(მე-4 გაგრძელება)
რეზონანსი
(10.03.2024)

მოსამართლე - სამ წელზე ნაკლები სასჯელების მქონე დანაშაულების საქმეებს პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ პრეტორული სასამართლოები (დაახლოებით 1000 ერთეული). 1988 წლის რეფორმის შემდეგ, ტრიბუნალები ორი პროფესიონალი მოსამართლისა და ორი ექსპერტის (ქალი და კაცი) შემადგენლობით განიხილავენ იმ არასრულწლოვან პირთა ბრალდების საქმეებს, რომლებიც 18 წლის ასაკს არ არიან მიღწეული. 

იტალიაში ასევე ცალკე სისტემის სახით არის დაფუძნებული ადმინისტრაციული სახელმწიფო საბჭო, რომელიც ამ სფეროს დამოუკიდებელი სასამართლო ორგანოა. მის კომპეტენციაში შედის მთავრობისა და სამინისტროების მიერ ნორმნატიული აქტების კანონიერების შემოწმება და ამ საკითხებზე საჩივრების განხილვა. 20 პროვინციის ტერიტორიაზე შექმნილია ადმინისტრაციული იუსტიციის პირველი ინსტანციის ორგანოები. 

მოსამართლეებს იტალიაში ნიშნავს პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, მაგრამ მანამდე მოსამართლეობის კანდიდატი შერჩეული კონკურსის წესით და მუშაობს სამოსამართლეო აუდიტორად. 

იტალიაში ასევე პრეზიდენტის თავმჯდომარეობით ფუნქციონირებს მაგისტრატურის უმაღლესი საბჭო, რომელშიც პირველ მოადგილედ შედის საკასაციო სასამართლოს გენერალური პროკურორი და 30 წევრი, რომლებიც 4 წლის ვადით აირჩევიან 2/3 სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეები და პარლამენტის მიერ არჩეული 1/3 წევრებისაგან, რომლებიდანაც ნახევარი უნივერსიტეტის პროფესორები და ნახევარი კი მოქმედი ადვოკატები არიან. 

იტალიაში გამოძიებას აწარმოებენ სასამართლო პოლიციის ორგანოები, პრეტორები, რესპუბლიკის პროკურორები და სასამართლო გამომძიებლები (მოსამართლე-გამომძიებელი), რომლებიც არსებობენ ტრიბუნალებთან და ამიტომ ინიშნებიან ტრიბუნალების შემადგენლობიდან. სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებას მხარს უჭერენ პროკურატურის წარმომადგენლები დანიშნული პრეტორის ან სხვა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. საკასაციო სასამართლოში ბრალდებას მხარს უჭერს გენერალური პროკურატურის წევრები, ხოლო სააპელაციო სასამართლოში კი რესპუბლიკური პროკურორები, ისევე, როგორც ტრიბუნალებში ბრალდებას ახორციელებენ პროკურატურის იერარქიული საფეხურის თანამშრომლები, რომლებიც ფუნქციონირებენ იუსტიციის მინისტრის სახელით. 

საფრანგეთში არსებობს მართლმსაჯულების სისტემაში შემავალი საერთო იურისდიქციისა და ადმინისტრაციული სასამართლოები. მაგალითად, საერთო იურისდიქციის სასამართლოების იერარქიაში შედის მცირე ინსტანციის ტრიბუნალები (დეპარტამენტებში არსებობული სასამართლო ორგანო), რომლებიც განიხილავენ უმნიშვნელო სისხლისა და სამოქალაქო საქმეებს. 

იერარქიის შემდეგი საფეხურია დიდი ინსტანციის ტრიბუნალები, რომლებიც განიხილავენ საშუალო მნიშვნელობის სისხლისა და სამოქალაქო საქმეებს. შემდეგი საფეხურია სააპელაციო სასამართლოები და ასიზების სასამართლოები, რომლებიც ასრულებენ ნაფიცთა სასამართლოს როლს იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებზედაც სასჯელი აღემატება 5 წლით თავისუფლების აღკვეთას. ამ შემადგენლობაში სამი მოსამართლე პროფესიონალი იურისტია, ხოლო ცხრა მოსამართლე ასიზია, ანუ განათლებული და წესიერი ადამიანები, რომელთა პროფესიული საქმიანობა დაკავშირებული არ არის ხელისუფლებასთან, პედაგოგიურ საქმიანობასთან და იურისპრუდენციათან. 

სასამართლოს შემდეგი რგოლია სპეციალური სასამართლოები ანუ კომერციული და შრომითი საქმეების სასამართლოები, და ბოლოს კი საკასაციო სასამართლო, რომელიც საერთო იურისდიქციის სისტემას ხელმძღვანელობს. საფრანგეთის ადმინისტრაციულ სასამართლო სისტემაში შედიან: 

ა) რეგიონალური ადმინისტრაციული სასამართლოები (ყველაზე დაბალი რგოლი); 

ბ) ადმინისტრაციული სააპელაციო სასამართლო; 

დ) სახელმწიფო საბჭო (უმაღლესი რგოლი). 

საერთო იურისდიქციის სისტემის გვერდით,საფრანგეთში არსებობს ორი სპეციალური სასამართლო ორგანო, რომლებიც საერთო სისტემაში არ შედიან და შექმნილია მაღალი რანგის ჩინოვნიკების გასამართლებისათვის. აქედან პირველია მართლმსაჯულების სასამართლო (მინისტრების სასამართლო) და მართლმსაჯულების მაღალი სასამართლო, რომელიც განიხილავს ბრალდებას პრეზიდენტის წინააღმდეგ (სახელმწიფო ღალატის ჩადენაში). 

ფრანგული მართლმსაჯულების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ქვეყანაში ცალკე არ ფუნქიონირებს საკონსტიტუციო სასამართლო და კონსტიტუციურ კონტროლს ახორციელებს კონსტიტუციური საბჭო, რომელიც არის კვაზისასამართლო ორგანო.

საფრანგეთის ადმინისტრაციული სასამართლო სისტემის პირველი რგოლია ადმინისტრაციული ტრიბუნალები, რომლებიც არიან პირველი ინსტანციის სასამართლოები და განიხილავენ დავებს, რომლებიც ადმინისტრაციული სასამართლოების ქვემდებარე კატეგორიებს მიეკუთვნებიან. ადმინისტრაციული ტრიბუნალები მოქმედებენ ოლქის სასამართლო იურისდიქციაში, რომელიც მოიცავს რამდენიმე დეპარტამენტს. დღეისათვის საფრანგეთში ირიცხება 36 ერთეული ადმინისტრაციული ტრიბუნალი. 

ამ სისტემის მეორე რგოლია ადმინისტრაციული სააპელაციო სასამართლოები, რომელიც გამოდის როგორც სააპელაციო ინსტანცია ადმინისტრაციული ტრიბუნალების გადაწყვეტილებებთან მიმართებაში. სულ საფრანგეთში მოქმედებს ექვსი ერთეული ადმინისტრაციული სააპელაციო სასამართლო.

საფრანგეთში საერთო სასამართლოების ყველაზე დაბალი დონეა მცირე ინსტანციის ტრიბუნალები და საპოლიციო ტრიბუნალები (პოლიციური სასამართლო). მოცემული სასამართლო ორგანოები მიეკუთვნებიან სპეციალიზირებულ სასამართლოებს, თუმცა მაინც შედიან საერთო იურისდიქციის სასამართლო სისტემაში. პირადი და ქონებრივი, საიჯარო, გადამხდელების ინტერესების, საარჩევნო სიების და ა.შ მსგავსი დანიშნულების სამოქალაქო საქმეებს მცირე ინსტანციის ტრიბუნალები განიხილავენ ერთპიროვნული სასამართლო შემადგენლობის მეშვეობით და მათი გადაწყვეტილებები გასაჩივრებას არ ექვემდებარებიან. სამოქალაქო საქმეები, რომლებსაც დიდი ინსტანციის ტრიბუნალები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ, იგივე კატეგორიის საქმეებს წარმოადგენენ, რომელთა დავის საგნის ღირებულება აღემატება 10 000 ევროს.

სისხლის სამართლებრივი სამართალწარმოების სფეროში დიდი ინსტანციის ტრიბუნალი გამოდის როგორც აღმასრულებელი ტრიბუნალი. იმ ტრიბუნალებში, სადაც მნიშვნელოვანი მოცულობების სამუშაოებია საწარმოებელი, შედარებით მრავალი მოსამართრლეებია გამოუყოფილი, იქ იქმნება ერთი ან რამოდენიმე სპეციალიზებული კოლეგია, რომლებიც მუდმივად წარმოადგენენ აღმასრულებელი ტრიბუნალების პალატებს და საქმეებს კოლეგიური წესით სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავენ. 

გარკვეული მცირე მნიშვნელობის საქმეები (მაგალითად, ნადირობის ან სათევზაო წესების დარღვევაზე) განიხილება ერთი მოსამართლის მიერ. როგორც წესი, აღმასრულებელი ტრიბუნალები საქმეებს განიხილავენ პირველი ინსტანციის წესით იმ დანაშაულებზე, რომლებზეც მაქსიმალური სასჯელი შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს ათი წლის ვადისა. აღმასრულებელი ტრიბუნალების სტრუქტურაში შედის საგამოძიებო მოსამართლე (მოსამართლე გამომძიებელი), რომელიც, საფრანგეთის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, წარმოადგენს წინასწარი გამოძიების ორგანოს და ის არის მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე-გამომძიებელი. 

მეორე ინსტანციის საგამოძიებო ორგანოს წარმოადგენს საფრანგეთის სააპელაციო სასამართლოს საბრალდებო კამერა, რომელიც ახორციელებს სასამართლო ზედამხედველობას სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების კანონიერებაზე და ამავე სასამ,ართლოსვე აქვს მინიჭებული უფლებამოსილება საპროცესო დარღვევაზე დამრღვევი მოსამართლის მიმართ გამოიტანოს დისციპლინური ღონისძიება.

ვალერი გელბახიანი

პაატა კოღუაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე