თეონა ვეშაგური
(07.07.2022)

ევროსაბჭოს 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების გეგმის არსებობა უკვე არის წინგადადგმული ნაბიჯი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია თუ დაიწყება გახორციელების პროცესიც. მაგრამ ბუნდოვანია ამ ძალისხმევის შედეგები, რადგან გარკვეულ ოპოზიციურ ჯგუფებს აწყობთ პოლარიზაცია. ეს არის ის ნაწილი, ვინც მიიწევს ხელისუფლების დამხობისკენ, ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე საუბრობს.

„რეზონანსი": ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დადგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში, რომელიც პოლიტიკურ ჯგუფებს „ქართულმა ოცნებამ" შესთავაზა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ჯგუფებს შეხვდა, ისინი უკვე იწყებენ მუშაობას. რას იტყვით აღნიშნულზე და არის თუ არა წინ გადადგმული ნაბიჯი ამ პროცესების გარკვეულწილად დაძვრა ადგილიდან?

რ.ს: რა თქმა უნდა, ამ საკითხზე მუშაობის დაწყება არის წინგადადგმული ნაბიჯი, რაც ევროპარლამენტარმა ვიოლა ფოლ კრამონმაც აღნიშნა რამდენიმე დღის წინ. წინგადადგმული ნაბიჯია თავად გეგმის არსებობა და მისასალმებელია თუ დაიწყება გახორციელების პროცესიც. მიუხედავად იმისა ვინ რა შეფასებებს გააკეთებს. ვიცით, რომ ამ პროცესებში მონაწილეობა არ სურს ოპოზიციას, მიზეზად კი ასახელებენ უნდობლობას.

„რ": თქვენი გადმოსახედიდან, გვიან ხომ არ არის დაწყებული მუშაობა და შეიძლებოდა თუ არა ზომების უფრო ადრე მიღება?

რ.ს: პოლიტიკური ნაწილი ფიქრობს, რომ უფრო ადრეც უნდა ყოფილიყო მიღებული ანალოგიური ზომები. მე მაინც მგონია, რომ ეს მიდგომა არარეალისტურია. როგორც ადრე აღინიშნა, ბევრი კრიტერიუმით აკმაყოფილებდა საქართველო კანდიდადის სტატუსის მიღების წესებს. აქედან გამომდინარე არ ჩქარობდა მმართველი გუნდი რეფორმების გატარებას ამ კუთხით. ჩათვალეს, რომ საქართველოს ეკუთვნის კანდიდატობა და ექნება, მაგრამ ვნახეთ, რომ შეიძლება ეკუთვნის, თუმცა არ მისცეს და პრობლემებზე მუშაობაც მაშინ დაიწყეს, როცა ეს ცხადი გახდა. იქამდე დაწყება კი იქნებოდა არარეალისტური, რადგან ერთი შეხედვით აუცილებლობას არ წარმოადგენდა. გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ქართველი, ისე უცხოელი დიპლომატების ნაწილი საუბრობდა საქართველოს უპირატესობაზე მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით.

„რ": არსებული ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი კოლეგებთან პოლარიზაციის შემცირების საკითხზე აპირებს საუბარს. როგორ გგონიათ, რა იქნება ამ ძალისხმევის შედეგი და მივიღებთ თუ არა ხელშესახებ შედეგებს?

რ.ს: ვერ გეტყვით იქნება თუ არა რაიმე შედეგი, რადგან რჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეულ ოპოზიციურ ჯგუფებს აწყობთ პოლარიზაცია. ეს არის ის ნაწილი, ვინც მიიწევს ხელისუფლების დამხობისკენ. ვინც ამას აპირებს, მას, რა თქმა უნდა, არ აწყობს პოლარიზაციის შემცირება. ასეთ ჯგუფებთან პოლარიზაციის შემცირებაზე საუბარი, მგონი სახარების ფუჭად კითხვა იქნება, დანარჩენ ჯგუფებთან კი ალბათ შედეგის მომცემი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე