„ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“
რეზონანსი
(02.02.2024)

დიდი მოაზროვნის მოყვანილ ციტატას შეუძლებელია, არ დაეთანხმო. ისეთ ფაქიზ და სათუთ თემას ეხება ეს წერილი, პირდაპირ სამართებლის პირზე გავლა მიწევს. „ვერ გაიარე, ყველაფერი დაისერე"-ო, ვგრძნობ პოტენციურ ოპონენტთა ხმას. სამართებელზე მოსიარულე, უკეთეს შემთხვევაში, ფეხის გულებს დაისერავს. არც უთქმელობა ეგების. სხვა თაობა მოვიდა, რომელიც ქვეყნის ბედზე მსჯელობს; თაობა, რომელსაც პრეტენზია აქვს, ქვეყნის წინსვლაში მის წამყვან და გადამწყვეტ როლზე. მათ გასაგონად უფრო...

ჩემმა თაობამ, საუბედუროდ, ცუდად წაიყვანა ჩვენი სამშობლოს საქმე. კომუნისტებისგან მემკვიდრეობით დატოვებული ქვეყანა შაგრენის ტყავივით დაამცრო. და, ეს დღემდე გრძელდება. კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება, მხოლოდ ერთმა, ღმერთმა უწყის. ჩვენწინა თაობამ, მიუხედავად დიდი მოაზროვნეების, ქვეყანაზე ნამდვილად შეყვარებული ადამიანების სიმრავლისა, თავისი, არც თუ ისე ცოტა წვლილი შეიტანა ქვეყნის დამცრობაში. რა გახდა ამის მიზეზი? ოთხმოციანი წლების მეორე ნახევარმა მთელ ჩვენს საზოგადოებას დაანახა, რომ ერი ვართ. ერი, რომელსაც ხელეწიფება წინსვლა და განვითარება. ერი, რომელიც დამოუკიდებლობისკენ ისწრაფის.

ერი, რომელმაც მიაღწია დამოუკიდებლობას. მერე?! რა მოხდა მერე? 1989 წლის აპრილიდან ჩვენ უკვე დამოუკიდებლები ვიყავით. ვფიქრობ, მაშინ აღდგა ჩვენი დამოუკიდებლობა. უბრალოდ, დამოუკიდებლობის აქტი შედგა ცოტა მოგვიანებით. გამოცხადებიდან მხოლოდ რამდენიმე თვეს გავძელით დამოუკიდებლად - დიახ, საუბედუროდ, მხოლოდ რამდენიმე თვეს... ბალტიისპირელებთან შედარება ჩვენს სასარგებლოდ ნამდვილად არ მეტყველებს. მათ მეტი სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური კულტურა აღმოაჩნდათ. ბოლო-ბოლო, პრეზიდენტად ბრაზაუსკასი, კომპარტიის ცეკას გუშინდელი მდივანი აირჩიეს. მან, ბოლშევიკურ აკადემია დამთავრებულმა, ქვეყანა ევროკავშირში და ნატოში შეიყვანა.

აქვე უნდა ვთქვა, რომ ბალტიისპირელებს წარმოუდგენლად ძლიერი პოლიტიკური (და, არა მხოლოდ პოლიტიკური) დახმარება ჰქონდათ დასავლეთიდან. ისინი მარტონი არ ყოფილან. ჩვენ კი... „ჩვენ ობოლი ერი ვართ" (ჭაბუა ამირეჯიბი). ობოლს და მიუსაფარს დახმარებას და მხარდაჭერას ვინ ჩივის, „დინების საწინააღმდეგოდ მიცურავთ"-ო, მოგვახალეს და მტერს შეგვატოვეს.

ისევ ჩვენდა საუბედუროდ, სახელმწიფოებრივად მოფიქრალი, ცივი გონებით მოფიქრალი ადამიანები გვაკლდა. მოაზროვნე, სამშობლოზე მოფიქრალი ადამიანების სიმწირეს ნამდვილად არ განვიცდიდით. მიუხედავად ამისა, ვერ შევაჩერეთ ქვეყნის ვარდნა. აქ, პირველი, ვინც გონებაში მომდის აკაკი ბაქრაძეა. მას და მისნაირებს იმედით შევყურებდით. ვისაც წილად ხვდა ბედნიერება, მოესმინა კაკო ბაქრაძის ლექციები ფიზიკის დიდ აუდიტორიაში, ყველა დამეთანხმება - ეს იყო უბრწყინვალესი ლექციები, გეგმები, დამოუკიდებლობისაკენ მიმავალი გზების ძიება და, რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი თავის რწმენა.

ზვიადის და მერაბის ბრძოლა აქტიური ბრძოლა იყო იმპერიის წინააღმდეგ. მათ შეძლეს ხალხის ერად მობილიზება. ამაში აკაკი ბაქრაძემ და მისი კალიბრის მოაზროვნეებმა, თავიანთი მაღალი სიტყვით, ბასრი სიტყვით შეუწყვეს ხელი. აკაკი ბაქრაძის ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, ყველგან, ყველა თანამდებობაზე თუ ახალ შექმნილი საზოგადოებების თავში მის დანიშვნას ნატრობდა ხალხი. გემახსოვრებათ გამოთქმა - „ქსეროქსით დავაკოპიროთ და ყველგან ბატონი კაკო დავნიშნოთ"-ო.

შემდეგ რა მოხდა? არჩევნების გზით გავუშვით კომუნისტური ხელისუფლება და ქვეყნის სამართავად მოვიყვანეთ ეგრეთ წოდებული „ეროვნული ძალები" (შემთხვევით არ ჩამისვამს ბრჭყალებში ეროვნული ძალები. სულ რაღაც რამოდენიმე თვის მერე, „ეროვნული ძალების" ნაწილმა, ქვეყნის აშკარა მოღალატეებთან ერთად ესროლეს ჩვენს ქვეყანას. ჩვენდა საუბედუროდ, ცოცხლად დარჩენილების ნაწილი დღესაც იგივეს აგრძელებს). მაშინ კი, დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ ხანებში, როცა ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა აზრიანი, იმედიანი სიტყვა და ერის გაერთიანებისკენ ძალისხმევა, მრავალმა გამოჩენილმა ადამიანმა, ჩვენი ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენელმა, ერის დამღუპველთა მხარე დაიჭირა - ან აშკარად, ან შეფარვით, ან დანაშაულებრივი სიჩუმით. ცხადია, მიმიხვდებოდით, აკაკი ბაქრაძეზე იმიტომ ვილაპარაკე, რომ ის იყო ერთ-ერთი ბრწყინვალე მოაზროვნე და, უბრალოდ, ის ქართველი კაცი, რომელიც ყველას უყვარდა და უდიდესი პატივისცემით ექცეოდა მიუხედავად ჯგუფური კუთვნილებისა. მასთან ერთად, ასევე მწყდება გული, რომ მერაბ მამარდაშვილი, ნოდარ ნათაძე, ჭაბუა ამირეჯიბი და კიდევ რამდენიმე, მათი დონის მოაზროვნეები აღმოჩდნენ იმ ბანაკში, რომელსაც ქვეყნის უკან სიბნელეში დაბრუნება უნდოდათ და დააბრუნეს კიდეც.

ყველა-ყველა და, თუ ასე თვლიდნენ, ორ ბოროტებას შორის, მათი აზრით, ნაკლები ბოროტება მაინც უნდა აერჩიათ - ზვიად გამსახურდიასადმი მტრად მოკიდება, იმ საბედისწერო მომენტში, ზვიადის მტრობა კი არა, ქვეყნის მტრობა ყოფილა. ეს გვიან გამოჩნდა. მაშინ, როცა ზვიადი ჯერ დაამხეს, მერე კი მოკლეს ქვეყნის სათავეში მომჯდარი „მსოფლიოს დიდი პოლიტიკოსის" საამებლად. თურმე, ამოვარდნაძის სასარგებლო საქმეები უკეთებიათ. თეთრმა მელამ მეორედ იშოვა ლურჯი საღებავი და ქედზე მოაჯდა ყველას, ვინც საქართველოში დამყარებული „ზვიად გამსახურდიას დიქტატურის" დამხობაში დაეხმარა. ჯერ სახელმწიფოს მეთაურად მოგვევლინა, მალე კი, ახალი, „საყოველთაო" არჩევნები „მოაწყო", „დემოკრატებს" გაამარჯვებინა და... და, შეესივნენ აფხაზეთს. ჯარი შეიყვანეს რკინიგზის დაცვის საბაბით. ბიჭებმა, ჯარში მომსახურე ჩვენმა ძმებმა, ყველაფერი ისე გააკეთეს, რაც დაავალეს ქვეყნის მტრებმა - დაიკავეს აფხაზეთი რამდენიმე დღით. ფსოუს წყალიც შესვეს და „ქართველი ერის მორიგი გამარჯვება" იზეიმეს.

ამ ბიჭებს, სუფთა გულით რომ წავიდნენ უკანონობის აღსაკვეთად, ვერავინ დაადანაშაულებს. ისინი ჯარისკაცები არიან, სადაც ქვეყანა გაგზავნის, იქ წავლენ და, თუ საჭირო გახდა, სიცოცხლესაც ანაცვალებენ. ომს ჯარისკაცები არ იწყებენ. ომს პოლიტიკოსები იწყებენ, ჯარისკაცები კი, ეწირებიან. დროს უკან ვერ დააბრუნებ, თორემ, უნიათო ოცნებაში წარმოვიდგინე: აკაკი ბაქრაძე, მერაბ მამარდაშვილი, ნოდარ ნათაძე იმ კრიტიკულ მომენტში რომ გამოსულიყვნენ სახალხოდ და განეცხადებინათ - „მეგობრებო, დღეს სახელმწიფო გადატრიალება ქვეყანას დაღუპავს. მოვითმინოთ ეს „დიქტატურა" ცოტა ხნით, დაველოდოთ ახალ არჩევნებს. სხვა მხრივ, ქვეყანას გადავწვავთ, სამოქალაქო ომი ყველა ომზე საშინელია, იგი უკან, სიბნელეში გადაგვაგდებს და დამოუკიდებლობას დაგვაკარგინებს"-ო.

არ ან ვერ განაცხადეს, თუ ვერ გაბედეს, არ ვიცი. შედეგი კი ისაა, რაც გვაქვს: ომი აფხაზეთში და აფხაზეთის დე-ფაქტო დაკარგვა, შემდეგ, თეთრი მელას გაზრდილმა მომხვეჭელმა გველებმა აფხაზეთი და სამაჩაბლო, ათიოდე ქვეყნის აზრით, დე-იურეც დაკარგეს. თეთრი მელა მესამედ ცდილობდა ლურჯი საღებავის შოვნას, - გაეროს გენერელურ მდივნობაზე ალაპარაკა რამდენიმე ქვეყნის ლიდერი, - საბედნიეროდ, უშედეგოდ.

აკაკი ბაქრაძეს დღესაც და, სანამ ცოცხალი ვარ, უდიდეს პატივს ვცემ, როგორც მოაზროვნეს, დიდებულ პუბლიცისტს და ბრწყინვალე ორატორს. ჩვენ გვიყვარდა ბაქრაძის ლექციები, მისი მართალი სიტყვა გულის გულში აღწევდა. ფიზიკის დიდი აუდიტორია დედა-უნივერსიტეტის მეორე კორპუსის მეორე სართულზეა. მისი ლექციებისას გადაჭედილი იყო აუდიტორია და ლექციის დამთავრებისთანავე მრავალზე მრავალ შეკითხვას ვუსვამდით, რომელსაც ბატონი კაკო ჩვეული სიდინჯით პასუხობდა. ლექციის შემდეგ კიბეებით რომ დააპირებდა ქვემოთ ჩასვლას, ვაჩერებდით და ახალ-ახალ კითხვებს ვაყრიდით. ის კიდევ, გვპასუხობდა და გვპასუხობდა. თითო საფეხურის გავლას რამდენიმე წუთს ანდომებდა. დაახლოებით ოცდაათ საფეხურიანი კიბის ჩავლას ლექციაზე გაცილებით მეტ დრო სჭირდებოდა. ბოლოს, გასასვლელ კართან, გასავათებული გვეხვეწებოდა, „გამიშვით აწი, მართლა აღარ შემიძლიაო მეტი".

სიცოცხლის ბოლოს ნოდარ ნათაძემ თქვა, „ყველა ტყვიას ვიმსახურებთო შუბლში, ვინც მაშინ ზვიად გამსახურდიას ვუღალატეთ". საქართველოს კი არა, ზვიადსო. ფაქტიურად, ამ დიდმა ადამიანებმა მტრის წისქვილზე მიუშვეს წყალი. შედეგად, სისხლის ფასად მოპოვებული დამოუკიდებლობა გავანიავეთ. დიდი მოაზროვნეები ქვეყნისთვის საბედისწერო წუთებში ძალიან სუსტი პრაქტიკოსები აღმოჩდნენ.

P.S.: არავითარი სურვილი არ მაქვს, ამ დიდ მოაზროვნეების გვერდით დავაყენო მსუბუქი ყოფაქცევის და მცირე სულის კაცები. ერთი მათგანი, ჩვეულებრივი პლაგიატი, ზვიად გამსახურდიას მიერ ათეული წლის წინ მხილებული ლექსების ქურდობაში, მტრად მოეკიდა და ბიოლოგიური ზიზღის დაფარვა არც უცდია. მადლიერმა პატარა კაცებმა, - ბედის ირონია რა ვთქვი, - მთაწმინდაზე მიუჩინეს ადგილი (იმედია დროებით! მთაწმინდა კიდევ ერთხელ გაიწმინდება და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ისევ ერად არ ვიქცევით). ასეთი სულის კაცებმა, საუბედუროდ, არც ისე ცოტამ, კინაღამ დაღუპეს ათას ჭირსა და უბედურებაში გამოვლილი ქვეყანა. არც ზვიად გამსახურდიას შეცდომებს ვეხები აქ, რომელიც უთუოდ ჰქონდა და რომლისგანაც არცერთი ქვეყნის მეთური არაა დაზღვეული. მე რომ დავინახე, ჩვენ რომ დავინახეთ, ურემი უკვე გადაბრუნებული იყო. მხოლოდ მაშინ გავისიგრძეგანეთ, როცა უბედურება უკვე მოხდა.

დიდი მოაზროვნეებისგან წინასწარგანჭვრეტას მოვითხოვდე, არა მგონია, დიდი დანაშაული იყოს. დღეს, ჩემი თაობის ბოლო ნასხლეტები და, უმეტესად, ახალი თაობის წარმომადგენლები განაგებენ ქვეყნის ბედს. არ მინდა, მათაც იგივე შეცდომები გაიმეორონ. მეტ დაკვირვებას და მეტი განჭვრეტის უნარს ვუსურვებ - ეს ქვეყანა ჩვენი სამშობლოა! ჩვენამდე მრავალი, განუზომლად მრავალი თაობის სამშობლო იყო. ძველებმა ვაჟკაცურად, სისხლით, ოფლით და თავგანწირვით მოიყვანეს აქამდე. მინდა მომავალმა თაობებმაც იგივე თქვან ათასეული წლების შემდეგ.

 

სოლომონ ნერგაძე, მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, პავიას უნივერსიტეტი, პავია (იტალია) (2024 წლის 15 იანვარი)

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე