(მეხუთე წერილი)
რეზონანსი
(17.03.2024)

აშშ-ის სასამართლო სისტემა მსოფლიოში ერთ ერთ რთულ და საინტერესო სახელმწიფო ინსტიტუტების ერთიანობას წარმოადგენს. ეს სისტემა ერთმანეთთან აკავშირებს ხელისუფლების სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებს მართლმსაჯულების განხორციელებისას. 

სასამართლო ორგანოები არიან ხელისუფლების როგორც ვერტიკალური განლაგების დონეზე, ასევე გაშლილი და განლაგებული არიან ჰორიზონტარული მმართველობითი ერთეულების იურიდიულ სირვცეებზე, რაც სისტემურად წარმოდგენილია ფედერალური სასამართლოების, ცალკეული შტატის სასამართლოების და ადგილობრივი სასამართლოების სახით, რომლებიც იერარქიული სუბორდინაციით ერთმანეთის ქვემდებარეობაში არ იმყოფებიან, თუმცა, მთლიანობაში აღებული, ამერიკის შეერთებული შტატების მართლმსაჯულების სისტემას წარმოადგენენ. 

ამ ქვეყნის სასამართლო სისტემის აშკარად განმასხვავებელი ნიშანი მის დუალისტური ბუნებაშია გამოხატული. ცენტრალური ხელისუფლების საერთო იურისდიქციის სივრცეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ტერიტორია წარმოადგენს, თუმცა აშშ ამავე დროს ერთობ გამონაკლისი ნიშნების მქონე სახელმწიფოა, რომელიც თავის იურისდიქციას სახელმწიფო ტერიტორიების გარეთაც ავრცელებს და სისხლის სამართლის დევნას იწყებს ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები პირის მიმართ, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია აშშ-ის სახელმწიფო ტერიტორიაზე, მაგრამ თავისი დანაშაულებრივი ქმედებით ხელყოფილი აქვს ამერიკის სახელმწიფო ინტერესები (მაგალითად, ტერორიზმი). 

აქედან გამომდინარე, ფედერალური სასამართლოები დაყოფილია იერარქიულად შიდასახელმწიფოებრივი ტერიტორიული ერთეულების მიხედვით და არსებობენ სამსაფეხურიანი სისტემის სახით, სადაც ყველაზე მაღალი და ბოლო ინსტანციაა აშშ-ის უზენაესი სასამართლო, რომლის შემდგომი ქვედა რგოლია საოლქო სააპელაციო სასამართლოები, ხოლო მისი შემდგომი ქვედა რგოლია საოლქო სასამართლოები. 

ფედერაციული სასამართლოები განიხილავენ საქმეებს ამერიკის სახელმწიფო კანონების დარღვევაზე. ასევე როდესაც კანონის დარღვევა მიმდინარეობდა ან გრძელდებოდა რამდენიმე შტატის ტერიტორიაზე. აგრეთვე იმ საქმეებს, რომლებზედაც სისხლის სამართლის დევნა დაწყებული აქვს რომელიმე საოლქო პროკურორს იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან ამერიკის მოქალაქეები და დანაშაული არ ჩაუდენიათ ამერიკის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, თუმცა დანაშაული ჩაიდინეს ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ. 

ამერიკული სასამართლოები ძალიან თავისუფალი, დამოუკიდებელი და მაღალი ინტერესის საჯარო ტრიბუნას წარმოადგენენ პროცესის მონაწილეებისათვის და იმისათვის, რომ შესაფერისი წარმოდგენა ვიქონიოთ მათზე, ურიგო არ იქნებოდა პროცედურული სცენა ისე აღწერილიყო, როგორც ამას სინამდვილეში აქვს ადგილი ამერიკის სასამართლოებში. 

მაგალითად, ამ სტატიის ბოლოში სიტყვა-სიტყვით დავურთავთ ამერიკული სასამართლოს სხდომის დარბაზის იურისდიქციის სცენას სხდომის დასაწყისიდან მის დასასრულამდე. 

დავიწყოთ შტატების სასამართლოებით და შედარებითი ანალიზის მეთოდით განვიხილოთ ისინი სამი შტატის მაგალითზე. კერძოდ, შევეხოთ მიჩიგანის შტატის სასამართლო სისტემას, რომელიც მოიცავს შტატის უმაღლეს სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს, 56 საოლქო სასამართლოს, ქ. დეტროიტის რეკორდერის სასამართლოს, პრეტენზიონური სასამართლოს, 1021 რაიონული სასამართლოს, 5 მუნიციპალურ სასამართლოს, ასევე სპეციალიზირებულ სასამართლოებს (ანდერძისა და მემკვიდრეობის, ასევე არასრულწლოვანთა). 

მიჩიგანის უმაღლესი სასამართლო არის ამ შტატის უმაღლესი სასამართლო ორგანო, რომელიც 7 მოსამართლისაგან შედგება. ერთ-ერთი მათგანი მთავარ მოსამართლედ აირჩევა უმაღლესი სასამართლოს წევრთაგან ორი წლის ვადით. უმაღლესი სასამართლოს დანარჩენი წევრი მოსამართლეები აირჩევიან ორი ან რვა წლის ვადით შტატის მოსახლეობისაგან. 

მოსამართლეობის კანდიდატებს ასახელებენ და წარადგენენ პოლიტიკური პარტიები. კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა საარჩევნო უფლების ქონა, შტატის ტერიტორიაზე იურიდიული პრაქტიკის არსებობა, პატენტის ფლობა, არაუმეტეს 70 წლის ასაკი. 

უმაღლესი სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს მოქალაქეთა საჩივრების განხილვას ამ შტატის სხვადასხვა სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უმაღლესი სასამართლო განიხილავს ყველა საჩივარს, რომელიც აპელაციის მიზნით შეაქვთ. იმ შემთხვევაში, როდესაც მომჩივანს სააპელაციო განხილვაზე უარს ეუბნევიან, მაშინ ქვედა ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ავტომატურად შედის იურიდიულ ძალაში და გადასინჯვას აღარ ექვემდებარება. თუ უმაღლესი სასამართლო საჩივარს წარმოებაში მიიღებს, მაშინ ინიშნება სასამართლო სესია. 

უმაღლეს სასამართლოში საჩივრის განხილვისას ადგილი აქვს ზოგერთ პროცესუალურ თავისებურებებს. პირველ რიგში, უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეები განიხილავენ მხოლოდ ზეპირ მტკიცებულებებს, რომლებიც წარდგენილია ატორნეების მიერ (ამ ტერმინში ნაგულისხმევია რამოდენიმე მნიშვნელობა, კერძოდ: ა) უფლებამოსილებით აღჭურვილი მინდობილი პირი, ბ) სასამართლოს მიერ დამოწმებული პირი, ადვოკატი ან კიდევ გ) პროკურორი). 

მეორე თავისებურება ის არის, რომ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ ქვეყნდება წერილობით ფორმით, თუ სასამართლოს შემადგენლობის მოსამართლეთა უმრავლესობა მოიწონებს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც კენჭისყრის შედეგად ხდება ცნობილი. თუ სხვა ქვეყნების სასამართლო კოლეგიებისათვის ცნობილია მოსამართლის ე.წ. „მოსამართლის განსაკუთრებული აზრი“, რომელიც გულისხმობს გადაწყვეტილების საწინააღმდეგო მოსაზრების დასაბუთებას, ამერიკული სასამართლოს სისტემისათვის დამახასიათებელია არა საწინააღმდეგო, არამედ გადაწყვეტილების მხარდამჭერი დამატებითი პოზიციების და არგუმენტების წერილობით ფორმით გადმოცემა. ასეთ წერილობით მხარდამჭერ ფორმას შტატების უმაღლეს სასამართლოში მოსამართლის „თანმხლები აზრი“ წარმოადგენს, რომელიც სასამართლო კოლეგიის წევრის მიერ მისი მონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილების დამატებით არგუმენტაციებისა და დასაბუთებული პოზიციების დაფიქსირებას გულისხმობს. 

უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეები არც „განსაკუთრებული აზრის“ გამოხატვის თავისუფლებაში არიან შეზღუდული და თუ კოლეგიის წევრი მოსამართლე არ ეთანხმება უმრავლესობის აზრს, მაშინ მას უფლება აქვს დაწეროს ე.წ. „საწინააღმდეგო გამაბათილებელი (გამაქარწყლებელი) აზრი“, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ ახდენს და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იცვლება. 

მიჩიგანის უმაღლესი სასამართლოს სხვა თავისებურებებიდან ერთ-ერთია უფლებამოსილება საერთო ადმინისტრაციული ზედამხედველობის განხორციელებაზე. გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, უმაღლეს სასამართლოს აქვს ნორმაშემოქმედი უფლებამოსილება, მათ შორის სამართალწარმოების სფეროში. 

მიჩიგანის შტატის სააპელაციო სასამართლო დაფუძნებულია ამ შტატის 1963 წლის კონსტიტუციის მიერ და შედგება 28 მოსამართლისაგან (თავდაპირველად 9 მოსამართლე იყო). შტატის სააპელაციო სასამართლო წარმოადგენს შუალედურ რგოლს უმაღლეს სასამართლოსა და მიჩიგანის შტატის ქვემდგომ სასამართლოებს შორის. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები აირჩევიან უშუალოდ შტატის მოსასხლეობის მიერ არაპარტიული არჩევნების მეშვეობით. ამ თანამდებობის დასაკავებელ მოსამართლეთა კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ კრიტერუიმებს, როგორიცაა: 70 წელზე ნაკლები ასაკი, უმაღლესი იურიდიული განათლების ცენზი, საარჩევნო პასიური უფლება, იმ ოლქის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრება, რომლის ფარგლებშიც ის კენჭს იყრის მოსამართლის თანამდებობაზე. არჩეული მოსამართლის სააპელაციო სასამართლოში განმწესების უფლებამოსილება 6 წლითაა განსაზღვრული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს თავმჯომარე (მთავარი მოსამართლე) კიორი წლის ვადით აირჩევა თვით ამ სასამართლოს წევრთა შემადგენლობიდან ფარული წესით. სააპელაციოო სასამართლოს მთავარი მოსამართლე ასევე ახორციელებს ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობას ადმინისტრაციული სასამართლოს აპარატის თანამშრომლებზე. 

შტატის კონსტიტუციის თანახმად, უმაღლეს სასამართლოს უფლება აქვს გაწეროს სააპელაციო სხდომების დრო და ადგილი შტატის სხვადასხვა ქალაქებში. მიჩიგანის შტატში დღეისათვის სამი ასეთი ქალაქია, სადაც მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოს სესიები. ამიტომ, ფაქტიურად განსაზღვრულია, რომ მიჩიგანის შტატის სააპელაციო სესიები ოთხ ტერიტორიულ ერთეულში მიმდინარეობს, სადაც ერთის მხრივ ერთგვაროვანი მიდგომით ხორციელდება კანონები შტატის შიგნით (სამართლებრივ ნორმათა ერთგვაროვანი გაგების უზრუნველყოფა) და მეორეს მხრივ, გამორიცხულია სამართლებრივი კონფლიქტების წარმოშობა ცალკეულ გეოგრაფიულ რაიონებში.

ვალერი გელბახიანი

პაატა კოღუაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე