(მეექვსე წერილი)
რეზონანსი
(24.03.2024)

სააპელაციო სასამართლოები განიხილავენ სისხლისა და სამოქალაქო საქმეებს და მათი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლის სამართლებრივ საშუალებას იძლევა უმაღლესი სასამართლოს კომპეტენციები. საქმეთა განხილვის პროცედურები ერთნაირია უმაღლეს და სააპელაციო სასამართლოებში. 

მიჩიგანის შტატის საოლქო სასამართლო შედგება 56 ერთეული სასამართლოსაგან, რომლებშიც მუშაობს 181 მოსამართლე. სხვადასხვანაირი რაოდენობისაა მოსამართლეთა შემადგენლობა ცალკეულ საოლქო სასამართლოში, რომელიც დამოკიდებულია მოსახლეობის რაოდენობაზე და ზოგადად შეტანილი საჩივრების ოდენობაზე. 

აღსანიშნავია ისიც, რომ იქ, სადაც დასახლებული პუნქტი მრავალრიცხოვანია, საოლქო სასამართლოს მოსამართლეები აწყობენ გასვლით სასამართლო სესიებს. 

ისევე როგორც სააპელაციო მოსამართლეები, შტატის საოლქო მოსამართლეებიც უშუალოდ მოსახლეობის მიერ აირჩევიან არაპარტიულ არჩევნებში. მოსამართლედ შეიძლება არჩეული იქნეს საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე, რომელსაც არ მიუღწეევია 70 წლის ასაკისათვის და ნამდვილად მუდმივად ცხოვრობს შტატის იმ სასამართლო ოლქის ტერიტორიაზე, სადაც კენჭს იყრის. 

მიჩიგანის შტატის საოლქო სასამართლო წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს და მოქმედებს საერთო იურისდიქციის ფარგლებში. სამოქალაქო საქმეებს აწარმოებენ ისეთ დავებზე, რომელთა ღირებულება 10 000 აშშ დოლარს აღემატება. პირველ რიგში ისინი განიხილავენ ისეთ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც კვალიფიცირდება როგორც ფელონიური დანაშაული (მძიმე კატეგორიის დანაშაული აშშ-ს სისხლის სამართლებრივ სისტემაში, რომლებიც საშიშროების ხარისხის მიხედვით, ღალატსა და მისდიმინორს შორის იმყოფება), ან კიდევ სერიოზული მისდიმინორის დანაშაულები (მისდიმინორის ტერმინში ნაგულისხმევია ისეთი სამართალდარღვევა, რომელიც საშიშროების ხარისხით ახლოს დგას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან და არ წარმოადგენს მძიმე საფრთხის მატარებელ დანაშაულებრივ ქმედებას). 

შტატის საოლქო სასამართლოს გამონაკლის იურისდიქციაში შედის განქორწინების თაობაზე საოჯახო საქმეების და მამობის დადგენის საქმეთა განხილვა. გარდა ამისა, შტატის საოლქო სასამართლოს შეუძლია სააპელაციო წესით გადასინჯოს ქვედა დონის სასამართლო ორგანოების განაჩენები და გადაწყვეტილებები, ისევე, როგორც საოლქო სასამართლოს უფლება აქვს განიხილოს ან გადასინჯოს შტატის მთავრობაში შემავალი ზოგიერთი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება. 

და ბოლოს, საოლქო სასამართლო ახორციელებს საერთო ადმინისტრაციულ ზედამხედველობას სხვა სასამართლოების მიმართ, რომლებიც ფუნქციონირებენ სასამართლო ოლქის ტერიტორიაზე.

ამერიკის შტატებში და მათ შორის მიჩიგანის შტატში, 1857 წლიდან არის ფორმირებული და მოქმედებს რეკორდერების სასამართლო, როგორც ამ შტატის სასამართლო სისტემის ნაწილი. დღეისათვის ის შედგება 29 მოსამართლისაგან, რომელთაგან 5 მოსამართლე ინიშნება საოლქო სასამართლოს უეინის ოლქიდან. მის იურისდიქციაში შედის სისხლის სამართლის საქმეები ყველა სახის ფელონიაზე, რომლის ჩადენის ადგილია ქალაქი დეტროიტი და უეინის ოლქის ტერიტორია. 

მიჩიგანის შტატის საპრეტენზიო სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს სამოქალაქო სარჩელები 1000 დოლარზე მეტი ღირებულების დავაზე, რომლებიც წარედგინება მიჩიგანის შტატს, ან მის დეპარტამენტს, კომისიებს, სამმართველოებს, ინსტიტუტებს, სამხედრო სამსახურებებს და სააგენტოებს. სამოქალაქო სარჩელები, რომელთა ფასი არ აღემატება 1000 აშშ დოლარს, იმყოფება მიჩიგანის შტატის სასამართლო დეპარტამენტის ქვემდებარეობაში და მათ მიერ განიხილება. 

მიჩიგანის შტატის რაიონული სასამართლოები დაბალი დონის სასამართლო ორგანოებს წარმოადგენენ, რომელთა რაოდენობა შეადგენს 101 ერთეულ სასამართლოს, რომლებშიც მოსამართლეებად მუშაობს 259 ადამიანი. რაიონული სასამართლოს სტატუსი გათანაბრებულია შტატის სხვა სასამართლო ორგანოებთან. რაიონული სასამართლოები მიეკუთვნებიან საერთო იურისდიქციის სასამართლოებს, რომლებიც განიხილავენ ყველა კატეგორიის სამოქალაქო სარჩელებს, რომელთა დავის ფასი 10 000 აშშ დოლარს არ აღემატება (ფულად თანხებზე ყადაღის დადება, რომელიც მესამე პირის მფლობელობაში იმყოფება, ქონების ჩამორთმევა, მიწის იჯარასთან დაკავშირებული დავები, გირავნობის საქმეები, მევალისათვბის ჩადებული ქონების გამოსყიდვის უფლების ჩამორთმევა). 

რაიონული სასამართლოების განყოფილებები უფლებამოსილნი არიან მოისმინონ სამოქალაქო სარჩელები 1750 აშშ დოლარზე მეტი ფასის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო პროცესის მხარეები ერთმანეთში დადებენ შეთანხმების გარიგებას იმის თაობაზე, რომ უარს იტყვიან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში მიმართვაზე უფლების გამოყენებაზე. ასევე შეთანხმდებიან, რომ ამ საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებენ და სხვა მსგავს საკითხებზე. 

სისხლის სამართლის სფეროში რაიონული სასამართლოები განიხილავენ საქმეებს, თუ შესაბამისი დანაშაული დაკვალიფიცირებულია მისდიმინორის ხარისხში, რომლის ჩადენისათვის სასჯელი არ აღემატება ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას. 

ფელონიის კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებაში, რაიონული სასამართლოების უფლებამოსილებები შეზღუდულია, რომელიც განისაზღვრება წინასწარი მოსმენების საფუძველზე. 

მიჩიგანის რაიონულ სასამართლოებს გააჩნიათ უფლებამოსილებები მისი სასამართლო ორგანიზაციის ერთ-ერთი დაბალი რგოლის -მაგისტრატების სასამართლოს ფორმირების თაობაზე, რომლებსაც გააჩნიათ უფლებამოსილება დაადგინოს და მიიღოს გირაო ცალკეულ დანაშაულებზე, გაარჩიოს სატრანსპორტო დანაშაულების საქმეები, ,განიხილოს ცხოველების წინააღმდეგ გამოვლენილი უფლებების დარღვევა, სამონადირეო და სანაოსნო საქმეები. 

შტატის მაგისტრატი სასამართლოები გამოსცემენ ბრძანებებს დაკავებაზე და გამოსცემენ ორდერს ჩხრეკაზე პროკურორის ან მუნიციპალური ატორნეის შუამდგომლობის საფუძველზე. 

მიჩიგანის შტატის მუნიციპალური სასამართლოები ქმნიან შტატის სასამართლო სისტემის უმდაბლეს რგოლს და შეზღუდულ უფლებამოსილებებს ფლობენ. ისინი განიხილავენ სამოქალაქო საქმეებს 1500 აშშ დოლარამდე ღირებულების დავაზე, აგრეთვე მცირე მნიშვნელობის საგზაო მოძრაობის, სატრანსპორტო გადაზიდვების და სავაჭრო სფეროებში ჩადენილ დანაშაულებზე. მიჩიგანის შტატში მოქმედებს 5 მუნიციპალური სასამართლო, სადაც მხოლოდ 6 მოსამართლე მუშაობს. 

აშშ-ში მხოლოდ ფედერალური სასამართლო სისტემაა ერთიანი, რაც დამახასიათებელი არ არის ცალკეული შტატებისათვის და ყველა მათგანის მართლმსაჯულების ორგანოები მოწყობილია განსხვავებულად. მაგალითად, როდ-აილენდის შტატის სასამართლო იერარქიაში მოქმედებს ორი სახის პირველი ინსტანციის სასამართლო: რაიონული, საოჯახო , შრომითი კომპენსაციის ანაზღაურების, ადმინისტრაციული არბიტრაჟი და უმაღლესი სასამართლო. 

შტატის უმაღლესი სასამართლო 5 წევრისაგან შედგება, რომლებიც ინიშნებიან მუდმივი ვადით და თავიანთ ფუქციებს ასრულებენ 70 წლის ასაკის მიღწევამდე. უმაღლეს სასამართლოში 120-მდე აპარატის თანამშრომლები მუშაობენ, რომლებიც მოსამართლეებს უმზადებენ განსახილველ საქმეებს. უმაღლესი სასამართლო ფლობს სააპელაციო იურისდიქციას სტატუსის სამართლისა და სასამართლიანი სამართლის ყველა საკითხებზე (მაგალითად გადაწყვეტილებებზე და განაჩენებზე) და აწარმოებს ზოგად ადმინისტრაციულ ზედამხედველობას შტატის ყველა სასამართლო ორგანოზე. უფრო მეტიც, ამ შტატის უმაღლესი სასამართლო ახორციელებს კონსტიტუციური კონტროლს შტატის კონსტიტუციისა და შტატის ადგილობრივი საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოზე.

როდ აილენდის შტატის უმაღლესი სასამართლო შედგება 22 მოსამართლისა და ორი სასამართლო განმკარგულებელისაგან (პირები, რომლებიც ხელმძღვანელობენ საქმეთა მომზადებისა და მოსმენის წარმოებას ). ამ სასამართლოს აპარატში დასაქმებულია 137 სასამართლო მოხელე. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის სამართლიანობის უფლება დასაბუთებულია, დასახელებული სასამართლო განიხილავს სამოქალაქო საქმეებს, რომელთა დავის საგანი აღემატება 5 000 აშშ დოლარს. ასევე გან იხილავს იმ კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც დაკლვალიფიცირებულია ფელონიის ნიშნით.

ვალერი გელბახიანი

პაატა კოღუაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე