რეზონანსი
(13.02.2024)

ბლოგერი შოთო სიხარულიძე ბაღდათში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ სულისშემძვრელ ჩანახატს აქვეყნებს:

„მამიკო მოგივლით ზეცაში ანგელოზებო...

ყველა დამეთანხმება რომ საშინელი ტრაგედია დაატყდა თავს ბაღდათს... თითქოს წამებში შეიცვალა ყველაფერი და მხიარული, ფერადი, თბილი და მოსიყვარულე ბაღდათი გადაიქცა მწუხარებით სავსე ნაცრისფერ ქალაქად, სადაც 7 თებერვლის მერე არავინ იღიმის...

ჭრილობაზე რომ მარილს მოგაყრის, ისეთი ისეთი ამბავია... ღმერთო ,ეს რა დაგვმართე, ეს როგორი გოგო-ბიჭი წაგვართვი, ეს როგორი თბილი და ტკბილი ოჯახები დაადუმე, თანაც როგორ შემზარავად, ზათქითა და გრიალით. ვერაფრით მოვსულვართ გონს!!!

საქართველოში 7 თებერვალი დგებოდა... ცა საავდრო ღრუბელებით იყო დაფარული და ერთი ვარსკვლავიც კი არსად ჩანდა.. ნერგეეთში უჩვეულოდ ძლიერი ქარი ქროდა და წვიმის სქელი წვეთები გამალებით ეხეთქებოდა ხის ფანჯრებს, ფანჯრის ჩარჩო უკვე ისეთი სველი იყო მთელი დღის გადაუღებელი წვიმის შემდეგ, თითი რომ დაგეკარებინათ შეიძლება გარედ გავადრდინილიყო.. 

მაგრამ მთავარია რომ ფანჯრების მიღმა, სახლში არ ციოდა, დიდ ოთახში შეშის ღუმელი გიზგიზებდა,  სხვადასხვა კუთხეში რამდენიმე სანთელი ენთო ერთდროულად. ამ სახლში მამა ცხოვრობდა თავის ვაჟთან და ტყუპ გოგონებთან ერთად. გოგონებს სანთლები განსაკუთრებით უყვარდათ. ამბობდნენ, რომ ასე უფრო რომანტიკული იყო და ყოველი შუქის წასვლა მათთვის მინი ზეიმი იყო, რადგან მთელი მარაგის ერთად დანთება შეეძლოთ. შეშის ღუმელს მამა-შვილი მიმსხდარიყვნენ და ნარდის თამაში გაეჩაღებინათ. 

მამამ კედელზე დაკიდებულ შავ საათს გახედა, კარგად იცოდა რომ უკვე დიდი ხანია შვილების ძილის დრო იყო, მაგრამ ორი მიზეზის გამო არ უშვებდა ჯერ დასაძინებლად, დედას ზარს ელოდნენ იტალიიდან. დღეს ცოტა შეაგვიანდა დარეკვა და თან საღამოს შვილებთან დროის გატარება ყველაზე მეტად უყვარდა და ცოტათი იხანგრძლივებდა ამ სიამოვნებას. კამათლის ხმას უცებ ტელეფონის ზარის ხმა შეერია, იტალიაში სამუშაოდ წასული დედა რეკავდა. 

ყოველი საღამოს რიტუალი იყო ზარი დედასთან, ოჯახის თითოეული წევრი თავის ამბავს უყვებოდა, რა ხდებოდა სკოლაში, სახლში, სამსახუში, მერე საქმისგან გათანგული დედაც მოუყვებოდა თავის იტალიურ ამბებს, უფრო მეტს იმაზე თუ როგორ განსხვავებულად ცხოვრობენ იტალიელები, როგორი ლამაზია ის პატარა ქალაქი, სადაც იგი ცხოვრობს და მუშაობს და ძალიან ნაკლებს უამბობდა იმ მძიმე შრომაზე, რაც ყოველდღე უწევს. ოჯახს ამ ამბებით ვერ დაამძიმებდა, ისედაც 15 წუთი ჰქონდა მათთან მშვიდად საუბრის საშუალება ყოველდღე. 

ამ ღამითაც 15 წუთმა სწრაფად გაირბინა,  ტყუპებს უკვე ძილი ერეოდათ თან სკოლაში ხვალ მნიშვნელოვანი რეიტინგული წერა ჰქონდათ, თან სკოლაში ერთ-ერთმა ბავშვმა ნათესავის გამხელილი საიდუმლო ახალი ამბავი მოიტანა, ხვალ საქართველოს საჰაერო ბუშტით უნდა გადაუფრინონ და შეიძლება სკოლის შენობიდანაც გამოჩნდესო და უფროსკლასელები მობილურებით აპირებნენ საჰაერო ბუშტისთვის ვიდეოების გადაღებას. 

ღამის ორის ნახევრისკენ მთელმა სახლმა ჭრიალი დაიწყო. ჭრიალის ხმას მალე საშინელი გრუხუნისმაგვარი ხმა შეერია, სახლი ნელ-ნელა შლამის ტალღით დაიფარა, ნანგრევებად იქცა და მდინარის კალაპოტს შეერია... 

ტყუპები და მათი ძმა იმ დილით სკოლაში აღარ წასულან, მაგრამ მთელი სკოლა დილით მათ სახლთან იდგა, უფრო სწორად მათი  სახლისგან დარჩენილი ნაფლეთებთან. უფროსკლასელთაგან საჰაერო ბუშტის გადაფრენა იმ დღეს აღარავის გახსენებია. მანამ სანამ საჰაერო ბუშტის საბედისწერო გადაფრენაზე მთელმა საქართველომ არ შეიტყო.

7 თებერვლის გვიან საღამოს ნერგეეთის თავზე ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე ახალი ვარსკვლავები გამოჩნდნენ, დაკვირვებული თვალი აუცილებლად გამოარჩევდა ერთად მოკიაფე ოთხ ვარსკვლავს, რომლის დანახვისასაც რატომღაც ყველას რობაქიძეები მოაგონდათ, მამა, ვაჟი და ტყუპი გოგონები.“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე