რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს. ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება მანამდე, რამდენად იქნება საჭირო ამ მშნევიერი ქვეყნის აღდგენისთვის", - თქვა ჯეიმს კლევერლმა.

მან უკრაინას დამატებითი დახმარების პაკეტი გამოუცხადა. გარდა სასწრაფო დახმარების 24 მანქანისა, მასში კიდევ 11 სასწრაფო დახმარების მანქანა შევა, მათ შორის ექვსი ჯავშანმანქანა.

პაკეტი მოიცავს 3 მილიონ ფუნტს ინფრასტრუქტურის აღსადგენად, როგორიცაა სკოლები და ბავშვთა სახლები, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ განადგურდა.

თანხები ასევე მოხმარდება რუსული აგრესიის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას.   

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის  ყოფილი მოადგილე ლაშა ბერიძე აცხადებს, რომ ახლა უკრაინა რა სახის იარაღსაც დასავლეთისგან იღებს, ტექნოლოგიურად რუსული არმიის იარაღს გაცილებით სჯობნის. 

ბერიძე „რეზონანსთან“ აბობს, რომ რუსებს შეუძლიათ ძველი საბჭოთა კავშირის რაკეტების გადაკეთება, რომელიც არ არის ზუსტი, რაც ამ ომში უპირატეს მდგომარეობაში უკრაინას ამყოფებს. თუმცა, პოლკოვნიკი ამბობს, რომ დასავლეთს სჭირდება იარაღის წარმოება, რადგან ყველა ქვეყანას თავისი თავდაცვისთვის საკმარისი მარაგები აქვს. ამიტომაც არ არის გამორიცხული დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ცოტახნით შეფერხდეს. 

„უკრაინას ჭარბად საბრძოლა მასალები ვერ და არ ექნება. ისიც დამოკიდებულია დასავლეთზე, რომელსაც ასევე ამ იარაღის წარმოება და დრო სჭირდება. თუმცა, ამ ომში რუსების სუსტი მხარე მარტო საბრძოლო მასალები არ არის. რუსების დიდი და სუსტი მხარე ეს არის მოუმზადებული პირადი და ქვეითი შემადგენლობა. 

„ამ ტერიტორიების შენარჩუნებას კარგად მომზადებული ჯარი სჭირდება, რაც რუსეთს არ ჰყავს. უკრაინას მოტივირებული და მომზადებული ჯარი ჰყავს, რომელსაც ზურგს დასავლეთი უმაგრებს. მათ ჯარის გადამზადებული ჯარისკაცებით გაზრდა მუდმივად შეუძლიათ, რუსებს კი ამის შესაძლებლობა არა აქვთ. ახლა  რუსების მთავარი ამოცანა მხოლოდ დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებაა“, - ამბობს პოლკოვნიკი. 

მისივე თქმით, ზამთარი საკმაოდ მძიმე იქნება, როგორც უკრაინისთვის ასევე რუსული არმიისთვის. რუსულ ჯარში დემოტივაციის საფრთხე არსებობს და ეს რისკი ზამთარში  კიდევ უფრო  რეალური გახდება. პოლკოვნიკი ამბობს, რომ უკრაინაც ზამთარში წინ წასვლას ვერ შეძლებს. 

„რეალობა ასეთია, მართალია ხერსონის გათავისუფლება დიდი გამარჯვება იყო, მაგრამ დნიპროს მეორე სანაპიროზე გადმოსვლით ფაქტიურად რუსებმა ეს მიმართულება გაამაგრეს. დნიპრო ისეთი დაბრკოლებაა, რომ მისი გადალახვა უკრაინელებისთვის ძალიან რთული იქნება. მითუმეტეს ზამთარში ამის გარისკვა აბსურდია. 

„ამ ომის მთავარი ტაქტიკა ისაა, რომ უკრაინელებმა ყველგან უნდა შეუტიონ, რადგან სადმე იქნება რამე ბზარი გამოჩნდეს. ასეთი ბზარები იზუმში, ხერსონში და ხარკოვის ოლქში იყო. ასეთი ბზარები, რა თქმა უნდა, ყოველთვის გამოჩნდება. 

„რაც შეეხება სამხრეთის ფრონტს და დნიპროს მეორე სანაპიროს, კი ბატონო,  უკრაინელებმა ნახევარკუნძულის კიმბურგის რაღაცა ნაწილი დაიკავეს. უკრაინელები ცდილობენ, რომ რუსები მშვიდად არ იყვნენ და საბრძოლო მოქმედებები მიდის. თუმცა დნიპროს მარცხენა სანაპიროზე მასიურად ჯარის გადმოსხმა და აქ პლაცდარმის შექმნა ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. 

„თუმცა, მცირე გადმოსვლები და კონვენციური მეთოდებით ბრძოლა ნამდვილად იქნება. ამით რუსების შეიარაღებული ძალების დიდ ნაწილს ხერსონზე მიაჯაჭვებენ. ამის შემდეგ კი უკრაინული ძალები ზაპროჟიეს მიმართულებით გადმოჯგუფდებიან და ჩვენ ამას ვიხილავთ. 

„რეალურად ახლა უკრაინას ყველაზე მძიმე სიტუაცია დონეცკის მიმართულებით უდგას. რუსების უაზრო შეტევები ბახმუტზე ადრე თუ გვიან მათ გამოფიტავს. ამიტომ სავარაუდო წარმატებას ამ მიმართულებებზე მაშინ ვიხილავთ,  თუკი უკრაინელები რუსებზე მუდმივ დაწოლას გააგრძელებენ.  შეძლებენ თუ არა, ეს  ზამთარშიც უნდა გააკეთონ“,-ამბობს პოლკოვნიკი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე