რეზონანსი
(02.02.2024)

ბოლო დღეებში მმართველი პარტიის მიერ განხორციელებულმა პარტიულმა და სახელისუფლო ცვლილებებმა ნათლად გვაჩვენა, რომ პოზიცია-ოპოზიცია თანამშრომლობას არ აპირებენ!

სამწუხაროდ, შემოთავაზებულ ცვლილებებში არც კი იგრძნობა ქვეყნის ინტერესების პრიორიტეტი! გაუგებარია, რატომ ტარდება ასეთი მასშტაბური ცვლილებები მაშინ, როცა ბოლო დღემდე მთელი სამთავრობო გუნდი გვიმტკიცებდა, რომ წარმატებული მთავრობა გვყავს! რომ ეკონომიკა აღმავლობის გზაზეა! გაუგებარია, რისი რადიკალურად გაუმჯობესებისაკენაა მიმართული ეს რადიკალური სამთავრობო ცვლილებები თუ კი ყველა მიმართულებით წარმატებულები ვიყავით?

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ყველაფერი ისე არ არის! სახეზეა სახელისუფლო კრიზისი და ეს მმართველი პარტიისათვის მომავალ არჩევნებზე სახიფათოა!

ჩვენ, მეცნიერთა კონგრესმა, მრავალჯერ შევთავაზეთ ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა. შევთავაზეთ ერთობლივი მუშაობა ქვეყნის განვითარების პროგრამებზე! საარჩევნო სისტემის, კონსტიტუციის ცვლილებებზე! შევთავაზეთ შეგვექმნა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინა!

„ქართული ერთობის დარბაზი" და „მეცნიერთა კონგრესი" კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თანამშრომლობისაკენ ხელისუფლებას, პოლიტიკურ ძალებს!

პარტიულ სამთავროებად დაყოფილ საქართველოში დიდი ისტორიული ნაბიჯია გადასადგმელი და ეს შეუძლიათ გააკეთონ მხოლოდ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქმედების პოლიტიკოსებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა იმ პლატფორმაზე დაყრდნობით, რომლითაც შეიქმნა და ხელმოწერილ იქნა 1991 წლის 9 აპრილს „დამოუკიდებლობის აქტის" სახით.

ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიამ მწარე გაკვეთილები მოგვცა, რომელთა ანალიზმა მიგვიყვანა დასკვნამდე: საქართველო ყოველთვის კრიზისში იყო შიდა დაპირისპირების დროს და მის ზომას განსაზღვრავდა ხელისუფლებისთვის ბრძოლის დაპირისპირებულ მხარეთა გაბოროტების მასშტაბები. ისტორიამ იმაშიც დაგვარწმუნა, რომ კრიზისიდან მხოლოდ მაშინ გამოვდიოდით, როცა ვპოულობდით ერთმანეთთან საუბრის ენას, როცა ერთმანეთზე საუბრიდან გადავდიოდით ერთმანეთთან საუბარზე.

დღეს კრიზისი ღრმაა, წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს... ხალხი ამას საკუთარ თავზე გრძნობს. მისი მასშტაბების გაცნობიერება აუცილებელზე აუცილებელია პოლიტიკოსებში. ამ პროცესზე უნდა გაძლიერდეს საქვეყნო ავტორიტეტების, მეცნიერების, კულტურის მოღვაწეების, საერთოდ, მოაზროვნე ადამიანების გავლენა.

გელათი ისტორიულად იყო და არის ერთიანობის სიმბოლო. დავით აღმაშენებელი, მისი „გალობანი სინანულისანი" დიდი ქართული ნიშანსვეტია!

8 თებერვალს, დავითობას, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში კონგრესს წარედგინება „ქართული ერთობის დარბაზის" და „მეცნიერთა კონგრესის" მოსაზრებები ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დოქტრინასთან დაკავშირებით.

უკეთეს დღეს, ვიდრე დავითობაა, უკეთეს ადგილს, ვიდრე გელათია, უკეთეს თემას, ვიდრე ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინაა, ვერც კი წარმოვიდგენთ ერთობის შეკრებისთვის. ასეთი შეკრება კი, ჰაერივით სჭირდება 30-წლიანი პოლიტიკური დაპირისპირებით სავსე საქართველოს. ეს მომავლის დიდი ნიშანი იქნება. ხალხში იმედი გაძლიერდება და პოლიტიკური ცხოვრებაც პოზიტიურ ჭრილში, ჯანსაღ რელსებზე გადავა.

რა არის საჭირო ამისთვის?

რეალობის გაცნობიერება, პატივისცემა ბიბლიური პრინციპის: „მთავარში - ერთობა, სადავოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული" და გამარჯვების ფორმულად მიჩნევა ილია ჭავჭავაძის მოწოდებისა - „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად" მით უფრო, რომ ერის მამამ ეს სიტყვები სწორედ გელათში წარმოთქვა!

p.s. კონგრესი დაიწყება გელათში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში ა.წ. 8 თებერვალს, დავითობას, 15 საათზე

ავტორი: ვახში ჟვანია, „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდის დირექტორი, „მეცნიერთა კონგრესის" წევრი, ტ.მ.დ

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე