(III გაგრძელება)
რეზონანსი
(03.03.2024)

დამოუკიდებელი საქართველოს დროს ის შეიცვალა, რომ მოსამართლეების კანდიდატს აღარც მმართველი პარტია წარადგენს და არც ხალხს აღარავინ ეკითხება მნის არჩევას, რადგან ეს თანამდებობა დანიშვნითი გახდა, ანუ ჩამოერთვა დემოკრატიული ელემენტი. ასევე გაუქმდა ერთი პროფესიონალი და ორი არაპროფესიონალი მოსამართლეების კოლეგიალური ინსტიტუტი და საქმის განხილვა დაევალა ერთპიროვნულად მხოლოდ ერთ მოსამართლეს, რაც ასევე დემოკრატიულობის და მიუკერძოებლობის ელემენტების შეკვეცას წარმოადგენდა. 

რაც შეეხება თავად სისტემის იერარქიულობას, იგი თითქმის უცვლელი დარჩა იმ განსხვავებით, რომ აჭარის ავტონომიაში გაუქმდა უმაღლესი სასამართლო, ხოლო მეორე ინსტანციის საქაალაქო სასამართლოების ნაცვლად შეიქმნა თბილისისა და ქუთაისის ჯერ საოლქო სასამართლოები, ხოლო შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოები, რომლებიც ისევე როგორც უზენაესი სასამართლო, პირველი ინსატანციის წესით საქმეებს აღარ განიხილავდნენ. შეიკვეცა რაიონული სასამართლოების რაოდენობაც და ყველა რაიონში სადაც ადრე პირველი ინსტანციის სასამართლო ფუნქციონირებდა, ახლა მხოლოდ მაგისტრი მოსამართლეღა დარჩა და ისიც მიწერილი ანუ მიმაგრებულია უახლოეს პირველი ინსტანციის სასამართლოში სამუშაოდ. 

მაგალითად, კახეთში, სადაც ადრე 8 რაიონული სასამართლო ფუნქციონირებდა, ამჟამად სამი რაიონული სასამართლო დარჩა (თელავი, გურჯაანი და სიღნაღი), ხოლო დანარჩენი 5 რაიონის (მუნიციპალიტეტის) მოსახლეობა სასამართლო სერვისის გარეშე დარჩა. ამგვარმა ე.წ. რეფორმამ მოსამართლეების რაოდენობა შეკვეცა და მოსამართლის 600 საშტატო ერთეულიდან მხოლოდ 330 მოსამართლეღა დარჩა. შედეგად ქვეყანამ ის მიიღო, რომ მესტიიდან ან ყაზბეგიდან მოწმე, დაზარალებული და სამოქალაქო მხარეები უნდა ჩავიდნენ ზუგდიდში ან მცხეთაში, გაიღონ მგზავრობის ხარჯები, რამოდენიმე დღე დაჰყონ ასეთ მანძილზე და სამართალი ეძებონ, რომელიც ამოდენა დანაკარგების გამო აღარც კი უღირთ და ამდენად გაძვირებულ სამართალს მთლიანად დაკარგული აქვს სახელმწიფოს თანადგომის ინტერესი და ეფექტი. 

ამ ე.წ. რეფორმის ყველაზე მთავარი ნაკლი აღმოჩნდა განსახილველ საქმეთა უსასრულო გაჭიანურება და დღეის მდგომარეობით თვითოეულ მოსამართლეს წარმოებაში აქვს 200-ზე მეტი საქმე, რის გამოც პირველ ინსტანციაში ერთ წელზე მეტი უნდება მოსამართლე საქმის განხილვას და ამდენივე ვადებია დამკვიდრებული როგორც სააპელაციო და ასევე უზენაეს ინსტანციაში. 

გარდა ამისა, კანონმდებლობა (როგორც კონსტიტუცია, ასევე საპროცესო და საერთო სასამართლოების კანონები) მკაფიოდ მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო საქმეებს იხილავს კოლეგიალურად, თუმცა პტრაქტიკაში თვალით არავის უნახავს პირველი ინსტანციის სასამართლო კოლეგია და ყველა საქმეს მოსამართლეები ერთპიროვნულად განიხილავენ. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლო, რომელიც როგორც წესი, გამონაკლისის გარეშე, საქმეებს სამი მოსამართლის მომაწილეობით უნდა განიხილავდნენ. ახლანდელი წესის მიხედვით, ერთპიროვნული წესით ხდება საქმეთა განხილვები, რითაც უხეშად ირღვევა კანონმდებლობის მოთხოვნები. 

ამრიგად, საქართველოს სასამართლო სისტემა, ისევე როგორც საბჭოთა სასამართლოები, სამსაფეხურიანი იერარქიული რგოლებისაგან შედგება და ინსტიტუციურად არ დგას არც დემოკრატიის და არც ხალხის ინტერესების სამსახურში. 

რადგან დამოუკიდებელმა და დემოკრატიის გზაზე მდგარმა ქართულმა სახელმწიფომ უკეთესი მოდელი ვერ მოიგონა, ვიდრე საბჭოთა სასამართლო სისტემა იყო, ამიტომ უინტერესო არ იქნება, თუ დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ დანერგილ სხვა სასამართლო მოდელებსაც შევეხებით და გავიგებთ თუ რატომაა უფრო ეფექტური და ხალხის მაღალი ნდობის მანდატით აღჭურვილი მათი სასამართლოები და რატომ დაეკარგა ხალხის თვალში სამართლიანობის ფასი ქართულ სასამართლოებს. 

მაგალითისათვის უნდა ავიღოთ არა რომელიმე ერთი ქვეყნის გამოცდილება, არამედ რამოდენიმე, კერძოდ: გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, აშშ-სა და იაპონიის სასამართლო სისტემები. 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა სახელმწიფო მოწყობით მთლად არ ჰგავს საქართველოს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაში შედის სამი ავტონომია, ამიტომ შესაძლოა, რომ ასეთი სავარაუდო ასიმეტრიის პირობებში გერმანიის ან ამერიკის მოდელი სამაგალითოც კი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, ისევე როგორც საფრანგეთი და იტალია არ არიან ფედერაციული მოწყობის სახელმწიფოები, თუმცა მათი სასამართლოები დაყოფილია იუსტიციის სფეროების მიხედვით და ცალ-ცალკე ანუ დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ. 

გერმანიაში, მაგალითად, მოქმედებს ექვსი სახის სასამართლო სისტემა (განსხვავებით საქართველოს ერთი სახის სისტემისაგან), იტალიასა და საფრანგეთში ხუთი, ხოლო აშშ-ში სასამართლოები ასევე ექვსი დამოუკიდებელი სახით არიან წარმოდგენილნი. გერმანიის სისტემა მოიცავს საერთო სასამართლოებს, ასევე შრომითს, სოციალურ, ფინანსურ და ადმინისტრაციულ სასამართლოებს, რომლის თვითოეული სფეროს სათავეშია საკუთარი უმაღლესი სასამართლო ორგანოები. 

იუსტიციის ამ დამოუკიდებელი სფეროებიდან ყველაზე საინტერესოდ მაინც ფინანსური და სამეწარმეო (კომერციული) სასამართლოები გამოიყურებიან, რომლებიც საქართველოსათვისაც ერთობ სასარგებლოდ მოსჩანს, რადგან ბიზნეს ურთიერთობების გამო, გერმანიაში ამ ტიპის დავებს ძალიან მარტივი და დაჩქარებული პროცედურებით განიხილავენ სამი წევრისაგან შემდგარი კოლეგიები, საიდანაც ერთი პროფესიონალი მოსამართლეა ხოლო ორი კი არაპროფესიონალია. სასურველია, რომ საქართველოშიც ცალკე იერარქია არსებობდეს სამეწარმეო და ფინანსური დავებისათვის ორ დონიანი ინსტანციით და ისევე როგორც გერმანიაში, ერთი მოსამართლე იყოს პროფესიონალი იურისტი, ხოლო ორი კი იყოს ბიზნეს ასოციაციიდან მოწვეული მსაჯული არაპროფესიონალი იურისტი მოსამართლე. 

ზედა ინსტანციაში პალატა უნდა შედგებოდეს ან სამივე პროფესიონალი მოსამართლისაგან ან კიდევ ორი პროფესიონალი და სამი არაიურისტი მოსამართლე მსაჯულისაგან. გარდა სპეციფიკური სფეროების სასამართლოებისა, გერმანიაში არსებობს მიწების (შტატების) სასამართლოები და უმაღლესი სასამართლოები, ხოლო ფედერაციის დონეზე კი მოქმედებს გერმანიის უზენაესი სასამართლო. ძალიან დიდ ინტერესს იწვევს იტალიის მაგალითიც, სადაც პირველი დონე მომრიგებელი სასამართლოა, რომლის გადაწყვეტილება შემდგომ განიხილება პრეტორულ სასამართლოში, რომელიც წარმოადგენს როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, ასევე აკისრია ტრიბუნალის ფუნქციაც. იტალიის სასამართლო სისტემის სათავეშია უმაღლესი საკასაციო სასამართლო, სადაც შექმნილია სამ-სამი პალატა სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე და ერთი პალატა სასამართლოების კომპეტენციებისა და განსჯადობის დავებზე. 

რეგიონებსა და დიდ ქალაქებში სულ ფუნქციონირებს 23 ერთეული სააპელაციო სასამართლო და ცალკეულ საქმე განიხილება 5 პროფესიონალი მოსამართლისაგან შემდგარი კოლეგიის მიერ. შემდგომი ქვედა რგოლია ტრიბუნალები (სულ 160 ტრიბუნალი), რომელიც საქმეებს განიხილავს როგორც პირველი ინსტანციის წესით, ასევე სამი პროფესიონალი მოსამართილსაგან შემდგარი კოლეგიის მეშვეობით, სააპელაციო წესით, პრეტორული სასამართლოს განაჩენებზე და გადაწყვეტილებებზე. 

უფრო სერიოზულ და უმძიმესი კატეგორიის დანაშაულებს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები (სულ 94 ერთეული), რომელიც საქმეს იხილავს სასამართლო რომელიც შედგება ორი პროფესიონალი მოსამართლის (საიდანაც ერთი თავმჯდომარეა) და ექვსი მსაჯულისაგან, რომლებიც სახალხო მოსამართლეებად იწოდებიან. ამ სასამართლოს განაჩენებს განიხილავენ ნაფიც მსაჯულთა სააპელაციო სასამართლოები (სულ 34 ერთეული სასამართლო) ორი პროფესიონალი და ექვსი მსაჯულისაგან, მაგრამ პროიფესიონალი მოსამართლეებიდან ერთი ანუ თავმჯდომარე უნდა იყოს საკასაციო სასამართლოს მოსამართლე, ხოლო მეორე პროფესიონალი კი საერთო სასამართლოების სააპელაციო ინსტანციის წევრი.

ვალერი გელბახიანი

პაატა კოღუაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე