თამთა ჩაჩანიძე
(04.07.2022)

მძიმე ბრძოლების შემდეგ, უკრაინის არმია იძულებული გახდა, რომ ქალაქი ლისიჩანსკი დაეტოვებინა, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, კრამატორსკის მიმართულებით, მტერმა მდინარე სევერსკი დონეცი გადალახა და ლისიჩანსკის და ბელოგოროვკის დასახლებების ტერიტორიებზე იკიდებს ფეხს. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, მოსკოვი ახლა ყურადღებას დონეცკის ოლქზე გადაიტანს და შეეცდება, რომ მეორე ფაზის გეგმები ბოლომდე მიიყვანოს.

მათივე განცხადებით, არაა გამორიცხული, რომ თუ ოკუპოანტებმა შეძლეს და დონბასი მთლიანად დაიკავეს, ვლადომერ პუტინმა ომის მესამე ფაზის ფარგლებში სხვა გეგმებიც გამოაცხადოს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ხარკოვის მიმართულებით, მოწინააღმდეგის ჯარების დაჯგუფება, არმიის ავიაციის მხარდაჭერით, უკრაინული ძალების მოქმედებების შეკავებაზე და მათი შეტევაზე გადასვლის თავიდან აცილებაზეა ორიენტირებული.

სლავიანსკის მიმართულებით, მოწინააღმდეგის ქვედანაყოფები თავდასხმის ოპერაციების საშუალებით ცდილობენ დაამყარონ კონტროლი ბოხოროდიჩნეს, მაზანივკასა და დოლინის დასახლებებზე. ბახმუტის მიმართულებით მტერმა გააძლიერა უკრაინული ძალების პოზიციების დაბომბვა არტილერიით და მასიური სარაკეტო დარტყმები მიაყენა პოკროვსკის, ბერესტოვის, სპირნესა და ვუჰლეჰირსკის თბოსადგურის ტერიტორიებს.

ნოვოპავლივკასა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე, მტერი ახორციელებს სისტემატურ საცეცხლე შეტევას თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების შეკავებისა და სხვა მიმართულებით გადაყვანის აღკვეთის მიზნით.

„კრამატორსკის მიმართულებით, მტერმა მდინარე სევერსკი დონეცი გადალახა და ლისიჩანსკის და ბელოგოროვკის დასახლებების ტერიტორიებზე იკიდებს ფეხს.პრუდიანკას დასახლების მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მტკიცედ აღკვეთეს მტრის თავდასხმის მცდელობა.თავდაცვის ძალების კონტროლისა და საკომუნიკაციო სისტემის ჩაშლის მიზნით, მტერი აქტიურად იყენებს რადიოელექტრონულ საბრძოლო კომპლექსებს.

„მტერი, შეტევის განახლებისთვის, მობილიზაციას ახორციელებს. ამ მიზნით ქალაქ იზიუმის რაიონიდან სნიჟკივკას დასახლების მიმართულებით ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი გადაისროლეს და განალაგეს დამატებითი საარტილერიო ქვედანაყოფები.

„არტილერიის მხარდაჭერით, მტერი უშედეგოდ ახორციელებს შეტევით მოქმედებებს ვასილივკას, ბერესტოვის, სპირნეს, კლინოვისა და მაიორსკის დასახლებების ტერიტორიებზე. ავდიევკასა და კურახივკას მიმართულებით, ოკუპანტებმა თავდასხმები განახორციელეს პობიედას და მარინკას დასახლებების მიმართულებით. მტრის მოიერიშე თვითმფრინავმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა ავდიევკასა და მარინკას აღმოსავლეთ გარეუბანში.

„იუჟნობუჟსკისა და ტავრისკის მიმართულებით, აგრესორის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დაკარგული პოზიციების დაბრუნების მცდელობაზე ივანივკას, პოტემკინესა და მირნის დასახლებებში და ჩვენი ჯარების მიერ ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონებში კონტრშეტევითი მოქმედებების განხორციელების თავიდან აცილებაზე,"- აღნიშნულია ანგარიშში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბი ასევე აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ლუგანსკის ქალაქ ლისიჩანსკს ტოვებენ, თუმცა ბრძოლა გრძელდება.

„ლისიჩანსკისთვის მძიმე ბრძოლების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალები იძულებული გახდნენ დაეთმოთ დაკავებული პოზიციები და საზღვრები. საოკუპაციო ძალების არტილერიის, ავიაციის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მოკლე უპირატესობით, ქალაქის დაცვის გაგრძელება გამოიწვევდა შეუქცევად შედეგებს. უკრაინელი დამცველების სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება მათი გაყვანის შესახებ.

„სამწუხაროდ, წარმატებისთვის არასაკმარისია რკინის ნება და პატრიოტიზმი - საჭიროა მატერიალურ-ტექნიკური რესურსები... ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და გავიმარჯვებთ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთი ქალაქ ლისიჩანსკზე გამარჯვების გამოცხადების შემდეგ, დონეცკის რეგიონის აღებაზე კონცენტრირდება.მათივე შეფასებით, დონბასისთვის ბრძოლა მწვავე იყო და ნაკლებსავარაუდოა, რომ უახლოეს კვირებში სიტუაცია შეიცვალოს.

„რუსეთის აქცენტი ახლა, თითქმის უსათუოდ, დონეცკის ოლქის აღებაზე გადაინაცვლებს, რომლის დიდი ნაწილი უკრაინის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება," - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

ერთთვიანი ბრძოლის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ომამდელი ქალაქი, 101 000-იანი მოსახლეობით, დამწვარ უდაბნოდ გადააქციეს, ისინი ყოველდღე გვბომბავდნენ, - ამის შესახებ უკრაინელი ლეიტენანტი, ვოლოდიმირ ნაზარენკო აცხადებს, რომელიც უკრაინის ეროვნული გვარდიის ბატალიონ „სვობოდას" მეთაურის მოადგილეა და სხვა ჯარისკაცებთან ერთად, მეთაურების ბრძანებით, სევეროდონეცკის ოლქიდან უკან დაიხია.

„თუ სადმე დედამიწაზე ჯოჯოხეთი იყო, ეს იყო სევეროდონეცკში,"- აღნიშნავს ნაზარენკოს ბატალიონის ჯარისკაცი, არტემ რუბანი. დასძენს, რომ უკრაინელი მებრძოლების შინაგანი სიძლიერე მათ საშუალებას აძლევდა, ბოლო მომენტამდე დაეცვათ ქალაქი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა არაფერს არ დათმობს და ყველა ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს.

„ოკუპანტებს შეუძლიათ ყოველდღიურად გამოიყენონ ათიათასობით საარტილერიო ჭურვი ფრონტის ერთ მონაკვეთზე. ეს არის რეალობა, ამიტომ ვანგრევთ ოკუპანტების პოტენციალს და, რა თქმა უნდა, ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს „ჰიმარსის" სარაკეტო სისტემები და სხვა იარაღი, რომელიც პარტნიორებისგან მივიღეთ.

„თუ ჩვენი არმიის სარდლობას გაჰყავს ხალხი ფრონტის გარკვეული წერტილებიდან, სადაც მტერს აქვს უდიდესი საცეცხლე უპირატესობა, კერძოდ ეს ეხება ლისიჩანსკს, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ჩვენ დავბრუნდებით ჩვენი ტაქტიკის წყალობით, თანამედროვე იარაღის მოწოდების გაზრდის წყალობით.

„უკრაინა არაფერს თმობს. როდესაც ვინმე იქ, მოსკოვში რაიმე ინფორმაციას ავრცელებს ლუგანსკის რეგიონის შესახებ - დაე, გაიხსენოს მათი დაპირებები 24 თებერვლამდე, ამ შემოჭრის პირველ დღეებში, გაზაფხულზე და ახლა. დაე, რეალურად შეაფასონ რა მიიღეს ამ დროის განმავლობაში და რამდენი გადაიხადეს ამისთვის. ჩვენ თანდათან წინ მივდივართ - ხარკოვის რეგიონში, ხერსონის რეგიონსა და ზღვაზე: „ზმეინი" ამის კარგი მაგალითია. დადგება დღე, როცა იგივეს ვიტყვით დონბასზე", - განაცხადა ზელენსკიმ.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დიდი ალბათობით რუსები დონეცკის მიმართულებით გადავლენ, ახლა კი მთავარია, რომ უკრაინა აქ გამაგრდეს.

„რუსებმა ლუგანსკის მიმართულებით ორი ოპერატიული დაჯგუფება შექმნეს, დამრტყმელი ძალების დიდი კონცენტრაცია განახორციელეს. სამწუხაროდ ამას ემატება ისიც, რომ ამ მხარეში მოსახლეობის ნაწილი სეპარატისტებისა და რუსი ოკუპანტების მიმართ სიმპატიითაა განწყობილი, რამაც გარკვეულწილად ოკუპაციას ხელი შეუწყო.

„რუსეთმა ყველა სხვა ფრონტებიდან ნაწილები მოხსნა და კონცენტრაცია ლუგანსკზე გააკეთა. ამას დაემატა ის, რომ ორი ოპერატიული ჯგუფი „სამხრეთი" და „ჩრდილოეთი" შეიქმნა, რომლებმაც საარტილერიო, სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ერთობლიობით ეს მოახერხეს.

„ახლა უკრაინელები მეორე ეშელონზე გადავიდნენ. სევერსკი, სოლედარი ბახმუტის ხაზზე აპირებენ გამაგრებას. მთავარია, რომ აქ კარგად იყვნენ გამაგრებულები, ეს უკვე თავდაცვის მეორე ხაზია, ლუგანსკი პრინციპში უკვე ოკუპაციის ქვეშაა. სამწუხაროდ ლუგანსკში რუსებმა კონცენტრაცია უფრო ეფექტიურად განახორციელეს, ვიდრე უკრაინელებმა.

„სლავიანსკი-კრამატორსკის მიმართულება უკრაინის თავდაცვის უვე მესამე ხაზია და თუკი რუსემა მეორე თავდაცვის ხაზი სევერსკი-სოლედარი და ბახმუტი გაარღვიეს, მერე უკვე ბრძოლები სლავიანსკი-კრამატორსკთან წავა. პუტინის მეორე ფაზის გეგმა იყო დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. გათავისუფლება. და აქედან გამომდინარე, ბრძოლები დონეცკის ოლქის მიმართულებით გაგრძელდება."- განაცხადა მან.

ამბობს, რომ თუ ოკუპანტებმა დონეცკის მთლიანი ოკუპაცია მოახერხეს, მერე შესაძლოა პუტინმა სხვა ქალაქებისკენაც აიღოს გეზი, ოღონდ ომის მესამე ფაზისა და ახალი გეგმის ფარგლებში.

„თუ ოკუპანტებმა დონეცკიც აიღეს, მერე შესაძლოა პუტინმა ზელენსკის მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზოს. როგორც პუტინმა თქვა ე.წ. სპეცოპერაცია რეალურად დონეცკისა და ლუგანსკის „გასათავისუფლებლად" ტარდებოდა. თუ ეს ტერიტორიები დაიკავეს, რეალურად მეორე ფაზა დასრულდება და ამ გეგმებში სხვა ქალაქები არ შედიოდა.

„თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ თუ პუტინმა მეორე ფაზის გეგმები განახორციელა ამით შემოიფარგლოს და გაჩერდეს. ჩემი აზრით, ისინი ზაპოიროჟიეს დაკავებასაც, ოდესა-ნოკოლაევის მიმართულების გაჭრას მოინდომებენ, ასევე, შეიძლება ხარკოვისა და დნესტრისპირეთის მიმართულებაზეც მოინდომონ გასვლა.

„დასავლეთს როგორც შეუძლია უკრაინას ეხმარება, მაგრამ, როგორც ჩანს ამ ეტაპზე იმ დონის დახმარებაა არაა, რომ ცხელ წერტილებში შესაბამისად უპასუხოს. ბელარუსიც თუ ჩაერია საქმეში, ეს სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს.

„თუ რუსეთმა მეორე ფაზის გეგმები ბოლომდე განახორციელა და უკრაინა მოლაპარაკებებზე არ წავიდა და მის წინადადებებს არ დათანხმდა, არაა გამორიცხული, რომ მესამე ფაზა გამოაცხადოს და ამის ფარგლებში გარკვეული გეგმაც ჰონდეს",- განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე