რეზონანსი
(21.03.2024)

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი საბჭოს განცხადება „ვარდების რევოლუციის" შემდეგ სახელმწიფო დროშის ცვლილებასთან დაკავშირებით („ხუთჯვრიანი დროშა არაქართულია და კანონდარღვევით არის მიღებულიო!", 27.05.2019) ხელისუფლებამ რეაგირების გარეშე დატოვა, საქართველოს პატრიარქს, წმინდა სინოდის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, თსუ-სა და საპარტიარქოს უნივერსიტეტის პროფესორებს, მედიასაშუალებებს, აგრეთვე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს მივმართე და პოზიციის საჯაროდ დაფიქსირება ვთხოვე (არსი გაზეთ „რეზონანსში" გამოქვეყნდა, 12.02.2024).

ყველას ვურჩიე, ემსჯელათ ახალი სახელმწიფო სიმბოლიკის (გერბი, დროშა, ჰიმნი) შესარჩევი კონკურსის გამოცხადების თაობაზე, რომელშიც სახელმწიფო დროშის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შერჩეული (ერთჯვრიანი) ვარიანტიც მიიღებდა მონაწილეობას, რომელიც „საეკლესიო დროშად" მოიხსენიება და ალილოს მსვლელობისას გამოიყენება.

პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო დროშის შეცვლის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართვა შემომთავაზა, ხოლო მეცნიერებათა აკადემიაში ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი საბჭოს მორიგ სხდომაზე (14.03.2024) მიმიწვიეს, რომელზეც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ნინო ჯაველიძემ ხუთჯვრიანი დროშის თაობაზე გააკეთა მოხსენება. სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ხუთჯვიანი სიმბოლო არ არის ქართული, ვინაიდან ის ლითონის ფულზე მრავალმა არაქართველმა მონარქმა გამოსახა და კათოლიკე მისიონერთა მიერ შედგენილ რუკებზეც ათამდე ქვეყანაშია ქალაქები მონიშნული (ევროპაში, აზიასა და აფრიკაში). ამასთან, აღნიშნა, რომ ხუთჯვრიან დროშაზე სომხებიც აცხადებენ პრეტენზიას და, რომ ერთადერთი სახელმწიფო, რომელშიც პარტიული (თანაც „ნაციონალების"...) დროშა სახელმწიფო დროშად გამოაცხადდა, ადოლფ ჰიტლერის ფაშისტური გერმანია იყო...

მოხსენება ერთხმად იქნა მოწონებული, ხოლო გამომსვლელებმა მხარი დაუჭირეს დროშის შეცვლის იდეას (მხოლოდ ბატონმა მიხეილ ჯიბუტმა არ ჩათვალა უკვე დამკვიდრებული დროშის შეცვლა საჭიროდ). ჰიმნის ალტერნატიული ვარიანტიც მოვისმინეთ, რომლის ტექსტშიც საქართველო რამდენჯერმე იყო ნახსენები. მეც მომეცა აზრის გამოხატვის საშუალება. აკადემიკოსებს პარლამენტარებთან შეხვედრა და კონკურსის გამოცხადების მოთხოვნა ვურჩიე (თუ უარს მიიღებენ, თავად აკადემიამ უნდა გამოაცხადოს „საზოგადოებრივი კონკურსი"...). ამასთან, აღვნიშნე, რომ დაუშვებელია, აკადემიის შენობის ჰოლში გამოფენილ პანოზე („რევოლუციონერ" ბუღაძის უნდა იყოს...) დავით აღმაშენებელი ხუთჯვრიანი სიმბოლოთი იყოს გამოსახული, მით უმეტეს, რომ აშკარად „ნაციონალური მოძრაობისაა", ვინაიდან დიდი ჯვარი გაცილებით ვიწროა, ვიდრე სააკაშვილის მიერ დადგენილ „სახელმწიფო (ფაქტობრივად, მართლაც „მიშას") დროშაზე" (შესაბამისი ნორმატიული აქტის თანახმად, დიდი წითელი ზოლის სიგანე დროშის სიგანის 1/5 უნდა იყოს...). უმჯობესია, შეიცვალოს წმინდა გიორგის გამოსახულებით ან შინდისფერ ფონზე ოქროსფერი ჯვრით, რომლიც სვეტიცხოველშია ფრესკაზე გამოსახული და აკადემიის მეცნიერებიც ასაბუთებენ, რომ ისტორიულია.

მადლობა ქალბატონ ნინოს, ბატონ როინ მეტრეველს (თავიდანვე იყო ხუთჯვრიანი დროშის წინააღმდეგი, თუმცა დავით აღმაშენებლის ეპოქის მკვლევარს არავინ მოუსმინა... იხ. გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა, 03.02.1918) და სხდომაზე დამსწრე აკადემიკოსებს სამოქალაქო აქტიურობისთვის და ქართველი ერის გამოფხიზლების მცდელობისთვის. არ შეიძლება მოქალაქემ საკუთარი ქვეყნის უპირველესი სახელმწიფო სიმბოლოს შინაარსი არ იცოდეს, გერბზე წმინდანი „უკუღმა" ჰყავდეს გამოსახული (ჰერალდიკის წესების თანახმად, სიმბოლოს შემობრუნებით სიკეთე - ბოროტებად იქცევა, გამარჯვებული - დამარცხებულად, ნათელი - ბნელად, კანონიერი - უკანონოდ...) ხოლო ჰიმნში მესიანურ პრეტენზიას აცხადებდეს „ღმერთთან წილნაყარობაზე", ევროპელებისთვის სატანის სიმბოლოდ მიჩნეულ „ცისკრის ვარსკვლავს" უმღეროდეს (თან, რატომღაც „ორ ზღვას შუა გაბრწყინებულს", მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით ტერიტორია მხოლოდ 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით გვაქვს განსაზღვრული...) და საქართველოს ნაცვლად „თავისუფლებას" ადიდებდეს (ცნობილია, ვინ არის ყველაზე თავისუფალი).

უხერხულია, როდესაც ბაკურ სულაკაურის მიერ ბავშვებისთვის გამოცემულ წიგნში („მსოფლიოს დროშები", 2018) საქართველოს დროშის შინაარსი, მართალია, გაცილებით გონივრულად არის ახსნილი („შუა საუკუნებიდან იღებს სათავეს, ხოლო დიდი ჯვარი ქვეყნის მფარველ წმინდანს, წმინდა გიორგის ჯვარს აღნიშნავს"), მაგრამ არსებითად ეწინააღმდეგება, როგორც სახელისუფლო ვერსიებს (ხან გორგასლიანია, ხან თამარიანი, ხან დავითიანი, ხან გიორგი ბრწყინვალის...), ასევე დედა ეკლესიისასაც, რომლის წინამძღოლმა ახალი სახელმწიფო დროშის კუთხვევისას განაცხადა, რომ მასზე გამოსახული „5 ჯვარი ნიშნავს იესოს ქრისტეს 5 სამსჭვალსო...". ფაქტია ისიც, როგორც ჩანს, მთავრობის მესვეურებიც გრძნობენ უხერხულობას სახელმწიფო სიმბოლოებთან მიმართებით, რის გამოც ახალ პირადობის მოწმობებზე ხუთჯვრიანი სიმბოლო საერთოდ არ არის გამოსახული, ხოლო გერბი იმდენად მცირეა, ფაქტობრივად, შეუძლებელი დადგენა, წმინდანი საითკენ არის მიმართული...

ფაქტია, რომ საზოგადოება არა მარტო დღევანდელი ხელისუფლებისა და მისი ოპოზიციის (ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის") მომხრეებად არის დაყოფილი. პირველმა არხმა („საზოგადოებრივმა") გაავრცელა ინფორმაცია 2022 წლის 29 ივლისს სასტუმრო „ბილტმორში" პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრების შეკრების თაობაზე (სხვა „ეროვნული ძალების" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ), რომლებიც არც 1991 წლის „სახალხო-დემოკრატიული აჯანყების" შემდეგ ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას აღირებენ და არც ახალ სიმბოლიკას. ამასთან, არც „ვარდების რევოლუცია" ყველასთვის მისაღები, რის გამოც მოქალაქეების არც თუ მცირე ნაწილი „ხუთჯვრიან დროშასაც" უკანონოდ თვლის და აქციებზე შავ-თეთრ-შინდისფერი დროშით გამოდის (მაგ., 2009 წელს „საკნების აქციაზე" და 2015-ში იურა ვაზაგაშვილის მკლელობის გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე ხუთჯვრიანი დროშით არავინ მდგარა).

ფაქტია ისიც, რომ მოძალადე ჯვაროსანი რაინდების სიმბოლოს ვერასდროს გაითავისებენ ის მოქალაქეები, რომლებიც თვლიან, რომ „წითელი ჯვარი მუსლიმთა რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს" (ჰანს პეტერ გასერი, „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი", თბილისი, 2001).

ამდენად, სწორედ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემდეგ და საპარლამენტოს არჩევნების წინ არის გონივრული ახალი სახელმწიფო სიმბოლიკის შესარჩევი კონკურსის გამოცხადება (თუნდაც არსებული დროშის თაობაზე დისკუსიის დაწყება), ვინაიდან, დარწმუნებული ვარ, მოქალაქეებისთვის სიმართლის თქმა და სახელმწიფოს უპირველესი სიმბოლოს მიმართ სამართლიანობის აღდგენის თუნდაც მცდელობა, გარდა იმისა, რომ დაგვეხმარება „დეპოლარიზაციაში" (ხუთჯვრიან დროშას არც ძალისმიერი გზით დამხობილი ხელისუფლების მხარდამჭერები აღიარებენ და არც „ვარდების რევოლუციის" მოწინააღმდეგეები...), ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ტოტალიტარიმზის ეპოქაში დამკვიდრებული სამართლებრივი ნიჰილიზმის დაძლევას და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას.

მიუხედავად იმისა, რომ თსუ-ის პროფესორმა თედო დუნდუამაც ჯერ კიდევ 2000 წელს გამოცემულ ბროშურაში („ძელი ცხოვრებისა და მისი ვარიანტები") მკაფიოდ განმარტა, რომ „თეთრ ფონზე გამოსახული ხუთი ჯვარი კათოლიკური სამყაროს ინტეგრაციული სიმბოლოა და ის ჯვაროსნულ ეპოქაში შეიქმნა"...), ძნელი დასაჯერებელია (მაგრამ ფაქტია), რომ დამოუკიდებლობააღდეგნილი და ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული საქართველოს (კონსტიტუციის თანახმად „სამართლებრივი სახელმწიფოს"!) სახელმწიფო სიმბოლოები, ფაქტობრივად, მხოლოდ იმ ერთი კაცის „ხუშტურით" არის დადგენილი, რომელმაც „ღმერთან წილნაყარი" ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი თქვა და სასამართლო სხდომებზე ხან უკრაინულ ენაზე აკეთებს განცხადებებს და ხან ინგლისურად ...

ფაქტია, მიწაზე კერძო საკუთრების უფლება იმავე სააკაშვილის ინიციატივით („დიაგნოზი" ბატონმა თემურ მირიანაშვილმა ჯერ კიდევ 2001 წელს დაუსვა...), რამდენიმე დღეში ისე დავაკანონეთ (1996 წელს), არც აკადემიის მეცნიერებს მოვუსმინეთ და არც საზოგადოების წარმომადგენლებს („ხალხს). არადა, იქნებ, სახელმწიფო სიმბოლიკასთან მიმართებაში მაინც არ მოვიქცეთ კომუნისტებივით ან ნაცისტებ-ფაშისტებივით და წლების განმავლობაში არ ვატყუოთ ხალხი (კონსტიტუციის თანახმად, „ხელისუფლების წყარო!")!

ავთანდილ კახნიაშვილი,

სამართლის დოქტორი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე