რეზონანსი
(02.02.2024)

მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დგას - რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად წარმოშობილი პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები ახალ პრობლემებს უქმნის სამყაროს, რაც მნიშვნელოვან ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა სახელმწიფოების ყოველდღიურ ცხოვრებასა და განვითარებაზე. ხოლო გლობალური მასშტაბის სანქციები, რომელიც ასევე ამ კონფლიქტის შედეგადაა პროვოცირებული, ანგრევს იმ ეკონომიკურ კავშირებს, რომელიც მანამდე არსებობდა.

როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის განუყოფელ ნაწილს, შეუძლებელია ეს კრიზისი არ ეხებოდეს ცენტრალური აზიის სახელმწიფოებსაც. აუცილებლად გასათვალისწინებელია ის რეალობა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები საკმაოდ სპეციფიურ და რთულ რეგიონში არიან განლაგებულნი და მათ საუკუნეების განმავლობაში ინტენსიური კავშირები აქვთ დამყარებული რუსეთის ფედერაციასთან, რომლის გარდა, მათ სამეზობლოს წარმოადგენენ: ჩინეთი, ავღანეთი და ირანი, ხოლო ევროპასთან დამაკავშირებელი ერთადერთი არტერია კასპიის ზღვაა.

ეს გეოგრაფიული რეალობა თავისთავად განაპირობების იმას, რომ ამ ქვეყნების ეკონომიკური კავშირები რუსეთთან ბუნებრივად ინტენსიურია, რაც შემდეგში გამოისახება: 2019-დან 2023 წლამდე უზბეკეთმა გააორმაგა რუსეთთან ორმხრივი ვაჭრობა 10 მილიარდ დოლარამდე. საგარეო ვაჭრობის მოცულობა ყაზახეთსა და რუსეთს შორის გაიზარდა 19.6 მილიარდი დოლარიდან 2019 წელს 21.3 მილიარდამდე 2023 წლის 10 თვის განმავლობაში. მსგავსი ტენდენციაა ყირგიზეთთან დაკავშირებითაც. 2022 წელს სავაჭრო ბრუნვა ყირგიზეთსა და რუსეთს შორის 37%-ით გაიზარდა და 3.4 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2023 წლის პირველ 6 თვეში ტვირთბრუნვა 17.4%-ით გაიზარდა.

ამავე დროს აუცილებელია განიმარტოს, რომ ცენტრალური აზია აკეთებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გვერდი არ აუაროს და ამ მხრივ წარმატებებს აღწევს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობაც აღნიშნავს. შესაბამისად, ეკონომიკური კავშირების ინტენსივობა მოსკოვთან აბსოლიტურად არ არის რაიმე შეხებაში სასანქციო რეჟიმთან.

ვითარების კიდევ უფრო ნათლად აღსაქმელად, აუცილებელია რეგიონის სპეციფიკის შესახებ დამატებით ცნობები წარმოვადგინოთ, რაც მეტ სიცხადეს შეიტანს საერთო ობიექტური სურათის შესაქმნელად.

ისტორიულად ყირგიზეთი მუდამ იყო ეკონომიკური კავშირების ერთ-ერთი მთავარი ჰაბი რეგიონში - ეს ყველაზე სარფიანი სახმელეთო კორიდორია ჩინური საქონლის ტრანსპორტირებისთვის დსთ-სა და ევროპის ბაზრებზე. თავის მხრივ ყირგიზეთის ამგვარ ჰაბს გააჩნია ვაჭრობის და მიზიდულობის კიდევ ორი მთავარი არტერია, ორი უმსხვილესი ბაზარი - დორდოი და კარა-სუუ, რომლებიც გარკვეული ეკონომიკური ავტონომიების მაგვარ წარმონაქმნად იქცნენ და ბოლომდე არ ემორჩილებიან ყირგიზეთის კანონმდებლობას, რაც ხელისუფლებას ნამდვილ თავის ტკივილს უჩენს.

შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყირგიზეთი ცდილობს ვითარება გააკონტროლოს და ეს ორი ეკონომიკური ანკლავი საერთო საკანონმდებლო სივრცეს სრულფასოვნად დაუკავშიროს, რაც მარტივი საკითხი არ არის და დაკავშირებულია მრავალ რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნიუანსთან. ყირგიზეთის ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს სიტუაციის დასარეგულირებლად. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ამ ბაზრებზე საკონტროლო-სალარო ტექნიკისა და ელექტრონული ინვოისის გამოყენების წესის შემოღება, რამაც უნდა უზრუნველჰყოს მეწარმეების მოღვაწეობის გამჭვირვალობა და დაბლოკოს კონტრაბანდა.

ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრმა ა.ჟაპაროვმა 2023 წლის მარტში ბრალი დასდო ბაზრების მფლობელებს ამგვარი სიახლეების წინააღმდეგ მიტინგების ორგანიზებაში. 2023 წლის დეკემბერში სიტუაცია კვლავ გამწვავდა და მათ გადასაწყვეტად ყირგიზეთის პრეზიდენტი დორდოის ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა და და რეფორმების არსი განუმარტა: დანერგილი სიახლის მთავარი ამოცანაა ჩრდილოვან ეკონომიკასთან ბრძოლა. მაგალითად, ჩინეთიდან შემოსული საქონლის მოცულობაა 14 მილიარდი დოლარი, მაგრამ, თუ ჩვენი სტატისტიკით ვისაუბრებთ, ეს თანხა გარდაიქმნება 4 მილიარდად. ეს ნიშნავს, რომ არსებობს ჩრდილოვანი ეკონომიკა. ისინი ყველაფერს ბითუმად ყიდიან და არ იხდიან გადასახადებს. მხოლოდ საკონტროლო-სალარო სისტემის შემოღებით შევძლებთ გავიგოთ რეალური ტვირთბრუნვა ჩვენს ქვეყანაში - განაცხადა პრეზიდენტმა.

ეს მაგალითი მოვიყვანეთ საიმისოდ, რომ ნათელი წარმოდგენა შევქმნათ, თუ რა მასშტაბის კრიზისთან ვდგავართ უკრაინაში ომის გამო და რა ზეგავლენას ახდენს ეს ჩრდილოვანი ეკონომიკის გამოაშკარავებასა და შიდა პოლიტიკური პროცესების გამწვავებაში თუნდაც ყირგიზეთში.

ვფიქრობთ, არსებული გეოგრაფიული და რეგიონალური ვითარების სპეციფიკიდან გამომდინარე დასავლეთს კარგად უნდა ესმოდეს, რომ ყველაფერი ისე ერთმნიშვნელოვანი და მარტივი არ არის, თუ კარგად არ იცნობ რეგიონს და იქ არსებულ ნიუანსებს, რაც დაადასტურა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. მან განაცხადა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება სანქციების დაცვას. ჩვენ გვესმის, რომ ზოგჯერ საჭიროა დრო რათა ისე გაკეთდეს, რომ ამან ზიანი არ მიაყენოს თქვენს ბიზნესს - აღნიშნა ბლინკენმა.

შესაბამისად, სადღეისოდ არ არსებობს არცერთი მინიშნება და ფაქტი, რომ რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო სასანქციო რეჟიმის გვერდის ავლას ცდილობდნენ - ისინი მხოლოდ მოქმედებენ საკუთარი სასიცოცხლო სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ხოლო, გარკვეული ეჭვის ან კონკრეტული ინფორმაციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ იწყება საგამოძიებო მოქმედებები შესაძლო დარღვევების გამოსავლენად და მათ აღსაკვეთად. მაგალითად, ყირგიზეთში მიმდინარეობს გამოძიება კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს რუსეთისთვის დრონების მიწოდებასთან.

აქედან გამომდინარე, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სანქციების გვერდის ავლისა და რეექსპორტის პრობლემის აღკვეთა ცენტრალური აზიის ქვეყნებში სისტემურ დონეზე წყდება.

მათ შორის ამ რეგიონის ლიდერმა ყაზახეთმა, რომელსაც რუსეთთან მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვარი აკავშირებთ - 7.5 ათასი კილომეტრი, რაც თავისთავად უნდა მოწმობდეს განსაკუთრებულ ურთიერთობაზე, არაერთხელ განაცხადა, რომ არ დაუშვებს სანქციების დარღვევას საკუთარ ტერიტორიაზე და ამის უფლებას სხვასაც არ მისცემს და ეს მაშინ, როდესაც ასტანასთვის მოსკოვთან ეკონომიკური კავშირები მნიშვნელოვანია და მონაწილეობს მრავალ ერთობლივ ინტეგრაციულ პროექტებში, ოდკბ-ს ენერგეტიკული ბლოკიდან ევრაზიულ კავშირამდე.

ასტანა მოქმედებს დამოუკიდებლად და ეფექტურად ახდენს რეაგირებას იმ საერთაშორისო გამოწვევებზე, რომლებიც სამყაროში არსებობს. მრავალვექტორული პოლიტიკის შედეგად ცდილობს საუკეთესო ბალანსის მიღწევას სწრაფად ცვალებადი გლობალური რეალობიდან გამომდინარე. შესაბამისად, ყაზახეთს არ შემოაქვს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რაც სრულიად გასაგებია, მაგრამ, ამავდროულად არ აძლევს საკუთარ თავს უფლებას გახდეს მოედანი მათი გვერდის ავლისთვის.

ასტანა არამარტო განცხადებებს აკეთებს, არამედ მოქმედებს და კონკრეტულ და ეფექტურ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით, რისი ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ისიცაა, რომ ანალოგიურად ყირგიზული ინიციატივისა, ყაზახეთში 2023 წლის 1 აპრილიდან. შემოღებულ იქნა ელექრონული ინვოისების აუცილებელი რეგისტრაცია სავაჭრო ურთიერთობებისას ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან. ეს საშუალებას იძლევა რეალურ დროში მონიტორინგისა საქონლის გადაადგილების მთელს ჯაჭვზე.

პარალელურად რეგიონის სხვა ქვეყნებიც მოქმდებენ, რომ სანქციების დარღვევა არ დაუშვან. მათ შორის, უზბეკეთმა პირობა დადო, რომ დაიცავს სანქციებს, როდესაც საქმე ეხება ევროპული საქონელის რუსეთში რეექსპორტს, რაც ბრიუსელის კმაყოფილებას იწვევს: ჩვენ არ ვითხოვთ უზბეკეთისგან სანქციების სრული სპექტრის დაცვას - ეს ძალიან რთული იქნებოდა. მაგრამ, ჩვენ გამოვარჩიეთ მცირე რაოდენობა - დაახლოებით 45 პროდუქტი, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის სამხედრო საჭიროებებისთვის და ჩვენ ვცდილობთ აღვკვეთოთ ამ საქონელთა რეექსპორტი მესამე ქვეყნებიდან, ისეთებიდან, როგორიცაა უზბეკეთი - განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხში დევიდ ოსალივანმა, რომელიც უკვე აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებას ტაშკენტთან.

საერთო ჯამში აიცილებელია კიდევ ერთხელ ავღნიშნოთ, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები არსებული რეალობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე თავის მაქსიმუმს აკეთებენ ამ ვითარებაში, რომ არ დაუშვან კონტრაბანდა და მეორეს მხრივ შეინარჩუნონ რუსეთთან სასიცოცხლოდ აუცილებელი ეკონომიკური კავშირები, რაც ასევე გასაგებია და მისაღებია, რადგანაც, მაგალითად, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთისთვის რთული იქნება რუსეთთან კავშირების სრული გაწყვეტის გადატანა. მილიონობით შრომითი მიგრანტები, მათ შორის არალეგალურად განაგრძობენ ჩრდილოელ მეზობელთან გამგზავრებას საშოვნელად. დუშანბე ასევე დამოკიდებულია რუსეთის სამხედრო პოტენციალზე, მხედველობაში თუ მივიღებთ მის სიახლოვეს არასტაბილურ ავღანეთთან.

მთლიანობაში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ცენტრალური აზია ცდილობს საუკეთესო ბალანსი იპოვოს ერთის მხრივ სანქციების დაცვისა და მეორეს მხრივ რუსეთთან აუცილებელი ეკონომკური კავშირების შენარჩუნების თვალსაზრისით.

 

ალექსანდრე ანდრიაძე

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე