რეზონანსი
(12.01.2024)

გასული წლის 14 იანვარს ყურადღებით დავათვალიერე თბილისში მომრავლებული კორპუსები და მხოლოდ აქა-იქ შევნიშე ხუთჯვრიანი დროშები. არადა, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ყოველი წლის დასაწყისში მოუწოდებს მოქალაქეებს, „სახელმწიფო დროშის, უმთავრესად ეროვნული დღესასწაულის დღეს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის, აგრეთვე ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით" აივნებზე მათ გამოფენას...

ფაქტია, ბოლო 20 წელიწადია, ერთადერთი სახელმწიფო ვართ, რომლის ზრდასრული მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას არც სახელმწიფო დროშის წარმომავლობის თაობაზე აქვთ მკაფიო წარმოდგენა და არც მისი შინაარსის (სემანტიკის) ახსნა შეუძლია.

ნათქვამია, „შეიძლება, ერთი ადამიანი ძალიან დიდხანს ატყუო, ისიც შეიძლება, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცოტა ხანს ატყუო, მაგრამ შეუძლებელია, ძალიან ბევრი ადამიანი ატყუო ძალიან დიდხანსო".

აკაკი ბაქრაძე, გურამ შარაძე, სვიმონ გამსახურდია, აპოლონ სილაგაძე, თედო ჯაფარიძე, მალხაზ აფრიდონიძე, მიხეილ ზღულაძე, გიორგი მაჭარაშვილი და სხვა მართლაც „სწავლული კაცნი" ახალი სახელმწიფო დროშის სადავო პროექტის გამოჩენისთანავე (ფაქტობრივად, 1995 წლიდან, როდესაც „მოქალაქეთა კავშირმა" წინასარჩევნო ღონისძიებებზე გამოიყენა) ცდილობდნენ აეხსნათ საზოგადობისთვის, რომ ხუთჯვრიანი სიმბოლო არ იყო ქართული წარმომავლობის. რამდენიმე გაზეთში 1997 წელს გამოქვეყნდა აკაკი ბაქრაძის („რუსთაველის საზოგადოების" თავმჯდომარის) სიტყვები: „ფრთხილად, დროშის ქურდობა არ დაგვწამონ!" თსუ-ის პროფესორმა თედო დუნდუამ 2000 წელს გამოცემულ ბროშურაში („ძელი ცხოვრებისა და მისი ვარიანტები") მკაფიოდ განმარტა, რომ „თეთრ ფონზე გამოსახული ხუთი ჯვარი კათოლიკური სამყაროს ინტეგრაციული სიმბოლოა და ის ჯვაროსნულ ეპოქაში შეიქმნა".

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმაც ჯერ კიდევ 1999 წელს განაცხადა, რომ „ჩვენთან არსებობდა ვახტანგ გორგასლის დროშა, რომელზეც ერთი ჯვარი იყო გამოსახული" და ხელისუფლებას ერთჯვრიანი სახელმწიფო დროშის საკუთარი პროექტი შესთავაზა, რომელიც დღესაც სამების ტაძრის წინ არის გამოფენილი და საეკლესიო დღესასწაულებზეც გამოიყენება.

მიუხედავად ამისა, 2004 წლის 14 იანვარს, „მოქკავშირის" წევრებმა, რომლებსაც სადეპუტატო უფლებამოსილების ვადა 2003 წლის 22 ნოემბერს ამოეწურათ, „ნაციონალური მოძრაობის" („ვარდების რევოლუციის") ხუთჯვრიანი სიმბოლო ისე ნაუცბადევად „დააკანონეს", რომ მისი „ზუსტი აღწერილობა" მხოლოდ სააკაშვილის 25 იანვრის ბრძანებულებით განისაზღვრა. მანამდე (19.11.2022), დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობისას მანვე მოაწერა ხელი უკანონო დადგენილებას ადმინისტრაციული შენობის თავზე „ისტორიული (დავით აღმაშენებლის) ხუთჯვრიანი დროშის" აღმართვის შესახებ და, ფაქტობრივად, პარტიული დროშა სასამართლოს დავალების მიუხედავადაც აღარ ჩამოხსნა... (სარჩელი გურამ შარაძემ და რამდენიმე იურისტმა შეიტანა).

წლების შემდეგ, მესამე პრეზიდენტმა ფაქტობრივად აღიარა ხუთჯვრიანი დროშის „იმპორტი" : „არავინ ისე არ ამაყობს ამ დროშით, როგორც მე, ვინაიდან როცა შემომქონდა მამოძრავებდა რწმენა, რომ ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს ღირებულებებსო...". როდესაც განსასჯელის სკამზე თავისივე „შემოტანილი" დროშის წინ მოუწია დაჯდომა, მაშინაც განაცხადა, „ჩემი გაკეთებულიაო!".

ვინაიდან მეცნიერებმა ახალი სახელმწიფო („ნაციონალური") დროშის დავით აღმაშენებელთან რაიმე შემხებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერსად მოიძიეს, პარლამენტისა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდებზე ხუთჯვრიანი დროშის წარმომავლობის თაობაზე ახალი ვერსია გაჩნდა, რომლის თანახმად, საქართველოში თურმე „სავარაუდოდ, გიორგი ბრწყინვალეს დროს დამკვიდრებულა..."

არადა, ევროპელებმა ყველაფერი იციან ხუთჯვრიანი დროშის შესახებ, ვინაიდან ბიბლიოთეკებშიც ათასობით დოკუმენტი ინახება და ოჯახებშიც აქვთ შემონახული... ყველა ისტორიკოსმა (ჰერალდიკოსმაც) იცის, რომ კათოლიკე ბერების მიერ შუა საუკუნებში შედგენილ რუკებზე ხუთჯვრიანი სიმბოლოებით მისიები 10-მდე ქვეყანაში იყო მონიშნული, ხოლო ჩვენი დღევანდელი „სახელმწიფო დროშის" რეალური ისტორიის გაცნობა ვებგვერდზე თემპლარ Fლაგ („ტამპლიერთ დროშა") არის შესაძლებელი...

რაც შეეხება საქართველოს ისტორიულ დროშებს, ქართველ მეცნიერებს ერთიანი პოზიცია ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული. ძირითადად სამი ვერსია განიხილება (შინდისფერ ფონზე ერთი ოქროსფერი ჯვარი, ჩალისფერ ფონზე წმინდა გიორგის ან ე. წ. ბოლნური ჯვარი) და, ფაქტობრივად, ჯერ-ჯერობით მხოლოდ იმაზე თანხმდებიან, რომ ხუთჯვრიანი სიმბოლო ქართული არ არის...

ფაქტია ისიც, რომ პარლამენტმაც, მთავრობამაც და ჰერალდიკის საბჭომაც რეაგირების გარეშე დატოვეს მეცნიერებთა აკადემიის ეროვნულ პრობლემათა კომისიის სხდომაზე 2019 წლის 27 მაისს ერთხმად მოწონებული მოხსენება, რომლის თანახმად „ხუთჯვრიანი დროშა არაქართული წარმომავლობისაა და ის კანონდარღვევით არის მიღებული დაშლილად გამოცხადებული პარლამენტის მიერ". ამასთან, ამავე სხდომაზე აკადემიის მეცნიერებმა, მათ შორის ყველაზე ავტორიტეტულმა ისტორიკოსმა (აღმაშენებლის ეპოქის მკვლევარმა) როინ მეტრეველმა სახელმწიფო დროშის შეცვლა მოითხოვეს. ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რატომღაც, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და „რეიტინგულმა" მედიასაშუალებებმაც „დაბლოკეს"...

იქნებ დადგა დრო და სწორედ 14 იანვარს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის (კონსტიტუციით „სამართლებრივი სახელმწიფოს") მოქალაქეებს (კონსტიტუციით „ხელისუფლების წყაროს") სწორედ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უთხრან სრული სიმართლე „ხუთჯვრიანი დროშის" წარმომავლობის თაობაზე, ბოდიში მოუხადონ „ნაცმოძრაობის" მესვეურების მიერ ჩადენილი კიდევ ერთი თვითნებობისთვის (ფაქტობრივად, ერი მოატყუეს...) და სახელმწიფო დროშის (გერბისა და ჰიმნის მიმართაც...) სამართლიანობის აღდგენას კონკურსის გამოცხადების გზით შეეცადონ, რომლის შედეგებზე უკვე მომავალი პარლამენტი იმსჯელებს.

საქართველოს სახელმწიფო (ეროვნული) დროშა ისეთივე გამორჩეული უნდა იყოს, როგორიც თავად „ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა" და არანაკლებ 4-ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქართველი ერია. სასურველია, მასში საქართველოს წარსულიც აისახოს, აწმყოც და სამომავლო ორიენტირებიც. ამასთან, სახელმწიფო სიმბოლოების შინაარსი მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის უნდა იყოს გასაგები და, რაც მთავარია, მისაღები!

 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი      

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე