თამთა ჩაჩანიძე
(05.07.2022)

საოკუპაციო ძალები უკრაინას მთელი ძალით ისევ უტევენ, თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევისთვის ემზადებიან. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, კონტრშეტევას სამხრეთ ნაწილში განახორციელებენ, რადგან რუსული ძალების 60% ახლა აღმოსავლეთშია კონცენტრირებული და სამხრეთში მათი გადამისამართება რთულია. ამასთან, უკრაინელები რუსებს საომარ რესურსებს თანდათან უწურავენ, მათ ლუგანსკის ოლქში ოკუპანტების საბრძოლო მასალის კიდევ ერთი საცავი გაანადგურეს.

სამხედრო სპეციალისტების თქმით, უკრაინის სამხრეთით უკრაინელების კონტრშეტევა სწორი ტაქტიკაა, ეს ის ოპერატიული დონის დიდი კონტრდარტყმა არაა, თუმცა, მნიშვნელოვანია. რაც შეეხება აღმოსავლეთის ფრონტის ხაზს, შესაძლოა ოკუპანტებმა დონეცკის რაიონის მიმართულებაზე ოპერატიული პაუზა აიღონ, თუმცა, იმასაც არ გამორიცხავენ, რომ ბრძოლები ეგრევე გაგრძელდეს.

რა ტაქტიკა აირჩიეს უკრაინელებმა

ქალაქ ლისიჩანსკით რუსეთმა ლუგანსკის ოლქის ოკუპაცია დაასრულა. უკრაინელებიც და სამხედრო ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ რუსული ძალების შემდეგი სამიზნე დონბასის რეგიონის მეორე ოლქი - დონეცკია.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინაში იმედოვნებენ, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში კონტრშეტევას განახორციელებენ.

„ეს რუსეთის უკანასკნელი გამარჯვებაა უკრაინის ტერიტორიაზე", - აღნიშნა არესტოვიჩმა რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქში მიღწეულ წარმატებაზე კომენტირებისას.

„ეს იყო საშუალო ზომის ქალაქები, რასაც დასჭირდა 4 აპრილიდან 4 ივლისამდე პერიოდი - ეს არის 90 დღე. აღმოსავლეთით მდებარე ქალაქების აღება ნიშნავს, რომ რუსული ძალების 60% ახლა კონცენტრირებულია აღმოსავლეთში და ძნელია მათი გადამისამართება სამხრეთში და აღარ არსებობს ძალები, რომელთა შემოყვანაც რუსეთიდანაა შესაძლებელი. მათ დიდი ფასი გადაიხადეს სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკისთვის", - აღნიშნა არესტოვიჩმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 5 ივლისის ღამით, ლუგანსკის ოლქში კადიევკაში ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს, რომელიც დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ფეთქდებოდა. ეს საწყობი იყო ერთ-ერთი მთავარი ჭურვების მომარაგებისთვის პოპასნაია - სევეროდონეცკი - ლისიჩანსკი - ბახმუტის მიმართულებით. რუსების დანაკარგების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

რა ხდება ფრონტის ხაზზე

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გუშინ პრეზიდენტ ვლადიმეტ პუტინს განუცხადა, რომ ლუგანსკში „ოპერაცია" დასრულებულია. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხედრო ქვედანაყოფებმა, „რომლებიც მონაწილეობა მიიღეს აქტიურ საომარ მოქმედებებში და მიაღწიეს წარმატებას, გამარჯვებას" ლუგანსკში „უნდა დაისვენონ, გაზარდონ თავიანთი საბრძოლო შესაძლებლობები".

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა, რომ რუსული ძალების შემდეგი სამიზნე დონეცკის ქალაქები - სლავიანსკი და ბახმუტი იქნება.

„ლუგანსკის რეგიონის დაკარგვა მტკივნეულია, რადგან ეს არის უკრაინის ტერიტორია. ამასთან, მათთვის ნომერ პირველი სამიზნე დონეცკის რეგიონია. სლავიანსკი და ბახმუტი თავდასხმის ქვეშ მოექცევიან - ბახმუტის დაბომბვა უკვე დაიწყო ძალიან მძიმედ", - აღნიშნა გუბერნატორმა.

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში გასული დღის განმავლობაში 24 დარტყმა განახორციელეს და 13 დასახლებული პუნქტი დაბომბეს, თავდასხმების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. რუსული ძალები ბომბავდნენ ავდიივკას, სევერსკს, ბახმუტს, კრასნოგოროვსკას, კრამატორსკს, დოპროპოლიას, კურახოვკას, პივდენოეს, სევერნოეს, ივანოვსკოეს, ზაიცევოს, რომანოვკას, ბელაია გორას.

რუსებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი სხვადასხვა არტილერიით, ს-300 საზენიტო-საჰაერო სისტემით, „გრადის", „სმერჩისა" და „ურაგანის" მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებით გაუხსნეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საომარი მოქმედებები გრძელდება და მტერი ბახმუტის მიმართულებით, ნოვოლუგანსკოესა და ბახმუტის დასახლებებს შტურმით უტევს. მოწინააღმდეგემ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა კოდემას, ნოვოლუგანსკოეს, პოკროვსკოეს, ბერესტოვოეს, სპორნოესა და ივანო-დარიევკას დასახლებებს, სარაკეტო და საჰაერო დარტყმები განახორციელა სოლედართან, სპორნოესთან და შუმოვთან ახლოს.

გენშტაბში აცხადებენ, რომ დონეცკის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლუგანსკის ოლქის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში კონტროლის დამყარებაზე.

მათივე ცნობით, იუჟნობუგსკის მიმართულებით, მოწინააღმდეaგე ძირითად ძალისხმევას მიმართავს უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების წინსვლის აღკვეთაზე, არტილერიით დაბომბა ლუპარევოს, მირნოეს, შევჩენკოვოს, კრასნაია დოლინას, კობზარცის, პარტიზანსკოეს, ბერეზნეგოვატოეს, ტოპოლინოს, ივანოვკას, პოტემკინოს, კნიაზევკას, დობრიანკას, ტრუდოლიუბოვკას და ოსოკოროვკას დასახლებები.

„საარტილერიო და საავიაციო ცეცხლის მხარდაჭერით, აგრესორმა განაახლა თავდასხმის ოპერაციები სპორნოეს დასახლების მიმართულებით, აქვს ნაწილობრივი წარმატება, ბრძოლა გრძელდება.

„კრამატორსკის მიმართულებით, ოკუპანტებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ბელოგოროვკასა და ვერხნეკამენსკოეს რაიონებს. სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განხორციელდა სლავიანსკთან და ზვანოვკას მახლობლად. ავდიივკას, კურახოვეს, ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით ფიქსირდება თავდაცვის ძალების პოზიციების დაბომბვა სხვადასხვა კალიბრის არტილერიით,"- აცხადებენ გენშტაბში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს რომ უკრაინულმა ძალებმა, უკან, სავარაუდოდ, სწორად, გეგმის შესაბამისად დაიხიეს, ისინი განლაგებულები იყვნენ სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის ტერიტორიაზე, რუსებს ამ ადგილისთვის სამი მხრიდან შეტევა შეეძლოთ.

მათივე შეფასებით, ომის წინა ფაზებისგან განსხვავებით, რუსეთმა, სავარაუდოდ, მოახდინა გონივრული, ეფექტური კოორდინაცია სულ მცირე, ორ სამხედრო ჯგუფს შორის. ცენტრალურ ჯგუფს, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი მეთაურობს, სამხრეთ ჯგუფს კი- ახლად დანიშნული სერგეი სუროვიკინი. აცხადებენ, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ უკრაინული ძალები შეძლებენ უკან დახევას გამართულ, თავდასაცავად უფრო მარტივ ფრონტის ხაზზე.

„დონბასისთვის ბრძოლა ხასიათდება წინსვლის ნელი ტემპებით და რუსეთის მიერ არტილერიის მასიური გამოყენებით. დონეცკის ოლქში ბრძოლები ასევე გაგრძელდება", - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.

„სამხრეთით უკრაინელების კონტრშეტევა სწორია"

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ უკრაინის სამხრეთით კონტრშერევა სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა, ეს ლოკალური მნიშვნელოვანი მცირე მასშტაბის კონტრშეტევებია შეზღუდული ამოცანებით და არა მასშტაბური.

„ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი, სლავიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებაზე რუსებს დაახლოებით 44 საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი ჰყავდათ მობილიზებუილი, მაშინ, როცა ხარკოვის მიმართულებაზე სულ შვიდი საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი ჰყავდათ, ზაპოროჟიესკენაც გაწელილ ტერიტორიაზე სადღაც 12 თუ 14 ჯგუფი ჰყავთ.

„ასე, რომ სამხრეთით უკრაინელების კონტრშეტევა სწორია, ასევე, ისიც მართებულია, რომ რუსებმა აღმოსავლეთით კონცენტრაცია განახორციელეს და ზუსტად ამის ხარჯზე გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს.

„კონტრშეტევებს აზრი რა თქმა უნდა აქვს. თავდაცვის მთავარი პრინციპი ისაა, რომ თავდაცვა აქტიური უნდა იყოს, რაც გულისხმობს იმას, რომ გარკვეულ მიმართულებებზე კონტრშეტევები უნდა განახორციელო და აბსოლუტურად ლოგიკურია ის მოქმედებები, რაც ახლა უკრაინის სამხრეთით ხდება.

„ეს ოპერატიული დონის კონტრდარტყმა არაა, ეს ლოკალური მნიშვნელოვანი, თუმცა მცირე მასშტაბის კონტრშეტევებია შეზღუდული ამოცანებით, რომლის მიმართულებებია ხერსონის, ზაპოროჟიეს და კრივოი-როგის მხარეს, სადაც უკრაინელებს გარკვეული წარმატებები გააჩნიათ.

„რაც შეეხება მნიშვნელობას, თავიდანვე ვიძახდი, რომ უკრაინელებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის სამხრეთი იყო და არა აღმოსავლეთი და დადგება ის მომენტიც, როცა უკრაინას შეეძლება, რომ ცოტა უფრო მძლავრი და უფრო მსხვილმაშტაბიანი შეტევა განახორციელოს. აზოვის ზღვის მიმართულება სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მისი გაჭრა უკრაინელებისთვის აუცილებელია, მელიტოპოლი, მარიუპოლის მიმართულება იგულისხმება" - განაცხადა გენერალმა.

მან ისაუბრა იმაზეც თუ რა ხდება ფრონტის ხაზზე ქვეყნის აღმოსავლეთის მიმართულებით.

„დონეცკის სადღაც 40-45%-ს უკრაინელები აკონტროლებენ, დანარჩენ ტერიტორია რუსების ოკუპაციის ქვეშაა. არ ვიცი რამდენად ეყოფათ ძალა, რომ რუსებმა შეტევა ეგრევე გააგრძელონ, რადგან დონეცკის ზღუდეზე უკრაინელებს ცოტა სხვანაირი დაჯგუფება გააჩნიათ, უფრო უკეთ ორგანიზებული თავდაცვა აქვთ თავის ფორტიფიცირებით და ა.შ. სლავიანსკი ძლიერად აქვთ გამაგრებული, მაგრამ გასაკუთრებით ძლიერად კრამატორსკის რაიონში არიან.

„მეგონა, რომ რუსები გარკვეულ დროს აიღებდნენ, რომ ამ მიმართულებისთვის გადაწყობილიყვნენ. ახლა ვნახოთ, შესაძლოა გადაწყობისთვის პაუზის აღება მოუწიოთ, რადგან პუტინმა ისიც კი გააჟღერა, რომ ამ მიმართულებაზე მყოფ ჯარებს დასვენება სჭირდებათო.

„თუმცა, ყველაფერია მოსალოდნელი და თუ რუსებმა შეატყეს, რომ ამ ინერციით წინსვლის გაგრძელება შეუძლიათ, გააგრძელებენ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე